¹ბს-842-428(კ-05) 6 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ჯ. გახოკიძე
დავის საგანი: მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
შ. ს-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მიმართ და მოითხოვა 1996წ. ოქტომბრიდან 2003წ. ნოემბრის ჩათვლით მეორე სახეობის მიუღებელი პენსიის _ 3612 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი არის დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული პირველი ჯგუფის ინვალიდი, რისთვისაც დანიშნული აქვს პენსია 45 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მიმართ მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის თაობაზე და 2003წ. 25 სექტემბრიდან მას ინვალიდობის პენსიასთან ერთად დაენიშნა მეორე სახეობის პენსია მოხუცებულობის პენსიაზე დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატის _ 42 ლარის ოდენობით და შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის თანახმად, 1996წ. ოქტომბრიდან 2003წ. ნოემბრის ჩათვლით მეორე სახეობის მიუღებელი პენსიის, 3612 ლარის, ანაზღაურებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით შ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი პენსიის, 504 ლარის, ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 აპრილის განჩინებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ს-ე არის დიდი სამამულო ომის პირველი ჯგუფის ინვალიდი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაენიშნა ინვალიდობის პენსიასთან ერთად მეორე სახის პენსია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე და 50-ე მუხლების მიხედვით, შ. ს-ეს ეკუთვნის გასული პერიოდის, არა უმეტეს 12 თვის პენსია, რაც შეადგენს 504 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ს-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას საქალაქო სასამართლოში.
კასატორი მიუთითებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და მოპასუხეს დაეკისრა მის სასარგებლოდ 504 ლარის ანაზღაურება. მართალია, იგი მონაწილეობდა სარჩელის განხილვაში, მაგრამ, ვინაიდან არის სმენადაქვეითებული და აქვს ცუდი მხედველობა, მიიჩნია, რომ სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული განჩინება ჩაიბარა, მაგრამ წამკითხავი არავინ ჰყავდა. შემდეგ, მ/წლის აპრილშიმ მიიღო ქუთაისის საოლქო სასამართლოდან სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის სააპელაციო საჩივარი და შეტყობინება, რომ საჩივრის განხილვა დანიშნული იყო მ/წლის 25 აპრილს, ვინაიდან იმ პერიოდში იმოფებოდა ავად და ჰქონდა დანიშნული წოლითი რეჟიმი, განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას და ითხოვა საქმის გადადება, რადგან სურდა შეგებებული სარჩელის წარდგენა 3612 ლარის მოთხოვნით.
კასატორი აღნიშნავს ასევე, რომ ა/წლის 19 მაისს მიიღო ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 აპრილის განჩინება, რომლითაც შეიტყო, რომ, ვინაიდან მხარეებს უწყებები ჩაბარებული ჰქონდათ, ამიტომ მათი დასწრების გარეშე გამოტანილ იქნა განჩინება. განჩინებაში ნახსენები არ არის იმის შესახებ, რომ მან განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და სურდა ადვოკატთან ერთად პროცესზე დასწრება. მას ჰქონდა საპატიო მიზეზი, რის თაობაზეც აცნობა სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ. ს-ე არის დიდი სამამულო ომის პირველი ჯგუფის ინვალიდი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაენიშნა ინვალიდობის პენსიასთან ერთად მეორე სახის პენსია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანისას, გადაანგარიშება წარმოებს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, მაშინ მას სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის მიეცემა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის თვეს. ვინაიდან შ. ს-ე წარმოადგენს კანონის პირველი მუხლის “ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომელსაც მე-60 მუხლით გათვალისწინებული მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის უფლება წარმოეშვა კანონის ამოქმედების დღიდან, მაგრამ მას იმ დროისათვის არ მიუმართავს სათანადო ორგანოსათვის და არ მოუთხოვია პენსიის გადაანგარიშება. პენსიის გადასაანგარიშებლად სარჩელი წარადგინა 2004წ. 24 დეკემბერს, ამიტომ მას სასამართლომ სწორად აუნაზღაურა პენსიის მიუღებელი სხვაობა არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებდა პენსიის მომატებისათვის მიმართვის დღეს.
საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ, ხოლო ამავე კოდექსის 369-ე მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა _ 14 დღე, რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ შ. ს-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილება ჩაიბარა პირადად 2005წ. 21 მარტს, მაგრამ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნა 3108 ლარის ანაზღაურების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.