Facebook Twitter

საქმე №ას-70-68-2014 6 აპრილი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ.კ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ტ., ნ.ტ., ლ.ს., ნ.გ., მ.გ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ.კ.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ტ.ის, ნ.ტ.ის, ლ.ს.ის, ნ.გ.ისა და მ.გ.ის მიმართ ქ.თბილისში, მდებარე მოპასუხეების მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი მისასვლელი გზის მოწყობის დავალების, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის აკრძალვის, აუცილებელი გზის მოსაწყობად სასაზღვრო მიჯნისა და სხვა ნაგებობების აღების, საავტომობილო და ფეხით მოსიარულეთა აუცილებელი გზით უსასყიდლო სარგებლობის, 2011 წლის 8 დეკემბრის ი. და ნ.ტ.ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, 2011 წლის 8 დეკემბრის ნუნუ და მ.გ.ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და შპს „უ.ჯ.“ აზომვითი ნახაზის, როგორც ყალბი დოკუმენტის, ბათილად ცნობის მოთხოვნით. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

მოსარჩელე ოჯახთან ერთად ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობს ქ.თბილისში, მდებარე ფართში. სახლთან მისასვლელი გზა საერთო სარგებლობაში ჰქონდა მოსარჩელეს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მცხოვრებ მოპასუხეებთან. 2010 წელს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეებმა მიითვისეს საჯარო რეესტრში ნახაზის დაზუსტებით და მისაკუთრებული მიწა გამიჯნეს ორ ნაწილად.

მოპასუხეებმა სადავო მიწაზე დაიწყეს ავტოფარეხის მშენებლობა, რამაც ფაქტობრიბად გამოიწვია ვ.კ.ის საკუთრებაში შეღწევის შეუძლებლობა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრებაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 8-9 მეტრი სიმაღლის კიბის ან სხვა კონსტრუქციის მოწყობით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:

ი.ტ.ის განმარტებით, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემების შესაბამისად, სადავო ნაკვეთი ყოველთვის ..... ქ№31-ში მცხოვრებთა საკუთრებას წარმოადგენდა, ბოლო წლებში განხორციელდა ნაკვეთის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არქივში დაცული მონაცემების შესაბამისად. მოსარჩელის ნაკვეთს გააჩნია ორი ალტერნატიული მისასვლელი გზა, რომლითაც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ, არსებულ შესასვლელი მოსარჩელემ ჩახერგა, ჩაყარა ხის კუნძები, თუნუქის ნაჭრები და სხვა.

ნ.ტ.ის განმარტებით, 2011 წლის 8 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე, შპს „უ.ჯ.ს“ აზომვითი ნახაზის ბათილობის საფუძველი არ არსებობს, მოსარჩელეს გააჩნია ალტერნატიული გზა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ლ.ს.სა და ნ.გ.ის წარმომადგენლებმა ამავე საფუძვლებით არ ცნეს სასარჩელო მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.კ.ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა ქ.თბილისში, აუცილებელი გზის მოწყობაზე, ასევე, მოპასუხეებისათვის სასაზღვრო მიჯნისა და სხვა ნაგებობების აღების დავალებაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა და ნ.ტ.ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ვ.კ.ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ ქ.თბილისში, ...... №31-ში (ნაკვეთი №55/173) მდებარე №1 შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა ი.ტ.ი.

ქ.თბილისში, მდებარე ქონების ½ ნაწილების მესაკუთრეებს წარმოადგენენ მოპასუხეები: ლ.ს.ე და ი.ტ.ი.

ქ.თბილისში, ..... ქ№33-ში მდებარე 158,59კვ.მ №1 და №2, ასევე, 14,98 კვ.მ №2 და №3 შენობა-ნაგებობების მესაკუთრეა ვ.კ.

2009 წლის 9 დეკემბერს საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, ...... ქ№31-ში მდებარე 741 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობაზე №1, №2, №3, №4, №5 და №6 საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი.ტ. შენობა №1-ში ლიტერ „ა“-დან ½ ნაწილი, ლ.ს.ე, შენობა №1-ში ლიტ. „ა“-დან ½ ნაწილი; ნ.გ. შენობა №1-ში ლიტერ „ა1“ - საერთო ფართი 89,61 კვ.მ.

2011 წლის 26 ოქტომბერს თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ი.ტ.ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პირველი კლასის 2,20 მეტრამდე სიმაღლის ღობის მშენებლობის ნება დაერთო.

2010 წლის 30 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოპასუხეთა შორის დაიდო გამიჯვნის ხელშეკრულება ..... ქ№31-ში მდებარე 741 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და ობიექტი დაიყო ხუთ ნაწილად.

ნ.ტ.სა და ი.ტ.ს შორის 2011 წლის 8 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ...... ქ№31-ში ნაკვეთის №55/173 მესაკუთრე გახდა ნ.ტ.

2012 წლის იანვრის მონაცემებით ...... ქ№31-ში მესაკუთრეებად რეგისტრირებული არიან მოპასუხეები.

სააპელაციო საჩივრით სადავოს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ...... ქუჩა N33-ში მცხოვრებ პირთა (მოსარჩელე ვ. კ.ის ოჯახი) საცხოვრებელ სახლში მისასვლელად მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლით აუცილებელი მისასვლელი გზის მოწყობა და სასაზღვრო მიჯნისა და სხვა ნაგებობების აღება აუცილებელი გზის მოსაწყობად.

სასამართლომ მიუთითა მისი ინიციატივით დანიშნულ სსიპ ლ.ს.ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. 2013 წლის 18 ივნისის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაზე. დასკვნის მიხედვით, თბილისში, ....... ქN33-ში მდებარე (ვ. კ.ის საკუთრებაში არსებულ) უძრავ ქონებას (სახლთმფლობელობას) ამჟამად არ გააჩნია ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან ..... 31-ში მდებარე (ნ.ტ.ის საკუთრებაში არსებულ) მიწის ნაკვეთზე გადაადგილების გარეშე.

საქალაქო სასამართლოში მოწმედ დაკითხული პირების (ი.ჩ., ზ.პ., რ.მ., გ.ხ.) ჩვენებებით დასტურდებოდა, რომ ვ.კ.ის ოჯახი თავის ნაკვეთთან მისასვლელად ბოლო 10 წლის განმავლობაში სარგებლობდა ი.ტ.ის საკუთრებაში არსებული სახლის (მდებარე, თბილისში, ..... ქუჩა N31-ში) გასასვლელი გზით. ამავე მოწმეთა ჩვენებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისში, ...... ქN33-ში მდებარე (ვ.კ.ის საკუთრებაში არსებულ) უძრავ ქონებას ჰქონდა ე.წ სამხრეთის გზიდან მისასვლელი გზა.

საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 16 ივნისის ექსპერტიზის დასკვნით, სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, ქალაქის მეორეხარისხოვან გასასვლელებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის საჭირო მინიმალური მანძილი შეადგენდა 3,5მ-ს, ხოლო ...... ქN31-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული გასასვლელის მინიმალური სიგანე - 3,0 მეტრს, რაც ნაკლები იყო ნორმატივით გათვალისწინებულზე. ..... ქN33-ში მდებარე სახლთმფლობელობის დაკავშირება .... ქუჩასთან სამხრეთის მხრიდან შესაძლებელი იქნებოდა ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდგომ. სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად, ქალაქის მეორეხარისხოვან გასასვლელებში ფეხით მოძრაობისათვის განკუთვნილი მინიმალური სიგანე შეადგენდა 0,75სმ-ს. სამხრეთის მხრიდან არსებული სივრცის მინიმალური სიგანე შეადგენს 1,2მ-ს, რაც საკმარისი იყო ...... ქN33-ში მდებარე სახლთმფლობელობის დასაკავშირებლად საფეხმავლო ბილიკით ..... ქუჩასთან. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება (მოხრეშვა, მოკირწყვლა, მოასფალტება, ბეტონის დასხმა და სხვ.) აღნიშნული გზით სარგებლობა შესაძლებელი იქნებოდა წლის ნებისმიერ დროს. შესაბამისი პროექტის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია, სამხრეთის მხრიდან სამანქანო გზის მოწყობა, თუმცა აღნიშნული დაკავშირებული იქნება კაპიტალურ ხარჯებთან და შესაძლებელია, საჭირო გახდეს არსებული მრავალწლოვანი ნარგავების მოჭრა.

ამდენად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ რჩეულიშვილის ქუჩასთან ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის საჭირო გზა ...... ქN33-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან არ იყო. საცალფეხო ბილიკი, რომელიც არსებობდა ...... ქN33-ში მდებარე სახლთმფლობელობის დასაკავშირებლად საჯარო გზასთან, თავის დროზე, ჩახერგა ვ.კ.ის მეუღლემ იმის გამო, რომ არ დაძრულიყო მიწა, აღნიშნული ბილიკის მიმდებარედ დარგო ალვის ხეები, ხოლო, მოგვიანებით, ქალაქის მერიამ ხეები მოჭრა. სწორედ ამ ქმედების შედეგად აღმოჩნდა ბილიკი ჩახერგილი.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტა, რომ, მართალია, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და იგი იზღუდება კანონით ან ხელშეკრულებით, თუმცა ამგვარი შეზღუდვისათვის უნდა არსებობდეს მართლზომიერი საფუძველი. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით პროპორციული უნდა იყოს დასახულ მიზანთან. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ.კ.ის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი აუცილებელი გზა არსებობდა .......ქუჩა N31-ის ე.წ სამხრეთის მხრიდან, რომელიც ამჟამად ჩახერგილია მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით. სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობოდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით უკვე არსებული დაკავშირების გაუქმების გამო. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ...... ქN33-ში მდებარე სახლთმფლობელობის დაკავშირება რჩეულიშვილის ქუჩასთან შესაძლებელი იქნებოდა ე.წ სამხრეთის მხრიდან ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდგომ. გზით სარგებლობა შესაძლებელი იქნებოდა წლის ნებისმიერ დროს. შესაბამისი პროექტის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო სამხრეთის მხრიდან სამანქანო გზის მოწყობა, რაც დაკავშირებული იყო კაპიტალურ ხარჯებთან არსებული მრავალწლოვანი ნარგავების შესაძლო მოჭრასთან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.კ.მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას აუცილებელი გზის უფლების დადგენის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ჯეროვან გზად მიიჩნევა სამანქანე გზის არსებობა, რაც სრულად შეესაბამება არსებულ რეალობას, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, აუცილებელ გზად მიიჩნევა იმგვარი დაკავშირება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სასწრაფო დახმარების, სახანძრო და სხვა სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალების მისვლა დანიშნულების ადგილამდე.

სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი დაასაბუთა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ საფეხმავლო ბილიკი გაუქმდა მოსარჩელის თვითნებური მოქმედებით.

სასამართლოს ინიციატივით დანიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში ექსპერტმა სწორედ იმგვარად უპასუხა დასმულ შეკითხვებს, როგორც სარჩელით მიუთითებდა მოსარჩელე. ექსპერტის განმარტებით, .....ქN33-ში მისვლა შეუძლებელია ...... ქN31-ის გადაკვეთის გარეშე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ .... ქN31-დან სამანქანო გზის მოწყობა კაპიტალური ხარჯების გაღებას საჭიროებდა, თუმცა მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ სამხრეთის მხრიდან საცალფეხო ბილიკის აღდგენისათვის ასევე საჭიროა ხარჯის გაღება და მიუხედავად აღნიშნულისა, სრულფასოვანი გზის მიღება შეუძლებელია.

მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად ცნო სამხრეთის მხრიდან სახლთან მისასვლელი გზის მოსარჩელის მიერ გაუქმება, ამ დასკვნის გამოტანისას სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ვ.კ.ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

წინამდებარე დავაზე სარჩელის საგანს წარმოადგენს სახლთან მისასვლელი აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მოსარჩელისათვის მინიჭება, რომლის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

დასახელებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კაშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.

სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი).

მოსარჩელის მტკიცებითაც, ქ.თბილისში, ...... ქN33-ში მდებარე ვ.კ.ის უძრავ ქონებას არ აქვს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან, გარდა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მხარეთა სარგებლობაში იყო.

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უმთავრეს საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ თვითნებურად გააუქმა მის სახლთან მისასვლელი აუცილებელი გზა, რომელიც არსებობდა ....... ქუჩა N33-ის ე.წ სამხრეთის მხრიდან, რომელიც ამჟამად ჩახერგილია მესაკუთრის (ვ.კ.ის მეუღლის) თვითნებური მოქმედებით. აღნიშნული მსჯელობა პალატამ დაამყარა სასამართლოს ინიციატივით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასა და მოწმეთა ჩვენებებს.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს ამ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ პალატამ არასრულყოფილად გამოიკვლია ექსპერტიზის დასკვნა, ამასთან, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი, რადგანაც სასამართლოს მსჯელობის გაზიარების შემთხვევაშიც კი, სამანქანო გზით საჯარო გზასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია ის ფარგლები, რომელშიც შეიძლება საკასაციო სასამართლომ განახორციელოს სამართლებრივი შეფასება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია კი, გულისხმობს კასატორის მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების იმგვარ დარღვევას, რასაც შედეგად საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორი დადგენა ან საერთოდ დაუდგენლობა მოჰყვა. ასეთ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, ანუ შეამოწმოს, გადაწყვეტილების გამოტანისას დაცულია თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით დანიშნულ 2013 წლის 18 ივნისის საინჟინრო ექსპერტიზაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ქ.თბილისში, ..... ქN33-ში მდებარე ვ.კ.ის სახლთმფლობელობას დღეის მდგომარეობით არ გააჩნია ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, კერძოდ, არ არის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის საჭირო გზა. მოსარჩელის საკუთრებასთან დაკავშირება შეუძლებელია .... ქN31-ში მდებარე ნ.ტ.ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გადაადგილების გარეშე.

როგორც აღინიშნა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა იმით, რომ საცალფეხო ბილიკი, რომელიც არსებობდა ვ.კ.ის სახლთმფლობელობის დასაკავშირებლად საჯარო გზასთან, თავის დროზე, ჩახერგა მოსარჩელის მეუღლემ იმის გამო, რომ არ დაძრულიყო მიწა. აღნიშნული ბილიკის მიმდებარედ დარგო ალვის ხეები, ხოლო მოგვიანებით, ქალაქის მერიამ განახორციელა აღნიშნული ხეების ჭრა, რის შედეგადაც აღმოჩნდა ბილიკი ჩახერგილი.

გარდა აღნიშნულისა, საქალაქო სასამართლოში მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებებით სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახი თავის ნაკვეთთან მისასვლელად ბოლო 10 წლის განმავლობაში სარგებლობდა ი.ტ.ის საკუთრებაში არსებული სახლის (თბილისში, ..... ქუჩა N31-ში) გასასვლელი გზით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის არგუმენტს სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის არასრულყოფილი გამოკვლევისა და ამ გზით დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის თაობაზე და განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებ მტკიცებულებათაგან ერთ-ერთია, ამასთანავე, საპროცესო სამართლის უმთავრესი პრინციპის - მხარეთა შეჯიბრებითობის გათვალისწინებით, მტკიცებულებათა მოპოვების კუთხით სასამართლოს როლი მინიმუმამდეა რა დაყვანილი, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დასაშვებია სასამართლოს ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნა, მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლში და ნორმა აღნიშნულს ლეგიტიმურად მიიჩნევს თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები: საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია; აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. კანონის ამგვარი მბოჭავი დათქმის მიუხედავად, ექსპერტის დასკვნას სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში რაიმე უპირატესობა არ გააჩნია, იგი სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში (სსსკ 172-ე მუხლი).

კანონმდებლის ამგვარი პოზიცია მოტივირებულია საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცებულებების კვლევის სტანდარტით (სსსკ 105-ე მუხლი), რომლის თანახმადაც სასამართლო სადავო გარემოებების არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. თავის მხრივ, მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 18 ივნისის დასკვნას, რომლის თანახმადაც მოსარჩელის უძრავ ქონებას ამჟამად არ გააჩნია ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან რჩეულიშვილის 31-ში მდებარე ნ.ტ.ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადაადგილების გარეშე, ამავე დასკვნის თანახმად, საქმეში არ არის დოკუმენტი, რომლითაც დადგინდება ...... ქN33-ში არსებულ მიწის ნაკვეთთან დამოუკიდებელი მისასვლელის არსებობა .... ქN31-ის მხრიდან, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში (მე-2 ტომი, ს.ფ.60) არსებული .... ქN31-ის საინვენტარიზაციო გეგმაზე მიწის ნაკვეთის საზღვარი გადის შენობაზე ლიტ „ბ“, რომელიც დანართ N3-ზე მოცემული 6/1 ნომრით, ანუ სადავო ტერიტორია არ შედის ..... N31-ის საინვენტარიზაციო გეგმის ფარგლებში, ხოლო პირველი ტომის ს.ფ.178-ის მონაცემების მიხედვით, ლიტ „ბ-სა“ და მიწის ნაკვეთის საზღვარს შორის არის სივრცე, საიდანაც დგინდება, რომ სადავო ტერიტორიის ნაწილი ხვდება ... N31-ის საინვენტარიზაციო გეგმის ფარგლებში.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ი.ტ.ის შესაგებელზეც, სადაც მოპასუხე მსჯელობს სადავო მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების არსებობაზე და საკუთარ პოზიციას ამყარებს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს იმ მონაცემებზე, რომელიც დასკვნის გამოტანისას შეამოწმა ექსპერტმა. შესაგებლის თანახმად, სადავო ნაკვეთი ყოველთვის შედიოდა მოპასუხეთა საკუთრებაში. ბოლო წლებში განხორციელდა ნაკვეთის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების შესაბამისად.

სწორედ ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიუთითა ექსპერტმა 2013 წლის 18 ივნისის დასკვნაში, რომ საინვენტარიზაციო გეგმაზე მიწის ნაკვეთის საზღვარი გადის ლიტ „ბ“ შენობაზე, ანუ სადავო ტერიტორია არ შედის ..... ქN31-ის საინვენტარიზაციო გეგმის ფარგლებში, ხოლო პირველი ტომის ს.ფ.178-ის მონაცემების მიხედვით, ლიტ „ბ-სა“ და მიწის ნაკვეთის საზღვარს შორის არის სივრცე, საიდანაც დგინდება, რომ სადავო ტერიტორიის ნაწილი ხვდება ..... ქN31-ის საინვენტარიზაციო გეგმის ფარგლებში.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარემოებები არ ემყარება საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილ კვლევას.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ შემოთავაზებულ ალტერნატივას აუცილებელი გზის მოწყობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კასატორმა ასევე დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინა, კერძოდ, სააპელაციო პალატის დასკვნით, .... ქN33-ში მდებარე სახლთმფლობელობის დაკავშირება რჩეულიშვილის ქუჩასთან სამხრეთის მხრიდან შესაძლებელი იქნება ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდგომ. სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.07.01-89 მე-8 ცხრილის მოთხოვნათა შესაბამისად, ქალაქის მეორეხარისხოვან გასასვლელებში ფეხით მოძრაობისათვის განკუთვნილი მინიმალური სიგანე შეადგენს 0,75სმ-ს. სამხრეთის მხრიდან არსებული სივრცის მინიმალური სიგანე შეადგენს 1,2მ-ს, რაც საკმარისია ..... ქN33-ში მდებარე სახლთმფლობელობის დასაკავშირებლად საფეხმავლო ბილიკით რჩეულიშვილის ქუჩასთან. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ტექნიკური სამუშაოების ჩატარება (მოხრეშვა, მოკირწყვლა, მოასფალტება, ბეტონის დასხმა და სხვ.) აღნიშნული გზით სარგებლობა შესაძლებელი იქნება წლის ნებისმიერ დროს. შესაბამისი პროექტის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია სამხრეთის მხრიდან სამანქანო გზის მოწყობა, თუმცა აღნიშნული დაკავშირებული იქნება კაპიტალურ ხარჯებთან და შესაძლებელია საჭირო გახდეს არსებული მრავალწლოვანი ნარგავების მოჭრა.

სააპელაციო სასამართლოს ეს მოსაზრება დამყარებულია სსიპ ლ.ს.ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 18 ივნისის დასკვნაზე, თუმცა სასამართლოს ამ შემთხვევაში დასკვნა არ შეუფასებია საკმარისობის თვალსაზრისით, ერთი მხრივ, ექსპერტი მსჯელობს სამომავლო შესაძლებლობაზე, მოეწყოს საფეხმავლო ბილიკი, ხოლო სამანქანო გზის მოწყობას უკავშირებს პროექტის შესაძლო არსებობას, მის დამტკიცებას და იმგვარი კაპიტალური სამუშაოების ჩატარებას, რომელსაც, შესაძლოა, მრავალწლიანი ნარგავების მოჭრა მოჰყვეს შედეგად, ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ექსპერტი არ გვთავაზობს დასკვნაში შემოთავაზებული საფეხმავლო თუ სამანქანო გზის მოწყობის გეგმას. ამ კუთხით გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დამაჯერებელ მსჯელობას, ხოლო სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ არ გამოუკვლევია შემოთავაზებული გზის მოწყობის შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლომ ამავე ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, ..... ქN31-ში მდებარე მიწის სადავო ნაწილის აუცილებელ გზად მიჩნევაზე უარის თქმის ერთ-ერთ მოტივად ისიც მიიჩნია, რომ იგი არ შეესაბამებოდა სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნებს, რომლის 2.07.01-89 მე-8 ცხრილის მოთხოვნათა შესაბამისად, ქალაქის მეორეხარისხოვან გასასვლელებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის საჭირო მინიმალური მანძილი შეადგენს 3,5მ-ს, ხოლო .... ქN31-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული გასასვლელის მინიმალური სიგანე - 3,0 მეტრს, რაც ნაკლებია ნორმატივით გათვალისწინებულზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების ამ შეფასებას და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, იგი არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო ამავე ექსპერტიზის დასკვნით შემოთავაზებული სამანქანე გზის მოწყობის ჰიპოთეტური ალტერნატივის გათვალისწინებით.

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს ასევე საჯარო გზებთან ჯეროვანი კავშირის ცნებაზე, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც“. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის ულებები შეზღუდულია ან კანონით, ან ხელშეკრულებით (სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები“ (იხ.სუსგ №ას-144-486-07, 26 ივლისი, 2007 წელი).

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, კასატორი ასევე მოითხოვს ნაგებობის დემონტაჟის გზით ხელშეშლის აღკვეთას, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ ნაგებობის დემონტაჟის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, თუ დადგინდება სადავო მიწის ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენების წინაპირობები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა - გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის ასახული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებები, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთობლიობაში არ მისცემია შეფასება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და საჭიროა მათი დამატებით გამოკვლევა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების შესაბამისად გადაწყვიტოს სარჩელის საფუძვლიანობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.კ.ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე