საქმე №ა-3614-შ-98-2014 28 აპრილი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. დ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ბ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. დ-ას მოთხოვნა ა. ბ-თან მიმართებაში განქორწინების, ალიმენტის დაკისრებისა და არასრულწლოვანი შვილების რჩენასთან დაკავშირებით. გაუქმდა ქორწინება ა. ბ-სა და ი. დ-ას შორის რეგისტრირებული 2010 წლის 25 სექტემბერს სრს ისანი-სამგორის სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერი №.... ა. ბ-ს ი. დ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების – ა. ა.ს ასულ ბ-ას, დაბადებული 2011 წლის 27 მაისს და ნ. ა.ს ასულ ბ-ას, დაბადებული 2013 წლის 4 აგვისტოს, რჩენის მიზნით, ყოველთვიურად, ნებისმიერი სახის ხელფასის ან/და სხვა შემოსავლის 1/3 ნაწილის ოდენობით, 2014 წლის 20 მარტიდან ა. ა.ს ასულ ბ-ას (დაბადებული 2011 წლის 27 მაისს) სრულწლოვანებამდე, ხოლო ალიმენტის გადახდა ნებისმიერი სახის ხელფასის ან/და სხვა შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, ნ. ა.ს ასულ ბ-ას, დაბადებული 2013 წლის 4 აგვისტოს, სრულწლოვანების მიღწევამდე. ამავე გადაწყვეტილებით ა. ბ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის გადახდა – 100 (ასი) რუბლის ოდენობით.
ი. დ-ამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება განქორწინების, ალიმენტის დაკისრებისა და არასრულწლოვანი შვილების რჩენის თაობაზე.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებით ი. დ-ას შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ა. ბ-ს გაეგზავნა რამდენჯერმე 2015 წლის 13 თებერვალს, 6 მარტს და 17 აპრილს და ჩაბარდა 2015 წლის 20 აპრილს.
2015 წლის 27 აპრილს ა. ბ-ის წარმომადგენელმა მ. ყ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოპასუხის მოსაზრება გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ ი. დ-ას შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების თაობაზე. ა. ბ-ს წარმოდგენილი მოსაზრებით შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა არ მოუთხოვია. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, მისი 2015 წლის 4 თებერვლის განჩინების შესაბამისად, ი. დ-ას შუამდგომლობა განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ი. დ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. დ-ას მოთხოვნა ა. ბ-თან მიმართებაში განქორწინების, ალიმენტის დაკისრებისა და არასრულწლოვანი შვილების რჩენასთან დაკავშირებით. გაუქმდა ქორწინება ა. ბ-სა და ი. დ-ას შორის რეგისტრირებული 2010 წლის 25 სექტემბერს სრს ისანი-სამგორის სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერი №.... ა. ბ-ს ი. დ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების – ა. ა.ს ასულ ბ-ას, დაბადებული 2011 წლის 27 მაისს და ნ. ა.ს ასულ ბ-ას, დაბადებული 2013 წლის 4 აგვისტოს, რჩენის მიზნით, ყოველთვიურად, ნებისმიერი სახის ხელფასის ან/და სხვა შემოსავლის 1/3 ნაწილის ოდენობით, 2014 წლის 20 მარტიდან ა. ა.ს ასულ ბ-ას (დაბადებული 2011 წლის 27 მაისს) სრულწლოვანებამდე, ხოლო ალიმენტის გადახდა ნებისმიერი სახის ხელფასის ან/და სხვა შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, ნ. ა.ს ასულ ბ-ას, დაბადებული 2013 წლის 4 აგვისტოს, სრულწლოვანების მიღწევამდე. ამავე გადაწყვეტილებით ა. ბ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის გადახდა – 100 (ასი) რუბლის ოდენობით.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი აღსრულება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა (იხ. ს.ფ.4)
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები.
მოპასუხე მის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითებს, რომ ქ. მოსკოვის პრესნენსკის რაიონის სასამართლოს მიერ იგი სათანადო წესით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე, რადგან მისმა ყოფილმა მეუღლემ ი. დ-ამ მოპასუხის მისამართად მიუთითა თავისი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ერთ დროს ერთად ცხოვრობდნენ და სადაც ა. ბ-ს 2013 წლის დეკემბრის შემდეგ სახლში შესვლის უფლება არ მისცეს. იგი 2013 წლის დეკემბრიდან რუსეთში აღარ ცხოვრობს, მით უმეტეს იმ მისამართზე, რაც მითითებული აქვს სასამართლოს. მისი საცხოვრებელი ადგილი არის საქართველო, ქ. თბილისი, სოფ. ნ-ი, ხ-ის ქ. №1. აღნიშნულით მას მოესპო სასამართლო სხდომაზე გამოცხადების და/ან შესაგებლის წარდგენით საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც ქ. მოსკოვის პრესნენსკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
აღნიშნული მოსაზრებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ საქმეში წარმოდგენილია ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონის სასამართლოს ცნობა, რომლის თანახმად, მოპასუხე ა. ბ-ი დროულად და კანონით დადგენილი ფორმით იქნა გაფრთხილებული სასამართლო განხილვის დროისა და ადგილის შესახებ (იხ. ს.ფ.5) აღნიშნულ ცნობას თან ახლავს გაფრთხილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთაგან ირკვევა, რომ სასამართლოს უწყება მოპასუხეს გაეგზავნა ორჯერ შემდეგ მისამართზე: ქ. მოსკოვი, ხ-ს ქუჩა, სახლი ..., ბინა ... (იხ. ს.ფ. 6–7) მხარის კანონით დადგენილი წესით ინფორმირების შესახებ მითითებულია უშუალოდ ქ. მოსკოვის პრესნენსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების ტექსტშიც (იხ.ს.ფ.3) სასამართლოს გადაწყვეტილებაში და სასამართლოს მიერ გაცემულ ცნობაში მოცემული ინფორმაცია, აგრეთვე, სასამართლო უწყების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობა ქმნის პრეზუმფციას, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით სათანადოდ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოპასუხემ სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს, რომ ასეთ გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია.
მოცემულ შემთხვევაში, გარდა ზეპირსიტყვიერი მითითებისა, რომ 2013 წლის დეკემბრის შემდეგ იგი რუსეთში აღარ ცხოვრობს და მისამართი, სადაც სასამართლო უწყება გაიგზავნა, წარმოადგენს ი. დ-ას საცხოვრებელ მისამართს, სადაც ა. ბ-ს 2013 წლის დეკემბრის შემდეგ არ შეეძლო მისვლა, მოპასუხეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოპასუხის მითითება, რომ 2013 წლის დეკემბრიდან მისი საცხოვრებელი ადგილი არის საქართველო, ქ. თბილისი, სოფ. ნ-ი, ხ-ის ქ. №1 ეწინააღმდეგება მისსავე მითითებას, რომ უკვე წელიწადია რუსეთში იმყოფება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ მის მიმართ დარღვეულ იქნა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არც „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში მითითებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები.
რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. დ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ქ.მოსკოვის პრესნენსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც: დაკმაყოფილდა ი. დ-ას მოთხოვნა ა. ბ-თან მიმართებაში განქორწინების, ალიმენტის დაკისრებისა და არასრულწლოვანი შვილების რჩენასთან დაკავშირებით. გაუქმდა ქორწინება ა. ბ-სა და ი. დ-ას შორის რეგისტრირებული 2010 წლის 25 სექტემბერს სრს ისანი-სამგორის სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერი №.... ა. ბ-ს ი. დ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების – ა. ა.ს ასულ ბ-ას, დაბადებული 2011 წლის 27 მაისს და ნ. ა.ს ასულ ბ-ას, დაბადებული 2013 წლის 4 აგვისტოს, რჩენის მიზნით, ყოველთვიურად, ნებისმიერი სახის ხელფასის ან/და სხვა შემოსავლის 1/3 ნაწილის ოდენობით, 2014 წლის 20 მარტიდან ა. ა.ს ასულ ბ-ას (დაბადებული 2011 წლის 27 მაისს) სრულწლოვანებამდე, ხოლო ალიმენტის გადახდა ნებისმიერი სახის ხელფასის ან/და სხვა შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, ნ. ა.ს ასულ ბ-ას, დაბადებული 2013 წლის 4 აგვისტოს, სრულწლოვანების მიღწევამდე. ამავე გადაწყვეტილებით ა. ბ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ბაჟის გადახდა – 100 (ასი) რუბლის ოდენობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე