საქმე №ას-168-156-2015 3 აპრილი, 2015 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. უ-ე, გ. უ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „B.M.C-“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
რ. უ-ემ და გ. უ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „B.M.C-“-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. უ-ისა და გ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. უ-ემ და გ. უ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინებით რ. უ-ისა და გ. უ-ის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოსარჩელეთა წარმომადგენელს ჟ. ლ-ეს სამუშაო ადგილის მისამართზე ბათუმში, ზ-ის ქ. №...-ში და ჩაბარდა ადრესატის თანამშრომელს, თ. მ-ეს 2014 წლის 02 დეკემბერს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 02 დეკემბრიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან) და ამოიწურა 2014 წლის 16 დეკემბერს. მოსარჩელე მხარემ კი სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 17 დეკემბერს, ანუ გასაჩივრების ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. უ-ის და გ. უ-ის წარმომადგენელმა ჟ. ლ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით. მოსარჩელეთა წარმომადგენელს, ჟ. ლ-ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთხელ გაეგზავნა და ჩაბარდა მის ნაცნობს და არა თანამშრომელს. შესაბამისად, საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-11 პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. სასამართლომ ასევე დაარღვია ამავე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, უწყების მიმღებმა, თ. მ-ემ გადაწყვეტილება გადასცა 3 დეკემბერს და აღნიშნული თარიღიდან 14 დღეში, ანუ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა იგი სააპელაციო წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. და გ. უ-ეების წარმომადგენლის, ჟ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება რ. და გ. უ-ეების წარმომადგენელს ჟ. ლ-ეს გაეგზავნა 2014 წლის 26 ნოემბერს მისამართზე, ბათუმი, ზ-ის ქ. 34. გზავნილზე მითითებულია, რომ გადაწყვეტილების ასლი 2014 წლის 2 დეკემბერს ჩაიბარა თანამშრომელმა, თ. მ-ემ ადრესატისთვის გადასაცემად (იხ. ს.ფ. 126).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მისთვის გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია კანონით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ უწყების მიმღები პირი, თ. მ-ე არ არის მისი თანამშრომელი. მათ ცალ-ცალკე აქვთ აღებული ბინა ქირით და დამოუკიდებლად მუშაობენ.
კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზია უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ თვით მხარის მიერ წარმოდგენილ მასალებს. კერძოდ, რ. და გ. უ-ეების მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარში, მათი წარმომადგენლის, ჟ. ლ-ის სამუშაო ადგილის მისამართად მითითებულია ბათუმი, ზ-ის ქ. .... (იხ. ს.ფ. 127-131). სწორედ აღნიშნულ მისამართზე გაეგზავნა ადრესატს გადაწყვეტილების ასლი.
კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულ მისამართზე არ არის განთავსებული იმ ორგანიზაციის ოფისი, რომლის თანამშრომელმაც ჩაიბარა უწყება გადასაცემად. ასევე, ჟ. ლ-ეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ თ. მ-ე არ არის მისი თანამშრომელი და უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი.
უფრო მეტიც, ჟ. ლ-ე კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი 2 დეკემბერს დილით იყო სამუშაო ადგილზე, შემდეგ წამოვიდა და იმავე დღეს არ დაბრუნებულა. თ. მ-ემ კი მას უწყება გადასცა 3 დეკემბერს. ამრიგად, აპელანტს საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ კანონით დადგენილ ვადაში წარედგინა სააპელაციო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, ჟ. ლ-ემ ვერ დაამტკიცა მის მიერ კერძო საჩივარში მითითებული ვერც ერთი გარემოება. ასეთ პირობებში, სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მის დაუსაბუთებელ წერილობით განმარტებას. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განცხადებას, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. იმის გათვალისწინებით, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დროისთვის (2014 წლის 2 დეკემბრისათვის) ჟ. ლ-ე იყო რ. და გ. უ-ეების წარმომადგენელი (რაც დასტურდება 2014 წლის 19 აგვისტოს გაცემული მინდობილობებით (იხ. ს.ფ. 72-73)), მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება ითვლება რ. და გ. უ-ეებისთვის ჩაბარებად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება 2014 წლის 2 დეკემბერს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა რ. და გ. უ-ეების წარმომადგენელს, ჟ. ლ-ეს, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, სამოქალაქო საპროცესო კოდექის 70-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული განჩინება მოსარჩელეებისთვის ჩაბარებულად. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 3 დეკემბერს და ამოიწურა 2014 წლის 16 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილი იქნა 2014 წლის 17 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ. და გ. უ-ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე