№ას-785-752-2014 30 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე. კ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. რ-ო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. რ-ომ მოპასუხე ე. კ-იას მიმართ და მოითხოვა:
ე. კ-იასათვის მის სასარგებლოდ 4965.84 აშშ დოლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
1. ნ. რ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. მოპასუხე ე. კ-იას მოსარჩელე ნ. რ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა 4965.84 აშშ დოლარის გადახდა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ე. კ-იამ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის განჩინებით ე. კ-იას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-იამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინებით:
1. ე. კ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ნ. რ-ომ სარჩელი აღძრა ე. კ-იას მიმართ და მოითხოვა ე. კ-იასათვის 4965.84 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი ვალდებულება შეასრულა, მოპასუხეს სარჩელი და მასზე დართული სხვა მასალები გაუგზავნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა მის ჩაბარებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყების (სარჩელის) მიღებაზე უარის თქმა უწყების (სარჩელის) ჩაბარების ტოლფასია.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ვალდებული იყო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კანონით გათვალისწინებული ფორმით შესაგებელი წარედგინა, რაც სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ განახორციელა.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სარჩელში მითითებული და დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 25 ნოემბერს საქმეზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება: ნ. რ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ე. კ-იას მოსარჩელე ნ. რ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა 4965.84 აშშ დოლარის გადახდა.
2014 წლის 9 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა ე. კ-იამ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
ე. კ-ია საჩივარს შემდეგი არგუმენტებით ასაბუთებდა:
მოსარჩელეს სარჩელი და მასთან დაკავშირებული მასალები არ ჩაბარებია. მასთან სასამართლოს კურიერს ან სხვა პირს გზავნილი არ მიუტანია და ადრესატს უარი არ უთქვამს გზავნილის ჩაბარებაზე. დაუშვებელი იყო მართლმსაჯულების განხორციელება ისე, რომ მხარე არ ყოფილიყო საქმის კურსში, არ სცოდნოდა რას ედავებოდნენ და არ მისცემოდა თავის დაცვის უფლება და საშუალება. გარდა ამისა, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, ამიტომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიღებულიყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის განჩინებით ე. კ-იას წარმომადგენელ ვ. ლ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველზე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დამატებით მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და 232¹ მუხლზე.
საქმეზე დადგინდა, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხე ე. კ-იას ვერ ჩაბარდა, რადგან მან უარი განაცხადა მათ ჩაბარებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლზე. მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მოპასუხეს აღნიშნული გზავნილით განემარტა, რომ ის ვალდებული იყო სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე თავის მოსაზრებებთან ერთად წერილობითი პასუხი (შესაგებელი) სასამართლოსათვის წარედგინა სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. ამასთან, მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს სასამართლოს მიერ მოცემულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, ასევე, არ უცნობებია სასამართლოსათვის შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ. პასუხის წარუდგენლობის გამო სარჩელში მითითებული გარემოებები სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად. ამავდროულად, დადგინდა, რომ ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას, რის გამოც სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დააკმაყოფილა.
საქმეზე უდავოდ დადგინდა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების პირობა გახდა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, შესაგებლის წარმოუდგენლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. შესაგებლის წარდგენა მოპასუხის პროცესუალური ვალდებულებაა. მისი სასამართლოში წარუდგენლობისას სასამართლო ამოწმებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232¹ მუხლის პირობებს, კერძოდ, შესაგებლის წარუდგენლობა არის თუ არა საპატიო და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.
საქმეზე წარდგენილი იყო გზავნილი, რომელზეც მითითებული იყო, რომ ე. კ-იამ უარი განაცხადა სარჩელის ჩაბარებაზე. დასახელებულ ფაქტს ე. კ-ია არ ეთანხმებოდა და განმარტავდა, რომ მისთვის სარჩელი და სხვა მასალები ჩასაბარებლად კურიერს ან სხვა პირს არ მიუტანია და მას გზავნილის ჩაბარებაზე უარი არ უთქვამს.
სასამართლომ ფაქტის დადგენის მიზნით სხდომაზე მიიწვია და მოწმის სახით დაკითხა სასამართლოს კურიერი რ. მ-ე. მან დაადასტურა, რომ სარჩელი და მასთან დაკავშირებული მასალები გადასაცემად პირადად მიუტანა ე. კ-იას. მას გააცნო, რომ იყო სასამართლოს კურიერი და აბარებდა სარჩელის ასლს, მაგრამ ე. კ-იამ უარი განაცხადა სარჩელის ჩაბარებაზე.
მოწმე რ. მ-ის ჩვენებისა და გზავნილის ერთობლივი ანალიზით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. კ-იამ უარი განაცხადა სარჩელის ჩაბარებაზე. მოპასუხის უარი სარჩელის ჩაბარებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილით ნიშნავდა სარჩელის მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებას. სარჩელის ჩაბარებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ თავისი პროცესუალური მოვალეობის შესრულება, ანუ შესაგებლის წარმოდგენა. ე. კ-იამ შესაგებელი არ წარადგინა. ამდენად, მომჩივანის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ კურიერი მას არ შეხვედრია და გზავნილი მასთან არ მიუტანია, ასევე, რომ მას სარჩელის ჩაბარებაზე უარი არ უთქვამს, უსაფუძვლო იყო. საქმის განხილვით მსგავსი გარემოება რამ არ დადასტურდა, დადგინდა, რომ ე. კ-იამ სარჩელის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საჩივრის დასაბუთებულობის გამორკვევის მიზნით, შესამოწმებელი იყო სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სარჩელის მოთხოვნას. იმის გამო, რომ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232¹ მუხლის დაცვით სარჩელში მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნია, ანუ დადგენილად იქნა მიჩნეული ის, რომ ე. კ-იას ნ. რ-ოსაგან აღებული ჰქონდა სესხი. მან სესხი არ დაფარა, რის გამოც მას ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით ნ. რ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა 6030 აშშ დოლარის და 120 ლარის გადახდა. თანხის ამოღების მიზნით რეალიზაციას დაექვემდებარა გირავნობის საგანი – ავტომანქანა (მოდელი მერსედეს ბენცი S280, რ-ი ფერის ---, გამოშვების წელი – 1997წ., სახ.ნომერი ---). სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ე. კ-იას მიმართ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო --- საქმის წარმოება. აღსრულების მიზნით 20--- წლის --- დეკემბერს აუქციონზე 2200 ლარად რეალიზებული იქნა დაგირავებული ავტომანქანა. აღნიშნულ თანხას გამოაკლდა აღსრულების საფასური და ავტომანქანის სადგომზე დგომის საფასური. ნ. რ-ოს გადაერიცხა 1928.47 ლარი, საიდანაც 1890.65 ლარი შეადგენდა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხიდან ნაწილობრივ ამოღებულ თანხას, ხოლო 37.82 ლარი კრედიტორის მიერ აღსრულების საფასურის სახით წინასწარ გადახდილ თანხას, რაც მას დაუბრუნდა ამოღებული თანხის პროპორციულად. მოპასუხე ე. კ-იას, სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხებიდან გადასახდელი დავალიანება დარჩა 4965.84 აშშ დოლარი.
ე. კ-ია მიიჩნევდა, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციით მისი ვალდებულება შეწყდა. სასამართლომ ე. კ-იას ვალდებულების ფარგლების დადგენის მიზნით დამატებით გამოიკვლია 2011 წლის 29 ივლისს ნ. რ-ოსა და ე. კ-იას შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 8.6 პუნქტით, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და გირავნობის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გაწვდება საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება.
გირავნობის ხელშეკრულებით დგინდებოდა, რომ სესხის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ე. კ-იას საკუთრებაში არსებული ავტომანქანა მერსედეს ბენცი ---, რ-ი ფერის ----, გამოშვების წელი – ---, სახელმწიფო ნომერი ---. თუ სესხი დროულად არ დაბრუნდებოდა, მაშინ ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო დასახელებული სატრანსპორტო საშუალებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 256-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 276-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 256-ე და 276-ე მუხლები დისპოზიციური შინაარსის მქონე ნორმებია. ამ ნორმამ მხარეებს მიანიჭა უფლება, თვითონ განსაზღვრონ, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა, მთლიანად არ ფარავს მოთხოვნის ოდენობას, ჩაითვალოს თუ არა მოთხოვნა დაკმაყოფილებულად. თუ მხარეები ხელშეკრულებით ამ საკითხზე არ შეთანხმდებოდნენ, მაშინ უნდა გამოყენებულიყო სამოქალაქო კოდექსის 256-ე და 276-ე მუხლების მოთხოვნები და გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მიიჩნეოდა გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუნდაც თანხა საკმარისი არ ყოფილიყო უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდენ, რომ, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და გირავნობის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლებოდა სრულად დაკმაყოფილებულად, მოთხოვნა ჩაითვლებოდა დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება გასწვდებოდა.
დადგინდა, რომ მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა 6030 აშშ დოლარი და 120 ლარი, თანხის ამოღების აუქციონზე 2200 ლარად რეალიზებულ იქნა დაგირავებული ავტომანქანა. აღნიშნულ თანხას გამოაკლდა აღსრულების საფასური და ავტომანქანის სადგომზე დგომის საფასური. ნ. რ-ოს გადაერიცხა 1928.47 ლარი, საიდანაც 1890.65 ლარი შეადგენდა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხიდან ნაწილობრივ ამოღებულ თანხას, ხოლო 37.82 ლარი კრედიტორის მიერ აღსრულების საფასურის სახით წინასწარ გადახდილ თანხას, რაც მას დაუბრუნდა ამოღებული თანხის პროპორციულად. მოპასუხე ე. კ-იას გადასახდელი დავალიანება დარჩა 4965.84 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული თანხის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნდა სამოქალაქო კოდექსის 256-ე და 276-ე მუხლების და ხელშეკრულების 8.6 პუნქტის საფუძველზე, ასევე, მოთხოვნა გამომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 361-ე მუხლების საფუძვლიდან. შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ მოთხოვნას.
სააპელაციოს სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 241-ე მუხლზე. მტკიცებულებების ანალიზით სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხეს არ ჰქონდა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, ასევე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, რის გამოც საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლო იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ე. კ-იას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, უცვლელად უნდა დარჩენილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-იამ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილი, 201-ე და 232¹-ე მუხლები;
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 241-ე მუხლი, 254-ე მუხლის პირველი ნაწილი, 256-ე, 276-ე, 316-ე და 361-ე მუხლები;
ე. კუკარიას მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა არ იყო გამოწვეული უყურადღებობით, შესაგებლის წარდგენა მან ვერ შეძლო, რადგან გზავნილი არ ჰქონდა ჩაბარებული;
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწმის – რ. მ-ის ჩვენება, კერძოდ, ის გარემოება, რომ კურიერს ე. კ-იასათვის არ განუმარტავს, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის მიერ სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის ჩაუბარებლობას;
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ე. კუკარიას პოზიცია, ნოტარიუს ლ. ჭ-ას მიერ გამოწერილი სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, ავტომანქანის რეალიზაციის შემდეგ, მას არავითარი სხვა სახის ვალდებულება არ ეკისრებოდა ნ. რ-ოს მიმართ;
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.6 პუნქტზე, თუმცა არ გაითვალისწინა ამავე ხელშეკრულების 8.7 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნ. რ-ოს ჰქონდა მხოლოდ გირავნობის საგნის გადაცემის მოთხოვნის უფლება. ე. კუკარიას მიერ შეთავაზებული იყო ავტომანქანის გადაცემა, მაგრამ აღნიშნული არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ დაუკმაყოფილებია;
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.6 პუნქტზე, თუმცა არ გაითვალისწინა ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს დავის საგანი უნდა ყოფილიყო მხოლოდ გირავნობის საგნის რეალიზაციის საკითხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
კასატორის მოსაზრებით, მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მას სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაბარებია და არც უარი განუცხადებია მათ ჩაბარებაზე.
საკასაციო სასამართლო კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას არ იაზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი კურიერის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე. დადგენილია და ვერც კასატორი უარყოფს იმ გარემოებას, რომ მოწმის სახით დაკითხულმა კურიერმა დაადასტურა მის მიერ შედგენილ აქტში მითითებული გარემოებები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კურიერის მიერ შედგენილი აქტის მიმართ მოქმედებს მისი ნამდვილობის პრეზუმფცია, რომლის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი აწევს ამ აქტის ადრესატს, მოცემულ შემთხვევაში, კასატორს. კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ კურიერი მასთან არ გამოცხადებულა და სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები ჩასაბარებლად არ წარუდგენია, ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ კასატორი კურიერის მიერ შედგენილ აქტს გაყალბებულად მიიჩნევს. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, კურიერის მიერ შედგენილი აქტის სიყალბე შეიძლება დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის მიხედვით, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
მითითებული ნორმა ადგენს ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების პრეზუმფციას იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს უწყების ჩაბარებაზე და თუ აღნიშნულის თაობაზე უწყების მიმტანი სათანადო აღნიშვნას გააკეთებს უწყებაზე. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ამ ნორმით გათვალისწინებულ ვითარებასთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კურიერი ვალდებული იყო ადრესატისათვის განემარტა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაუბარებლობის სამართლებრივი შედეგები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კურიერის ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან. გარდა ამისა, კასატორი წინააღმდეგობაში მოდის თავისივე განმარტებასთან, კერძოდ, მისი განმარტებით, კურიერი მასთან არ გამოცხადებულა სასამართლო გაზავნილის ჩასაბარებლად, შესაბამისად გაუგებარია, როგორ უნდა განემარტა კურიერს ადრესატისათვის გზავნილის ჩაუბარებლობის სამართლებრივი შედეგები.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, განსახილველ შემთხვევაში, გირავნობის საგნის რეალიზაციით ვალდებულება შეწყდა შესრულებით, მიუხედავად იმისა, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იყო ვალის დასაფარავად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 29.07.2011 წლის გირავნობის ხელშეკრულების 8.6 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და გირავნობის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლებოდა სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ მოთხოვნა ჩაითვლებოდა დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება გასწვდებოდა.
ამდენად, კერდიტორმა ისარგებლა სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლებით და შეუთანხმდა მოვალეს, რომ, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და გირავნობის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლებოდა და კრედიტორს რჩებოდა უფლება დარჩენილი ვალი ამოეღო მოვალის სხვა ქონებიდან.
კასატორის მიერ მითითებული 29.07.2011 წლის გირავნობის ხელშეკრულების 8.2 და 8.7 პუნქტები ზემოხენებულ შეთანხმებას არ გამორიცხავენ, კერძოდ, 8.2 პუნქტი ადგენს მხოლოდ გირავნობის საგნის რეალიზაციის წესს (მხარეთა შეთანხმებით გირავნობის საგნის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ან სასამართლოს მეშვეობით), შესაბამისად, რა წესითაც არ უნდა მოხდეს გირავნობის საგნის რეალიზაცია, 8.6 პუნქტით გათვალისიწნებული დანაწესი უცვლელი რჩება. რაც შეეხება ხელშეკრულების 8.7 პუნქტს, იგი ადგენს კრედიტორის უფლებას, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკუთრებაში მიიღოს გირავნობის საგანი. ცხადია, კერდიტორს ამ უფლებით რომც ესარგებლა, ვალდებულება შესრულებულად მაინც ვერ ჩაითვლებოდა, ვინაიდან ხელშეკრულების 8.6 პუნქტის მიხედვით, თუ გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, მაშინ ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლებოდა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაგირავებული ნივთის ღირებულება მოთხოვნას სრულად ვერ ფარავდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. კ-იას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. ლ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (435.00 ლარი, საგადახდო დავალება N---, გადახდის თარიღი – 2014 წლის 29 ივლისი) 70% – 304.50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. კ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ე. კ-იას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. ლ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (435.00 ლარი, საგადახდო დავალება N ---, გადახდის თარიღი – 2014 წლის 29 ივლისი) 70% – 304.50 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე