საქმე№ას-73-67-2015 06 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ნ. შ-ი, ვ. შ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ნ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მემკვიდრეობის მიუღებლად აღიარება და მემკვიდრეთა წილზე შემატება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. შ-მა და მ. ნ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების: ნ. შ-სა და ვ. შ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს 02.05.2004წ.-ს გარდაცვლილი მ. შ-ის სამკვიდრო ქონების, რომელსაც შეადგენდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ......, თ. მ-ის ქ.№108-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი (ს/კ:......), ღიად დარჩენილი ½ ნაწილის (მთლიანი სამკვიდრო ქონების ¼-¼ ნაწილი) შემატება თავიანთ წილზე.
სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 17.07.2006წ.-ის გადაწყვეტილებით 02.05.2004წ.-ს გარდაცვლილი მ. შ-ის მემკვიდრეობაზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის ......, თ. მ-ის ქ.№108-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, სამკვიდროს მიღების ვადა გაუგრძელდათ: მის ძმებს მ. და ვ. შ-ბს, გარდაცვლილის დის შვილს - მ. ნ-ს და გარდაცვლილის ძმის შვილს - ნ. შ-ს, თითოეულს - ¼ წილზე. მათგან კი, კანონით დადგენილ ვადაში, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად სანოტარო ბიუროს მიმართეს მხოლოდ მოსარჩელეებმა: მ. შ-მა და მ. ნ-მა, რომლებზედაც 03.10.2006წ.-ს გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის ნომრით ....), რომლის საფუძველზე, მ. შ-მა და მ. ნ-მა, როგორც მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრეებმა მიიღეს გარდაცვლილი მ. შ-ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი თანაბარწილად, თითოეულმა მთლიანი სამკვიდრო ქონების ¼-¼ ნაწილი. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ორივე მათგანი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ......, თ. მ-ის ქ.№108-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის (ს/კ:......) შესაბამისი ნაწილის მესაკუთრედ, ხოლო საცხოვრებელი სახლის დარჩენილ ½ ნაწილზე კვლავ რეგისტრირებულია გარდაცვლილი მ. შ-ის საკუთრების უფლება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დანარჩენ მემკვიდრეებს მ. და ნ. შ-ბს უკვე გაშვებული ჰქონდათ სამკვიდროს მიღების ვადა და სამკვიდროს ნახევარი (კერძოდ, მისი ½ ნაწილი) იყო ღიად - უმემკვიდრეოდ დარჩენილი, მოითხოვეს ამ ნაწილის შემატება თავიანთ წილზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 17.07.2006წ.-ის გადაწყვეტილებით 02.05.2004წ.-ს გარდაცვლილი მ. შ-ის მემკვიდრეობაზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის ......, თ. მ-ის ქ.№108-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, სამკვიდროს მიღების ვადა გაუგრძელდათ არა მხოლოდ მოსარჩელეებს: ვ. შ-სა და მ. ნ-ს, არამედ მოპასუხეებსაც. შესაბამისად, მოპასუხეებმა მიუთითეს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლზე და აღნიშნეს, რომ მათ სამკვიდროს გახსნის დღიდანვე ეთვლებათ სამკვიდრო მიღებულად. ხოლო ხაშურის რაიონული სასამართლოს 17.07.2006წ.-ის გადაწყვეტილება, რომლითაც გაგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა, ნიშნავს სამკვიდროში მათ ხვედრით წილზე უფლების ცნობასაც და თავის მხრივ, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით მ. შ-ისა და მ. ნ-ის სარჩელი ვ. და ნ. შ-ბის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. შ-ისა და მ. ნ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებაზე დატოვებული იქნა განუხილველად, რაც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 03 ივლისის განჩინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით კი, მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. შ-ის სამკვიდრო ქონების ღიად დარჩენილი ½ ნაწილი (მთლიანი სამკვიდრო ქონების ¼) შეემატა მ. შ-ის სამკვიდრო წილს. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება.
მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 02.05.2004წ.-ს მ. შ-ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, რომელსაც შეადგენდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ......, თ. მ-ის ქ.№108-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი (ს/კ:......), რომელიც გარდაცვალების დროისათვის რეგისტრირებული იყო მ. შ-ის სახელზე.
ასევე დადგენილ იქნა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 17.07.2006წ.-ის გადაწყვეტილებით 02.05.2004წ.-ს გარდაცვლილი მ. შ-ის მემკვიდრეობაზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის ......, თ. მ-ის ქ.№108-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, სამკვიდროს მიღების ვადა გაუგრძელდათ: მის ძმებს მ. და ვ. შ-ბს, გარდაცვლილის დის შვილს - მ. ნ-ს და გარდაცვლილის ძმის შვილს - ნ. შ-ს, თითოეულს - ¼ წილზე. მათგან კი, კანონით დადგენილ ვადაში, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად სანოტარო ბიუროს მიმართეს მხოლოდ მოსარჩელეებმა: მ. შ-მა და მ. ნ-მა, რომლებზედაც 03.10.2006წ.-ს გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის ნომრით ....), რომლის საფუძველზე, მ. შ-მა და მ. ნ-მა, როგორც მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრეებმა მიიღეს გარდაცვლილი მ. შ-ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი თანაბარწილად, თითოეულმა მთლიანი სამკვიდრო ქონების ¼-¼ ნაწილი. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ორივე მათგანი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ......, თ. მ-ის ქ.№108-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის (ს/კ:......) შესაბამისი ნაწილის მესაკუთრედ, ხოლო საცხოვრებელი სახლის დარჩენილ ½ ნაწილზე კვლავ რეგისტრირებულია გარდაცვლილი მ. შ-ის საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელე (აპელანტი) მ. შ-ი წარმოადგენდა 02.05.2004წ.-ს გარდაცვლილი მ. შ-ის მეორე რიგის მემკვიდრეს (ძმა), რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდიდა სამკვიდრო ქონების ღიად დარჩენილი ½ ნაწილის ნახევარს (მთლიანი სამკვიდრო ქონების ¼ ნაწილს).
სამკვიდრო ქონების ღიად დარჩენილი ½ ნაწილის ნახევრის (მთლიანი სამკვიდრო ქონების ¼ ნაწილი) მ. შ-ისათვის მიკუთვნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონით მინიჭებული მემკვიდრეობის უფლების პრაქტიკულად განხორციელებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია მემკვიდრის მიერ ზემოაღნიშნული ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება. ხსენებული ნორმა ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა ან/და განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) უნდა განხორციელდეს ექვსი თვის განმავლობაში და, როგორც წესი, მხოლოდ დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, კარგავს მემკვიდრე სამკვიდროს მიღების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს 17.07.2006წ.-ის გადაწყვეტილებით სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების მიუხედავად, მოპასუხეებს (ვ. შ-ი და მ. ნ-ი) სამკვიდროში მათი ხვედრითი წილის (მთლიანი სამკვიდრო ქონების 1/4-1/4 ნაწილი) მისაღებად არ განუხორციელებიათ რაიმე აქტიური ქმედება და ამაზე არც წარმოდგენილ შეპასუხებაში მიუთითებიათ (იხ., სააპელაციო შესაგებელი, ტ.2.). მოპასუხეთა მოსაზრებას კი, რომლითაც სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება (ხაშურის რაიონული სასამართლოს 17.07.2006წ.-ის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწ.) გაიგივებულია სამკვიდრო ქონების მათ ხვედრ ქონებაზე უფლების სასამართლო წესით ცნობასათან, პალატამ არ გაიზიარა, რადგან აღნიშნული არც კანონის დანაწესიდან (სკ-ის 1421-ე მუხ.) და არც ხაშურის რაიონული სასამართლოს 17.07.2006წ.-ის გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობდა. პალატამ განმარტა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 17.07.2006წ.-ის გადაწყვეტილებით მხოლოდ გაგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა (სკ-ის 1426-ე მუხ.). შესაბამისად, მემკვიდრეს სამკვიდრო ქონების დაუფლების სურვილი უნდა გამოევლინა დროის იმ მონაკვეთში, რაც დადგენილი იყო სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით და რომლის ხანგრძლივობაც შეადგენს ექვს თვეს, ხოლო ამ ვადის ათვლის დასაწყისი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მემკვიდრეობით მიღებული სახლის ნაწილში, ცხოვრობდა მოსარჩელე მ. შ-ი და მოპასუხეებს იქ საერთოდ არ უცხოვრიათ და მათ არც სამკვიდროს მიღების მიზნით, არ მიუმართავთ სანოტარო ბიუროსადმი. ასევე დადგენილ იქნა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 17.07.2006წ.-ის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასული იყო სამკვიდროს მიღების ხანდაზმულობის ვადა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხეებმა გაუშვეს თავიანთი მატერიალური უფლების (სამკვიდროს მიღება) რეალიზაციის ვადა. შესაბამისად, მ. შ-ს, როგორც გარდაცვლილის მეორე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს (სკ-ის 1336-ე მუხ.) უნდა შემატებოდა ღიად დარჩენილი სამკვიდრო ქონების ნაწილი სარჩელის მოთხოვნის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. შ-მა და ვ. შ-მა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის ძირითადი დასაბუთება ემყარება იმ გარემოებას, რომ არსებობს ხაშურის რაიონული სასამართლოს 17.07.2006წ.-ის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც 02.05.2004წ.-ს გარდაცვლილი მ. შ-ის მემკვიდრეობაზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის ......, თ. მ-ის ქ.№108-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, სამკვიდროს მიღების ვადა გაუგრძელდათ: მის ძმებს მ. და ვ. შ-ბს, გარდაცვლილის დის შვილს - მ. ნ-ს და გარდაცვლილის ძმის შვილს - ნ. შ-ს, თითოეულს - ¼ წილზე. კასატორები განმარტავენ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ ვერ შეძლეს სამკვიდროს მიღება, აქვე მიუთითებენ, რომ რეალურად სამკვიდრო ქონებას ფლობს მ. შ-ი, რომელიც არ უშვებს მათ სახლში. კასატორები მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლზე, რომელიც სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საკითხს არეგულირებს და განმარტავენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ვ. და ნ. შ-ბს უარი არ უთქვამთ სამკვიდროს მიღებაზე, ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს ზემოთხსენებული გადაწყვეტილებით გაგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა, კანონის იმგვარი განმარტება თითქოს მემკვიდრეობა მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში უმართებულოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 თებერვლის განჩინებით ნ. შ-ისა და ვ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი 02.05.2004წ.-ს გარდაცვლილი მ. შ-ის სამკვიდრო ქონების ღიად დარჩენილ ½ ნაწილზე მემკვიდრეობის უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
02.05.2004წ.-ს მ. შ-ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, რომელსაც შეადგენდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ......, თ. მ-ის ქ.№108-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი (ს/კ:......), რომელიც გარდაცვალების დროისათვის რეგისტრირებული იყო მ. შ-ის სახელზე.
ასევე დადგენილ იქნა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 17.07.2006წ.-ის გადაწყვეტილებით 02.05.2004წ.-ს გარდაცვლილი მ. შ-ის მემკვიდრეობაზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის ......, თ. მ-ის ქ.№108-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, სამკვიდროს მიღების ვადა გაუგრძელდათ: მის ძმებს მ. და ვ. შ-ბს, გარდაცვლილის დის შვილს - მ. ნ-ს და გარდაცვლილის ძმის შვილს - ნ. შ-ს, თითოეულს - ¼ წილზე. მათგან კი, კანონით დადგენილ ვადაში, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად სანოტარო ბიუროს მიმართეს მხოლოდ მოსარჩელეებმა: მ. შ-მა და მ. ნ-მა, რომლებზედაც 03.10.2006წ.-ს გაიცა სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის ნომრით ....), რომლის საფუძველზე, მ. შ-მა და მ. ნ-მა, როგორც მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრეებმა მიიღეს გარდაცვლილი მ. შ-ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი თანაბარწილად, თითოეულმა მთლიანი სამკვიდრო ქონების ¼-¼ ნაწილი. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ორივე მათგანი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ......, თ. მ-ის ქ.№108-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის (ს/კ:......) შესაბამისი ნაწილის მესაკუთრედ, ხოლო საცხოვრებელი სახლის დარჩენილ ½ ნაწილზე კვლავ რეგისტრირებულია გარდაცვლილი მ. შ-ის საკუთრების უფლება.
სამკვიდრო ქონების ღიად დარჩენილი ½ ნაწილის ნახევრის (მთლიანი სამკვიდრო ქონების ¼ ნაწილი) მ. შ-ისათვის მიკუთვნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე, 1426-ე და 1336-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს 17.07.2006წ.-ის გადაწყვეტილებით სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების მიუხედავად, მოპასუხეებს (ვ. შ-ი და მ. ნ-ი) სამკვიდროში მათი ხვედრითი წილის (მთლიანი სამკვიდრო ქონების 1/4-1/4 ნაწილი) მისაღებად არ განუხორციელებიათ აქტიური ქმედება, ხოლო ვინაიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასული იყო სამკვიდროს მიღების ხანდაზმულობის ვადა, ამიტომ მოპასუხეებს გაშვებული ჰქონდათ თავიანთი მატერიალური უფლების (სამკვიდროს მიღება) რეალიზაციის ვადა. შესაბამისად, მ. შ-ს, როგორც გარდაცვლილის მეორე რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს (სკ-ის 1336-ე მუხ.) უნდა შემატებოდა ღიად დარჩენილი სამკვიდრო ქონების ნაწილი სარჩელის მოთხოვნის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.
ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ძირითად დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ „ვინაიდან ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა, აღნიშნული არ შეიძლება განმარტებულ იქნეს იმგვარად, რომ მემკვიდრეებს მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდათ სამკვიდროს მიღების შესაძლებლობა, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ვ. და ნ. შ-ბს კანონით დადგენილი წესით უარი არ უთქვამთ მემკვიდრეობაზე“.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის ანუ, მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება. მემკვიდრეობითი სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს, მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და კონკლუდენტური მოქმედებით. უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვა შეზღუდულია დროით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 17.07.2006წ.-ის გადაწყვეტილებით 02.05.2004წ.-ს გარდაცვლილი მ. შ-ის მემკვიდრეობაზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის ......, თ. მ-ის ქ.№108-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, სამკვიდროს მიღების ვადა გაუგრძელდათ: მის ძმებს მ. და ვ. შ-ბს, გარდაცვლილის დის შვილს - მ. ნ-ს და გარდაცვლილის ძმის შვილს - ნ. შ-ს, თითოეულს - ¼ წილზე. აღნიშნული არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს სასამართლოს გადაწყვეტილებამ უვადოდ გააგრძელა სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგი უნდა განიმარტოს სამოქალაქო კოდექის იმ ნორმასთან ერთობლიობაში, რომელიც არეგულირებს სამკვიდროს მიღების ხანდაზმულობის საკითხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების საწინააღმდეგო ვითარებას.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ. სუს 16.02.2011წ.-ის №ას-851-800-2010 განჩინება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ნ. შ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70%, რაც შეადგენს 210 ლარს. ხოლო ვ. შ-ი კი, გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. შ-ისა და ვ. შ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს - ნ. შ-ის (პ/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 15 იანვარს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე