№ას-645-612-2014 6 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ვალის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. მოპასუხე ნ. გ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 აშშ დოლარისა და 47 300 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით:
1. ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ნ. გ-ესა და მ. გ-ს შორის 2008 წლის 23 იანვარს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მ. გ-მა ნ. გ-ეს სესხად გადასცა 3000 აშშ დოლარი;
ამავე მხარეებს შორის 2008 წლის თებერვალში დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მ. გ-მა ნ. გ-ეს სესხად გადასცა 22000 ლარი;
ამავე მხარეებს შორის 2008 წლის 14 მარტს დაიდო სეხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მ. გ-მა ნ. გ-ეს გადასცა 25000 ლარი და 3000 აშშ დოლარი;
მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის გათვალისწინებულ იქნა ყოველთვიურად 10%-ის გადახდა;
სასამართლომ მოსარჩელე მხარის განმარტების საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია ნ. გ-ის მიერ სესხისათვის პროცენტის გადახდის ვალდებულების შესრულება 2250 აშშ დოლარისა და 800 ლარის ოდენობით. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება 2008 წლის ბოლოს მ. გ-ისათვის სესხის ძირითადი თანხის სრულად დაბრუნებისა და სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტის ნაწილობრივ (5%-ის ოდენობით) გადახდასთან დაკავშირებით შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები უვადოდ დადებულად მიიჩნია, ვინაიდან ხელშეკრულებების ამსახველი წერილობითი დოკუმენტიდან არ ირკვეოდა ვადასთან დაკავშირებით მხარეთა შეთანხმების ფაქტი. მოსარჩელის განმარტების შესაბამისად, იგი სესხის დაბრუნებას 2008 წლიდან ითხოვდა, სასამართლომ სესხის ხელშეკრულებები 2009 წლის აპრილიდან მიიჩნია შეწყვეტილად სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. პალატამ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2013 წლის 18 ივლისს შედგენილი №--- ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, მოვალის სატელეფონო ნორმიდან მ. გ-ის მიერ მიღებული შეტობინებები მოთხოვნის არსებობის აღიარებად და სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად მიიჩნია. დადგენილი გარემოებებისა და სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 141-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება 2009 წლის აპრილის თვიდან წარმოეშვა, რა დროიდანაც დაიწყო ხანდაზმულობის ვადის დენა და შეწყდა 2012 წლის 12 იანვარს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ვალდებულების აღიარებისა და მისი შესრულების დაპირების საფუძველზე. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მომართა 2013 წლის 27 მაისს, ხანდაზმულობის ვადის დაცვით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. გ-ემ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
კასატორს (მოვალეს) არ გააჩნია კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება, ამიტომ იგი თავის პოზიციას სარჩელის წინააღმდეგ ამყარებდა მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ამ საკითხზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის (კრედიტორის) მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება, კერძოდ, მოსარჩელემ განმარტა, რომ სესხის დაბრუნების ვადა 3-4 თვით განისაზღვრა, შესაბამისად, ხელშეკრულება იყო ვადიანი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს თანხის მოთხოვნის უფლების იძულებით განხორციელება მოპასუხის მიმართ შეეძლო 2011 წლის 1 აგვისტომდე (მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადაში), მან კი სარჩელი შეიტანა 2013 წლის 27 მაისს, შესაბამისად, სარჩელი ხანდაზმული იყო;
სასამართლომ ასევე არასწორი დასკვნები გამოიტანა ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით ვალის აღიარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნიდან არ დგინდება, თუ რა არის აღიარების საგანი და რას ეხება ტექსტის შინაარსი. ამასთან, აღნიშნული შეტყობინებები ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ არის გაგზავნილი, რის გამოც ვერ გახდებოდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. კასატორის მოსაზრებით, სესხის ხელშეკრულება დაიდო 2008 წლის მარტში სამი-ოთხი თვის ვადით, შესაბამისად, სესხი იყო ვადიანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენა დაიწყო 2008 წლის პირველ აგვისტოს და დამთავრდა 2011 წლის პირველ აგვისტოს, სარჩელი კი შეტანილ იქნა 2013 წლის 27 მაისს, შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არაა, ვინაიდან მოპასუხე შესაგებელში ადასტურებს პროცენტის გადახდას 2010 წლის აპრილში, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისა და ამ ვადის თავიდან დაწყების საფუძველია (სკ-ის 137-ე და 141-ე მუხლები). მეორედ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა 2012 წლის იანვარში და ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენა თავიდან დაიწყო (იხ. ტომი 1, ს.ფ. 51-57). საქმის მასალებით ირკვევა, რომ სარჩელი შეტანილ იქნა 2013 წლის 27 მაისს, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არაა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, რაც იმას ნიშნავს, რომ კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30% რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით კასატორ ნ. გ-ეს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემული საკასაციო წარმოების დასრულებამდე. შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და 2 365 ლარი) 30%-ის – 90 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და 709.50 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ. გ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და 2 365 ლარი) 30%-ის – 90 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და 709.50 ლარის გადახდა;
3. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე