საქმე №ას-287-275-2015 16 აპრილი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.კ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ს.ბ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლეობის დადგენა და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „კ.ს.ბ.მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.კ.ს მიმართ და მოითხოვა გარდაცვლილი ლ.თ.ის უფლებამონაცვლედ და დანაშთი სამკვიდროს მესაკუთრედ მოპასუხის ცნობა.
ი.კ.მ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ს.ს.ბ.ს“ სარჩელი ი.კ.ს მიმართ უფლებამონაცვლის დადგენისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი.კ. ცნობილ იქნა 2011 წლის 14 ოქტომბერს გარდაცვლილი ლ.თ.ის უფლებამონაცვლედ და გარდაცვლილი ლ.თ.ის სახელზე რიცხული უძრავი ქონებები (მდებარე ქ.თბილისი,) აღირიცხა უფლებამონაცვლე ი.კ.ს სახელზე.
საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა ი.კუციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ი.კ.ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლო უწყება გაეგზავნა 2014 წლის 17 დეკემბერს და შეტყობინება ადრესატს ჩაბარდა 2014 წლის 18 დეკემბერს, რის თაობაზეც საქმეში წარმოდგენილია შპს „სკს-ს“ შეტყობინების ბარათი, აპელანტ ი.კ.ს არ მიუმართავს სასამართლოსათვის განცხადებით სხდომის გადადების თაობაზე და არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 387-ე მუხლებით, 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩვარი შეიტანა ი.კ.მ და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძლებით:
2015 წლის მდგომაროებით მხარე იყო ავად მწვავე ვირუსული ინფექციით, რის გამოც ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად, ითხოვა ამ გარემოების გათვალისწინება და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ი.კ.ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 2015 წლის 17 თებერვალს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ი.კ.ს გაეგზავნა სასამართლო უწყება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2014 წლის 18 დეკემბერს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის ქმედუნარიან წევრს (იხ. შპს „სკს-ს“ შეტყობინების ბარათი);
უდავოა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე აპელანტს სასამართლოსათვის არ უცნობებია, რაც სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად შეაფასა ი.კ.ს სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად;
გამოცხადებული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა.
კერძო საჩვრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომის დროისათვის - 2015 წლის 17 თებერვალს იყო ავად, ჰქონდა ვირუსული ინფექცია, რის გამოც ვერ გამოცხადდა სასამართლოში, ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია, შესაბამისად, ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა საკასაციო პალატის კვლევის ობიექტი ვერ გახდება. კერძო საჩივრის ფარგლებში, როგორც უკვე აღინიშნა, ი.კ.მ მიუთითა საპატიო მიზეზის არსებობაზე - ავადმყოფობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს მხარის მიერ შუამდგომლობის წარდგენისა თუ მისი წარდგენის შეუძლებლობის საკანონმდებლო რეგლამენტაციას და, ერთი მხრივ, მიუთითებს განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობის აუცილებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამ გარემოების თაობაზე მხარის ობიექტურ შეუძლებლობას, წინასწარ აცნობოს სასამართლოს. ნორმის ამ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია. ამასთანავე, უდავოდ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ, ავადმყოფობის გამო, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა კანონმდებელმა მტკიცების სპეციალურ სტანდარტს დაუქვემდებარა და დაადგინა, რომ ამ მოტივით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებობა დადატურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, სადაც მითითებული იქნება სასამართლოს ხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. ამგვარი მტკიცებულება არც სააპელაციო სასამართლოს სხდომამდე წარუდგენია მხარეს და არც კერძო საჩივრისათვის დაურთავს, რაც ი.კ.ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.კ.ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური