Facebook Twitter

საქმე №ას-322-307-2015 23 აპრილი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.დ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ქ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.ქ.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.დ.სა და კ.ს.ს მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების, კერძოდ, სესხის ძირი თანხის - 2 500 აშშ დოლარისა და სარგებლის - 3 000 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ოქტომბრის საოქმო განჩინებით კ.ს.ს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა დ.დ., ამავე სასამართლოს 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით კი, ი.ქ.ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დ.დ.ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 500 აშშ დოლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით დ.დ.ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად ცნო, რომ ამავე სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს 14-დღიანი საპროცესო ვადის დაცვით დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 220 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა;

საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათის თანახმად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება დ.დანელიას რძალს - მ.ც.ს ჩაბარდა 2015 წლის 6 თებერვალს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით და რადგანაც ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 7 თებერვლიდან და ამოიწურა ამავე წლის 20 თებერვალს, ხოლო ამ ვადის განმავლობაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 374-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძლები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ.დ.მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძლებით:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, რადგანაც 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 220 აშშ დოლარის 14 დღის ვადაში გადახდა. 2015 წლის 6 თებერვალს განჩინება ჩაიბარა აპელანტის ოჯახის წევრმა.

2015 წლის 16 თებერვალს აპელანტმა სს „ლ.ბ.ის“ მეშვეობით გადაიხადა განჩინებით დაკისრებული თანხა, თუმცა ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა ქვითრის სასამართლოში წარდგენა, მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ აპელანტმა დადგენილ ვადაში გამოასწორა ხარვეზი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ.დ.ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით აპელანტს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 220 აშშ დოლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა;

განჩინების თანახმად, ხარვეზის გამოსოწრების ვადად სასამართლომ განსაზღვრა ამ განჩინების ასლის ადრესატისათვის გადაცემიდან 14 დღე, ასევე განემარტა მხარეს დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესრულების წესი, კერძოდ, 14-დღიანი ვადის დაცვით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა;

განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით აპელანტს განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე;

აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე განჩინება გაეგზავნა დ.დ.ს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, 2015 წლის 6 თებერვალს ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, რძალს - მ.ც.ს.

საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ სასამართლომ არსებითად სწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით კი დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატვების თაობაზე, თუ დაადგენს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა.

კანონმდებელი აღნიშნული დანაწესების შემოღებით ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაშვების წინაპირობებს და ამ წინაპირობების არარსებობის შემთხვევაში, იმპერატიულად ადგენს საჩივრის დაუშვებლად ცნობის აუცილებლობას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სწორად გამოთვალა საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და დასასრული და რადგანაც საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის გასვლის დროისათვის სასამართლოს არ მოეპოვებოდა ინფორმაცია აპელანტისათვის დაკისრებული მოქმედების განხორციელების თაობაზე, პალატამ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი, რადგანაც აპელანტმა ბაჟი განჩინებით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

კერძო საჩივარზე დართული საგადახდო დავალების ასლით ირკვევა, რომ დ.დ.მ სს „ლ.ბ.ის“ მეშვეობით 2015 წლის 16 თებერვალს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა 442,20 ლარი, თუმცა უდავოა, რომ ეს მტკიცებულება - ქვითარი აპელანტს სასამართლოში არ წარუდგენია, რაც ვერ იქნება მიჩნეული ხარვეზის გამოსწორებად.

ამ კუთხით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული საპროცესო მოქმედების ჯეროვან შესრულებად განიხილება როგორც უშუალოდ ამა თუ იმ მოქმედების განხორციელება, ისე დადგენილ ვადაში სასამართლოს ინფორმირება საპროცესო მოქმედების შესრულების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისათვის ხელსაყრელი შედეგი მიღწეული ვერ იქნება. საკასაციო პალატის აღნიშნული განმარტება დადგენილია უზენაესი სასამართლოს სტაბილური ერთგვაროვანი პრაქტიკითაც, სადაც მსგავსი შემთხვევისას სასამართლომ არ ჩათვალა გამოსწორებულად ხარვეზი, როდესაც მხარემ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა და დაარღვია სასამართლო ინფორმირების ვადა ამ საპროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე (იხ.სუსგ 2010 წლის 12 აპრილი, საქმე №ას-191-182-2010), ამასთანავე, ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენის შეუძლებლობა განპირობებული იყო აპელანტის ავადმყოფობით. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია რა მხარის ვალდებულება, სათანადოდ დაადასტუროს მოთხოვნა, ნორმის მე-3 ნაწილი მხარის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას სასამართლოს აძლევს მაშინ, თუ ეს პოზიცია დადასტურებულია. იმ შემთხვევაში, თუ კანონი ითვალისწინებს მტკიცების სპეციალურ სტანდარტს (როგორიცაა, მაგ: სამედიცინო დაწესებულების ცნობა და სხვა), სადავო გარემოება მხარემ მხოლოდ სათანადო მტკიცებულებით უნდა დაადასტუროს.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მისი ავადმყოფობის ფაქტი, რაც გამორიცხავდა ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში გამოცხადების ან კორესპოდენციის გაგზავნის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ.დ.ს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას, ამასთანავე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რა 443,20 ლარის გადახდის ქვითრის დედანი, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, იმსჯელოს ამ თანხის მხარისათვის დაბრუნებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.დ.ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური