Facebook Twitter

საქმე №ას-68-62-2015 29 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ბ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ინფორმაციის მიღება, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე, შპს „ბ-ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა, შემდეგი დოკუმენტების: შპს „ბ-ის“ სახელზე დაფუძნების დღიდან არსებული ყველა საბანკო ანგარიშის ნუსხის გადაცემა, იმ საბანკო ანგარიშების ჩათვლით, რომლებიც მითითებულ იქნა შპს „ბ-ის“ წარმომადგენლების მიერ მოიჯარეთა გადახდების მისაღებად (მაგალითად ეუთო) კრედიტორებისაგან შპს „ბ-ის“ აქტივების ან შპს „ბ-ში“ წილის მყიდველების და /ან პოტენციური მყიდველების (მაგ: შპს „ბ-ი“, „ს-ი“, „ც-ი“ და ა.შ) და აღნიშნული საბანკო ანგარიშებიდან ყველა ამონაწერის დამოწმებული ასლების (მაგ: შპს „ბ-ის“ ანგარიშები თბილისში, ციურიხში, ნიუ-ორკში და სხვა);

ასევე, ყველა საკრედიტო ბარათის ანგარიშის ნუსხის გადაცემა, რომელიც არსებობს ან არსებობდა შპს „ბ-ის“ დაფუძნების მომენტიდან მის სახელზე ან მისი ხარჯით და აღნიშნული ანგარიშების ყველა ამონაწერის დამოწმებული ასლები ყველა გაფორმებული კონტრაქტი და სხვა დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, შპს „ბ-ის“ რომელიმე ქონება გაიყიდა, გაიცა იჯარით, დაიტვირთა იპოთეკით ან უფლებით ან სხვაგვარად გასხვისდა ან დაიტვირთა მთლიანად ან ნაწილობრივ (მაგ: კონტრაქტები დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, ეუთოსთან, ევროპის საბჭოსა და სხვა, იპოთეკის ხელშეკრულებები და სხვ.);

ყველა ხელმოწერილი კონტრაქტისა და სხვა დოკუმენტაციის გადაცემა, რომლის თანახმად, შპს „ბ-ის“ რომელიმე ქონება ან პოტენციური ქონება გაიყიდებოდა, გაიცემოდა იჯარით ან სხვა რაიმე უფლებით ან სხვაგვარად გადაიცემოდა ან დაიტვირთებოდა მთლიანად ან ნაწილობრივ (მაგ: ხელშეკრულებები შპს „კ. ჰ-ნ“, შპს „ბ-თან“ და სხვა);

შპს „ბ-ის“ დაფუძნების მომენტიდან პარტნიორთა კრებების ყველა ოქმის, მათ შორის, პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმების გადაცემა (2007 წლის 7 დეკემბრის რ. ჭ-ის მიერ წარმოდგენილი ოქმების გარდა); შპს „ბ-ის“ დაფუძნების მომენტიდან აღმასრულებელი კომიტეტის ყველა ოქმის, მათ შორის, აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე კრებების ოქმების გადაცემა; შპს „ბ-ის“ დაფუძნების დღიდან ყოველი წლის საბუღალტრო წიგნების გადაცემა; შპს „ბ-ის“ დაფუძნების დღიდან არსებული ყველა საგადასახადო დოკუმენტაციის გადაცემა; ყველა აუდიტორული დასკვნის, როგორც სავალდებულო, ისე შპს „ბ-ის“ ინიციატივით ჩატარებული აუდიტორული დასკვნის გადაცემა; შპს „ბ-ის“ შვილობილი საწარმოების, მასთან ფინანსურად დაკავშირებული კომპანიების, ერთობლივი საწარმოებისა და საერთო სარგებლობაში არსებული ქონების ნუსხების გადაცემა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი არის შპს „ბ-ის“ პარტნიორი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოების საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია. ჯ.გ-იმ რამდენჯერმე სცადა მოპასუხისაგან სასურველი ინფორმაციის მიღება, რაზეც უარი მიიღო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ მოსარჩელე კომპანიის მართვაში ჩართული არ იყო, ხოლო 2005 წლის 27 მაისს მხარეთა შორის დადებული „საოპერაციო ხელშეკრულებით“, რომელსაც საზოგადოების წესდებაზე უპირატესი ძალა ჰქონდა, მხარეთა შორის ნებისმიერ დავა უნდა გადაეწყვიტა ნიუ-იორკის არბიტრაჟს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ამავე სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინებით კი, შპს „ბ-ის“ საჩივარს უარი ეთქვა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისს, 10:00სთ.-ზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე, არ გამოცხადდა აპელანტ შპს „ბ-ის“ წარმომადგენელი - პ. ს-ა.

სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეეძლო გაექარწყლებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული ვარაუდი, მოეთხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, თუ დაამტკიცებდა, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ამ მუხლის ჩამონათვალი არ იყო ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეეძლო მიეთითებინა სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებდა მხარეს, წინასწარ ეცნობებინა სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელი იყო. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებდა მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრებოდა მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიო იყო მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მომჩივანს, რომელსაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, საჩივრის ავტორი წარმოდგენილ საჩივარში თავად უთითებდა, რომ მას არ მოეპოვებოდა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილების, 229-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობას მისთვის სასამართლო შეტყობინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება წარმოადგენდა, რაც მოცემულ შემთხვევაში, დაცული იყო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოში 2014 წლის 24 ივლისს, 10:00სთ.-ზე დანიშნული მთავარი სხდომის შესახებ ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 08.07.2014წ.-ს, რაც დადასტურდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად შედგენილი აქტით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად კი, უწყება (გზავნილი) მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილით, ყურადღება გაამახვილა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ იმ საკითხს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო იკვლევდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო სხდომაზე არ ცხადდებოდა მოპასუხე და მოსარჩელე შუამდგომლობდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. ამ შემთხვევაში, სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებელ მხარეს წარმოადგენდა არა მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე), არამედ, აპელანტი. აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე კი, პირდაპირ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი და 229-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ შპს „ბ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს 24.07.2014წ.-ის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოცხადება ვერ მოხერხდა გარკვეულ მიზეზთა გამო, თუმცა კასატორი მოკლებული იყო შესაძლებლობას წარმოედგინა გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

საკასაციო საჩივრის ძირითადი დასაბუთება იმ გარემოებას ემყარება, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლითა და 230-ე მუხლის მეორე ნაწილით და არ უნდა დაეკმაყოფილებინა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

კასატორის ეს პოზიცია განპირობებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის მოქმედებიდან, სახელდობრ, კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელეს საზოგადოების დაფუძნების დღიდან არ მოუთხოვია ინფორმაცია საწარმოს საქმიანობის შესახებ, რაც განპირობებული იყო სწორედ იმ შეთანხმებით („საოპერაციო ხელშეკრულება“), რომელზეც მოპასუხე მხარე აპელირებდა თავის ახსნა-განმარტებაში პირველი ინსტანციის სასამართლოში. საზოგადოების უარი დოკუმენტის გადაცემაზე განპირობებული იყო იმით, რომ საზოგადოების პარტნიორი, რომელსაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია საწარმოს მართვაში წლების განმავლობაში, არც დირექტორის ანგარიში მოუთხოვია და მხარეთა შეთანხმებით მისი მდგომარეობა პრივილეგირებული აქციების მფლობელი აქციონერის მდგომარეობასთან იყო გათანაბრებული, მოულოდნელად, ყოველგვარი განმარტების გარეშე, საწარმოს საქმიანობის ინფორმაციის ნაცვლად, კომპანიას მოსთხოვა ყველა დოკუმენტის გადაცემა, რაც გარკვეული ეჭვები აღძრა საწარმოს ხელმძღვანელობაში.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმა გულისხმობდა სწორედ ყველა დოკუმენტის გადაცემას საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორისათვის. თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტზე. კასატორის მტკიცებით კი, მითითებული ორი ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, პარტნიორს ჰქონდა უფლება, გაცნობოდა დოკუმენტაციას, მაგრამ ეს არ გულისხმობდა ყველა დოკუმენტის მიღების უფლებას. კანონი განმარტავდა, თუ რომელი დოკუმენტების მიღების უფლება ჰქონდა პარტნიორს და ეს იყო წლიური ანგარიშები. რაც შეეხება ასლების გადაღებას, მით უფრო, ისეთი დოკუმენტაციის მოთხოვნას, რომელიც არ არსებობდა, კანონი ცალსახად არ ითვალისწინებდა. სასამართლომ დააკმაყოფილა ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა პოტენციურ მყიდველთან დასადები ხელშეკრულებების ასლების გადაცემა, აგრეთვე, იმ დოკუმენტების გადაცემა, რომელთა მოპოვებაც თავისუფლად იყო შესაძლებელი ელექტრონული სახით საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, რაც, კასატორის მოსაზრებით, კანონსაწინააღმდეგო იყო.

კასატორმა აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა „საოპერაციო ხელშეკრულება“, რომელიც განსაზღვრავდა ურთიერთობებს საზოგადოების პარტნიორებს, აგრეთვე, საზოგადოების პარტნიორებსა და საზოგადოებას შორის, მათ უფლებებსა და მოვალეობებს და უპირატესი ძალა ჰქონდა საზოგადოების წესდებასთან მიმართებაში. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, მხარეთა შორის ნებისმიერი დავა უნდა გადაეწყვიტა ნიუ-იორკის არბიტრაჟს. ამდენად, არ არსებობდა სარჩელის აღძვრის საფუძველი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი). შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხილა საქმე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2015 წლის 01 აპრილის განჩინებით კი, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორი სადავოდ ხდის მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებად, ერთ შემთხვევაში, გამოუცხადებლობის საპატიოობას და მეორე შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულ დაუსაბუთებლობას მიიჩნევს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ამდენად, მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება თუ, დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლოს სხდომაზე, რომელიც დანიშნული იყო 2014 წლის 24 ივლისს 10:00 საათზე, არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი - პ. ს-ა, რომელიც სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და სასამართლო არ იყო ინფორმირებული მისი გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე. ეს გარემოება კასატორს სადავოდ არ გაუხდია და ამდენად, მას საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნია.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ორ საფუძველზე აპელირებს, მათგან ერთ-ერთია სასამართლო სხდომაზე შპს „ბ-ის“ წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რომლის ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია საჩივრის ავტორის პრეტენზია სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის არასაპატიოდ მიჩნევის თაობაზე და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებით, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ვერც ადასატურებს სხდომაზე გამოუცხადებლობის ობიექტური გარემოების არსებობას და თვითონაც განმარტავს, რომ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა არ შეუძლია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასაციის პირველ საფუძვლად (გარემოებად) სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის ნაწილში, წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კიდევ ერთ საფუძვლად კასატორი სარჩელის იურიდიულ დაუსაბუთებლობას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, იმ თვალსაზრისით, რომ საწარმოს საქმიანობის შესახებ დოკუმენტაციის გადაცემის ვალდებულება, რომელიც დადგენილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო.

კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს იმ საფუძვლით, რომ როგორც მოცემულ საქმეზეა დადგენილი ჯ. გ-ის სარჩელი საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გადაცემის შესახებ დაკმაყოფილებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს ჯ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით წარდგენილი შპს „ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო პროცესუალურ შესაძლებლობას ემსჯელა იმგვარ პროცესუალურ საკითხზე, როგორიცაა სარჩელის იურიდიული დასაბუთებულობა და მართებულობა.

შესაბამისად, საპროცესო ნორმების დარღვევა, რომელზედაც პრეტენზიას ამყარებს კასატორი, საქმის მასალებით დადგენილი არ არის. ხოლო ის გარემოება, რომ ჯ. გ-ი არ იყო უფლებამოსილი მიეღო საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ვერ განაპირობებს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას, იმ თვალსაზრისით, რომ საკითხი იმის შესახებ თუ, რომელი კონკრეტული ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი მოსარჩელისათვის და რომელი არა, წარმოადგენდა არსებითი მსჯელობის ეტაპზე განსახილველ საკითხს და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელიგადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე