Facebook Twitter

საქმე №ას-380-361-2015 22 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ა. ა-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ჩ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ა-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ჩ-ის მიმართ ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2013 წლის 8 ოქტომბრის №........ სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 20 ოქტომბერს ნოტარიუსმა – მ.ლ-მა დაამოწმა, ერთი მხრივ, ნ. ს-სა და ე. ჩ-ს, ხოლო, მეორე მხრივ, ა. ა-ას შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც სარჩელი ა. ა-ამ ე. ჩ-ისაგან 3 თვით ისესხა 10 000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 3,5%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის 0.3%-ით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისში, წ-ის ქუჩის მე-13 კორპუსში მდებარე ა. ა-ას საკუთრებაში რიცხული №14 ბინა.

მოსარჩელის მითითებით, მან ვალდებულების ნაწილი შეასრულა, თუმცა მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის ამოსაწერად.

მხარემ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი უკანონოა, რადგან, მოსარჩელის მიერ სესხის სარგებლისა და ძირითადი თანხის – 10 000 აშშ დოლარის სრულად დაფარვის მიუხედავად, სადავო სააღსრულებო ფურცელში მაინც აისახა ძირითადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი. ასევე, შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლოს ოდენობაც.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ სადავო სააღსრულებო ფურცელი კანონიერად გაიცა, შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით ა. ა-ას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა მთავარი სხდომა.

ა. ა-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და განმარტა, რომ მოპასუხე ე. ჩ-ი აპირებს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლების დათმობას სხვა პირისათვის, რის გამოც აპელანტს მიადგება ზიანი, კერძოდ, მოთხოვნის უფლების შემძენი მოითხოვს იმ თანხის ხელმეორედ გადახდას, რაც განმცხადებელმა უკვე გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა, 2012 წლის 20 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ე. ჩ-ის მოთხოვნის უფლებაზე ყადაღის დადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინებით ა. ა-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვით შეჩერდა ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2013 წლის 8 ოქტომბერს გაცემული №........ სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება ა. ა-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა მთავარი სხდომა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (მათ შორის, იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა უზრუნველყოფის ღონისძიება) კანონიერ ძალაში შესული არ არის.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მისი მსჯელობის საგანია ა. ა-ას მოთხოვნა ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2013 წლის 8 ოქტომბერს გაცემული №........ სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ვალდებულება შესრულებულია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, რაც დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის ან დააბრკოლებს მოპასუხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი გადაწყვეტილების აღსრულების გართულების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ე. ჩ-ის მიერ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის სხვა პირზე დათმობის შემთხვევაში მოთხოვნის შემძენი მოითხოვს იმ თანხის ხელმეორედ გადახდას, რომელიც მის მიერ უკვე გადახდილია, შესაბამისად, ამით მიადგება ზიანი, ამასთან, წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება იქნება შეუძლებელი.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, 199-ე, 201-ე მუხლებით და მიუთითა, რომ შესაძლებელია, კრედიტორმა მოთხოვნის უფლება მოვალის თანხმობის გარეშე დაუთმოს მესამე პირს, თუ არ არსებობს მოთხოვნის დათმობის დაუშვებლობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ამასთან, ახალ მფლობელზე მოთხოვნები და უფლებები გადადის ისეთ მდგომარეობაში, როგორიც ის იყო წინა მფლობელის ხელში, ანუ ახალ მფლობელს ექნება მხოლოდ იმის მოთხოვნის უფლება, რისი უფლებაც ექნებოდა წინა მფლობელს და არა მეტის. გარდა ამისა, მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში მოვალეს უნარჩუნდება უფლება, ახალ მფლობელს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რისი უფლებაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ, ანუ მოვალეს შეუძლია, ახალი მფლობელის წინაშე თავი დაიცვას ყველა იმ საშუალებით, რისი უფლებაც მას მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის მიმართ გააჩნდა.

მოთხოვნის დათმობა შინაარსობრივად წარმოადგენს შესაბამის მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის საფუძველს და არა ერთი და იმავე მოთხოვნის რამდენჯერმე (ძველი და ახალი კრედიტორის მიმართ) შესრულების წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მოთხოვნის განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძვლით დაკმაყოფილების საფუძველი. ასეთ დროს მოვალის ინტერესები ჯეროვნადაა დაცული და მოთხოვნის დათმობით მას რაიმე დამატებითი ვალდებულება არ წარმოეშობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინება, საქმეზე №ას-1095-1044-2014).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ა-ამ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა. მართალია, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ახალ მფლობელზე მოთხოვნები და უფლებები გადადის იმავე მდგომარეობაში, როგორც ეს წინა მფლობელის ხელში იყო, ანუ ახალ მფლობელს ექნება მხოლოდ იმის მოთხოვნის უფლება, რისი უფლებაც ექნებოდა წინა მფლობელს. აღნიშნულთან დაკავშირებით ა. ა-ამ განმარტა, რომ სადავო თანხა მან ე. ჩ-ს უკვე გადაუხადა, თუმცა იგი ხელმეორედ ითხოვს მათ გადახდას სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო მოთხოვნის უფლების მქონე ახალი შემძენი მოითხოვს მის მიერ უკვე გადახდილ თანხას, რისი დადასტურების საშუალება მხარეს არ ექნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით ა. ა-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერებას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოთხოვნის დათმობის უფლებაზე ყადაღის დადების შესახებ ა. ა-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ა. ა-ას მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ არსებობს საშიშროება, ე. ჩ-მა თავისი მოთხოვნის უფლება ა. ა-ას მიმართ დაუთმოს სხვა პირს. ფაქტობრივად, სადავო სააღსრულებო ფურცლით მოსარჩელისათვის დაკისრებული თანხა მან ე. ჩ-ს უკვე გადაუხადა, თუმცა იგი ხელმეორედ ითხოვს მათ გადახდას სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო მოთხოვნის უფლების მქონე ახალი შემძენი ხელახლა მოითხოვს მის მიერ უკვე გადახდილ თანხას, რისი დადასტურების საშუალება მხარეს არ ექნება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციას, აღნიშნული ღონისძიების გამოყენების მიზანს და დანიშნულებას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები. მითითებული ნორმების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

სასამართლოს მიერ მოთხოვნისა თუ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ფარგლებში საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში დაცულ უნდა იქნას ორივე მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპი.

ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საპროცესო-სამართლებრივი ბუნებისა და დანიშნულების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ა. ა-ას საჩივრის დასაბუთებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობა.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ე. ჩ-ის მიერ მესამე პირისათვის ა. ა-ას მიმართ მოცემული დავის ფარგლებში არსებული მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში აპელანტს რაიმე დამატებითი ვალდებულება არ წარმოეშობა.

აღნიშნულ მსჯელობას განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული მოთხოვნის უფლების მქონე პირის – კრედიტორის უფლებამოსილება, სხვა პირს საკუთრებაში გადასცეს იმგვარი მოთხოვნები და უფლებები, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, ამგვარი დათმობისათვის მოვალის თანხმობის საჭიროება კანონით დადგენილი არაა, თუმცა დათმობის გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თავად ვალდებულების არსს, მოვალესთან შეთანხმებას ან კანონს (სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილი). ასეთ დროს მოვალის ინტერესები ჯეროვნადაა დაცული და მოთხოვნის დათმობით მას რაიმე დამატებით ვალდებულება არ წარმოეშობა, კერძოდ, 198-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებიდან გამომდინარე, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ, ხოლო 201-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის.

თავის მხრივ, სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით ამომწურავადაა განსაზღვრული მოვალის ინტერესებისათვის მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგი – თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკაც (სუსგ 31 დეკემბერი, 2014 წელი, საქმე №ას-1095-1044-2014), რომელსაც გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ა. ა-ას განცხადების დაუკმაყოფილებლობა ვერანაირ დაბრკოლებას ვერ შეუქმნის, რადგან სადავო უფლების დათმობა გამოიწვევს მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მხარის უფლებამონაცვლეობას, კრედიტორის პიროვნულ ცვლილებას, რაც გავლენას ვერ იქონიებს მოვალის მიმართ მისი უფლებამოსილების მოცულობასა და ფარგლებზე, ანუ ახალი კრედიტორი ვერ მოითხოვს მოვალისაგან იმაზე მეტს, რისი მოთხოვნის უფლებაც წინა კრედიტორს ჰქონდა.

რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სადავო სააღსრულებო ფურცლით მოსარჩელისათვის დაკისრებული თანხა ა. ა-ამ ე. ჩ-ს უკვე გადაუხადა, თუმცა იგი ხელმეორედ ითხოვს მათ გადახდას სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით, აღნიშნული საკითხი უნდა შეფასდეს დავის არსებითად განხილვისას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერებაზე მსჯელობის ფარგლებში მისი შეფასება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ა-ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ა-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტისა და 2015 წლის 6 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე