№ას-82-76-2015 14 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ა-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – თ. წ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პარტნიორისათვის ინფორმაციის მიწოდება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ. წ-ამ მოპასუხე შპს „ა-ის“ მიმართ და მოითხოვა:
1. შპს „ა-ის“ დავალებოდა საზოგადოების პარტნიორ თ. წ-ასათვის 2012 წლის წლიური ანგარიშის გადაცემა, ასევე, შპს „ა-ის“ 2013 წლის, 2014 წლის და შემდგომი პერიოდის საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო, ფინანსური, იურიდიული დოკუმენტაციისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის გადაცემა, ყოველთვიურად, ყოველი თვის 16 რიცხვში;
2. თ. წ-ას გადასცემოდა რესტორან „ყ-აში“ დამონტაჟებული ვიდეო თვალის კონტროლისათვის ხელმისაწვდომი საშუალებები და ვიდეო თვალის კოდი;
3. შპს „ა-ის“ დავალებოდა, რომ საზოგადოების პარტნიორის მიერ დანიშნულ აუდიტს და ექსპერტებს, საზოგადოების ქონების აღწერისა და ბუღალტრული საქმიანობის შეფასების მიზნით, გადაეცა შპს „ა-ის“ - რესტორან „ყ-ას“ ბუღალტრული დოკუმენტაციის ასლები სრულად;
4. შპს „ა-ს“ დავალებოდა, რომ საზოგადოებაში შექმნილი მდგომარეობის განხილვისა და პარტნიორთა დივიდენდების განაწილების მიზნით, დაენიშნა საზოგადოების პარტნიორთა კრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით:
1. შპს „ა-ის“ პარტნიორის თ. წ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. შპს „ა-ს“ დაევალა თ. წ-ასათვის გადაეცა შემდეგი სახის ინფორმაცია:
2012 წლის წლიური ანგარიში, 2013 წლის შპს „ა-ის“ საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო, ფინანსური, იურიდიული დოკუმენტაცია და საზოგადოების ყველა პუბლიკაცია. ამ მიზნით შპს „ა-ს“ დაევალა, რომ საზოგადოების პარტნიორის მიერ დანიშნულ აუდიტსა და ექსპერტებისათვის საზოგადოების ქონების აღწერისა და ბუღალტრული საქმიანობის შეფასების მიზნით გადაეცა შპს „ა-ის“ რესტორან – „ყ-ას“ ბუღალტრული დოკუმენტაციის ასლები, მოსარჩელის ხარჯით;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. წ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით:
1. შპს „ა-ის“ საააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. თ. წ-ას შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თ. წ-ა იყო შპს „ა-ის“ პარტნიორი და ამ საწარმოს კაპიტალში ეკუთვნოდა 20% წილი.
2012 წლის 26 დეკემბერს თ. წ-ამ შპს „ა-ის“ დირექტორს წერილობით მოსთხოვა საწარმოს შემოსავლებისა და გასავლების ამსახველი დოკუმენტების მიწოდება.
მოსარჩელემ მსგავსი მოთხოვნით მოპასუხეს განმეორებით მიმართა 2013 წლის 18 თებერვალს, 2013 წლის 27 თებერვალს, 2013 წლის 19 აგვისტოს, 2013 წლის 26 აგვისტოს და 2013 წლის 16 ოქტომბერს.
აღნიშნულ მიმართვებს საზოგადოების დირექტორმა უპასუხა წერილობითვე. მან მოსარჩელეს განუმარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი საბუთების გადაცემა შეუძლებელი იყო, რადგან საბუღალტრო დოკუმენტაციის ნაწილი გადაცემული იყო ფინანსთა სამინისტღოს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოსათვის, ხოლო მეორე ნაწილი – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისათვის და ისინი საწარმოს აღარ ჰქონდა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 4 ივნისის ბრძანებით დაინიშნა შპს „ა-ის“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. ბრძანების თანახმად, უნდა შემოწმებულიყო საწარმოს საქმიანობა 2010 წლის 27 ივლისიდან 2013 წლის 31 მაისამდე პერიოდში. შემოწმების ვადა, თავდაპირველად განისაზღვრა 2013 წლის 5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, თუმცა, შემდეგ ეს ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა და საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის იგი დასრულებული არ იყო.
საქმის მასალებით დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შემოწმება დაასრულა 2014 წლის 8 სექტემბერს და შეადგინა საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი.
საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად აუდიტის დეპარტამენტმა საწარმოსაგან 2013 წლის 4 ივნისს მოითხოვა სხვადასხვა სახის ცნობები და საბუთების ასლები, ხოლო 2013 წლის 27 ივნისს მოითხოვა 2010 წლის 27 ივლისიდან 2013 წლის 31 მაისამდე პერიოდის ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრული ინფორმაციისა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის გადაცემა.
ეს მოთხოვნა საწარმომ შეასრულა და 2013 წლის 12 ივლისს აუდიტის დეპარტამენტს გადაუგზავნა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია 28 საქაღალდედ, 5438 ფურცლად, ამავდროულად, განუმარტა, რომ დანარჩენი საბუთები გადაცემული ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისათვის და დაბრუნებისთანავე წარადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნა, ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ა-ის“ პოზიცია იმის თაობაზე, რომ მას მოწინააღმდეგე მხარისათვის მოთხოვნილი საბუთების გადაცემაზე უარი არ უთქვამს.
უდავო იყო, რომ სადავო პუბლიკაციები თ. წ-ასათვის აპელანტ საწარმოს, მიუხედავად მრავალჯერადი მოთხოვნისა, არ გადაუცია. ეს თავისთავად ნიშნავდა, რომ უფლების რეალიზაციაზე საწარმომ პარტნიორს უარი განუცხადა.
დადგინდა, რომ 2012 წლისა და 2013 წლის მიმდინარე პერიოდის ამსახველი საბუთები თ. წ-ამ საწარმოს მოსთხოვა, ჯერ კიდევ, 2012 წლის 26 დეკემბერსა და 2013 წლის თებერვალში.
თ. წ-ას მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის დიდი ნაწილი საწარმოს უთუოდ გააჩნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2013 წლის 12 ივლისს იგი ამ საბუთებს შემოსავლების სამსახურს ვერ გაუგზავნიდა.
აპელანტს არ განუმარტავს და არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ დააკმაყოფილა შპს „ა-მა“ თ. წ-ას 2012 წლის 26 დეკემბრისა და 2013 წლის 27 თებერვლის მოთხოვნები.
დადგინდა, რომ აპელანტმა საწარმომ თ. წ-ას, როგორც პარტნიორის უფლებები დაარღვია და ამიტომ, საქალაქო სასამართლომ სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა.
ის გარემოება, რომ სადავო პუბლიკაციები საწარმოს გადაცემული ჰქონდა შემოსავლების სამსახურისათვის, არ შეიძლებოდა გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შემოწმება უკვე დასრულებული ჰქონდა და შესაბამისად, საკვლევი საბუთები საწარმოს დაუბრუნდებოდა. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება გაჭიანურდეს ან გართულდეს დაუშვებელია. აღნიშნულის გამო, სასამართლომ სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თ. წ-ას მხოლოდ მას შემდეგ წარმოეშობოდა სარჩელის აღძვრის უფლება, როცა მის მოთხოვნას (პუბლიკაციების გადაცემის შესახებ) საწარმო არ დააკმაყოფილებდა.
თ. წ-ას სარჩელის შინაარსიდან ჩანდა, რომ იგი მოითხოვდა მოპასუხისათვის „მიმდინარე პერიოდის“ პუბლიკაციების გადაცემის დავალდებულებასაც. იგი მოპასუხეს სთხოვდა პერმანენტულად მიეწოდებინა საზოგადოების საქმიანობის ამსახველი ყველა დოკუმენტი.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, პარტნიორის კონტროლის უფლება ამ ვალდებულებას არ მოიცავდა. საწარმოს დირექტორი ვალდებული იქნებოდა გადაეცა პარტნიორისათვის პუბლიკაციები, მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში და არა ამის გარეშე, ამ პუბლიკაციათა შექმნის პარალელურად.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერი იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მა“.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონოა. სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება, არასწორად შეაფასა საქმეში არსებულ მტკიცებულებას, რის გამოც დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 24-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პარტნიორს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს დოკუმენტები იმ შემთხვევაში, თუ იგი არსებობს ორგანიზაციაში. სასამართლომ უგულვებელყო ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კომპანიას გააჩნდა დოკუმენტაცია ორგანიზაციაში და იგი უკანონოდ უარს ეუბნებოდა მის გადაცემაზე.
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი. არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა, როგორც პროცესუალურ, ისე მატერიალურ ნორმებს და საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში მიუთითოს, როგორც ფაქტობრივი გარემოებები, ასევე სარჩელის დაკმაყოფილებისათვის კონკრეტული მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს რაიმე კონკრეტული წერილობითი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც იქნებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო საჩივარი მნიშვნელოვანია ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს, შპს „ა-ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავანება N 1, გადახდის თარიღი - 20--- წლის --- იანვარი) 70% –210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს – შპს „ა-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება N 1, გადახდის თარიღი – 20--- წლის --- იანვარი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე