Facebook Twitter

\

2 აპრილი, 2015 წელი

საქმე №ა-500-შ-11-2015 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ო.

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ლ.

განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ისრაელის ქ.ხადერის მომრიგებლური სასამართლოს 2013 წლის 15 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ისრაელის ქ.ხადერის მომრიგებლური სასამართლოს 2013 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ამ განჩინების მიღების დღიდან მეუღლეები: ე.ლ. და მ.ო. განქოწინდნენ, შესაბამისად, რეგისტრაციის მიზნით, დადგინდა შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის განქორწინების შეტყობინების აუცილებლობა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ო.მა და მოითხოვა დასახელებული განჩინების (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, 2007 წლის 28 თებერვალს საქართველოში იქორწინა ისრაელის მოქალაქე ე. ო.თან, რომელმაც შეიცვალა გვარი და გახდა ე.ლ.

მოგვიანებით მხარეები განქორწინდნენ, თუმცა იმისათვის, რათა მ.ო.მა კვლავ იქორწინოს საქართველოში, საჭიროა ქორწინების თაობაზე საქართველოში არსებული აქტის გაუქმება, ამისათვის კი, საჭიროა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

წარმოდგენილ შუამდგომლობას ერთვის ქორწინების მოწმობის ასლი, რომლის თანახმადაც ე. ო. და მ.ო. 2007 წლის 28 თებერვალს დაქოწრინდნენ საქართველოში, ასევე ასლის სახით წარმოდგენილია აპოსტილით დამოწმებული ისრაელის ქ.ხადერის მომრიგებლური სასამართლოს 2013 წლის 15 დეკემბრის განჩინება და მისი ქართულენოვანი თარგმანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით მ. ო.ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევლა 10 (ათი) დღის ვადაში სათანადო მტკიცებულებით დაედასტურებინა: ა) ქორწინების მოწმობაში მითითებული ე. ო. იყო თუ არა ე.ლ.; ბ) მიეთითებინა ე.ლ.ს მისამართი; გ) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც იგი მოითხოვდა, შესულია თუ არა კანონიერ ძალაში; დ) წარმოედგინა ისრაელის ქ.ხადერის მომრიგებლური სასამართლოს 2013 წლის 15 დეკემბრის განჩინების აპოსტილით დამოწმებული დედანი და ამ გადაწყვეტილების (განჩინების) სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და ე) წარმოედგინა სათანადო მტკიცებულება, რომ ე.ლ. ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად გაფრთხილებული იყო სასამართლოში გამოძახების თაობაზე.

ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობაზე ხარვეზის დადგენის შესახებ მ. ო.ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და პირადად ჩაბარდა 2015 წლის 10 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ მ.ო.ს შუამდგომლობა ისრაელის ქ.ხადერის მომრიგებლური სასამართლოს 2013 წლის 15 დეკემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ო.მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით წინამდებარე შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა სათანადო მტკიცებულებით დაედასტურებინა: ა) ქორწინების მოწმობაში მითითებული ე. ო. იყო თუ არა ე.ლ.; ბ) მიეთითებინა ე.ლ.ს მისამართი; გ) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც იგი მოითხოვდა, შესულია თუ არა კანონიერ ძალაში; დ) წარმოედგინა ისრაელის ქ.ხადერის მომრიგებლური სასამართლოს 2013 წლის 15 დეკემბრის განჩინების აპოსტილით დამოწმებული დედანი და ამ გადაწყვეტილების (განჩინების) სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და ე) წარმოედგინა სათანადო მტკიცებულება, რომ ე.ლ. ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად გაფრთხილებული იყო სასამართლოში გამოძახების თაობაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის ავტორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: ქ.ბათუმი, კლდიაშვილის ქ,3, ბ.25 და პირადად ჩაბარდა 2015 წლის 10 მარტს(იხ.შეტყობინების ბარათი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 11 მარტს და ამოიწურა 20 მარტს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ მ.ო.ს შუამდგომლობა ისრაელის ქ.ხადერის მომრიგებლური სასამართლოს 2013 წლის 15 დეკემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ო.ს შუამდგომლობა ისრაელის ქ.ხადერის მომრიგებლური სასამართლოს 2013 წლის 15 დეკემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე