№ას-131-123-2015 6 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. გ. ხ-ს აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 6385 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების დანაწესებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ გ. ხ-ი ვალდებული იყო გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებულიყო და გადაწყვეტილება მიეღო არაუგვიანეს 2014 წლის 17 ნოემბრისა. ვინაიდან ეს ასე არ მოხდა, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო სწორედ 2014 წლის 17 ნოემბრიდან და იგი ამოიწურა 2014 წლის 1 დეკემბრის 24.00 საათზე (ვადის უკანასკნელი დღე – 30 ნოემბერი დაემთხვა დასვენების დღეს – კვირას).
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ხ-მა.
კერძო საჩივრის საფუძვლები:
მართალია, გ. ხ-ი სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა, სადაც განიმარტა, რომ იგი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო და გადაწყვეტილება ჩაებარებინა, თუმცა 20 დღის გასვლამდე და შემდეგაც იგი სასამართლოში ცხადდებოდა, რამდენჯერმე შიდა ტელეფონის საშუალებით მოსამართლის თანაშემწესაც დაუკავშირდა და გადაწყვეტილების ჩაბარება მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ გადაწყვეტილება მომზადებული არ ჰქონდათ. გარდა ამისა, 2014 წლის 10, 17 და 24 ნოემბერს გ. ხ-ი გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნთ მისი მობილური ტელეფონით (ტელ. ნომ: --) დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს ამ უკანასკნელის მობილურ ტელეფონზე (ტელ. ნომ: ---). საბოლოოდ, კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლო გადაწყვეტილება 2014 წლის 24 ნოემბერს ჩაიბარა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, მას გასაჩივრებისათვის 14-დღიანი ვადა ჰქონდა დადგენილი, რაც კანონშესაბამისად გამოიყენა, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში თავისი სააპელაციო საჩივარი 2014 წლის 8 დეკემბერს ჩააბარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ამდენად, მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე გ. ხ-ი (იხ. ს.ფ. 170-171). ასეთ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, მას გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2014 წლის 17 ნოემბრისა (15 ნოემბერი იყო არასამუშაო დღე, შაბათი). საქმის მასალებით ირკვევა, რომ მითითებულ ვადაში მოპასუხეს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის არ მიუმართავს, გადაწყვეტილების ასლი გ. ხ-მა ჩაიბარა მხოლოდ 2014 წლის 24 ნოემბერს (ს.ფ. 152).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2014 წლის 18 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 1 დეკემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ორშაბათი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2014 წლის 8 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ. 153-162). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მან დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღება ვერ შეძლო 2014 წლის 24 ნოემბრამდე, კერძოდ, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20 დღის ვადის გასვლამდე და შემდგომაც იგი სასამართლოში ცხადდებოდა, რამდენჯერმე შიდა ტელეფონის საშუალებით მოსამართლის თანაშემწესაც დაუკავშირდა და გადაწყვეტილების ჩაბარება მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ გადაწყვეტილება მომზადებული არ ჰქონდათ. გარდა ამისა, 2014 წლის 10, 17 და 24 ნოემბერს გ. ხ-ი გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით მისი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს ამ უკანასკნელის მობილურ ტელეფონზე, მაგრამ გადაწყვეტილების ჩაბარება მხოლოდ 2014 წლის 24 ნოემბერს შეძლო.
კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად ვერ გამოდგება მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება – ჯეოსელის მიერ გაცემული ამონაწერი განხორციელებული სატელეფონო ზარების თაობაზე, რადგან ეს მტკიცებულება არ ადასტურებს სადავო გარემოებას. ამასთან, მხოლოდ საჩივრის ავტორის განმარტება საკმარისი არაა მის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ გ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე