Facebook Twitter

ბს-83-80(კ-06) 25 ივლისი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

კასატორი _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი, წარმომადგენელი მ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. უ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 10 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრის ოჯახის წევრის სტატუსით რეგისტრაციაში გატარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 31 მარტს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. უ-მა მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მისი რეგისტრაციაში გატარების დავალება “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრის ოჯახის წევრის” სტატუსით.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

მოსარჩელის ვაჟი გ. უ-ი 1991 წლის 1 დეკემბრიდან სამხედრო სამსახურს გადიოდა საქართველოს შსს შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის ¹2054 სამხედრო ნაწილში. შსს ჯარების სარდლის 1992 წლის 19 მარტის ¹4 ბრძანებით გ. უ-ი მივლინებულ იქნა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. 1992 წლის 12 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ერთ-ერთი შეტაკებისას, იგი დაიღუპა. “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს საომარი მოქმედებისათვის გამოჩენილი მოქმედებისა და თავგანწირვისათვის” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბრის ¹1657 განკარგულებით გ. უ-ი დაჯილდოვდა მედლით “მხედრული მამაცობისათვის”. 1996 წელს საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა მოსარჩელეს მიანიჭა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი და მისცა სათანადო მოწმობა. ამჟამად მიმდინარეობდა ხელახალი რეგისტრაცია. “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-9, მე-16 მუხლებისა და “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობებისგან გარდაცვლილი ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონის თანახმად, მოსარჩელე ხელახლა უნდა გაეტარებინათ რეგისტრაციაში, რაზედაც მოპასუხე უარს ეუბნებოდა იმ მოტივით, რომ მის შვილს არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში (ს.ფ. 3-4).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. უ-ი აღიარებულ იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე ბრძოლის დროს დაღუპულად და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს დაევალა ნ. უ-ისათვის დაღუპული ვეტერანის ოჯახის წევრის შესაბამისი მოწმობის გაცემა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის ¹2054 სამხედრო ნაწილის რიგითი გ. უ-ი გარდაიცვალა 1992 წლის 21 მაისს ქ. ზუგდიდში, გულმკერდის მიდამოს მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობების გამო. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 დეკემბრის ¹1657 განკარგულებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს საომარი მოქმედებისათვის გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის გ. უ-ი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით “მხედრული მამაცობისათვის”.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ შიდა ქართლისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე მიმდინარეობდა შესაბამისად 1990 წლის 11 დეკემბრიდან 1992 წლის 1 ივლისამდე და 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე, რაც ასევე დასტურდებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 29 იანვრის ¹5-16/285 და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის 2003 წლის 1 ივლისის ¹2631 მიწერილობებით. იმავდროულად, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილეობა” განმარტებული უნდა ყოფილიყო არა მარტო როგორც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ხსენებულ ტერიტორიებზე, არამედ საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდებოდა დაღუპული ვეტერანების შრომისუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა, ამასთან, ხსენებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და აღნიშნული კანონის დებულებების შესრულების სისტემატური კონტროლი ევალებოდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ხოლო ამავე კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთაინი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 32-34).

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის განმარტებით, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის “გ” პუნქტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა მხოლოდ აფხაზეთსა და შიდა ქართლში. შიდა ქართლში აღნიშნული საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა 1990 წლის დეკემბრიდან 1992 წლის 1 ივლისამდე, ხოლო აფხაზეთში _ 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე, რაც დასტურდებოდა საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მოწერილობებით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნულ დროსა და ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში, ითვლებოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებად, ხოლო მათი დაღუპვის შემთხვევაში მათი ოჯახის წევრებს ენიჭებოდათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ პირთა ოჯახის წევრის სტატუსი. მოსარჩელე ნ. უ-ი სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მისი შვილი გ. უ-ი შსს ჯარების სარდლის 1992 წლის 19 მარტის ¹4 ბრძანებით მივლინებულ იქნა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. აღნიშნული ბრძანება სარჩელს თან არ ერთვოდა და მოსარჩელის განცხადება არასწორი იყო, რადგან აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო 1992 წლის 14 აგვისტოს. გ. უ-ი დაიღუპა 1992 წლის 21 მაისს ქ. ზუგდიდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შესაბამისად, იგი ვერ ჩაითვლებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულად, ხოლო მისი მშობელი _ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის სუბიექტად (ს.ფ. 37-38).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ. უ-ი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის ¹2054 სამხედრო ნაწილის რიგითი გ. უ-ის დედა. გ. უ-ი გარდაიცვალა 1992 წლის 21 მაისს ქ. ზუგდიდში და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 დეკემბრის ¹1657 განკარგულებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს საომარი მოქმედებისათვის გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით “მხედრული მამაცობისათვის”.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებოდნენ: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილენი; საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის ¹2054 სამხედრო ნაწილის რიგითი, აწ გარდაცვლილი გ. უ-ი იყო “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონით გათვალისწინებული სუბიექტი და მიეკუთვნებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებთან გათანაბრებულ პირს, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის მოსამსახურე და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე. ამდენად, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ აფხაზეთსა და შიდა ქართლში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის 16.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდებოდა დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის ოჯახის წევრებზე, შრომისუუნარო მშობლებზე მიუხედავად ასაკისა. “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონის 1.1 მუხლით განისაზღვრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების სოციალური დაცვის ორგანიზაციული, ეკონომიკური და სამართლებრივი საფუძვლები მათთვის კეთილდღეობის და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კანონის მოქმედება ვრცელდებოდა იმ პირთა ოჯახებზეც, რომლებიც იყვნენ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამხედრო ან გასამხედროებული ორგანიზაციების მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები _ მოხალისეები (1.2“ა” მუხლი), რომლებიც დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის (1.2 “ბ” მუხლი), საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას (1.2.“გ” მუხლი), ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახის წევრებზე, მათ შორის, მშობლებზე, მიუხედავად მათი ასაკისა. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლით ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა ევალებოდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, რაც ამავე კანონის 7.2 მუხლით გულისხმობდა საპენსიო უზრუნველყოფას, კანონმდებლობის შესაბამისად დახმარების მიღებას (ს.ფ. 57-63).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა: შიდა ქართლში 1990 წლის 11 დეკემბრიდან 1992 წლის 1 ივლისამდე, ხოლო აფხაზეთში _ 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილეობა განმარტებულ უნდა იქნეს არა მარტო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობად ხსენებულ ტერიტორიებზე, არამედ საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ამგვარი განმარტებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ზუგდიდის ტერიტორიაზე შეიარაღებულ ბანდ-ფორმირებებსა და შინაგანი ჯარის მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებაა. აღნიშნული მსჯელობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულად უნდა ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებში (მაგალითად, ქ. თბილისში, სამტრედიაში, პანკისში და ა.შ. მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებში).

კასატორის განმარტებით, გ. უ-ი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარში, ქ. ზუგდიდის ტერიტორიაზე ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გ. უ-ის ოჯახის წევრების სოციალური დაცვა განისაზღვრება არა “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებულ ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” და “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ” კანონებით, არამედ საქართველოში მოქმედი სხვა სოციალური კანონმდებლობით, რომელიც ითვალისწინებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრების სოციალურ დაცვას (ს.ფ. 67-68).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 10 ნოემბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ნ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს დაევალოს, რეგისტაციაში გაატაროს ნ. უ-ი როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრის ოჯახის წევრი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოსარჩელე ნ. უ-ი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის ¹2054 სამხედრო ნაწილის რიგითი გ. უ-ის დედა. გ. უ-ი გარდაიცვალა 1992 წლის 21 მაისს ქ. ზუგდიდში და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 დეკემბრის ¹1657 განკარგულებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს საომარი მოქმედებისათვის გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით “მხედრული მამაცობისათვის”.

იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის “გ” ქვეპუნქტის განმარტებას და სამართლებრივ შეფასებას იმგვარად, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილეობა განმარტებულ უნდა იქნეს არა მარტო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობად ხსენებულ ტერიტორიებზე, არამედ საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე.

“ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის “გ” ქვეპუნქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიაკუთვნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეებს: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეებსა და მუშაკებს, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილებს, საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხულ სამოქალაქო პირებს, მოხალისეებს. აღნიშნული ნორმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს მიაკუთვნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ იმ მოსამსახურეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში. ამასთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლა დაუშვებელია განმარტებულ იქნეს როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია კანონის არასწორი გამოყენებისა და განმარტების გზით, რის გამოც სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

იმავდროულად, მოცემულ საქმეზე გვაქვს ისეთი ვითარება, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 დეკემბრის ¹1657 განკარგულებით გ. უ-ი აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპულად და საომარი მოქმედების დროს გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მედლით “მხედრული მამაცობისათვის”. ამდენად, ძალაში მყოფი, საქართველოს პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გ. უ-ი უკვე აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპულ პირად. შესაბამისად, გ. უ-ის დედა ნ. უ-ი ითვლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული პირის ოჯახის წევრად და “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებულ ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონის სუბიექტად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. უ-ის სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, რეგისტაციაში გაატაროს ნ. უ-ი როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრის ოჯახის წევრი, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 10 ნოემბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს დაევალოს, რეგისტაციაში გაატაროს ნ. უ-ი როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრის ოჯახის წევრი;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.