Facebook Twitter

საქმე №ას-275-263-2015 27 აპრილი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.ჭ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.დ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ვადის აღდგენა

დავის საგანი – ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ.დ.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ჭ.ს მიმართ ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

2014 წლის 29 აპრილის სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ბ.დ.ს სარჩელი და ი.ჭ.ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე 2013 წლის 2 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრებული თანხის 0,05%-ის გადახდა პირგასამტეხლოს სახით. ამავე სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის განჩინებით კი, ი.ჭ.ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 იანვრის განჩინებით ი.ჭ.ს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად ცნო, რომ ამავე სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 14 დღის ვადაში სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის _ 866 აშშ დოლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა;

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ი.ჭ.ს წარმომადგენელ მ.ე.ის შუამდგომლობა და ხარვეზის გამოსწორების ვადა აპელანტს გაუგრძელდა 10 დღით;

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება, საქმეში არსებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს ორჯერ და განმეორებით გაგზავნილი კორესპოდენცია ადრესატს პირადად ჩაბარდა 2014 წლის 19 დეკემბერს, რაც, სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მხარის ინფორმირებას წარმოადგენდა;

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით და აღნიშნა, რომ 10-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 20 დეკემბერს და ამოიწურა 29 დეკემბერს, ამ ვადის განმავლობაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსათვის მიუმართავს, რაც პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი.ჭ.მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის ვადის აღდგენა შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო ხარვეზის შესახებ განჩინებებს უგზავნიდნენ მის ყოფილ წარმომადგენელს, რომელთანაც რამდენიმე თვეა ი.ჭ.ს აღარ აქვს ურთიერთობა, რის გამოც დადგენილი საპროცესო მოქმედება ვერ შესრულდა, ამასთან, სასამართლოს შეტყობინება უშუალოდ მხარისთვის უნდა გაეგზავნა.

აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლომ უკანონოდ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამდენად, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და მოპასუხეს ისე, რომ არ მიეცა საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა, უსაფუძვლოდ დაეკისრა თანხის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ი.ჭ.ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩვრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება;

სააპელაციო პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩვარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს საპროცესო ვადა განესაზღვრა 14 დღით;

განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ მ.ე.ს;

იმ საფუძვლით, რომ ი.ჭ. არ იყო მზად, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, მ.ე.მა იშუამდგომლა საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სრულად;

შეტყობინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს ორჯერ და განმეორებით გაგზავნილი კორესპოდენცია ჩაბარდა პირადად მ.ე.ს 2014 წლის 19 დეკემბერს. ეს გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უშუალოდ მხარის ინფორმირებად განიხილება, რაც ამა თუ იმ საპროცესო ვადის დენის დაწყების საკმარისი საფუძველია;

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საპროცესო ვადის გამოანგარიშების თაობაზე და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის სწორ განმარტებას ემყარება;

უდავოა, რომ აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

კერძო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ მხარე განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ შეტყობინებები არასწორად გაეგზავნა მის წარმომადგენელს, რადგანაც აპელანტს მ.ე.თან ურთიერთობა აღარ ჰქონდა, ასევე, მიუთითებს საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების არასწორად გამოტანისა და მის მიმართ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის თაობაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მინდობილობაზე, რომლის საფუძველზეც ი.ჭ.მ მ.ე.ს მიანიჭა მისი საპროცესო უფლებების დაცვა, მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით (ძალაშია მის გაუქმებამდე) და რწმუნებულს მინიჭებული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლზე, რომლითაც რეგულირებულია მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი და დადგენილია, რომ მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.

ამდენად, იმისათვის, რათა სასამართლომ მარწმუნებლისა და წარმომადგენლის ურთიერთობა შეწყვეტილად მიიჩნიოს, მას უნდა მოეპოვებოდეს წერილობითი დოკუმენტი მარწმუნებლის მიერ რწმუნებულისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ამგვარი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება და არც მხარეს მიუთითებია მასზე, გარდა აღნიშნულისა, პალატა განმარტავს, რომ წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტილად მიჩნევას ითვალისწინებს ასევე საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი, ამგვარი შედეგის მატარებელია კიდევ ერთი _ მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, როგორიცაა დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა (სამოქალაქო კოდექსის 720-722-ე მუხლები), ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნას სამოქალაქო კოდექსის VI კარით აღიარებული ვალდებულების შეწყვეტის ზოგადი წესიც, თუმცა მითითებულთაგან არც ერთი სახეზე არაა, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის არგუმენტის გაზიარებას, რომ ყველა კორესპოდენცია უშუალოდ მხარეს უნდა გაგზავნოდა, უფრო მეტიც, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით საკასაციო სასამართლოს სწორედ წარმომადგენელმა _ მ.ე.მა მომართა;

რაც შეეხება შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევასა თუ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების არასწორად გამოტანის თაობაზე მხარის პრეტენზიას, საკასაციო პალატა მათ დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რადგანაც შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევად თუ რას მიიჩნევს მხარე დასაბუთებული არ არის, მან თავად არ უზრუნველყო საკუთარი უფლების დასაცავად სასამართლო დავალების ჯეროვნად შესრულება, ხოლო იმისათვის, რათა შემოწმებულიყო საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება, აპელანტი თავად იყო ვალდებული, დადგენილი ხარვეზის ფარგლებში, კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა მისი სააპელაციო საჩივარი, რაც არ განუხორციელებია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ აპელანტის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, ი.ჭ.ს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ჭ.ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. რონიშვილი

პ. ქათამაძე