№ას-201-188-2015 6 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ.-4“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვადაგადაცილებული ვალდებულებისა და დაგვიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
1. შპს „ა-ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „გ.-4-ის“ მიმართ დაკმაყოფილდა;
2. მოპასუხე შპს „გ.-4-ს“ შპს „ა-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 29738.80 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა 23800 ლარს შეადგენდა, ხოლო დანარჩენი 5938.80 ლარი – ვალდებულების შეუსრულებლობით და ვადის გადაცილებით გამოწვეულ ზიანს წარმოადგენდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „გ.-4-მა“ საჩივრით გაასაჩივრა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით:
1. შპს „გ.-4-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „გ.-4-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით შპს „გ.-4-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო, რომ შპს „გ.-4-ის“ დირექტორს, რ. ჩ-ს, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინების ასლი 2014 წლის 17 დეკემბერს კანონით დადგენილი წესით პირადად ჩაბარდა. ასეთ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა მის მიმართ 2014 წლის 18 დეკემბერს დაიწყო და იგი 2014 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. იმის გამო, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, კერძოდ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში – 2014 წლის 6 იანვარს, ხოლო ფოსტაში – 2015 წლის 3 იანვარს წარადგინა, სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, იგი განუხილველად დატოვა.
დასახელებული განჩინება შპს „გ.-4-მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის საფუძვლები:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა, შპს „გ.-4“ თავდაპირველ საჩივარში სასამართლო განსჯადობის საკითხს შეეხო და მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დავა განსჯადობის დარღვევით განიხილა, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულებითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე, 2010 წლის 30 ივლისის ხელშეკრულება თბილისში უნდა შესრულებულიყო.
შპს „გ.-4-ს“ მოცემულ საქმესთან მიმართებით იურიდიული ინტერესი გააჩნია, ვინაიდან დავა შეეხება საკმაოდ სოლიდური ოდენობის დავალიანების დაკისრებას. საგულისხმოა, რომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს უნდა შეეძლოს, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას საკუთარი ინტერესები და უფლებები, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და ამ მიზნით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებეები ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული უფლების რეალიზაციაში სასამართლომ ორივე მხარეს თანაბრად უნდა შეუწყოს ხელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ.-4-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინების ასლი შპს „გ.-4-ის“ დირექტორს, რ. ჩ-ს პირადად ჩაბარდა 2014 წლის 17 დეკემბერს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 120), ხოლო სააპელაციო საჩივარი რაიონული სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებაზე მან ფოსტის მეშვეობით 2015 წლის 3 იანვარს შეიტანა (ტომი 1, ს.ფ. 121-133, 135). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ამ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კერძო საჩივარი რაიმე პრეტენზიას არ შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2014 წლის 18 დეკემბერს და დასრულდა 2014 წლის 31 დეკემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ოთხშაბათი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში აპელანტს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, მან ფოსტაში სააპელაციო საჩივარი დაგვიანებით, 2015 წლის 3 იანვარს წარადგინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საოროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების შინაარსი, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სრულიად ასაბუთებს შპს „გ.-4-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვებას ექვემდებარება.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ახალციხის რაიონული სასამართლოს განსჯადობის მართლზომიერების საკითხს, რომელმაც მოცემულ საქმე პირველი ინსტანციის წესით განიხილა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში ეს საკითხი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, ვინაიდან კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და არა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინება.
არასწორია ასევე კერძო საჩივრის ავტორის მიერ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრინციპზე აპელირება, ვინაიდან მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით იმპერატიულად დადგენილი ვადის გაშვების პირობებში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არ შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ შპს „გ.-4-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ.-4-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე