№ას-72-66-2015 30 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. ს-ა
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ. კ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „მ. კ-მა“ მოპასუხეების: მ. ს-ას, გ. თ-ისა და რ. მ-ის მიმართ და მოითხოვა:
1. მ. ს-ასა და გ. თ-ისათვის მის სასარგებლოდ სოლიდარულად 44860.28 აშშ დოლარის, მათ შორის: ძირითადი თანხის – 25000 აშშ დოლარის, პროცენტის – 1505.32 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს – 18354.96 აშშ დოლარის, დაკისრება;
2. გ. თ-ისათვის მის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 3 აპრილიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 1 წლის ვადით, საერთო თანხის – 25000 აშშ დოლარის 0.1%-ის, ყოველდღიურად 2.5 აშშ დოლარის დაკისრება;
3. ფულადი დავალიანების დაფარვის მიზნით სს „მ. კ-ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, რ. მიხაეილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – ქ.თბილისში, ჟ-ას №35-ში მდებარე №1 ბინის სარეალიზაციოდ მიქცევა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით:
1. სს „მ. კ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. გ. თ-სა და მ. ს-ას სს „მ. კ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 28340.81 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა 25000 აშშ დოლარს, პროცენტი 1505.32 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 1835.49 აშშ დოლარს შეადგენდა;
3. სარჩელი არ დაკმაყოფილდა გ. თ-ისა და მ. ს-ასათვის პირგასამტეხლოს სახით 16519.46 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში;
4. გ. თ-ს სს „მ. კ-ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა ყოველდღიურად 2013 წლის 3 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 1 წლის ვადით, 0.5 აშშ დოლარის გადახდა;
5. ფულადი დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა სს „მ. კ-ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, რ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – ქ.თბილისში, ჟ-ას №35-ში მდებარე ...კვ.მ ფართის მქონე №1 ბინა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
1. მ. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო;
2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას – 2014 წლის 23 სექტემბერს, გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის – სს „მ. კ-ის“ წარმომადგენელი თ. ე-ე. ამასთან, ამავე სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი – მ. ს-ა, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღისა და ადგილის თაობაზე და რომელსაც სასამართლოსათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე უნდა მიღებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მ. ს-ამ შეიტანა საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით:
1. მ. ს-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ უწყებაში მითითებული თარიღი „23“ ძალიან წააგავს „29-ს“, რის გამოც აპელანტის შვილმა, რომელსაც უშუალოდ ჩაბარდა შეტყობინება, თარიღი „23“ აღიქვა „29-ად“ და შეცდომით შეატყობინა დედას (აპელანტს), რომელსაც უწყება პირადად არ უნახავს. აპელანტმა, თავის მხრივ, შეცდომით შეატყობინა წარმომადგენელს.
სააპელაციო სასამართლომ, საჩივრის ავტორის ზემოთ მოყვანილი მსჯელობა დამაჯერებლად არ მიიჩნია, ვინაიდან საქმეში არსებული მ. ს-ასათვის გაგზავნილი უწყების ასლიდან ცალსახად ირკვეოდა, რომ სხდომის თარიღი „23“ ოქტომბერი იყო და ეს თარიღი ვიზუალური აღქმის კუთხით არანაირ სიძნელეს არ ქმნიდა. ამ მოცემულობაში ის ფაქტი, რომ აპელანტის შვილმა უწყებაში მითითებული სხდომის დრო სწორად ვერ აღიქვა, აპელანტს შეცდომით შეატყობინა სხდომის თარიღი და ამ უკანასკნელს უწყება პირადად არ უნახავს, არ წარმოადგენდა აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელ გარემოებას და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საჩივრის ავტორის არგუმენტი იმის შესახებ, რომ სასამართლომ შეტყობინება გაუგზავნა მხოლოდ მხარეს და სხდომის თაობაზე წარმომადგენლისათვის არ უცნობებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საჩივრის ავტორის ეს არგუმენტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად არ განიხილა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჩივრის ავტორის მესამე არგუმენტს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარმოადგენდა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მეორე მოპასუხის – რ. მ-ის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის დანაწესი გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოცხადების ვალდებულების თაობაზე და მას გაშვებული არ ჰქონდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ პროცესუალურ სანქციას იმ პირის მიმართ, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს შესაგებელს ან არ გამოცხადდება სხდომაზე არასაპატიო მიზეზით. ასეთ დროს, გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმლური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სარჩელში მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნევა და ხდება მხოლოდ დადგენილი გარემოებებისა და სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ. ს-ას სააპელაციო საჩივარზე გამოტანა ამ უკანასკნელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველზე და საჩივრის ავტორის მესამე არგუმენტი სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისე მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ამ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლი, რომელიც თავდებობის ნამდვილობისათვის, თავდებობის ხელშეკრულებასთან ერთად, მოითხოვს თავდების წერილობით თანხმობას, რომელიც საქმეში არ არის წარმოდგენილი. ასეთ ვითარებაში, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სარჩელის მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
მეორე მოპასუხე, რ. მ-ი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, არ ყოფილა მიწვეული საქმის განხილვაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მას ჯერ კიდევ ჰქონდა სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული არგუმენტი არ გაითვალისწინა, თუმცა - რა მოტივით, განჩინებაში ჯეროვნად არ დაასაბუთა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რის გამოც სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დადგენილია, ისიც, რომ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამდენად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ იგი საქმის განხილვაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით.
კასატორი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლი, რომელიც თავდებობის ნამდვილობისათვის, თავდებობის ხელშეკრულებასთან ერთად, მოითხოვს თავდების წერილობით თანხმობას, რომელიც საქმეში არ არის წარმოდგენილი. ასეთ ვითარებაში, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (სააპელაციო მოპასუხე), მაგრამ არ გამოცხადდა აპელანტი (სააპელაციო მოსარჩელე), სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მაგრამ მხოლოდ ორი პირობის ერთდროულად არსებობისას: პირველი - აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ (სააპელაციო მოპასუხემ) უნდა იშუამდგომლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მეორე - არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, ასევე არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.
ზემოაღნიშნული გარემოება, შესაძლებელია ყოფილიყო სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდებოდა აპელანტი და არ გამოცხადდებოდა მისი მოწინააღმდეგე მხარე. ასეთ დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს აპელანტის მოთხოვნას (სსკ-ის 387.2-ე და 230-ე მუხლები). იმ შემთხვევაში კი, როდესაც სასამართლო სხდომაზე არ ცხადდება თავად აპელანტი, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არც მთლიანად საქმეს სამართლებრივი თვალსაზრისით. სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აპელანტის გამოუცხადებლობის გამო და არა საქმის მასალების მიხედვით.
ამდენად, კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია და იგი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
კასატორი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებას მოითხოვს ასევე იმ საფუძვლით, რომ მეორე მოპასუხე, რ. მ-ი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, არ ყოფილა მიწვეული საქმის განხილვაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მას ჯერ კიდევ ჰქონდა სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე რ. მ-ს არ გაუსაჩივრებია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა იმ ვარაუდის (პრეზუმფციის) საფუძველს, რომ მოპასუხე რ. მ-ს ჩაბარდა როგორც სარჩელი და თანდართული მასალები, ასევე სასამართლო უწყება. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების უფლება აქვს თავად მოპასუხე რ. მ-ს და არა საქმეში მონაწილე სხვა პირებს. იმ შემთხვევაშიც, თუ მივიჩნევთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მოპასუხე რ. მ-ი კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა მიწვეული და, აქედან გამომდინარე, არ დაუკარგავს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება, ამ უფლების რეალიზაცია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შეუძლია თავად მოპასუხე რ. მ-ს და არა მოპასუხე მ. ს-ას.
ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერც კასატორის მიერ მითითებული მეორე გარემოება გახდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმის, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე