Facebook Twitter

საქმე №ას-286-274-2015 06 აპრილი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ლ. ბ-ე, ზ. ბ-ე, გ. ბ-ე, ლ. ბ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ჩ-ე და მ. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ლ. ბ-ის, ზ. ბ-ის, გ. ბ-სა და ლ. ბ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს, ქ. თბილისში, ჭ-ის/ზ-ის ქ…..-ში მდებარე უძრავ ნივთზე მოპასუხეთა მფლობელობის შეწყვეტა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-სა და მ. ჩ-ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ლ. ბ-ემ, ზ. ბ-ემ, გ. ბ-ემ და ლ. ბ-ემ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინებით ლ. ბ-ის, ზ. ბ-ის, გ. ბ-სა და ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმ გარემოებებზე მითითებით რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტები სადავოდ ხდიდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებს, რაც სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაუშვებლად მიიჩნია იმ თვალსაზრისით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მათი უფლებებისა და ვალდებულებების დადგენის ნაწილში, აპელანტებს პრეტენზია არ გააჩნდათ და ამდენად, ისინი გასაჩივრების სუბიექტებს არ წარმოადგენდნენ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ლ. ბ-ემ, ზ. ბ-ემ, გ. ბ-ემ და ლ. ბ-ემ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ე, ზ. ბ-ე, გ. ბ-ე და ლ. ბ-ე მოპასუხე მ. ზ-თან ერთად ცნობილია საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეებად, რაც კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით არასწორია. საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ მათთვის „მოსარგებლის სტატუსის“ მინიჭებამ განაპირობა მათი მხრიდან გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაც. კერძო საჩივრის ავტორები უარყოფენ ფაქტობრივ გარემოებას მათი „მოსარგებლეობის“ შესახებ და განმარტავენ, რომ ქ. თბილისში, ჭ-ის (ყოფილი ბ-ის) ქ.N….-ში მდებარე უძრავი ნივთი ლიტერ „ა“ წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას, საერთო ფართობით 204,88მ2, რომელიც მთლიანად ეკუთვნოდა მათ პაპას და მის ძმას ა. და თ. ბ-ბს, რომლებსაც აღნიშნული ქონება კონფისკაციის გზით ჩამოერთვათ 1947წ.-ის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ ა. და თ. ბ-მა დაიბრუნეს ქონება და დღემდე, აღნიშნული ქონება აღრიცხულია უფლების დამდგენი საბუთის გარეშე ვინმე ნ.მ-ის სახელზე. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, კერძო საჩივრის ავტორებისათვის „მოსარგებლის სტატუსის“ მინიჭება მათ უკანონოდ და არასწორად მიაჩნიათ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გადაწყვეტილება გამოტანილი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის დანაწესი მოიაზრებს გასაჩივრების მსურველი მხარის იმ შესაძლებლობას, რომ ზემდგომი წესით მან იდავოს მხოლოდ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მის მოთხოვნას ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე (საკასაციო პალატის მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ადრე დადგენილ პრაქტიკასთან. იხ., 27.03.2014წ.-ის სუსგ №ას-169-159-2014 განჩინება, სუს 01.07.2014წ.-ის №ას-455-430-2014 განჩინება). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი.

მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრების თაობაზე, თუმცა ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა ნორმის განსხვავებულად განმარტების წინაპირობას არ იძლევა. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ ის მის წინააღმდეგაა მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესებს შეეხება, რის თაობაზეც მხარემ სააპელაციო საჩივარში უნდა მიუთითოს.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-სა და მ. ჩ-ის სარჩელი მოპასუხეების: ლ. ბ-ის, ზ. ბ-ის, გ. ბ-სა და ლ. ბ-ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის მიღებული ლ. ბ-ის, ზ. ბ-ის, გ. ბ-სა და ლ. ბ-ის წინააღმდეგ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პირდაპირ არ წარმოშობს მათთვის რაიმე ქმედების შესრულების ან შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულებას, ასეთ პირობებში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მსურველმა მხარემ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, რომ გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე ახდენს გავლენას. კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზია იმასთან მიმართებაში, რომ ისინი წარმოადგენენ ქ. თბილისში, ჭ-ის (ყოფილი ბ-ის) ქ.N….-ში მდებარე უძრავი ნივთი ლიტერ „ა“ ორსართულიანი ნაგებობის მესაკუთრეებს და არა „მოსარგებლეებს“ კერძო საჩივრის ფარგლებში განსახილველ საკითხს არ წარმოადგენს, რადგანაც მესაკუთრის უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, რომლის დარღვევის შემთხვევაში, მესაკუთრეს უფლება აქვს დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღსადგენად ან დასადგენად მიმართოს სასამართლოს უფლების დაცვის შესაბამისი სასარჩელო ფორმის - ვინდიკაციური ან ნეგარტორული სარჩელის გამოყენების გზით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორებს მოცემული დავის ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ მხოლოდ იურიდიული ინტერესის არსებობისას. იურიდული ინტერესი კი, პირს აქვს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ გამოვიდა, რაც განსახილველ კერძო საჩივარზე დადგენილი არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ბ-ის, ზ. ბ-ის, გ. ბ-სა და ლ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე