№ას-745-713-2014 30 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭო
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. ჯ-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სადაზღვევო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ-ის უმაღლესმა საბჭომ მოპასუხე შპს „ს. ჯ-ის“ მიმართ და მოითხოვა:
შპს „ს. ჯ-ისათვის“ სადაზღვევო თანხის ასანაზღაურებლად 6385 ლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის უმაღლესმა საბჭომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინებით:
1. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მზღვეველსა და აჭარის ა/რ-ის უმაღლეს საბჭოს შორის 2013 წლის 17 იანვარს დადებული ხელშეკრულებით დაზღვეულ იქნა საბჭოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „გ. ვ. ვ. 5“. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მზღვეველი არ აანაზღაურებდა ზარალს და დაზიანებას, რომელიც გამოწვეული იქნებოდა დაზღვეული მანქანის უფლებამოსილი მძღოლის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით.
ზემოაღნიშნულ ავტომანქანას, 2013 წლის 13 აგვისტოს ქ.ბათუმში, თ-ის გამზირზე მართავდა საბჭოს მიერ უფლებამოსილი მძღოლი გ. ხ-ი, რომელმაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანით მოძრაობის უსაფრთხოება, კერძოდ, უკნიდან შეეჯახა გაჩერებაზე გაჩერებულ სამგზავრო ავტობუსს, რადგან ვერ მოახერხა ვერც მოძრაობის ზოლის შეცვლა (მარჯვნივ და მარცხნივ არსებული დაბრკოლებების გამო) და ვერც ავტომანქანა გააჩერა. აღნიშნულის გამო, გ. ხ-ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 250 ლარით.
შეჯახების შედეგად, დაზღვეული ავტომანქანა ისე დაზიანდა, რომ მის აღსადგენად აუცილებელი იყო 6385 ლარის ხარჯის გაწევა.
საბჭომ, 2013 წლის 13 აგვისტოსვე მოსთხოვა მზღვეველს სადაზღვევო თანხის გაცემა, თუმცა მზღვეველმა 2013 წლის 10 ოქტომბერს უარი განაცხადა სადაზღვევო თანხის გაცემაზე.
სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებს, რადგან ეს შეფასებები ჩამოყალიბებული იყო შესაბამისი და სწორად განმარტებული კანონის ნორმების საფუძველზე, ამასთან, დამატებით მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 799-ე და 829-ე მუხლებზე.
მოცემულ შემთხვევაში, უდავო იყო, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო საბჭოს უფლებამოსილი მძღოლის – გ. ხ-ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით. შესაფასებელი იყო ბრალის ხარისხი: სახეზე იყო უხეში თუ მარტივი გაუფრთხილებლობა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ასეთი განმარტება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2013 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით, მძღოლის ვალდებულებებსა და მოძრაობის წესებს ადგენდა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი. მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მიიჩნევა საგზაო მოძრაობის წესის დამრღვევად. ერთ-ერთ ასეთ ვალდებულებას აწესებდა მითითებული კანონის 28-ე მუხლის მე-10 პუნქტი, – მძღოლი მის წინ სატრანსპორტო საშუალებამდე იცავს დისტანციას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თავიდან აიცილოს შეჯახება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კანონით ყურადღებაა გამახვილებული იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტზე, რომელსაც გადაჰყავს მგზავრები, მაგალითად, ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასახლებულ პუნქტში მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ავტობუს, რომელიც მოძრაობას იწყებს მონიშნული გაჩერებიდან. ამდენად, მძღოლი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ადევნებდეს თვალყურს დასახლებულ პუნქტში ავტობუსის მოძრაობას და მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს, რათა მისი მართვის ქვეშ მყოფი მანქანით არ მოახდინოს ავტობუსთან შეჯახება.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას მხედველობაში მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილი, რომლის თანახმად, სამართალდამრღვევად ითვლება მძღოლის მიერ გზაზე მოძრაობის წესის ისეთი დარღვევა, რაც იწვევს სატრანსპორტო საშუალების დაზიანებას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ გ. ხ-ი მისი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსტორტო საშუალებით უკნიდან შეეჯახა მგზავრების გადამყვან ავტობუსს, რომელიც გაჩერებული იყო მონიშნულ ადგილას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ეს ფაქტი იმაზე მიუთითებდა, რომ მას არ ჰქონდა დაცული საკმარისი დისტანცია, ასევე, სათანადო ყურადღებითა და სიფრთხილით არ ადევნებდა თვალყურს მგზავრების გადამყვან ავტობუსს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სწორი იყო საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო გ. ხ-ის უხეში გაუფრთხილებლობით, რაც, თავის მხრივ, მზღვეველს უფლებას ანიჭებდა უარი ეთქვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე.
რაც შეეხებოდა აპელანტის მითითებას მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის გაცემაზე წარდგენილი მოთხოვნის დაგვიანებით განხილვის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს გარემოება არსებითად არაფერს ცვლიდა, რადგან მოთხოვნის თუნდაც დროულად განხილვა, ვერ გამოიწვევდა გ. ხ-ის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერი იყო, შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის უმაღლესმა საბჭომ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად და არასწორად გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების პირობების თანახმად, არ წარმოადგენდა სადაზღვევო შემთხვევას, რაც სადაზღვევო კომპანიას უფლებას ანიჭებდა, უარი ეთქვა ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. სასამართლოს ამგვარი მსჯელობა გაუგებარია. სააპელაციო სასამართლო, ისევე როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლო, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას აპელირებდა უფლებამოსილი მძღოლის – გ. ხ-ის ახსნა-განმარტების მხოლოდ იმ ნაწილით, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა დაუდევრობით. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა გ. ხ-ის ახსნა-განმარტების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მას სურდა თავიდან აეცილებინა ავტოსაგზაო შემთხვევა, თუმცა დიდი მცდელობის მიუხედავად, ავტომანქანების ნაკადის სიმრავლის გამო, ვერ მოახერხა ვერც მეორე ზოლში გადასვლა და ვერც ავტომანქანის გაჩერება. აღნიშნული ცალსახად ადასტურებდა, რომ გ. ხ-მა მიიღო აუცილებელი ზომები ავტოსაგზაო შემთხევის თავიდან ასაცილებლად და ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია უფლებამოსილი მძღოლის დაუდევრობამ და არა უხეში გაუფრთხილებლობამ. ხელშეკრულების არც ერთი პუნქტი არ ითვალისწინებდა დაუდევრობის შემთხვევაში მზღვეველის განთავისუფლებას სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისაგან. ამდენად, აღნიშნული თავის მხრივ გამორიცხავდა იმ სადაზღვევო რისკების არსებობას, რომლის დროსაც მზღვეველი თავისუფლდებოდა სადაზღვევო ანაზღაურების ვალდებულებისგან.
სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 და 799-ე მუხლის პირველი ნაწილებით. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 28-ე და 37-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო უფლებამოსილი მძღოლის გაუფრთხილებლობით. აღნიშნულ მუხლებზე მითითება არ წარმოადგენდა საკმარის დასაბუთებას იმისათვის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილად მიჩნეულიყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღნიშნულ ნაწილში არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ერთმანეთთან გააიგივა სრულიად განსხვავებული ცნებები, როგორიცაა: დაუდევრობა, განზრახვა, უხეში გაუფრთხილებლობა.
კასატორმა საპრეტენზიო განაცხადით მიმართა „ს. ჯ-ს“, რომელსაც აღნიშნული განაცხადი უნდა განეხილა 5 სამუშაო დღის ვადაში და უნდა გაეცა სადაზღვევო ანაზღაურება ან მოტივირებული უარი ეთქვა. სადაზღვევო კომპანიამ შეგნებულად გაახანგრძლივა საპრეტენზიო განაცხადის განხილვა, რათა თავიდან აეცილებინა ზარალის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ზოგადად იყო აღნიშნული, რომ კასატორის საპრეტენზიო განაცხადის დროული განხილვა ვერ გამოიწვევდა გ. ხ-ის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლას. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმასთან დაკავშირებით, სადაზღვევო კომპანიამ შეგნებულად ხომ არ გაახანგრძლივა განაცხადის განხილვის ვადა.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი, 829-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 28-ე (მე-10 პუნქტი) და 37-ე (მე-3 პუნქტი) მუხლები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ 2013 წლის 17 იანვრის N17 ხელშეკრულების 6.4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ასევე, ამავე ხელშეკრულების დანართი N2-ის (ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის პირობები) 3.3.2 და 3.3.3 ქვეპუნქტები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ, საქმე #ას-1217-1146-2012, საქმე #ას-943-901-2013).
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე