საქმე №ას-256-243-2015 24 აპრილი, 2015 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჟ- (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჟ-ს მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 იანვრის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ ი. გ-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში წარმოედგინა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და 468 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში აპელანტმა წარუდგინა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის, 468 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე.
2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით აპელანტ ი. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა: აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა და დაევალა 10 დღის ვადაში 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ-ს 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინება ჩაბარდა 2014 წლის 6 დეკემბერს, შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 7 დეკემბერს და დასრულდა 2014 წლის 16 დეკემბერს. დროის ამ მონაკვეთში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, რაც გახდა ი. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. გ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სასამართლოს აძლევს საშუალებას მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გარკვეული შეღავათი გაუწიოს მათ (საქმეში არსებული მასალების შეფასებისას სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გადაუვადოს ან/და შუმციროს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა), ამასთანავე, კანონი სასამართლოს არ ავალდებულებს მხარის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ მას სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისას ეკისრება მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა, რათა არ ხელყოს სამართლიანი ბალანსი სახელმწიფო ინტერესებსა და მოქალაქეთა ინტერესებს შორის.
საჩივრის ავტორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - „საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ, სადაც ევროპის სასამართლომ განმარტა შემდეგი: მსგავს სიტუაციებში, როდესაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ საეჭვო ან არასაკმარისია, მან უნდა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის მითითებით ან/და უბრძანოს წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმება. აქვე სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში თავად უზენაეს სასამართლოს არ მიუთითებია, რომ მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო საკმარისი. ადამიანის უფლებათა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მომჩივანი გამოხატავდა სურვილს, დაეფარა ხარჯები დანაწევრებულად და აღნიშნული მოთხოვნა მართლაც რომ საკასაციო განხილვის უზრუნველსაყოფად იყო მიმართული. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ამგვარი შეზღუდვა მოითხოვს განსაკუთრებულად მკაცრ ყურადღებას მართლმსაჯულების ინტერესების თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მიღებით დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი. ამასთან, საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დააკისრა მას სახელმწიფო ბაჟის სახით 2000 აშშ დოლარის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ ი. გ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში წარმოედგინა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და 468 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ტ. 2. ს.ფ. 3-4).
ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში აპელანტმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის, 468 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის, 2000 აშშ დოლარის გადახდის გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (იხ. ტ. 2. ს. ფ. 7-12), რაც სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა: აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით. ამასთან, საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ. II. ს.ფ. 77-79).
დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აპელანტს ჩაბარდა 2014 წლის 6 დეკემბერს. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2014 წლის 16 დეკემბერს, ხოლო აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შუამდგომლობაში მის მიერ მითითებული გარემოებები და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მხარემ გადახდისუუნარობის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ი. კ-ის“ მიერ გაცემული ცნობა ი. გ-ის იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფში გაწევრიანების შესახებ, ასევე არსებული დავალიანებების გამო მის მიმართ სასამართლოში აღძრული სარჩელების ასლები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ ასაბუთებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან შემცირების საფუძვლების არსებობას. აღნიშნულს იზიარებს საკასაციო სასამართლოც, ვინაიდან აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფში ი. გ-ის გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტი, არსებული დავალიანებების გამო სასამართლოში ი. გ-ის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელები), დამოუკიდებლად აღებული, უტყუარად ვერ ადასტურებს აპელანტის გადახდისუუნარობას და არ წარმოადგენს მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ საკმარის მტკიცებულებებს. მათი განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებიც სააპელაციო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.
უფრო მეტიც, ი. გ-ს, თავდაპირველად, სააპელაციო საჩივრის შეტანისას, არ უშუამდგომლია სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან შემცირების თაობაზე (იხ. ტ. 1. ს.ფ. 117). მან აღნიშნული შუამდგომლობა მხოლოდ მას შემდეგ დააყენა, როდესაც არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მისთვის დამატებით სახელმწიფო ბაჟის სახით 2000 აშშ დოლარის დაკისრებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და შემცირების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და გაუგრძელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით (ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ) დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად გაგრძელებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით კვლავ გაეგრძელებინა ვადა აპელანტისთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობებს ქმნიდა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასა და შემცირებაზე უარის თქმით, მას წაერთვა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის კანონით გათვალიწინებული ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კანონთან შეუსაბამოდ.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის სახით 2000 აშშ დოლარის დაკისრების სისწორეს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული განხილულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, რომელიც წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებულ განჩინებას არ წარმოადგენს
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე