Facebook Twitter

საქმე №ას-304-291-2015 23 აპრილი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ც.ქ.ს სავარაუდო უფლებამონაცვლე მ.ქ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.პ.კ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ამხანაგობის თავმჯდომარის გადადგომა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც.ქ.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.პ.კ.-ს“ მიმართ და მოითხოვა შპს „ე.პ.კ.-ს“ დავალდებულება ამხანაგობის მიზნის მიღწევაზე (საკუთრების ობიექტის განაწილება), ამხანაგობაში მოსარჩელის წილი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის სს „ბ.თ. ბანკის მიერ დადებული იპოთეკისაგან გათავისუფლება (თანახმად ამხანაგობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა), ასევე, ამხანაგობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ც.ქ.ს უარი ეთქვა სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების მიღებაზე, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ც.ქ.ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 372-ე, 377-ე, 390-ე მუხლებით, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები შეეხებოდა დავას, რომელიც იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძლით განხილული იყო თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, რაც შეეხებოდა დირექტორის თავმჯდომარეობიდან გადადგომას, ამ ნაწილში სარჩელის დასაშვებობა დამოუკიდებლად უნდა შემოწმებულიყო, თუმცა იგი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 178-ე მუხლების მოთხოვნებს.

სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განსახილველად მიღების წინაპირობა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე და 1991 მუხლებისა.

2014 წლის 29 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ც.ქ.ს შვილმა - მ.ქ.მ და განმარტა, რომ გარდაიცვალა ც.ქ., შესაბამისად, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, იშუამდგომლა შპს „ე.პ.კ.-სათვის“ ამხანაგობის თავმჯდომაროების შეჩერების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 იანვრის განჩინებით მ.ქ.ს განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და რადგანაც ც.ქ.ს კერძო საჩივარზე საქმის წარმოება დასრულებული იყო, მისი მემკვიდრის განცხადება, როგორც საპროცესო ვადის გასვლით წარდგენილი, განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.ქ.მ, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გარდაცვლილი ც.ქ. იყო ინვალიდი, რის გამოც სასამართლო მას შეტყობინებას უგზავნიდა ფოსტის მეშვეობით. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული ამავე სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინება ადრესატს არ გადასცემია, რის გამოც იგი კანონიერ ძალაში შესულად არ მიიჩნევა.

მოგვიანებით მ.ქ.მ განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სამედიცინო ცნობა ფორმა N100-ის ასლები, ასევე სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების ცნობის ასლი მისი ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ და დამატებით განმარტა, რომ, როგორც სააპელაციო სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვისას, ისე კერძო საჩივრის წარდგენისას იმყოფებოდა ავად, რის გამოც, ც.ქ.ს კერძო საჩივრის განხილვის შეჩერების ნაცვლად ითხოვა ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერება. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არ არსებობდა უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი. დაშვებული ხარვეზის გათვალისწინებით, მ.ქ.მ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უფლებამონაცვლის დადგენამდე კერძო საჩივრის განხილვის შეჩერება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც.ქ.ს სავარაუდო უფლებამონაცვლე მ.ქ.ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველი საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2014 წლის 29 ოქტომბერს განიხილა ც.ქაჩიბაიას კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინებაზე და არ დააკმაყოფილა იგი;

ამდენად, 2014 წლის 29 ოქტომბერს დასრულდა საქმის წარმოება ც.ქაჩიბაიას კერძო საჩივარზე, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს ც.ქ.ს სავარაუდო უფლებამონაცვლემ განცხადებით 2014 წლის 29 დეკემბერს მიმართა, განცხადებით ირკვევა, რომ ც.ქ. გარდაიცვალა, განმცხადებელმა კი, ითხოვა უფლებამონაცვლის დადგენამდე შპს „ე.პ.კ.-ს“ ამხანაგობის თავმჯდომაროების შეჩერება;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 იანვრის განჩინებით განცხადება, როგორც საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი, დარჩა განუხილველად;

სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის განჩინებაზე, რომლის კანონიერების შემოწმებაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს, მ.ქ.მ შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც ითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და შპს „ე.პ.კ.-ს“ ამხანაგობის თავმჯდომარეობის შეჩერება;

საკასაციო სასამართლოში მოგვიანებით წარმოდგენილი განცხადებით მ.ქ.მ შეცვალა მოთხოვნა და განმარტა, რომ იმყოფებოდა ავად, რამაც განაპირობა როგორც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში, ისე კერძო საჩივარში მითითებული მოთხოვნის არასწორად გადმოცემა, იგი შპს „ე.პ.კ.-ს“ ამხანაგობის თავმჯდომაროების შეჩერების ნაცვლად, რეალურად, მოითხოვდა უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერებას;

როგორც კერძო საჩივრით, ისე მოგვიანებით წარმოდგენილი განცხადებით მ.ქ. მოთხოვნის მართებულბას ამტკიცებს იმით, რომ არც მას და არც ც.ქ.ს (გარდაცვალებამდე) კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება არ ჩაბარებია, რის გამოც იგი კანონიერ ძალაში არ არის შესული.

საკასაციო პალატა იზიარებს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჩაუბარებია მისთვის 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საქმეში ამ განჩინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის გამო, თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ იგი არ წარმოადგენს იმგვარ საპროცესო დარღვევას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. ამ კუთხით პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 419-ე მუხლის პირველი ნაწილით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის განხილვა საპროცესო მოქმედების შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენს, მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ზემდგომი სასამართლოს განჩინებას კერძო საჩივრის თაობაზე, რომელიც არ საჩივრდება, ამ განჩინების (საბოლოო) მხარისათვის ჩაუბარებლობა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა 2014 წლის 29 ოქტომბერს და, როგორც აღინიშნა, კერძო საჩივრის საგანთან მიმართებით საქმის წარმოება სწორედ ამ დღეს დასრულდა, ხოლო, საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ც.ქ. გარდაიცვალა 2014 წლის 23 ნოემბერს.

საკასაციო პალატა ამ გარემოების გათვალისწინებით, სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ არ არსებობდა მ.ქ.ს 2014 წლის 29 დეკემბრის განცხადების განხილვის სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც საქმის წარმოება ც.ქ.ს კერძო საჩივრის თაობაზე დასრულებული იყო 2014 წლის 29 ოქტომბერს, განცხადება წარდგენილია 2014 წლის 29 დეკემბერს, საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი კი, იმპერატიულად ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებას, საკასაციო პალატა ამ განცხადებაზე დართული მტკიცებულებების შესწავლით იზიარებს განმცხადებლის მითითებას მისი ჯანმრთელობის მდგომაროების თაობაზე, თუმცა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელმა შეცვალა მოთხოვნა და მოითხოვა ის, რაც მას სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე არ უთხოვია. რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის კანონიერება, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის შეცვლა დაუშვებელია (სსსკ 406-ე მუხლი), საპატიო მიზეზის არსებობის მიუხედავად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად განიხილოს განცხადება, თუმცა სამართალწარმოების მიზნებისა და საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონტექსტში საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამხვილოს მხარის გარდაცვალების მოტივით საქმის წარმოების შეჩერების ინსტიტუტზე:

სამოქალაქო საპროცესო კოდექის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება სასამართლოს წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვალების ფაქტი საქმის განხილვის დასრულებამდე დადგება, რათა გარდაცვლილი პირის ინტერესების დაუცველობით არ შეილახოს იმ უფლებამონაცვლის საპროცესო უფლებები, რომლის მიმართაც გადაწყვეტილებით გარკვეული უფლება-მოვალეობები დადგინდება, წარმოების შეჩერების აუცილებლობა აზრს კარგავს საქმის გადაწყვეტის შემდეგ, სწორედ ამ პრინციპითაა გამართლებული საპროცესო თუ მატერიალურ კანონმდებლობაში დამკვიდრებული პრინციპი, რომ უფლებამონაცვლეობამდე განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება, თავის მხრივ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ითვალისწინებს უფლებამონაცვლეობის დაშვებას და 24-ე მუხლით განსაზღვრავს სააღსრულებო ფურცლის გაცემას უფლებამონაცვლის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ უფლებამონაცვლეობის მოტივით საქმის წარმოების შეჩერება მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრებასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, აზრს კარგავს და ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ გამომდინარებს საპროცესო სამართლის მიზნებიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ც.ქ.ს სავარაუდო უფლებამონაცვლე მ.ქ.ს კერძო საჩვრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც.ქ.ს სავარაუდო უფლებამონაცვლე მ.ქ.ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ზ. ძლიერიშვილი