Facebook Twitter

№ ას-812-776-2014 16 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ბ-ი, ი. ვ-ე, კ. ვ-ე, ნ. დ-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ო.კ-“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოსა და ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან სრულად განთავისუფლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ.ო.კ-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ის, ი. ვ-ის, კ. ვ-ისა და ნ. დ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, მის სასარგებლოდ, მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 4532.34 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 14 სექტემბერს მ. ბ-სა და შპს „მ.ო.კ-ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, თანხის ოდენობა სარგებელთან და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიასთან ერთად განისაზღვრა სულ 4317.38 აშშ დოლარით და გადახდის გრაფიკის შესაბამისად, სესხის დაფარვის ვადა 24 თვით განისაზღვრა. იმავე დღეს შპს „მ.ო.კ-სა“ და ი. ვ-ეს, კ. ვ-ესა და ნ. დ-ს შორის გაფორმდა თავდებობების ხელშეკრულებები. მიუხედავად ორგანიზაციის მხრიდან მათი არაერთგიზის გაფრთხილებისა, მსესხებელი ხელშეკრულების პირობებს სისტემატურად არღვევდა, ხოლო 2013 წლის 14 ივნისის შემდგომ კი, საერთოდ აღარ გადაიხადა თანხა, შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა ამჟამად არსებული დავალიანების – 4532.34 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ასევე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 376.15 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება.

მოპასუხე მ. ბ-მა შესაგებლით მოითხოვა მოსარჩელესთან მორიგება, კერძოდ, მზადყოფნა გამოთქვა 3750 ლარის გადახდაზე და მძიმე ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯარიმის სახით დარიცხული თანხის მოთხოვნაზე უარის თქმა.

მოპასუხე ნ. დ-მა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს ჯერ ძირითადი მოვალისთვის უნდა მოეთხოვა ვალდებულების შესრულება და შემდგომ თავდები პირებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ. ბ-ი მზად იყო შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, თავდები პირები არ იყვნენ ვალდებულები გადაიხადათ ძირითადი მოვალის მიერ აღებული სესხი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „მ.ო.კ-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: მ. ბ-ს, ი. ვ-ეს, კ. ვ-ესა და ნ. დ-ს შპს ,,მ.ო.კ-ს” სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 4532,34 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 376.15 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-მა, ი. ვ-ემ, კ. ვ-ემ და ნ. დ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება ჯარიმის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში ჯარიმისა და პირგასამტეხლოს თანხის შემცირება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის, ი. ვ-ის, კ. ვ-ისა და ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოსა და ჯარიმის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „მ.ო.კ-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ბ-ს შპს „მ.ო.კ-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 3 134,05 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა იყო 2165,75 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო და ჯარიმა - 968,3 აშშ დოლარი.

პირველი ინასტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო პალატამ გაიზიარა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 14 სექტემბერს მხარეებს: შპს ,,მ.ო.კ-სა” და მსესხებელ მ. ბ-ს შორის 3 200 აშშ დოლარზე გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 24 თვეს; სესხი იყო სარგებლიანი და სარგებლის საერთო ოდენობა შეადგენდა 1045,26 აშშ დოლარს; სესხის ხელშეკრულებითა და გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ იქნა მსესხებლის მიერ დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობაც, რომელიც შეადგენდა 72,12 აშშ დოლარს; მ. ბ-ს სესხი უნდა დაეფარა გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზეც, კერძოდ, მსესხებელს გადახდის გრაფიკით გათვალისწილებულ ვადაში, გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაერიცხებოდა ჯარიმა ყოველთვიური გადასახდელი თანხის 0,27% შენატანის სრულ დაფარვამდე, ხოლო, თუკი გამსესხებელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართავდა დავის განმხილველ ორგანოს, დამატებით დაეკისრებოდა ჯარიმა მთლიანი ძირი თანხის დავალიანების 1% - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარჩელის შეტანის დღემდე;

2012 წლის 14 სექტემბერს მსესხებელ მ. ბ-ის თავდებ პირებთან: ი. ვ-ესთან, კ. ვ-ესა და ნ. დ-თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც, მათ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებელ მ. ბ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე;

დადგენილ იქნა, რომ მსესხებელი სისტემატურად არღვევდა სესხის ხელშეკრულების პირობებს, დაგვიანებით იხდიდა თანხას, ხოლო 2013 წლის 14 ივნისის შემდგომ კი, აღარ გადაუხდია. მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეების არაერთგზის გაფრთხილებისა, მათ ვალდებულება მაინც არ შეასრულეს;

ამჟამად მოპასუხეთა დავალიანება შპს ,,მ.ო.კ-ს” მიმართ სულ შეადგენს 4532,34 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი დავალიანება არის 2165,75 აშშ დოლარი, სარგებელი - 395,17 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 34,82 აშშ დოლარი, სესხის გადაუხდელობის შედეგად დარიცხული ჯარიმის ოდენობა 0,27 % - 30, 74 აშშ დოლარი, ხოლო 1% - 1905,86 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ბ-ი არ უარყოფდა დავალიანებას და დავალიანების დაფარვის ვადის დარღვევას შპს „მ.ო.კ-ს” მიმართ. იგი არც იმაზე დავობდა, რომ პირგასამტეხლოს შეთანხმებას თვითონ მოაწერა ხელი, მაგრამ აპელანტი სადავოდ ხდიდა იმას, რომ პირგასამტეხლო და მასზე დაკისრებული ჯარიმა შეუსაბამოდ მაღალი იყო და სასამართლოს უნდა შეემცირებინა იგი, ვინაიდან ჰქონდა პატივსადები მიზეზები, კერძოდ, ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არ ჰქონდა შესაძლებლობა გადაეხადა მაღალი ჯარიმა, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა.

სააპელაციო პალატის მითითებით, სხვა ფაქტობრივი და სამართლებივი გარემოებები სადავო არ გამხდარა და გადაწყვეტილება ძირი თანხის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაში იყო შესული;

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ პირგასამტეხლოსა და ჯარიმის შესახებ მხარეები შეთანხმებულები იყვნენ 2012 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით, კერძოდ, 7.1. და 7.2. პუნქტებით დადგენილი იყო, რომ ,,მსესხებელს გადახდის გრაფიკით გათვალისწილებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაერიცხებოდა ჯარიმა ყოველთვიური გადასახდელი თანხის 0,27% შენატანის სრულ დაფარვამდე, ხოლო თუკი გამსესხებელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართავდა დავის განმხილველ ორგანოს, დამატებით დაეკისრებოდა ჯარიმა მთლიანი ძირი თანხის დავალიანების 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარჩელის შეტანის დღემდე.”

სააპელაციო პალატამ იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. ბ-მა ვალდებულების შესრულების ვადა დაარღვია, მიიჩნია, რომ დამრღვევ მხარეს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოსა და ჯარიმის გადახდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოსა და ჯარიმის ოდენობა (1905,86 აშშ დოლარი + 30,74 აშშ დოლარი = 1936,6 აშშ დოლარს) არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, თითქმის უტოლდებოდა ძირ თანხას, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შემცირებულიყო, კერძოდ, პირგასამტეხლოსა და ჯარიმის ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირითად თანხაზე 1 %-ის დარიცხვით დადგენილი 1905,86 აშშ დოლარიდან და 30,74 აშშ დოლარიდან (სულ 1936,6 აშშ დოლარი) უნდა განახევრებულიყო, რაც იქნებოდა 968,3 აშშ დოლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს - 1905,86 აშშ დოლარისა და ჯარიმის - 30,74 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ უნდა გაუქმებულიყო და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „მ.ო.კ-ს” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მ. ბ-ს შპს „მ.ო.კ-ს” სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 3 134,05 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა იქნებოდა 2165,75 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო და ჯარიმა კი – 968,3 აშშ დოლარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინებით შპს „მ.ო.კ-ს” განცხადება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილდა, გასწორდა ამავე სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მ. ბ-ს, კ. ვ-ეს, ი. ვ-ესა და ნ. დ-ს შპს „მ.ო.კ-ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3564.04 აშშ დოლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-მა, ი. ვ-ემ, კ. ვ-ემ და ნ. დ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სრულად გათავისუფლება პირგასამტეხლოსა და ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მ. ბ-ის, ი. ვ-ის, კ. ვ-ისა და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის, ი. ვ-ის, კ. ვ-ისა და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ: № ას-1200-1145-2013, ას-1278-1220-2013).

შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ბ-ის, ი. ვ-ის, კ. ვ-ისა და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-ის, ი. ვ-ის, კ. ვ-ისა და ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ მ. ბ-ის (პირადი №...) მიერ 2014 წლის 25 ივნისს საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარისა და 2014 წლის 6 აგვისტოს გადახდილი 100 ლარის, სულ (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე