№ ას-922-884-2014 16 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ლ.კ-ი’’(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ც- (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება, მისი დასაშვებად ცნობა და არსებითად განხილვა
დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ე. ც-მ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სს ,,ლ.კ-ის’’ წინააღმდეგ და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლ.კ-ის’’ გენერალური დირექტორის 2013 წლის 23 სექტემბრის №128 ბრძანების ბათილად ცნობა, იმავე თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი მოცდენისათვის მოპასუხისთვის ფულადი თანხის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:
მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლ.კ-ში’’ წამყვან პოზიციებზე მუშაობდა ორგანიზაციის დაფუძნებიდან 2013 წლის 23 სექტემბრამდე. 2013 წლის 23 სექტემბერს იგი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, უკანონოდ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან სს ,,ლ.კ-ის’’ გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლ.კ-მა’’ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ე. ც-ს გათავისუფლების საფუძველი გახდა თანამდებობის ბოროტად გამოყენება, კომპანიის მიმართ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის დამალვა, კომპანიის კორპორატიული ეთიკის, პროცედურული ნორმების და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების უხეში დარღვევა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ე. ც-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს ,,ლ.კ-ის’’ 2013 წლის 23 სექტემბრის №128 ბრძანება ე. ც-ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილ იქნა სამუშაოდან გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე; სს ,,ლ.კ-ს’’ დაევალა ე. ც-სთვის აენაზღაურებინა იძულებითი განაცდური ორი თვის ხელფასი 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ლ.კ-მა’’ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,ლ.კ-ის’’ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება ე. ც-ს სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ც-ს სარჩელი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 30 ივლისს, ე. ც-სა და სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლ.კ-ს” შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ე. ც- დასაქმდა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლ.კ-ში” სტრატეგიული განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.
აღნიშნული ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მოსამსახურის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა დამქირავებლის მიერ დამტკიცებული სახელფასო პოლიტიკით, ფიქსირებული სახელფასო განაკვეთის საფუძველზე საოპერაციო მენეჯერისათვის გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების დადგენის წესით. ხელშეკრულების დანართი „გ”-ს მიხედვით, საკონტრაქტო ვადებში დაფიქსირებული სახელფასო განაკვეთის მაქსიმალური მაჩვენებელი შეადგენდა 2500 ლარს.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ე. ც- ხელფასის სახით იღებდა თვეში 2500 ლარს.
შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელეს ეკისრებოდა ვალდებულება შეესრულებინა სტრატეგიული განვითარების მენეჯერის უფლებამოსილება, რომელიც შრომით ხელშეკრულებაზე დანართი ,,დ''-ს (თანამდებობრივი ინსტრუქცია) თანახმად, წარმოადგენდა ერთ-ერთ საკვანძო რგოლს და მუდმივ წევრს მცირე საკრედიტო კომიტეტის სტრუქტურაში, მეთვალყურეობას უწევდა მომსახურების სტანდარტების დანერგვას და პერიოდულად წარმოადგენდა ინდივიდუალურ ანგარიშებს ფილიალების და ფრონტ-ოფისის თანამშრომლების სტანდარტებთან მიმართებაში ლოიალურობის დონის შესაფასებლად, კომპანიის გეოგრაფიული გავრცობის მიზნით აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, პასუხისმგებელი იყო ახალი პოტენციური ბაზრების მოძიებაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და პერიოდული ,,პიარ'' აქციების დაგეგმვასა და მოწყობაზე, პერიოდულად აწარმოებდა და წარმოადგენდა მიზნობრივ ბაზარზე მიღწეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების კვლევებს და რეკომენდაციებს, აწარმოებდა პერიოდულ ანგარიშების ფორმებს დონორებთან, საკრედიტო სტანდარტების განყოფილებასთან უშუალო კოორდინაციით პასუხისმგებელი იყო სასესხო თანხების გაცემის დაგეგმვაზე დონორების მოთხოვნების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შრომითი ხელშეკრულების 1.3. პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა ხელშეკრულების გაუქმების პირობები. კეძოდ, აღნიშნული პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება შეიძლება გაუქმებულ იქნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საქართველოს შრომის კოდექსის IX თავით), აგრეთვე მოსამსახურის შინაგანაწესთან და/ან თანამდებობრივ ინსტრუქციასთან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში (რაც წარმოადგენს ხელშეკრურულების განუყოფელ ნაწილს). ამავე ხელშეკრულების 1.4. პუნქტის თანახმად, დამქირავებელი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, თუ მოსამსახურე უხეშად არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება დანართ ,,ბ”-სა და დანართ ,,გ”-ში მოცემული პირობების დარღვევით).
ხელშეკრულების დანართი ,,ბ” გულისხმობს შინაგანაწესსა და კორპორატიული ეთიკის კოდექსს, რომლის უხეშად დარღვევაში ხელშეკრულებით იგულისხმება შემდეგი: კრედიტების ან კომპანიის კუთვნილი თანხების არამიზნობრივად გაცემა ან მითვისება; მსესხებელთან უკანონო გარიგებაში შესვლა; კლიენტზე საკრედიტო პოლიტიკისა და პროცედურების მიხედვით მოთხოვნილი ინფორმაციის გაყალბება; მსესხებლის ფინანსური და სხვა სახის ინფორმაციის შეგნებულად, ტენდენციურად წარმოდგენა; დოკუმენტაციის გაყალბება; სხვა თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის დამალვა; დასაქმებულის პირადი ინტერესების სასარგებლოდ და კომპანიის ინტერესების საზიანოდ ნებისმიერი ინფორმაციის შეგნებულად დამალვა; სხვა თანამშრომლებთან ერთად კომპანიის საზიანოდ ნებისმიერ უკანონო გარიგებაში შესვლა და დასაქმებულის მიერ ნებისმიერი სხვა უკანონო ქმედების ჩადენა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 23 სექტემბერს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლ.კ-ის” დირექტორის №128 ბრძანებით ე. ც- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების საფუძველი გახდა თანამდებობის ბოროტად გამოყენება, კომპანიის მიმართ ჩდენილი ფინანსური დანაშაულის დამალვა, კომპანიის კორპორატიული ეთიკის, პროცედურული ნორმების და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების უხეში დარღვევა.
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად საქმის მასალებით დაუდასტურებელად მიიჩნია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლ.კ-ის” დირექტორის №128 ბრძანებაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ: ე. ც-ს მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების, კომპანიის მიმართ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის დამალვის, კომპანიის კორპორატიული ეთიკის, პროცედურული ნორმების და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების უხეში დარღვევის ფაქტების არსებობა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ც-ს იძულებითი მოცდენა სამსახურიდან გამოწვეული იყო დამსაქმებლის მიერ მიღებული უკანონო ბრძანებით, რადგან მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა ბრძანების კანონიერება. კერძოდ, ბრძანება მიღებული იქნა გარკვეული ფაქტების არსებობის მოტივით, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულება კი მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ვერ იქნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დაუდასტურებლად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა ბრძანებაში აღნიშნული გადაცდომა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ე. ც-ს სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 2 500 ლარს. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოპასუხე ორგანიზაციის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ც- სამუშაოზე დაინიშნა 2013 წლის 1 აგვისტოს, 3 თვის ვადით, ხოლო გათავისუფლდა სამსახურიდან 2013 წლის 23 სექტემბერს. ამრიგად, მხარეები იმყოფებოდნენ ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლის მოქმედების ვადას შეადგენდა 2013 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდი.
შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე ნაწილსა და ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ გასულია ის ვადა (2013 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდი), რა ვადითაც ე. ც- დანიშნული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა ე. ც-სათვის განაცდურის ანაზღაურების საფუძველი, ხოლო სამუშაოზე აღდგენის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ლ.კ-მა’’ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება, მისი დასაშვებად ცნობა და არსებითად განხილვა შემდეგი დასაბუთებით:
ე. ც- და ს. ზ- იყვნენ სს ,,ლ.კ-ის’’ აქციონერები და პასუხისმგებელი თანამშრომლები. კერძოდ, ს. ზ- მუშაობდა სს ,,ლ.კ-ის’’ ზუგდიდის ფილიალის სესხების ოფიცრის თანამდებობაზე, ხოლო ე. ც-ს, როგორც ოპერაციების მენეჯერს, ევალებოდა სესხების გაცემის კანონიერებისა და სესხების დაბრუნების დროულობაზე კონტროლი. ორივე თანამშრომელი სარგებლობდნენ განსაკუთრებული ნდობით საზოგადოების გენერალური დირექტორის მხრიდან. 2010 წლის აგვისტოში გამოვლენილი იქნა მოპასუხე ს. ზ-ს მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დოკუმენტების გაყალბების და თაღლითური მოქმედებით უკანონოდ სესხების გაცემისა და სს ,,ლ.კ-ისადმი’’ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტები. საზოგადოების გენერალური დირექტორისაგან ე. ც-ს ფუნქციონალურად დაევალა შემოწმებების ჩატარება. ნაცვლად იმისა, რომ ე. ც-ს ს. ზ-ს ქმედებებზე განეხორციელებინა მკაცრი ფინანსური კონტროლი, იგი მალავდა დანაშაულებრივ ფაქტებს და გენერალურ დირექტორთან მიქონდა ცრუ ინფორმაცია ან აწვდიდა მხოლოდ ისეთ ინფორმაციას, რომელიც უკვე გამჟღავნებული იყო და ვეღარ დაიმალებოდა, უფრო მეტიც, 2013 წლის 16 სექტემბერს სს ,,ლ.კ-ის’’ კონტროლის განყოფილების მიერ აღმოჩენილი იქნა ს. ზ-სა და ე. ც-ს 2010 წლის 24 აგვისტოს ელექტრონული მიმოწერა, რომლითაც ირკვევა, რომ ე. ც-სთვის თავიდანვე იყო ცნობილი ს. ზ-ს დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, რომელსაც მალავდა და ს. ზ-ს რჩევებსაც აძლევდა, თუ როგორ უნდა მოეტყუებინათ გენერალური დირექტორი, რათა სესხის დამტკიცებისათვის მიეღწიათ. ს. ზ-სა და ე. ც-ს შორის ელექტრონული მიმოწერის ნამდვილობა დამტკიცებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2014 წლის 07 თებერვლის დასკვნით, რომელიც, საქმეშია და სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა.
სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მსჯავრდებულ ს. ზ-სა და ე. ც-ს შორის ელექტრონული მიმოწერით დადასტურებული და დამტკიცებულია ე. ც-ს მიერ სააქციო საზოგადოება ,,ლ.კ-ის’’ წინააღმდეგ განხორციელებული მოღალატეობრივი საქმიანობა. სასამართლომ შეგნებულად გვერდი აუარა კომპიუტერული ექსპერტიზით დადასტურებული გარემოებების შეფასებას და ასევე შეგნებულად სცნო დაუშვებლად ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებდა საქმეში არსებული, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნასა და ,,CD-R’’ დისკის ჩანაწერებზე, როგორც მტკიცებულებებზე. შემდეგში, როცა მოწინააღმდეგე მხარემ სადაოდ აქცია ,,CD-R’’ დისკის ჩანაწერების ნამდვილობა, სს „ლ.კ-ის“ ინიციატივით ,,CD-R’’ დისკის ჩანაწერებზე ჩატარდა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზა და მიღებული იქნა დადებითი დასკვნა. ამდენად, საქმეში უკვე იყო კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგები და ,,CD-R’’ დისკის ჩანაწერები, რომლებიც თავისთავად ძირითადი მტკიცებულებებია. სასამართლოს კი საერთოდ არ გამოუკვლევია აღნიშნული ელექტრონული მიმოწერები და ,,CD-R’’ დისკის ჩანაწერები, არ უმსჯელია მათზე და შესაბამისად, არც მოუხდენია მათი სამართლებრივი შეფასება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ლ.კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 30 ივლისს, ე. ც-სა და სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლ.კ-ს” შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ე. ც- დასაქმდა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლ.კ-ში” სტრატეგიული განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების 1.3. პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა ხელშეკრულების გაუქმების პირობები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 23 სექტემბერს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლ.კ-ის” დირექტორის №128 ბრძანებით ე. ც- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების საფუძველი გახდა თანამდებობის ბოროტად გამოყენება, კომპანიის მიმართ ჩდენილი ფინანსური დანაშაულის დამალვა, კომპანიის კორპორატიული ეთიკის, პროცედურული ნორმების და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების უხეში დარღვევა.
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად საქმის მასალებით დაუდასტურებელად მიიჩნია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ლ.კ-ის” დირექტორის №128 ბრძანებაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ: ე. ც-ს მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების, კომპანიის მიმართ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის დამალვის, კომპანიის კორპორატიული ეთიკის, პროცედურული ნორმების და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების უხეში დარღვევის ფაქტების არსებობა.
პალატამ მიიჩნია, რომ ე. ც-ს იძულებითი მოცდენა სამსახურიდან გამოწვეული იყო დამსაქმებლის მიერ მიღებული უკანონო ბრძანებით, რადგან მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა ბრძანების კანონიერება. კერძოდ, ბრძანება მიღებული იქნა გარკვეული ფაქტების არსებობის მოტივით, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულება კი მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ვერ იქნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დაუდასტურებლად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა ბრძანებაში აღნიშნული გადაცდომა.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, რომ არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კერძოდ, კასატორი სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივნისის საოქმო განჩინებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2014 წლის 20 მარტის დასკვნის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვაზე უარის თქმის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული დასკვნა, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებად არ დაუშვა, ადასტურებს გამოსაკვლევად წარდგენილ „CD-R“დისკზე არსებული ვიდეო ჩანაწერის ნამდვილობას (ორიგინალობას) და, თავის მხრივ, მყარი სამხილია ე. ც-ს მიერ სს „ლ.კ-ის“ საზიანოდ განხორციელებული საწინააღმდეგო ქმედებებისა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში შესაძლებელია ახალი ფაქტების მოყვანა და ახალი მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისთვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე ან, თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხდებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2014 წლის 20 მარტის ექსპერტიზის დასკვნა (რომლითაც დადასტურებული იყო გამოსაკვლევად წარდგენილ „CD-R“ დისკზე არსებული ვიდეო ჩანაწერის ნამდვილობა (ორიგინალობა)) სს „ლ.კ-მა“ წარადგინა სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივართან ერთად (იხ. ტ. 2. ს.ფ. 177-193). ხოლო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნული მტკიცებულების პირველ ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის ობიექტურ გარემოებად მიუთითა, რომ მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე მხარემ სადავოდ აქცია „CD-R“ დისკის ჩანაწერების ნამდვილობა, მათ თავისივე ინიციატივით ჩაატარებინეს ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზა „CD-R“ დისკის ჩანაწერებზე და მიიღეს დადებითი დასკვნა 2014 წლის 20 მარტს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2014 წლის 4 მარტს. შესაბამისად, აღნიშნულ დასკვნას ვერ წარადგენდნენ საქალაქო სასამართლოში (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.06.2014 წ. სხდომის ოქმი 12:44:36 - 12:47:23).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ კასატორმა „CD-R“ დისკი, როგორც მტკიცებულება, წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში, თუმცა აღნიშნულ დისკზე არსებული ჩანაწერის ნამდვილობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია, ხოლო მას შემდეგ, რაც კასატორის განცხადებით, მოწინააღმდეგე მხარემ სადავოდ აქცია „CD-R“ დისკის ჩანაწერების ნამდვილობა, მას რაიმე შუამდგომლობა ექსპერტიზის დასკვნის შემდგომში წარდგენაზე სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია. ამასთან, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მსვლელობისას მისი მოპოვების შეუძლებლობაზე მიუთითებია, რაც სავალდებულო პირობას წარმოადგენდა იმისთვის, რომ დაგვიანებით (სააპელაციო სასამართლოში) წარდგენილი მტკიცებულება ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე, საპატიოდ და დასაშვებ მტკიცებულებად მიჩნეულიყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივნისის საოქმო განჩინება ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულების სახით საქმეზე დართვაზე უარის თქმის თაობაზე მართებულია, არ გამოვლენილა ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-122-114-2015, 23 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-1004-965-2014, 8 აპრილი, 2015 წელი; სუსგ №ას 512-485-2014, 10 ოქტომბერი, 2014 წელი).
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ არა ერთ საქმეში განმარტა, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, რადგან დასაქმებული ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში ე. ც-ს მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების, კომპანიის მიმართ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის დამალვის, კომპანიის კორპორატიული ეთიკის, პროცედურული ნორმების და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების უხეში დარღვევის ფაქტების სათანადოდ დადასტურების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს (კასატორს), რაც მან შესაბამისი და სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენით ვერ უზრუნველყო. ამიტომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ლ.კ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,,ლ.კ-ის’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ სს ,, ლ.კ-ს“ დაუბრუნდეს მის (საიდენტიფიკაციო ნომერი: ...) მიერ 2014 წლის 22 ივლისს №... საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე