ბს-838-424(კ-05) 6 ოქოტმბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ი. ლეგაშვილი (თავმჯდომარე),
ჯ. გახოკიძე (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სასურსათო ულუფისა და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 28 ოქტომბერს ს. ო-მა სარჩელი აღძრა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება მოსარჩელისათვის კუთვნილი თანხის _ სასურსათო ულუფის, 59 ლარისა და წელთა ნამსახურობის დანამატის, 15,96 ლარის, სულ 749,60 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 1999წ. 1 ივნისიდან წელთა ნამსახურობით გავიდა პენსიაზე და მიიღო ერთდროული გამოსასვლელი დახმარება 10 თვის ხელფასის ოდენობით. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 2 მარტის ¹147 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 55-ე მუხლის თანახმად, პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთებს, წელთა ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლევათ). მოსარჩელის მითითებით, მისთვის მიცემულ დახმარებაში არ შესულა არც ულუფის ღირებულება და არც წელთა ნამსახურობის დანამატი.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 159 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ო-მა, რომელმაც გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სასურსათო ულუფის ანაზღაურებაზე და ახალი გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 10 თვის ხელფასთან ერთად, დამატებით 2 თვის ხელფასის ანაზღაურება, სულ 990,74 ლარის ოდენობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ს. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ შინაგან საქმეთა სამინისტროს ს. ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა 191,52 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ო-ი მუშაობდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე და თადარიგში გავიდა 1999წ. 1 ივნისიდან, 26წ. სამუშაო სტაჟით. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ულუფის ღირებულება არ შედის ხელფასში და “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ” დებულების 55-ე მუხლით გათვალისწინებულია ულუფის ღირებულების ანაზღაურება სამსახურის პერიოდში და არა პირის პენსიაზე ყოფნისას.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება წელთა ნამსახურობის დანამატის, 12 თვის ოდენობით ანაზღაურების შესახებ, მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ო-ი შს სამინისტროსთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა არა ხელშეკრულების, არამედ დანიშვნით საწყისებზე, რის გამოც აღნიშნულ მოთხოვნაზე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვერ გავრცელდება. სააპელაციო პალატის აზრით, ს. ო-ს წელთა ნამსახურობის დანამატი 12 თვის ოდენობით უნდა აუნაზღაურდეს “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რაც შეადგენს 191,52 ლარს.
სააპელაციო სასამათლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ო-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კასატორის სასარგებლოდ შს სამინისტროსათვის 990,74 ლარის გადახდის დაკისრება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლით, რომელიც სრულად არ განსაზღვრავს ხელფასის ცნებას. ამასთან, მითითებულ კანონში კასატორის პენსიაზე გასვლის შემდეგ, 2000წ. 28 ივნისს იქნა შეტანილი ცვლილებები, რის გამოც კასატორმა არამართებულად მიიჩნია მისი გავრცელება ს. ო-ის მიმართ.
გარდა ამისა, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 2 მარტის ¹147 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების რიგი მუხლები, კერძოდ, 55-ე და მე-12 მუხლები.
კასატორმა არასრულყოფილად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილშიც, რადგან მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა არა 191,52 ლარი, არამედ 282,74 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ო-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის 2004წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილების მოტივაცია იმის შესახებ, რომ “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ულუფის ღირებულება არ შედის ხელფასში და რომ “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 55-ე მუხლით გათვალისწინებულია ულუფის ღირებულების ანაზღაურება სამსახურის პერიოდში და არა პირის პენსიაზე ყოფნისას.
საკასაციო პალატა საფუძვლიანად და დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კასატორის ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა და დავის გადაწყვეტის დროს გამოყენებულ იქნა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ო-ს წელთა ნამსახურობის დანამატი უნდა აუნაზღაურდეს “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, რომლის შესაბამისად, სამსახურიდან დათხოვნილი ვეტერანების უზრუნველყოფა ერთდროული გასასვლელი ფულადი დახმარებით 25 და მეტიწ. ნამსახურობისათვის ხორციელდება 12 თვის სარგოს ოდენობით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ს. ო-ს, იმის გამო, რომ შიანაგან საქმეთა სამინისტრომ აუნაზღაურა ერთდროული დახმარება 10 თვის ოდენობით, მას დამატებით უნდა აუნაზღაურდეს დარჩენილი 2 თვის _ 191,52 ლარის ოდენობით.
ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ კანონის მე-17 მუხლი, რომელიც აწესებს სოციალური დაცვის შეფავათებს, მხოლოდ სამხედრო ძალების ვეტერანების მიმართ. ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად, “სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის, საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგანი ჯარების, სახელმწიფო უშიშროების ჯარების, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო პროკურატურისა და სამხედრო სასამართლოების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჯილდოებული არიან ორდენებითა და მედლებით ან საუწყებო წარჩინების ნიშნებით და აქვთ წელთა ნამსახურობისათვის პენსიის უფლება, მათ შორის სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილები (გადამდგარი)”, კასატორი ს. ო-ი კი მუშაობდა ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის რაზმის უფროს ინსპექტორად, საიდანაც იგი წელთა ნამსახურობით გავიდა პენსიაზე. ამდენად, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების” შესახებ კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ე. ო-ი არ განეკუთვნება იმ პირთა წრეს, რომელზეც უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული შეღავათები და ამ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე მხარემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდია და საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია საოლქო სასამართლოს 2005წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს გადაწყვეტილების ამ ნაწილის კანონიერებაზე, მით უმეტეს კასატორის საუარესოდ.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ს. ო-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.