საქმე №ა-3661-შ-102-2014 20 აპრილი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
შუამდგომლობის ავტორი –კსს საკონდიტრო ფაბრიკა „ლ.“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ე....“ (ს/ნ ...)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
კსს საკონდიტრო ფაბრიკა „ლ.მ“ სარჩელი აღძრა უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოში შპს „ჯ.ე....-“-ის მიმართ 27 021,27 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ (რაც სარჩელის შეტანის დღისათვის უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის მიხედვით შეადგენს 215 899,95 გრივნას).
უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ჯ.ე....-“-ს (მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ა-ის ქუჩა № ..., საიდენტიფიკაციო კოდი: ...) კერძო სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ლ.სათვის“ (09200, უკრაინა, კიევის ოლქი, ქალაქი კაგარლიკი, ფ-ს ქუჩა, სახლი ..., საიდენტიფიკაციო კოდი: ...) ძირითადი ვალის თანხის – 27 021 (ოცდაშვიდი ათას ოცდაერთი) აშშ დოლარისა და 27 ცენტის და სასამართლო მოსაკრებლის – 4 320 (ოთხი ათას სამას ოცი) გრივნისა და 40 კაპიკის გადახდა დაეკისრა.
კსს საკონდიტრო ფაბრიკა „ლ.მ“ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების თაობაზე.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე შპს „ჯ.ე....-“, მას გაეგზავნა საქმის მასალები ქ. თბილისში, ა-ის ქ. №...-ში. 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული ამავე წლის 22 აგვისტოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით კსს საკონდიტრო ფაბრიკა „ლ.ს“ შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე შპს „ჯ.ე....-“-ს გაეგზავნა 2014 წლის 24 დეკემბერს და ჩაბარდა 2014 წლის 25 დეკემბერს.
2014 წლის 31 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსაზრება წარმოადგინა შპს „ჯ.ე....-“–მა და მოითხოვა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა. აღნიშნული შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს „ჯ.ე....-“ – ს არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისად შპს „ჯ.ე....-“-ისათვის უცნობი იყო გადაწყვეტილების არსებობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე მას წაერთვა უფლება გაესაჩივრებინა არასასურველი გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების ვადაც, სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, უნდა ათვლილიყო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნულთან ერთად მოწინააღმდეგე მხარე უთითებს იმ გარემოებაზეც, რომ შუამდგომლობას თან არ ერთვის სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, რითაც დაირღვა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, სასამართლო სხდომაზე მოუსმინა მოწინააღმდეგე მხარეს და მივიდა დასკვნამდე, რომ კსს საკონდიტრო ფაბრიკა „ლ.ს“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ჯ.ე....-“-ს (მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ა-ის ქუჩა № ..., საიდენტიფიკაციო კოდი: ...) კერძო სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ლ.სათვის“ (09200, უკრაინა, კიევის ოლქი, ქალაქი კაგარლიკი, ფ-ს ქუჩა, სახლი 99, საიდენტიფიკაციო კოდი: ...) ძირითადი ვალის თანხის – 27 021 (ოცდაშვიდი ათას ოცდაერთი) აშშ დოლარისა და 27 ცენტის და სასამართლო მოსაკრებლის – 4 320 (ოთხი ათას სამას ოცი) გრივნისა და 40 კაპიკის გადახდა დაეკისრა.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე შპს „ჯ.ე....-“, მას გაეგზავნა და ჩაბარდა საქმის მასალები ქ. თბილისში, ა-ის ქ. №...-ში (იხ. ს.ფ. 24-26). აღნიშნული ფაქტი, შპს „ჯ.ე....“-ის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა (იხ. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის სხდომის ოქმი, ს.ფ. 48).
მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ჯ.ე....“ არ გამოცხადებულა 2014 წლის 5 აგვისტოს ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოში საქმის განხილვაზე და მისთვის არც რაიმე შუამდგომლობით ან განცხადებით მიუმართავს სასამართლო სხდომამდე ან სასამართლო სხდომის შემდეგ (იხ. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის სხდომის ოქმი, ს.ფ. 48).
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ქ. კიევის სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობის დროს შპს „ჯ.ე....“-მა შეიცვალა იურიდიული მისამართი, კერძოდ, ნაცვლად ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებაში მითითებული მისამართისა: ქ. თბილისი, ა-ის ქ. №..., 2014 წლის 6 აგვისტოდან შპს „ჯ.ე....“-ის იურიდიული მისამართი გახდა: ქ. თბილისი, ა-ის შესახვევი №.... შპს „ჯ.ე....“- ის წარმომადგენლის განმარტებით, მას მისამართის ცვლილების თაობაზე სასამართლოსთვის არ შეუტყობინებია (იხ. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის სხდომის ოქმი, ს.ფ. 48).
ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ სააპელაციო საჩივარი არ იქნება წარდგენილი. იმავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისათვის გამოიცემა ბრძანება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს #... ბრძანების შესაბამისად, ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება 2014 წლის 22 აგვისტოს შევიდა კანონიერ ძალაში (იხ. ს.ფ. 19-20).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველო არ ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. თითოეული პირის უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს ძირითადი სამართლებრივი პრინციპია, რომელიც სამოქალაქო დავებთან დაკავშირებით განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, რომლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ასევე, ამავე კოდექსის მე-5 მუხლით, რომლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე და 83-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღოს ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექპერტებს, სპეციალისტებს, სასამარლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებანი საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით განსაზღვრულია ის უფლება-მოვალეობები და ქცევის წესები, რომლებსაც სასამართლო და მხარეები იყენებენ კომუნიკაციისას. აღნიშნული თავის 70.1-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს; იმავე თავის 71.1-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით; ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
დადგენილია, რომ შპს „ჯ.ე....“-მა 2014 წლის 6 აგვისტოს შეიცვალა იურიდიული მისამართი, თუმცა მას აღნიშნულის თაობაზე ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოსათვის არ შეუტყობინებია (იხ. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის სხდომის ოქმი, ს.ფ. 48). ასეთ პირობებში სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე მხარისათვის გაგზავნილი უწყება ჩაბარებულად ითვლება.
მოწინააღმდეგე მხარე ვერ უთითებს, აგრეთვე, ისეთ გარემოებებზე, რომლებიც გამორიცხავს მისთვის 2014 წლის 6 აგვისტომდე არსებულ იურიდიულ მისამართზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით გაგზავნას და ჩაბარებას. სასამართლო ბრძანების არსებობა, რომლის თანახმადაც, სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ქმნის პრეზუმფციას, რომ გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ და ჩაბარდათ საქმის მონაწილე მხარეებს, რომლებსაც ის კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებიათ. აღნიშნული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად მხარემ ვერ მიუთითა ვერცერთ გარემოებაზე, გარდა განცხადებისა, რომ მას სასამართლო გადაწყვეტილება არც ძველ მისამართზე ჩაბარებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის მითითებას, რომ ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე საპროცესო დარღვევას მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მხარის მითითებას, რომ შუამდგომლობას თან არ ერთვის სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რომ აღნიშნული ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველია შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთის სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე, ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.
ზემოაღნიშნულ კანონთან ერთად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც მიეკუთვნებიან საქართველო და უკრაინა, საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების პროცესში ხელმძღვანელობენ კონვენციით „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“. აღნიშნული კონვენციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დოკუმენტები, რომლებიც ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დამზადებულია ან დამოწმებული სპეციალურად მასზე უფლებამოსილი პირის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი ფორმით და განმტკიცებულია გერბიანი ბეჭდით, სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე მიიღება რაიმე სპეციალური მოწმობის გარეშე, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დოკუმენტები, რომლებიც ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განიხილება, როგორც ოფიციალური დოკუმენტები, სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ ოფიციალური დოკუმენტების მტკიცებულებითი ძალით.
ამავე კონვენციის მე-17 მუხლის შესაბამისად, ერთმანეთთან ურთიერთობაში წინამდებარე კონვენციის აღსრულებისას ხელშემკვრელ მხარეთა იუსტიციის დაწესებულებები სარგებლობენ ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფო ენებით ან რუსული ენით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ უკრაინის ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება წარმოდგენილია ასლის სახით უკრაინულ ენაზე რუსული თარგმანის თანხლებით, რომელიც აკინძულია ერთ დოკუმენტად და დამოწმებულია უკრაინის კერძო ნოტარიუსის ს. კ-ს მიერ (რეესტრში რეგისტრაციის #..), ხოლო ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს ბრძანება #910/20886/13, რომლითაც კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, წარმოდგენილია ორიგინალის სახით უკრაინულ ენაზე, რომელზეც განხორციელებულია მოსამართლის ხელმოწერა და დამოწმებულია ქ. კიევის სამეურნეო სასამართლოს ბეჭდით, რუსული თარგმანის თანხლებით, რომელიც აკინძულია ბრძანებასთან ერთად ერთ დოკუმენტად და დამოწმებულია უკრაინის კერძო ნოტარიუსის ს. კ-ს მიერ (რეესტრში რეგისტრაციის #...).
ამრიგად, წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის მე-13 და მე-17 მუხლების მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებად მიქცევაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. უზენაესი სასამართლო საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კსს საკონდიტრო ფაბრიკა „ლ.ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც: კსს საკონდიტრო ფაბრიკა „ლ.ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ჯ.ე....-“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) კერძო სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ლ.სათვის“ (09200, უკრაინა, კიევის ოლქი, ქალაქი კაგარლიკი, ფ-ს ქუჩა, სახლი ..., საიდენტიფიკაციო კოდი: ...) ძირითადი ვალის თანხის – 27 021 (ოცდაშვიდი ათას ოცდაერთი) აშშ დოლარისა და 27 ცენტის და სასამართლო მოსაკრებლის – 4 320 (ოთხი ათას სამას ოცი) გრივნისა და 40 კაპიკის გადახდა დაეკისრა;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე