Facebook Twitter

№ას-7-7-2015 8 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. ბაქაქური (თავმჯდო.ე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - დ. შ-ი (მოპასუხე)

II კასატორი - ნ. ც-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება კასატორის სასარგებლოდ შესასრულებელი ვალდებულების 1850 აშშ დოლარით შემცირების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება 1850 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. ც-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. შ-ის მიმართ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2011 წლის 18 ივლისს ნ. ც-ესა და დ. შ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე დ. შ-მა ნ. ც-ეს სესხად გადასცა 7 000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი სამი თვის ვადით 5% სარგებლის გადახდით.

მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულება გაფორმდა შუამავალ მ. კ-ის მეშვეობით. მხარები შეთანხმდნენ, რომ საპროცენტო სარგებელს მოსარჩელე გადაიხდიდა მ. კ-თან.

სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნ. ც-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. ოზურგეთი, გ. გ-ის ქუჩა ..., დაზუსტებული ფართობი 400 კვ.მ, შენობა-ნაგებობა #1, საერთო ფართით 270 კვ.მ.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე დ. შ-ისთვის შუამავალ მ. კ-ის მეშვეობით, გადახდილია 2011 წლის 18 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამივე თვის პროცენტი 1050 აშშ დოლარი (აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის თვის), ხოლო ეტაპობრივად გადახდილია 6 200 აშშ დოლარი.

დ. შ-მა მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ. სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა 7000 აშშ დოლარი და ოთხი თვის სარგებელი 1400 აშშ დოლარი, ისე რომ მის მიერ გადახდილი თანხები არ იქნა გათვალისწინებული.

მოპასუხე დ. შ-მა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:

მოპასუხის განმარტებით, მ. კ-ისათვის თანხის გადახდა არ ნიშნავს დ. შ-ისათვის ვალის დაბრუნებას. სესხი დაბრუნებული არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა 2013 წლის 29 აგვისტოს #... სააღსრულებო ფურცელი (ნოტარიუსი - ნ. შ-ი) და სააღსრულებო ფურცლის მე-6 პუნქტით დადგენილი ნ. ც-ის ვალდებულება 2011 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 6200 აშშ დოლარით; ნოტარიუს ნ. შ-ის მიერ 2013 წლის 29 აგვისტოს #... გაცემული სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 18 ივლისს ერთის მხრივ, დ. შ-ს, როგორც „იპოთეკარს“ და, მეორეს მხრივ, ნ. ც-ეს, როგორც „მესაკუთრეს“ შორის გაფორმდა სანოტარო აქტი რეგისტრაციის ნომრით ... (ნოტარიუსი ნ.შ-ი) – „სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზე დ. შ-მა როგორც „გამსესხებელმა“ ნ. ც-ეს, როგორც „მსესხებელს“ გადასცა 7000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით 2011 წლის 18 ოქტომბრამდე. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხს სარგებლის სახით, დაერიცხებოდა ძირითადი თანხის 5 პროცენტი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ოზურგეთი, გ-ის ქუჩა №... (ს/კ: №...).

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა სრულად გადაეცა ნ. ც-ეს, რომელმაც ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამთვიან ვადაში არ დააბრუნა სესხად მიღებული თანხა.

მოპასუხე დ. შ-ის მიმართვის საფუძველზე ნოტარიუს ნ. შ-ის მიერ 2013 წლის 28 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი რეგისტრაციის ნომრით ..., რომლის საფუძველზეც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 7000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 5%; კრედიტორის მოთხოვნის მთლიანი მოცულობა განისაზღვრა 8400 აშშ დოლარით, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 13 955,76 ლარს. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე (აპელანტი) სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების მოცულობას. მისი განმარტებით, მან შუამავლის, მ. კ-ზე თანხის საბანკო გადარიცხვით ეტაპობრივად გადაიხადა 6 200 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას და სამი თვის სარგებელი 1050 აშშ დოლარი.

მსესხებლის (აპელანტის) აღნიშნულ პოზიციასთან მიმართებაში გამსესხებელი (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე) განმარტავს, რომ მას აღნიშნული თანხა არ მიუღია, ხოლო მსესხებლის მიერ დასახელებული პირი - მ. კ-ი არ იყო უფლებამოსილი მიეღო შესრულება მოცემული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა (გამსესხებლის) აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მსესხებლის (აპელანტი) მტკიცების ტვირთს შეადგენს კრედიტორისათვის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე) თანხის გადაცემისა და შესაბამისად, გადაცემული თანხის მიზნობრიობის დადასტურება. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავოა შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა, ამიტომ მოვალემ აღნიშნული ფაქტი სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს, რისთვისაც მხოლოდ მოვალის (მოპასუხის) ახსნა-განმარტება საკმარის მტკიცებულებად მიჩნეული ვერ იქნება და საფუძვლად ვერ დაედება სადავო ნაწილში ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივ გარემოებას, ხოლო საქმეში მოვალის (აპელანტის) მიერვე წარმოდგენილი საბანკო გადარიცხვის ქვითრები (ტ. 2. ს. ფ. 26-41) პალატის მოსაზრებით, გამსესხებლისათვის/კრედიტორისათვის (დ. შ-ი) ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება.

მხარეთა შორის არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეს მ. კ-ი არ წარმოადგენდა, ხოლო დ. შ-ის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად, მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი საბანკო გადარიცხვების ქვითრებით კი, პალატამ დაადგინა მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. ც-ემ თანხა შეიტანა მ. კ-ს საბანკო ანგარიშზე, ისე რომ გადახდის დანიშნულებაში არ იყო მითითებული, თუ რომელი ვალდებულების შესასრულებად გადაურიცხა სადავო თანხა ნ. ც-ემ მ. კ-ს, რომელიც არ წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების მხარეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მართებულად მიუთითა, რომ არაუფლებამოსილი პირისათვის თანხის გადახდა არ ათავისუფლებდა ნ. ც-ეს დ. შ-ის სასარგებლოდ შესრულების ვალდებულებისაგან, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ დ. შ-ი დაეთანხმა ამგვარ შესრულებას ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის დასაბუთება სასამართლოს სხდომაზე მოწმის სტატუსით მოწვეული მ. კ-ის ჩვენების შესაბამისად დადგენილად მიეჩნია, რომ სესხის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ც-ეს გააჩნდა თავად მ. კ-ის ვალი და ნ. ც-ის მიერ მის ანგარიშზე გადარიცხული თანხებით პირველ რიგში, იფარებოდა სწორედ მ. კ-ის სასესხო ვალდებულება, ხოლო აღნიშნული თანხიდან 2000 აშშ დოლარამდე (100-100 აშშ დოლარი თვეში) მიღებული ჰქონდა დ. შ-ს, როგორც მისი ვალის დაფარვის გადავადების ე.წ. საკომპენსაციო თანხა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით, რაც მსეხებელს აკისრებდა სესხად მიღებული თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებას, მოვალის - ნ. ც-ის მიერ მ. კ-ისათვის განხორციელებული გადარიცხვებიდან 1500 აშშ დოლარის კრედიტორ დ. შ-ის მიერ მიღების ფაქტობრივი გარემოება საკმარისი საფუძველი იყო მის მიმართ ნ. ც-ის ვალდებულების შესრულებისა და ამ ნაწილში (1500 აშშ დოლარის ნაწილში) სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ 1500 აშშ დოლარის, როგორც ვალის დაფარვის გადავადების დამატებითი კომპენსაციის, გადახდის თაობაზე შეთანხმებას არ ადასტურებდა მოვალე ნ. ც-ე და აღნიშნული გარემოება არც სხვა მტკიცებულებებით იყო დადასტურებული. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი, მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა. შესაბამისად, აღნიშნული არ იქნა გაზიარებული სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ.

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია კრედიტორის მოთხოვნა ოთხი თვის სარგებლის ოდენობის თანხის - 1400 აშშ დოლარის ნაწილში. კერძოდ, დაადგინა, რომ ხელშეკრულება დადებული იყო სამი თვის ვადით, როგორც ამას თავად კრედიტორი და მოვალე აღიარებდნენ, ერთი თვის სარგებელი 350 აშშ დოლარი, სესხის გაცემისთანავე დაუკავდა მოვალეს. რაც შეეხება გარკვეული ხარჯების კომპენსაციის სახით მოთხოვნილ თანხას - 350 აშშ დოლარს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორს არ წარმოუდგენია ზიანის სახით 350 აშშ დოლარის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც ამ ნაწილში, კრედიტორის მოთხოვნა დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1400 აშშ დოლარის ნაწილში ნ. ც-ის ვალდებულებად უნდა განსაზღვრულიყო 700 (1400-350-350=700) აშშ დოლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2 200 (1500+700) აშშ დოლარით უნდა შემცირებულიყო კრედიტორის სასარგებლოდ შესასრულებელი ვალდებულება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ც-ემ 2011 წლის 18 ივლისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 7000 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება სარგებლითვე დაებრუნებინა აღნიშნული თანხა, რაც მისი მხრიდან არ შესრულდა.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2 200 აშშ დოლარის ნაწილში ფულადი ვალდებულება შესრულებულად იქნა მიჩნეული, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუს ნ. შ-ის მიერ 2013 წლის 29 აგვისტოს გაცემულ №... სააღსრულებო ფურცელში ვალდებულების ოდენობა უნდა შემცირებულიყო 2 200 აშშ დოლარით და განსაზღვრულიყო 6 200 აშშ დოლარით (8 400-2 200).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დ. შ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება კრედიტორის სასარგებლოდ შესასრულებელი ვალდებულების 1850 აშშ დოლარით შემცირების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით 1850 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია, რომ საკუთარი შეხედულებისამებრ გადახდილი თანხა 1500 აშშ დოლარი, უნდა ჩაითვალოს ნ. ც-ის მიერ დ. შ-ის წინაშე ვალდებულების შესრულების ანგარიშში. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს პოზიციას იმის შესახებ, რომ დ. შ-ს არ შეუძლია მიიღოს მოვალისაგან გარკვეული თანხა, 350 ლარი ზიანის ანაზღაურების ანგარიშში, როგორც მიუღებელი შემოსავალი.

საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, მ. კ-ის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ დ. შ-ისათვის 1500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი არასაკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ აღნიშნული თანხის გადაცემა განხილულ იქნას, როგორც მოვალე ნ. ც-ის მიერ მევალე დ. შ-ისათვის ვალდებულების შესრულება. მ. კ-მა საკუთარი შეხედულებისამებრ გადასცა დ. შ-ს 1500 აშშ დოლარი, მისი კუთვნილი თანხიდან. ნ. ც-ე მ. კ-ისათვის 1500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას უარყოფს, იმის მიუხედავად, ნ. ც-ე საბოლოოდ უარყოფს თუ არა მ. კ-ის მიმართ 1500 დოლარის დავალიანების არსებობას, აღნიშნულ თანხა არ წარმოადგენს ნოდარ ც-ის მიერ დ. შ-ისათვის ვალდებულების შესრულების ნაწილს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე ნ. ც-ემ და მოითხოვა ახალი გადაწვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

კასატორის განმარტებით, ნ. ც-ის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ჯეროვნად. სასამართლომ სხდომაზე დაადგინა, რომ ნ. ც-ემ სესხის თანხა 6 200 აშშ დოლარის ოდენობით გადასცა შუამავალს, მ. კ-ს. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი და მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულებას ადგილი არ ჰქონია, ნ. ც-ეს სესხი არ გადაუცია დ. შ-ისათვის, რადგან თანხა გადაცემული იქნა შუამავლისათვის და არა იპოთეკარისათვის.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ ნ. ც-ეს დ. შ-ისათვის სესხის თანხა არ დაუბრუნებია, მაშინ როდესაც სესხის თანხის ნაწილზე 2000 აშშ დოლარზე მხარეებმა აღიარეს, რომ მ. კ-ს თანხა 2 000 აშშ დოლარის ოდენობით გადაცემული ჰქონდა, ხოლო ამ უკანასკნელს კი ეს თანხა დ. შ-ისათვის ჰქონდა მიცემული.

ამასთან, მ. კ-ის აღნიშნულ საქმეში შუამავალად ყოფნა მხარემ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად, კასატორისთვის გაუგებარია რაზე დაყრდნობით აცხადებს სასამართლო, რომ საქმეში ასეთი მტკიცებულება არ მოიპოვება. მხარეებმა განმარტეს, რომ მ. კ-ი მოქმედებდა, როგორც შუამავალი, შესაბამისად, მის მიერ მიღებული თანხა დ. შ-ის სესხის თანხის დაფარვას ემსახურებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით დ. შ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 05 თებერვლის განჩინებით ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. შ-ისა და ნ. ც-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები უთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-951-989-2011, 10 ნოემბერი, 2011 წელი).

შესაბამისად, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. შ-ისა და ნ. ც-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – დ. შ-ს 300 ლარის 70 % - 210 ლარი, ხოლო ნ. ც-ეს - 610 ლარის 70 % - 427 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ. შ-ისა და ნ. ც-ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ დ. შ-ს დაუბრუნდეს ი. ბ-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) მიერ 2014 წლის 16 დეკემბრის №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;.

3. კასატორ ნ. ც-ეს დაუბრუნდეს ო. ჭ-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) მიერ 2015 წლის 01 თებერვლის №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 610 ლარის 70% – 427 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდო.ე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე