Facebook Twitter

საქმე №ას-214-201-2015 16 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ. ა.ს.ჯ-“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ს.კ. ა.ს.ჯ-“ის მიმართ სამედიცინო მომსახურების ღირებულების ძირითადი დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შპს „ს.კ. ა.ს.ჯ-ს“ შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის სექტემბრის თვეში გაწეული სამედიცინო მომსახურების გადახდა 35 887.20 ლარის ოდენობით. მოპასუხე შპს „ს.კ. ა.ს.ჯ-ს“ შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის სექტემბრის თვეში მოპასუხის დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის დარჩენილი ძირითადი თანხის 35 887.20 ლარის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 31 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ს.კ. ა.ს.ჯ-მა“, ასევე შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-მა“.

2014 წლის 29 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-ის“ დირექტორმა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა ყადაღის დადება შპს ,,ს.კ.ა.ს.ჯ-ს“ ფულად სახსრებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ფულადი ვალდებულებების ფარგლებში სულ 39 379.13 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-ის“ განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით და განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალობის ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს, და საკუთარი ქონება გაასხვისოს, ფინანსური სახსრები განკარგოს, გადამალოს, რის შედეგადაც მოსარჩელის უფლება განუხორციელებელი დარჩება.

სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს გონივრული, ემსახურებოდეს სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, როგორც პირველადი, ასევე მეორადი მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტიების შექმნას. მეწარმე სუბიექტის ანგარიშებზე ყადაღის დადებით, არა თუ ხელი შეეწყობა გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ შეიძლება ხელი შეუშალოს მოვალის, როგორც მეწარმე სუბიექტის, გადახდისუნარიანობასა და მის ფინანსურ შესაძლებლობას, შეასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულებები.

ამდენად, იურიდიული პირის ფულად ანგარიშებზე ყადაღის დადებით კრედიტორი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ სამართლებრივ ვითარებაში, როდესაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველზე მეწარმე სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის შეფერხების შედეგად მოვალემ ვერც ნებაყოფლობით და ვეღარც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მექანიზმების გამოყენებით შეძლოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

პალატამ იხელმძღვანელა „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონით, ასევე მიუთითა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №125/01 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის პირველი მუხლზე, რომლის შესაბამისად განსაზღვრულია საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალურ ოდენობა. ამავე წესის მეორე მუხლის მიხედვით კი, საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის მაძიებელი კომპანიებისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტში შევსებული კაპიტალის, ხოლო მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) სიცოცხლის დაზღვევა – 1 500 000 ლარი; ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – 1 000 000 ლარი; გ) გადაზღვევა – 1 500 000 ლარი.

ამდენად, პალატამ განმარტა, რომ სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, სადაზღვევო ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი ინდიკატორია, შესაბამისად, სასამართლო წესით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად სადაზღვევო კომპანიას არ უნდა შეექმნას საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების საფრთხე, რითაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფინანსური ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულებას შეეშლება ხელი. სადაზღვევო კომპანიის ანგარიშების დაყადაღებით კი, ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, როგორიც სადაზღვევო კომპანიაა, საქმიანობის თვალსაზრისით დაბრკოლდება, რაც არა თუ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ კომპანიის, რომლის ძირითადი საბრუნავი საშუალება ფულია, საქმიანობას შეაფერხებს და უამრავ მომხმარებელს დააზარალებს. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მსჯელობა სუბსიდიური ხასიათიასაა. ძირითადი მოტივაცია კი, თუ რატომ არ უნდა იქნეს სადაზღვევო კომპანიის ანგარიშზე ყადაღა დადებული, მდგომარეობდა იმაში, რომ ამ ეტაპზე არ არსებობდა სადაზღვევო კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისაგან თავის არიდების რისკი და გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისათვის ხელისშემშლელი გარემოებები. სარჩელის აღძვრა და სასამართლო წესით უფლების დაცვა კი იმთავითვე არ ნიშნავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, მით უფრო, როდესაც მოპასუხე და შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, სადაზღვევო კომპანიაა. სადაზღვევო კომპანიის ანგარიშებზე ყადაღის დადება მხოლოდ იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ კომპანიას ბევრი ვადამოსული ვალდებულება აქვს, სააპელაციო სასამართლოს აზრით, მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან წარმოდგენილი განცხადებითა და თანდართული მტკიცებულებებით არ დასტურდება ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობა ან ვალდებულებათა შესრულებისაგან, არამართლზომიერი გზით, თავის არიდების რისკი. არგუმენტი, მარტოოდენ ფინანსურ დავალიანებებთან დაკავშირებით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება ან დაბრკოლება შეექმნება მის აღსრულებას, მით უფრო, განსახილველ შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის გათვალისწინებით.

მითითებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-მა“ და მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

საჩივრის ავტორის განმარტებით, სადაზღვევო კომპანიის მიერ დიდი ოდენობის ვალდებულებების შესრულება საფრთხეს უქმნის აღსრულებას. ყადაღის დაუდებლობამ შეიძლება განმცხადებელს მიაყენოს დიდი მატერიალური ზიანი, თუკი მოპასუხის მიერ სხვა არაერთი დიდი ოდენობის ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების ან/და იძულებით აღსრულების გამო გახდება გადახდისუუნარო.

საჩივრის ავტორის აზრით, მოპასუხის ფინანსებზე ყადაღის დადების აუცილებლობა დასაბუთებულია, ვინაიდან სადაზღვევო კომპანია იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და არსებობს ალბათობა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის, მზღვეველის გადახდისუუნარობის გამო, აღსრულება ვეღარ მოხერხდება. ამავდროულად, საჯარო რეესტრის მონაცემებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ შპს „ს.კ.ა.ს.ჯ-ს“ საკუთრებაში არანაირი უძრავი ქონება არ ირიცხება, მის საკუთრებაში არსებული წილები კი, სხვადასხვა ვალდებულებათა აღსრულების მიზნით, დაყადაღებულია და ირიცხება მოვალეთა რეესტრში. მოპასუხეს გააჩნია დიდი ოდენობით სხვა ფულადი ვალდებულებებიც, რომელთა შესრულების შემთხვევაში კომპანია ვეღარ დაფარავს მოსარჩელის დავალიანებას და შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც“ აღმოჩნდება იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფებოდა სასამართლოს მიერ „ა. გ. ჯ-სათვის“ შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-ის“ სასარგებლოდ 2 600 000 ლარის დავალიანების დაკისრების დროს, როცა თანხის ამოღება ვერ მოხერხდა მოვალის გადახდისუუნარობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-ს“ საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინება და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-ს“ საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ს.კ. ა. ს. ჯ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება, სულ – 35 887.20 ლარის ოდენობით.

აღნიშნულის საფუძველზე შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც“ მოითხოვს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას. მხარე თავის მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ს.კ.ა.ს.ჯ-“ იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულებები სხვა დაწესებულებების მიმართ და არსებობს შესაძლებლობა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის, მზღვეველის გადახდისუუნარობის გამო, მისი აღსრულება ვეღარ მოხერხდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა.

ამდენად, საჩივრის ავტორს საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად უნდა დაედასტურებინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ს.კ.„ა.ს.ჯ-“ განიცდის ისეთ ფინანსურ სირთულეებს, რომლებიც სამომავლოდ ობიექტურად ხელს შეუშლის გადაწყვეტილების აღსრულებას.

მართალია, განცხადებაზე თანდართული მასალებით იკვეთება, რომ მოპასუხეს გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულებანი, თუმცა მათ კანონიერებაზე მიმდინარეობს სასამართლო დავები და აღნიშნული ცალსახად არ ადასტურებს, რომ სადაზღვევო კომპანიას მათი დაფარვის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. მხოლოდ დარღვეულ უფლებასა თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-ის“ მოთხოვნა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სრულყოფილად დასაბუთებული არ არის, რის გამოც სააპელაციო პალატის მიერ მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობის იმ ნაწილზე, რომლითაც სააპელაციო პალატამ მიუთითა „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი კაპიტალის, სადაზღვევო რეზერვებისა და გადაზღვევის სისტემის არსებობა. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია დაიცვას სამსახურის მიერ დადგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები: ა) კაპიტალის მინიმალური ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე; ბ) სადაზღვევო რეზერვების ოდენობა სახეობათა მიხედვით; გ) სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების ზღვრული თანაფარდობა სადაზღვევო რეზერვებთან; დ) კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა; ე) აქტივებსა და აღებულ ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, რომელთა თანაფარდობის მეთოდიკასა და ნორმატიულ მოცულობას ადგენს სამსახური.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №125/01 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალურ ოდენობას. ამავე წესის მეორე მუხლის მიხედვით კი, საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის მაძიებელი კომპანიებისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტში შევსებული კაპიტალის, ხოლო მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) სიცოცხლის დაზღვევა – 1 500 000 ლარი; ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – 1 000 000 ლარი; გ) გადაზღვევა – 1 500 000 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა სადაზღვევო ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი ინდიკატორია, შესაბამისად, სასამართლო წესით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად სადაზღვევო კომპანიას არ უნდა შეექმნას საქმიანობის საფრთხე, რითაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფინანსური ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულებას შეეშლება ხელი. სადაზღვევო კომპანიის ანგარიშების დაყადაღებით კი, ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, როგორიც სადაზღვევო კომპანიაა, საქმიანობის თვალსაზრისით დაბრკოლდება, რაც არა თუ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ კომპანიის, რომლის ძირითადი საბრუნავი საშუალება ფულია, საქმიანობას შეაფერხებს და უამრავ მომხმარებელს დააზარალებს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ძირითადი მოტივაცია, ზემოაღნიშნული მსჯელობა სუბსიდიური ხასიათისაა, ხოლო ძირითადი მოტივაცია, თუ რატომ არ უნდა იქნეს ს.კ.„ა.ს.ჯ-ს“ ანგარიშზე ყადაღა დადებული, მდგომარეობს იმაში, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისაგან თავის არიდების რისკი და გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისათვის ხელისშემშლელი გარემოებები. სარჩელის აღძვრა და სასამართლო წესით უფლების დაცვა კი იმთავითვე არ ნიშნავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, მით უფრო, როდესაც მოპასუხე და შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი სადაზღვევო კომპანიაა, რომლის ფინანსური სტაბილურობისათვის ხელის შეწყობა, სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებას შეუწყობს ხელს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას იმ ნაწილში, რომ ძირითადი მოტივაცია, თუ რატომ არ უნდა იქნეს ს.კ.„ა.ს.ჯ-ს“ ანგარიშზე ყადაღა დადებული, მდგომარეობს იმაში, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისაგან თავის არიდების რისკი და გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისათვის ხელისშემშლელი გარემოებები. სარჩელის აღძვრა და სასამართლო წესით უფლების დაცვა კი, იმთავითვე არ ნიშნავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას.

თუმცა საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ თუკი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი სადაზღვევო კომპანიაა, გაუმართლებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ფულად ანგარიშზე ყადაღის დადება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ,,ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე