Facebook Twitter

საქმე №ას-63-57-2015 3 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ. თ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს მიკროსაფინანსო კომპანია „ჯ. კ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს მიკროსაფინანსო კომპანია „ჯ. კ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. თ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 28 ნოემბერს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ. კ-სა“ და ზ. თ-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 23000 აშშ დოლარით 4% ყოველთვიური სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 12 თვეს, 2013 წლის 20 ნოემბრამდე, ხოლო პირგასამტეხლო – ვალდებულების შესრულების ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის – 0.1%. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვრითა მოპასუხე ზ. თ-ის კუთვნილი უძრავი ქონება.

მხარის მითითებით, ზ. თ-მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია.

მოპასუხემ სარჩელი ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნო, ხოლო რაც შეეხება პირგსამტეხლოს, ზ.თ-ი მის ოდენობას არ დაეთანხმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ. კ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. თ-ს სს მირკოსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ. კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 32828.75 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 23 000 აშშ დოლარი, პროცენტი – 5737,22 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო კი – 4091.53 აშშ დოლარი, გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ზ. თ-ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, გლდანის დასახლების -- მკ/რაიონის №-- კორპუსში მდებარე №24 ბინა, საკადასტრო კოდით: ------.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნით მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტი სადავოდ ხდის მასზე პირგასამტეხლოს დაკისრებას, მოითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას და მის მოხსნას.

სააპელაციო პალატამ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, 418-ე მუხლის პირველი ნაწილი, 420-ე მუხლი და განმარტა, რომ კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობისას კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვინაიდან პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა ეკონომიკური მდგომარეობა, მათი მოლოდინი ხელშეკრულების შესრულების მიმართ, შესრულების ვადის გადაცილების პერიოდი და ა.შ.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ მხარეთა მიერ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო – ძირითადი თანხის 0,1%, შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის გამო, შეამცირა 0,05%-მდე და საბოლოოდ მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლოს სახით 4091.53 აშშ დოლარის გადახდა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, ერთხელ უკვე შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რაც გონივრული და საფუძვლიანია. შესაბამისად, აღარ არსებობს სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს კიდევ ერთხელ შემცირების საფუძველი.

რაც შეეხება ზ. თ-ის მოთხოვნას პირგასამტეხლოს მოხსნის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გადახდისაგან არა გათავისუფლებას, არამედ კანონი მისი ოდენობის შემცირებას, რაც საქალაქო სასამართლოს მიერ განხორციელდა გონივრული ოდენობით. პალატამ აქვე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, რომელიც გახდებოდა გასაჩივრებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. თ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა განმარტა, რომ მან სრულად აღიარა სადავო დავალიანების ძირითადი თანხა და სარგებელი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არსებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად უნდა განემარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შეემცირებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ზ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლომ მხარეთა მიერ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო – ძირითადი თანხის 0,1%, შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის გამო, შეამცირა 0,05%-მდე და საბოლოოდ მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლოს სახით 4091.53 აშშ დოლარის გადახდა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, ერთხელ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უკვე შეამცირა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება).

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ზ. თ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 12 იანვარს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ზ. თ-ს (პირადი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 12 იანვარს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე