Facebook Twitter

საქმე №ას-398-378-2015 27 აპრილი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე.მ.

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ქ.ფ.“, შპს „რ.ფ.“, შპს „რ.ი.ჯ.“

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტისა და 6 აპრილის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათლად ცნობა და პირვანდელი მდგომაროების აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე.მ.მა სარჩელი აღზრა სასამართლოში სს „ქ.ფ.ს“, შპს „რ.ფ.სა“ და შპს „რ.ი.ჯ.ს“ მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 27 დეკემბერს სს „ქ.ფ.სა“ და შპს „რ.ფ.ს“ შორის დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების, 2011 წლის 27 დეკემბერს სს „ქ.ფ.სა“ და შპს „რ.ი.ჯ.ს“ შორის დადებული წიდის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2011 წლის 27 დეკმბერს შპს „რ.ი.ჯ.სა“ და შპს „რ.ფ.ს“ შორის დადებული წიდის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომაროების აღდგენა და გასხვისებული ქონების სს „ქ.ფ.თვის“ დაბრუნება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩვრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით შპს „რ.ფ.ს“ შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარი ეთქვა შუამდგომლობის ავტორს.

ამავე სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით ე.მ.ის სარჩელი დარჩა განუხილველად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და სს „ქ.ფ.ს“, შპს „რ.ფ.სა“ და შპს „რ.ი.ჯ.ს“ სააპელაციო საჩივრებზე შეწყდა სამართალწარმოება.

სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტისა და 6 აპრილის განჩინებებზე კერძო საჩივარი წარადგინა ე.მ.მა, მოითხოვა მათი გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე.მ.ის კერძო საჩივარი განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გარიგებები, რომელთა თაობაზეც მიმდინარეობს საქმის წარმოება, დადებულია სს „ქ.ფ.ს“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში და წინამდებარე დავა სპეციალური კანონის _ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში განიხილება, ანუ დაქვემდებარებულია სამართალწარმოების სპეციალურ ნორმებზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოსაყენებელი საპროცესო ნორმები და დადგენილია, რომ ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს გადმოეცა ე.მ.ის კერძო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულია მტკიცებულებათა მიღების, ასევე სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების წესი, კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო განჩინება.

განსახილველი კანონი ასევე ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე - 420-ე მუხლებით კერძო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი წესებისაგან განსხვავებულ რეგულაციას, კერძოდ, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების გამოტანიდან 5 დღის ვადაში.

ამდენად, სპეციალური ნორმით განმტკიცებულია, რომ კერძო საჩივარს განიხილავს განჩინების მიმღები სასამართლო და ის ზემდგომი სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგს გახდეს, თუ განჩინების მიმღები სასამართლო მას დაუშვებლად ან დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

ვინაიდან გასაჩივრებული განჩინების მიმღებ სასამართლოს არ უმსჯელია ე.მთვრალაშვილის კერძო საჩვარზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-9 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.მ.ის კერძო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე