14 აპრილი, 2015 წელი
საქმე№ა-786-შ-16-2015 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჯ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის დიუსელდორფის სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის დიუსელდორფის სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს – დ. ც-ესა და ლ. ჯ-ას შორის, 2010 წლის 15 ივლისს დიუსელდორფის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით E ....
დ. ც-ის წარმომადგენელმა ი. ს-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის განხილულია ზეპირი მოსმენით და სასამართლო სხდომაზე მხარეები წარმომადგენლის მეშვეობით იღებდნენ მონაწილეობას, დასტურდება ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2015 წლის 13 იანვარს შევიდა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, ხოლო საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მარტის განჩინებით დ. ც-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის დიუსელდორფის სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
2015 წლის 3 აპრილს დ. ც-ის წარმომადგენელმა ი. ს-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ დ. ც-ემ დაკარგა ინტერესი საქართველოს უზენაესი სასამრთლოს მიერ მოხდეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების ლეგალიზაცია, რის გამოც სურს საქმის უკან გახმობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ც-ის წარმომადგენლის ი. ს-ის განცხადება შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მისი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს წარმოებაშია დ. ც-ის შუამდგომლობა ლ. ჯ-ას მიმართ განქორწინების თაობაზე. დ. ც-ის წარმომადგენელმა ი. ს-ემ იშუამდგომლა საქმის გამოხმობის შესახებ. პალატამ შეამოწმა ი. ს-ის უფლებამოსილება და მიიჩნევს, რომ წარმომადგენელს შეუძლია გამოიხმოს შუამდგომლობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ. ც-ის წარმომადგენელ ი. ს-ის მოთხოვნა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის დიუსელდორფის სასამართლოს 2014 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის გამოხმობის შესახებ, ანალოგიის წესის გამოყენებით განხილულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორ დ. ც-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის – ი. ს-ის მოთხოვნა შუამდგომლობის გამოხმობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დ. ც-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლით, 275-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ. ც-ის წარმომადგენლის ი. ს-ის განცხადება შუამდგომლობის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. დ. ც-ის შუამდგომლობა ლ. ჯ-ას მიმართ განქორწინების შესახებ დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე