Facebook Twitter

№ას-965-926-2014 30 აპრილი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ან ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. გ-ემ მოპასუხე ი. ს-ის მიმართ და მოითხოვა:

1. ი. ს-ისთვის მის სასარგებლოდ 13640 აშშ დოლარის დაკისრება;

2. მოსარჩელის სასარგებლოდ, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ამოღების უზრუნველსაყოფად, ი. ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით:

1. ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. ი. ს-ეს ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 13640 აშშ დოლარის გადახდა;

3. დადგინდა, რომ დაკისრებული თანხის ამოღება მოხდეს ი. ს-ის საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, ჰ. ა-ის ქ.N72/40-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის 3000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-ემ და ხსენებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის განჩინებით:

1. ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 7 დეკემბერს ი. ს-ემ ნ. გ-ისგან 2013 წლის 7 ივნისის ჩათვლით ისესხა 13640 აშშ დოლარი;

სესხის უზრუნველსაყოფად აპელანტმა იპოთეკით დატვირთა ქ.ბათუმში, ჰ. ა-ის N72/40-ში მდებარე მისი კუთვნილი ქონება;

აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისთვის სესხი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ დაუბრუნებია.

სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს (მოვალეს) ეკისრებოდა. თავისი შესაგებლის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სასამართლო ვალდებული იყო დაეკითხა მოწმე შ. ჯ-ე. საქმის მასალებით დადგინდა, რომ შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე აპელანტს დაყენებული ჰქონდა შესაგებელში, თუმცა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მან განმარტა, რომ რადგან ვერ უზრუნველყო მოწმის წარმოდგენა, ამ შუამდგომლობას აღარ აყენებდა. ამის გამო, აღნიშნული შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს აღარ განუხილავს. ასეთ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა ის შუამდგომლობა, რომელზეც თავად შუამდგომლობის ავტორმა უარი თქვა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირად დადებული სესხის ხელშეკრულების, როგორც დადების, ისე მისი შესრულების დადგენა, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით დაუშვებელი იყო. ამდენად, მხოლოდ მოწმის ჩვენებით აპელანტი თავის შესაგებელს ვერ დაამტკიცებდა.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ი. ს-ეს შესაგებლით სარჩელი არ უცვნია, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოპასუხე სარჩელს ნაწილობრივ ცნობდა, თუმცა აღნიშნული უფლება მისთვის მარწმუნებელს არ ჰქონდა მინიჭებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობის უფლებამოსილება სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

ზემომითითებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუკმაყოფილებლობას, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-ემ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მოსარჩელესთან არსებობდა შეთანხმება იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ამ გარემოებას სათანადო შეფასება არ მისცა. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად კასატორი მოითხოვდა მოწმის დაკითხვას, რაც სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა. მოცემული მოწმე იყო შუამავალი პირი მხარეებს შორის, მან დააკავშირა მხარეები გარიგების დადების მიზნით, შესაგებელში მითითებული 3000 აშშ დოლარიც მან გადასცა მოსარჩელეს. აქედან გამომდინარე, მოწმის დაკითხვა მნიშვნელოვანი იყო საქმისათვის;

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს უპირატესობა მიანიჭა, ხოლო კასატორის მოთხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 7 დეკემბერს ი. ს-ემ (მოპასუხემ) ნ. გ-ისგან (მოსარჩელისგან) ისესხა 13640 აშშ დოლარი. კასატორის (მოპასუხის) განმარტებით, მან მესამე პირის (შუამავლის) მეშვეობით მოსარჩელეს დაუბრუნა 3000 აშშ დოლარი. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოების დადასტურება შესაძლებელია მოწმის (შუამავლის) ჩვენებით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასესხო ვალდებულების თავისებურებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოება მხოლოდ მოწმის ჩვენებით ვერ დადასტურდება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მსესხებელს ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არა აქვს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია გამსესხებელს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მსესხებელს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმას, რომ მოვალემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, არამედ იმასაც, ეს შესრულება რამდენად ითვლება კრედიტორის მიერ მიღებულად (სკ-ის 429-ე მუხლი).

სასესხო ვალდებულების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. ეს თავისებურება განპირობებულია მატერიალურ-სამართლებრივი წესით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება, გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

განსახილველი ნორმა სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ითვალისწინებს როგორც ზეპირი, ასევე, წერილობით ფორმის გამოყენების შესაძლებლობას, რომლის არჩევა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მითითებული მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, ყურადღება გამახვილებულია იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ზეპირი სესხის ხელშეკრულებას, ასევე, ამ რისკებთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთის გადანაწილებას.

როგორც აღინიშნა, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია გამსესხებელს, ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი - მოპასუხეს მსესხებელს. ამ ნორმაში, ზუსტად ამ მტკიცების ტვირთისა და მტკიცების საგანში შემავალი სასესხო ურთიერთობასთან დაკავშირებული ფაქტების დადასტურების თავისებურებაზეა გამახვილებული ყურადღება.

სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მე-2 წინადადება ზღუდავს მხარეებს არა გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევაში. ამდენად, სასესხო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-ვალდებულებები (და არა მხოლოდ გამსესხებლის უფლება), მათ შორის, სესხის შესრულების ვალდებულება, არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, თუ ის ზეპირი ფორმითაა დადებული.

განსახილველი ნორმის მიზანია სასესხო ურთიერთობის მონაწილეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამ ნორმით მოცემული მიზნის შეზღუდვა მხოლოდ კრედიტორის უფლების დადგენის ნაწილში არათანაბარ პირობებში ჩააყენებს სასესხო ურთიერთობის მონაწილეებს, რაც დაუშვებელია მითითებული მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, დათქმა, რომლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, ვრცელდება, ასევე სასესხო ვალდებულების შესრულების ინსტიტუტზეც.

ამდენად, სასესხო ურთიერთობებში კანონი „არ ენდობა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს (ამ შემთხვევაში მოწმის ჩვენების, როგორც არაპირდაპირი (ინდიციური) მტკიცებულების შეფასება, ემპირიული წესების საფუძველზე ხორციელდება სხვა მტკიცებულებთან შეფასების გზით). აქედან გამომდინარე, კანონი მიუთითებს არა მხოლოდ გამსესხებლის უფლებაზე, არამედ „ხელშეკრულების ნამდვილობაზე“, რაც მოიცავს როგორც გამსესხებლის უფლებას, ასევე მსესხებლის ვალდებულებას (ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების საგნის მსესხებელზე საკუთრებაში გადაცემის და შემდეგ მისი მიღების ფაქტის დადგენა ემორჩილება ერთსა და იმავე წესს), შესაბამისად, მითითებული დანაწესის მიზნებიდან გამომდინარე, სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზეპირი ფორმით ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მითითებული მოწმის ჩვენება არ იქნება საკმარისი მის მიერ სასესხო ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად (იხ. სუსგ, 17.10.2014წ., საქმე #ას-872-830-2013; 16.05.2011წ., საქმე #ას-858-807-2010).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორ ი. ს-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ. ც-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება N---, გადახდის თარიღი – 2014 წლის 30 სექტემბერი) 70% –210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ი. ს-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ. ც-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება N---, გადახდის თარიღი – 2014 წლის 30 სექტემბერი) 70% –210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე