Facebook Twitter

საქმე №ას-98-92-2015 15 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ბ. ი-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ნასყიდობის ფასის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ი-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ს-ის მიმართ, 2008 წლის 24 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 25 000 ლარის დაკისრების შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ბათუმში, ა-ის ქ.№9-ში მდებარე №28 ბინის 25000 ლარად ნასყიდობის ხელშეკრულება. ლ. ს-ეს ნასყიდობის საგნის ღირებულება არ გადაუხდია და საკუთარ სახელზე აღრიცხა უძრავი ნივთი, რაც დადასტურებულია ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებით, ასევე ლ.ს-ის მიერ მოწმეებად დასახელებული პირების მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებებით.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ლ. ს-ემ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებამდე საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული ქონების გამოყენებით გადაწყვიტა, უსაფუძვლოდ გამდიდრებულიყო და მოსარჩელის ოჯახისათვის ზარალი მოეყენებინა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან ნასყიდობის საფასური სრულად დაფარა. ნასყიდობის ხელშეკრულება 5 წლის განმავლობაში სადავოდ არ გამხდარა, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ბ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც აღნიშნა, რომ სადავო არ არის მხარეთა შორის 2008 წლის 24 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა, რომლითაც ბ. ი-ემ წარმომადგენლის მ. გ-ს მეშვეობით ლ. ს-ეს საკუთრებაში გადასცა ქალაქ ბათუმში, ა-ის ქუჩის ქ.№9-ში მდებარე №28 ბინა. სადავოა ის გარემოება, გადაიხადა თუ არა მყიდველმა ლ. ს-ემ ნასყიდობის ფასი – 25000 ლარი, რისი ვალდებულებაც მას ეკისრებოდა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მითითებული ხელშეკრულების ტექსტის იმ ნაწილზე, სადაც მითითებულია: ,,მხარეთა განცხადებით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარად. აღნიშნული თანხა მყიდველის მიერ გამყიდველს გადაეცა წინამდებარე ხელშეკრულების დადასტურებამდე“. აღნიშნულ ჩანაწერს აპელანტი კატეგორიულად არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ ეს არის ხელშეკრულების ფორმის ტრაფარეტული ჩანაწერი, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. ანალოგიური ჩანაწერი იყო 2009 წლის 4 აგვისტოს ხელშეკრულებაშიც, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით აღნიშნული ჩანაწერი არ იქნა გაზიარებული და მყიდველ ზ. გ-ას მაინც დაეკისრა ნასყიდობის ფასის გადაუხდელი ნაწილის – 21000 ლარის გადახდა გამყიდველ ლ. ს-ის სასარგებლოდ.

გარდა ამისა, აპელანტი ასევე მიუთითება შემდეგ მტკიცებულებებზე: ა) მ. გ-ს სარჩელზე, სადაც მითითებულია, რომ სადავო თანხა არ არის გადახდილი ლ. ს-ის მიერ; ბ) ბ. ი-ის 2014 წლის 14 თებერვლის განცხადებაზე საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩაბმის შესახებ თანხმობასთან დაკავშირებით, სადაც იგი ასევე მიუთითებს, რომ ნასყიდობის ფასი ლ. ს-ისგან არ მიუღია; გ) ადვოკატ ი. წ-ის ახსნა-განმარტებები, რომელიც, როგორც წერილობით წარდგენილ სარჩელებსა და განცხადებებში, ასევე სასამართლო სხდომებზე მიუთითებდა, რომ სადავო თანხა ლ. ს-ისაგან ბ. ი-ეს არ მიუღია; დ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ივლისის განჩინება, რომლის 4.2 პუნქტში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 24 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში არსებული მითითების მიუხედავად, „მხარეები ადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ლ. ს-ეს ნასყიდობის ფასი რეალურად არ გადაუხდია გამყიდველისათვის“.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაქტობრივი გარემოების მტკიცება სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხორციელდება შემდეგი მტკიცებულებებით: მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან, მითითებული კოდექსის მე-4, მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს.

სასამართლოსათვის წარდგენილ სარჩელებში ასახული მ. გ-ას, ბ. ი-ისა და ი. წ-ის ახსნა-განმარტებანი, განცხადებებსა და სასამართლო სხდომების ოქმებში რეალურად წარმოადგენს სწორედ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას. მ. გ-ა იყო ბ. ი-ის წარმომადგენელი, რომლის მეშვეობითაც 2008 წლის 24 ნოემბრის ნასყიდობა დაიდო. სწორედ მან აღძრა თავდაპირველად სარჩელი ლ. ს-ის წინააღმდეგ, თუმცა შემდგომში, კანონით დადგენილი წესით, საქმეში შეიცვალა სათანადო მოსარჩელით – ბ. ი-ით. ი. წ-ე კი, სასამართლოში ჯერ იცავდა მ. გ-ას, შემდეგ კი, – ბ. ი-ის ინტერესებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ვერ მიიჩნევა სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენის თვალსაზრისით საკმარის და უტყუარ მტკიცებულებებად იმ პირობებში, როდესაც მათ ეწინააღმდეგება მოპასუხე მხარე.

რაც შეეხება აპელანტის მიერ წარმოდგენილ სასამართლო გადაწყვეტილებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, წარადგინოს იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, ხოლო 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებითი მტკიცებულების გარეშე დამტკიცებულად ითვლება ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მიერ საქმეში წარმოდგენილ სასამართლო გადაწყვეტილებებში, რომლებიც სხვა სამოქალაქო საქმეებზე იყო მიღებული, მხარეებად მონაწილეობდნენ ლ. ს-ე და ზ. გ-ა. ამდენად, მითითებულ საქმეებში დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება სავალდებულო (პრეიუდიციული) ძალის მატარებელნი მოცემული საქმისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება, წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას, რომლის მონაცემებიც ითვლება უტყუარად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა (მოსარჩელემ) ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით, გაექარწყლებინა მითითებული წერილობითი მტკიცებულების მონაცემი იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის ფასი – 25000 ლარი ბ. ი-ეს მიღებული ჰქონდა ხელშეკრულების დადასტურებამდე.

რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ შესთავაზა მოსარჩელეს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარე თვითონვე განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შესაბამისად, იმავე კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულია არა სასამართლოს ვალდებულება, არამედ – უფლებამოსილება, მიუთითოს მხარეს, შეავსოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, თუ ეს აუცილებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენისათვის, რომლის გარეშეც შეუძლებელია საქმის გადაწყვეტა. ამდენად, აპელანტის ეს პრეტენზია დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბ. ი-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოსაგან არც ერთ მხარეს არ მოუთხოვია, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით გადაემოწმებინა და ხელახლა დაედგინა იმ ფაქტობრივი გარემოების სარწმუნოობა, რომლებმაც არსებითად იმოქმედეს საქმის განხილვის შედეგებზე და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 20 მაისს მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება №2/ბ-..... საქმეზე, რომლითაც შეილახა მოსარჩელის კანონიერი ინტერესები სხვისი უსაფუძვლო გამდიდრების ხარჯზე. ამავე დროს პალატამ ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების ტექსტის იმ ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ მხარეთა განმარტებით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 25000 ლარად. აღნიშნული თანხა მყიდველის მიერ გამყიდველს გადაეცა წინამდებარე ხელშეკრულების დადასტურებამდე.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აღნიშნულ ჩანაწერს აპელანტი კატეგორიულად არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ ეს არის ხელშეკრულების ფორმის ტრაფარეტული ჩანაწერი, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. კასატორმა განმარტა, რომ ანალოგიური ჩანაწერი იყო 2009 წლის 4 აგვისტოს ხელშეკრულებაშიც, თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით აღნიშნული ჩანაწერი არ იქნა გაზიარებული და მყიდველ ზ. გ-ას მაინც დაეკისრა ნასყიდობის ფასის გადაუხდელი ნაწილის – 21000 ლარის გადახდა მყიდველის – ლ. ს-ის სასარგებლოდ.

კასატორის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია 2008 წლის 24 ნოემბრისა და 2009 წლის 4 აგვისტოს ხელშეკრულებებში არსებული ჩანაწერების იდენტურობის ან/და მათი განსხვავების დადგენის თაობაზე. ასევე სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლი და საქმე განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევებით, რომლის საფუძველზეც შემდეგ მიიღო ფორმალურად დასაბუთებული გადაწყვეტილება და ზემოქმედება მოახდინა საქმის საბოლოო შედეგზე.

მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გამოიყენა კანონის ნორმები, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა თავისი რწმენის შესაბამისად არასწორად განმარტა ისინი და ფორმალურად მიანიშნა მათი გამოყენების აუცილებლობაზე.

სააპელაციო პალატამ ერთ შემთხვევაში სახელმძღვანელოდ მოიხმო და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცება სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხორციელდება შემდეგი მტკიცებულებებით: მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტიტუციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შემდეგ კი აღნიშნული ნორმა არასწორად განმარტა და საერთოდ დაუკარგა მტკიცებულების სახე აპელანტის მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, წარმოდგენილ ყველა წერილობით მტკიცებულებას, რომლებიც წერილობითი ნიშნებისა და ციფრების გამოყენებით შეიცავენ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები მოწინააღმდეგე მხარის დაუსაბუთებელ მოსაზრებებზე დაყრდნობით და კანონსაწინააღმდეგო მოტივის საფუძველზე არ მიიჩნია განსახილველად, რადგან პალატამ თავისი რწმენით ისინი მიაკუთვნა სავალდებულო (პრეიუდიციული) ძალის მქონე მტკიცებულებების კატეგორიას და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილ სასამართლო გადაწყვეტილებებში, რომლებიც სხვა სამოქალაქო საქმეზე იყო მიღებული, მხარეებად მონაწილეობდნენ ლ. ს-ე და ზ. გ-ა, მოსარჩელე მ. გ-ს მეუღლე. ამდენად, იმ საქმეებში დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება სავალდებულო (პრეიუდიციული) ძალის მქონე მოცემული საქმისათვის.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2008 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება, წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას, რომლის მონაცემებიც ითვლება უტყუარად საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. პალატამ ერთადერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ შესძლო სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით გაექარწყლებინა მითითებული წერილობითი მტკიცებულების მონაცემები იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის ფასი – 25000 ლარი ბ. ი-ეს მიღებული ჰქონდა ხელშეკრულების დადასტურებამდე.

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არც მის მიერ მოხმობილი კანონების მოთხოვნების შესაბამისად და არც არსებული სასამართლო პრაქტიკის მოშველიებით არ შეუფასებია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის განჩინებით ბ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ბ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ბ. ი-ემ წარმომადგენლის – მ. გ-ს მეშვეობით ლ. ს-ეს საკუთრებაში გადასცა ქალაქ ბათუმში, ა-ის ქუჩის ქ.№9-ში მდებარე №28 ბინა. ნასყიდობის ფასი შეადგენდა 25000 ლარს.

2008 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება, წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას, რომლის მონაცემებიც ითვლება უტყუარად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტმა (მოსარჩელემ) ვერ დაადასტურა, რომ ნასყიდობის ფასი – 25000 ლარი ბ. ი-ეს მიღებული ჰქონდა ხელშეკრულების დადასტურებამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის ფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ბ. ი-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ბ. ი-ისა და ი. წ-ის მიერ 2015 წლის 9 მარტს №6173940 საგადახდო დავალებით გადახდილი 1250 ლარის 70% – 875 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ბ. ი-ის (პირადი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ბ. ი-ისა და ი. წ-ის მიერ 2015 წლის 9 მარტს №6173940 საგადახდო დავალებით გადახდილი 1250 ლარის 70% – 875 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური