Facebook Twitter

საქმე №ას-312-299-2015 30 აპრილი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „კ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.გ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ.გ.მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ.ს მიმართ 2012 წლის 10 ოქტომბერს შპს „კ.სა“ და ვ.გ.ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა ქ.ბათუმში, მდებარე მშენებარე ობიექტის მე -2 სართულზე (მიწიდან პირველ სართულზე) „ა“-„ნ“’ და „1“-„7“ ღერძების კვეთაში არსებული, საჯარო რეესტრში შპს „კ.ს“ სახელზე საკუთრების უფლებითა და ვ.გ.ს მომავალი მესაკუთრის უფლებით რეგისტრირებული 2 000 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის ვ.გ.ს საკუთრებაში გადაცემა, ამავე უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვა და, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოპასუხისათვის 20 000 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ.გ.ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „კ.ს“ დაევალა 2012 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, მშენებარე ობიექტზე შეთანხმებული 2 000 კვ.მ ფართის მოსარჩელისათვის გადაცემა და მასზე ვ.გ.ის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვა, ხოლო 20 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ვ.გ.მა და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ვ.გ.ს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას ითვალისწინებს, თუმცა ამ სამართლებრივი გარემოების შეფარდება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებშია შესაძლებელი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილით მისი გამოყენება სახელშეკრულებო დავისას დასაშვებია, თუ ეს პირდაპირაა გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

მხარეთა შორის 2012 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების 6.5 მუხლი ამგვარ პირობას აღიარებს, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „კ.მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

ვ.გ.ს აღძრული სარჩელით რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა დაყენებული, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მას მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა არ უთხოვია, ეს წარმოადგენს დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომლის დაკმაყოფილებაც სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული, ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოში მსჯელობა დაუშვებელია;

გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია შპს „კ.ს“ მხრიდან სამართალწარმოების გაჭიანურებაზე, რაც რეალობას არ შეესაბამება, რადგანაც კანონით გათვალისწინებული საპროცესო საშუალებების (სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება) გამოყენება არ წარმოადგენს პროცესის გაჭიანურებას;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხზე შესაძლებელი იყო მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს ემსჯელა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცელიც მის მიერ უნდა ყოფილიყო გაცემული, ამასთანავე, შუამდგომლობა უნდა განხილულიყო იმავე სხდომაზე. ამ მოთხოვნის მოგვიანებით დაყენება უთანაბრდება სარჩელის მოთხოვნის გაზრდას;

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინების არსებობა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე ქმნის ტექნიკურ პრობლემას გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც, ამასთანავე, სასამართლომ საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტით დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგანაც შუამდგომლობის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარეს არ მიეცა საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა;

საგულისხმოა, რომ საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც ჯეროვნად იცავს მოსარჩელის ინტერესებს, ასეთ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია შუამდგომლობის დაკმაყოფილება, ამასთან, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარის მიერაა გასაჩივრებული და სააპელაციო საჩივრები მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „კ.ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება განჩინებას და მის გაუქმებას რამდენიმე საფუძვლით მოითხოვს, კერძოდ:

ა) როდესაც მხარეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა სარჩელით არ აქვს მოთხოვნილი, ზემდგომ სასამართლოში ის ამ საკითხის დაყენებით ზრდის სასარჩელო მოთხოვნას;

ბ) ზემდგომი წესით საქმის განხილვისას ამ საკითხის გადაწყვეტა ეწინააღმდეგება კანონს, ამასთანავე ქმნის ტექნიკურ პრობლემას სააღსრულებო ფურცლის გაცემის კუთხით;

გ) საქმის მხარეთა დაუსწრებლად განხილვით სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და მოწინააღმდეგე მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა გამოეხატა საკუთარი პოზიცია;

დ) მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგანაც საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც ჯეროვნად იცავს მის ინტერესებს.

მხარის პრეტენზიების მართებულობის შემოწმების მიზნით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილითაც კანონმდებელი გვთავაზობს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს, შესაბამისად, ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილია მოვალის ინტერესების იმგვარი დაცვა, რომ მხარეს, გარემოებათა გათვალისწინებით, შესაძლოა დაეკისროს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა. მიუხედავად აღნიშნულისა, კანონმდებელი ამავე ნორმის 11 ნაწილით გვთავაზობს საგამონაკლისო წესს სახელშეკრულებო დავებთან მიმართებით და ადგენს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

შეიძლება ითქვას, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობათა ფარგლებში მხარეთა შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, წარმოადგენს რა თავისუფალი ნების გამოვლენის გზით მხარის მიერ საკუთარი უფლებების მბოჭავ დანაწესს, ასეთ შემთხვევაში, სწორედ ის მხარე ხდება იმ ყველა შესაძლო რისკის მატარებელი, რაც შეთანხმების სისრულეში მოყვანას შეიძლება მოჰყვეს. სწორედ ამითაა გამართლებული კანონმდებლის განსაკუთრებული მიდგომა სახელშეკრულებო დავასთან დაკავშირებით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 10 ოქტომბრის უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების 6.5 პუნქტით ამგვარი შეთანხმების არსებობა დასტურდება და ამ სახელშეკრულებო პირობის ნამდვილობა შპს „კ.ს“ სადავო არ გაუხდია, შესაბამისად, სახეზე გვაქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენების წინაპირობა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შპს „კ.ს“ არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლადმ მიქცევაზე, ამასთანავე, მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა.

უპირველესად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. დასახებული ნორმა იძლევა ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმის გამოყენების შესაძლებლობას, რომლებიც სააპელაციო სამართალწარმოების თავში სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარება, ამასთანავე, ამ საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს განმარტება და გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება არც დამკვიდრებულ პრაქტიკას (იხ. სუსგ Nას-359-334-2010, 7 ივნისი, 2010 წელი).

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მხარის მტკიცებას ზემდგომ სასამართლოში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხის დაყენებით სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის გაზრდად ჩაითვლება საპროცესო საშუალებათა მხოლოდ იმგვარი რეალიზაცია, რასაც შედეგად გადაწყვეტილებით დადასტურებული/აღიარებული მატერიალური უფლების ცვლილება (გადიდება) მოჰყვება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელეს ყოველთვის მოესპობა შესაძლებლობა, ზემდგომი წესით განკარგოს საპროცესო კანონმდებლობით მიკუთვნებული უფლებები (როგორიცაა, მაგ: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიიების სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გამოყენება და სხვა).

რაც შეეხება მხარის მსჯელობას სააღსრულებო ფურცლის გაცემის კუთხით წარმოშობილ შესაძლო პრობლემების თაობაზე, ამ პრეტენზიას პალატა არ შეაფასებს ორი მიზეზის გამო: ა) ამგვარი პრეტენზია შეიძლება მხოლოდ კრედიტორს გააჩნდეს, რამდენადაც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მხოლოდ მის ინტერესებშია; ბ) საქმის მასალებით დასტურდება სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და აღსასრულებლად წარმართვის ფაქტი.

საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს შპს „კ.ს“ მსჯელობას, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე საკითხის გადაწყვეტით დაირღვა მისი უფლებები შეჯიბრებითობაში მონაწილეობის მიუღებლობის კუთხით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტის წესი და საქმის განხილვის დასრულების შემდგომ შუამდგომლობის განხილვა დადგენილია მხარეთა დაუსწრებლად, მართალია, სხდომის ჩატარების შესაძლებლობას ნორმა ითვალისწინებს, მაგრამ ეს გამართლებულია მხოლოდ კონკრეტული დავის სირთულითა და საქმის სწორად გადაწყვეტის ინტერესით, მოემულ შემთხვევაში ამგვარი სირთულე სახეზე არაა, ამასთანავე, 270-ე მუხლით განსაზღვრულია რა ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა (რითაც ისარგებლა კიდევაც მხარემ) შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაზე მითითება აზრს კარგავს.

პალატა ასევე დასაბუთებულ შედავებად ვერ მიიჩნევს შპს „კ.ს“ არგუმენტს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლების არარასებობის თაობაზე, რადგანაც, როგორც უკვე აღინიშნა, კანონის ეს დანაწესი, წარმოადგენს კრედიტორის სახელშეკრულებო გარანტიას და თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეული აღმჭურველი უფლებით სარგებლობა მხოლოდ კრედიტორის ნებაზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, გამოყენებულია თუ არა უზრუნველყოფის რაიმე ზომა, საპირისპირო ვითარებაშიც კი, კერძო საჩივრის უსაფუძვლობას ადასტურებს ის გარემოება, რომ შპს „კ.“ შემოფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, თუ რატომ არ უნდა მიექცია სააპელაციო პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუმცა მხარეს არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენებას მისი რა უფლების არამართლზომიერი შელახვა მოჰყვა შედეგად, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველია.

რაც შეეხება ვ.გ.ის მიერ წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერს, პალატა თვლის, რომ ეს მტკიცებულება უნდა დაუბრუნდეს მხარეს, რადგანაც კერძო საჩივრის საფუძვლიანობის მიმართ მას შემხებლობა არ აქვს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ.ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. ვ.გ.ს დაუბრუნდეს Nა-1411-15 განცხადებაზე დართული მტკიცებულება _ საჯარო რეესტრის ამონაწერი 2 (ორი) ფურცლად.

4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური