ბს-843-429(კ-05) 3 აგვისტო, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: დღგ-ის თანხის ჩათვლა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს «ვ-მა» და ინდმეწარმეებმა: «ზ. გ-მა», «ვ. თ-მა», «დ. ჭ-ემ», «რ. ა-ემ», «ბ. ძ-მა», «ლ. ლ-მა», «რ. ს-ემ» და «ვ. ჯ-ემ» 25.08.03წ. სარჩელით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციიდან მოპასუხეებმა ჩათვლილი დღგ-ს თანხების გაუქმების შესახებ მიიღეს შეტყობინებები. შეტყობინებების თანახმად, დღგ-ს ჩათვლის გაუქმება განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის საფუძველზე. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ დღგ-ს ჩათვლების გაუქმებასთან დაკავშირებით მოსარჩელეების მიმართ გაატარა ფინანსური სანქციები. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ 30.05.03წ. მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს. განცხადებას თან ერთვოდა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციებიდან გაცემული ცნობები, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ განსახილველ სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ყველა მეწარმეს შესრულებული აქვს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, როგორც ერთმანეთის მიმართ, ისე _ სახელმწიფოს წინაშე. საგადასახადო დეპარტამენტმა აღნიშნულ მტკიცებულებებს იგნორირება გაუკეთა. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საგადასახადო კოდექსი ამომწურავად განმარტავს დღგ-ს ჩათვლის გაუქმების პირობებს, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა დღგ-ს ჩათვლის გაუქმების არცერთი საფუძველი. ამასთანავე, საგადასახადო დეპარტამენტიდან მიღებული წერილები არ აკონკრეტებენ, საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის რომელი ნაწილის საფუძველზე გაუუქმდათ მოსარჩელეებს ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული დღგ-ს ჩათვლები.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ შესრულებული იქნა საგადასახადო კოდექსის 257-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, მოპოვებულ იქნა ცნობები, რომლებითაც დასტურდება პროდუქციის მომწოდებლების მიერ ანგარიშ-ფაქტურების მე-4 პირის წარდგენა საგადასახადო ინსპექციაში და შესაბამისი გადასახადის თანხის გადახდა. ფაქტიურად მხარეებს (მყიდველებსა და გამყიდველებს) საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებული ჰქონდათ, რაც დასტურდება სასარჩელო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებით.
მოსარჩელეთა აზრით, სადავო დღგ-ს ჩათვლის გაუქმების საფუძველს არ ქმნიდა ის გარემოება, რომ პროდუქციის მომწოდებლებმა სადავო გადასახადი აჭარის ა/რ საგადასახადო ორგანოებში გადაიხადეს. იურისპრუდენციისათვის უცნობია ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის მწარმეზე პასუხისმგებლობის დაკისრება, ანუ აჭარის ა\რ საგადასახადო ორგანოების მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში თანხის გადაუხდელობის გამო ქუთაისელი მეწარმეების დასჯა. «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის მე-8 მუხლის თანახმად, აფხაზეთისა დააჭარის ა/რ, საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობითი ორგანოების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გამოყენების ყოველი შემთხვევა განიხილება, როგორც უკანონო ქმედება და მითვისებული თანხები ამოიღება უდავო წესით. ამდენად, მოსარჩელეთა აზრით, საგადასახადო დეპარტამენტს უნდა ემოქმედა აღნიშნული ნორმის მიხედვით, დაეყენებინა კონკრეტული დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და კეთილსინდისიერი მეწარმეებისთვისდღგ-ს ჩათვლების გაუქმებაზე უარი ეთქვა. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საგადასახადო ინსპექციამ ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად გაატარა საგადასახადო კოდექსის 42-ე თავით გათვალისწინებული იძულებითი ხასიათის ღონისძიებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საგადასახადო დეპარტამენტის მიერ უკანონოდ გაცემული აქტის გაუქმება, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ მოსარჩელე მეწარმეებისთვის ქონების გირავნობისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გაგზავნილი საგადასახადო შეტყობინებების ბათილად ცნობა, 381181.83 ლარის ოდენობით გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენა და 137 225 ლარის ოდენობით დარიცხული საურავების გაუქმება მოითხოვეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 25.09.03წ. განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდათ გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნულ განჩინებაზე ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ 12.11.03წ. შეიტანა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მოსარჩელეთაგან ერთი, შპს «ვ-ი» წარმოადგენდა იურიდიულ პირს, შესაბამისად, უკანონო იყო ასკ-ის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. სასამართლო კოლეგიის 02.12.03წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.03.04წ. განჩინებით ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმყაოფილდა იმ მოტივით, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 10.06.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, აღდგენილ იქნა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 06.05.03წ. ¹1-11/2549 და 07.02.03წ. ¹1-11/638 წერილების საფუძველზე გაუქმებული დღგ-ს ჩათვლები შემდეგ თანხებზე: შპს «ვ-ის» _ 32077,64 ლარი, ინდმეწარმე «ზ. გ-ს» _ 105746,04 ლარი, ინდმეწარმე «ვ. თ-ს» 81337,92 ლარი, ინდმეწარმე «დ. ჭ-ეს» _ 12295,2 ლარი, ინდმეწარმე «რ. ა-ეს» _ 32583,39 ლარი, ინდმეწარმე «ბ. ძ-ს» _ 22897,06 ლარი, ინდმეწარმე «ლ. ლ-ს» _ 8738,19 ლარი, ინდმეწარმე «რ. ს-ეს» _ 105505,94 ლარი; ბათილად იქნა ცნობილიქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 08.07.02წ. ¹03/1732, 17.07.03წ. ¹67, 29.07.03წ. ¹759, 16.07.03წ. ¹37, 16.07.03წ. ¹36, 17.07.03წ. ¹65 და 16.07.03წ. ¹39 შეტყობინებები გირავნობისა და იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
სასამართლო კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ სადავო დღგ-ს თანხა არ იყო საქართველოს ბიუჯეტის ეროვნული ბანკის სახაზინო ანგარიშზე ასახული, რაც, კასატორის აზრით, დღგ-ს ჩათვლის გაუქმების საფუძველს ქმნიდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.02.05წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ კოლეგიამ საქმე განიხილა სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, საქმის გარემოებები არ გამოიკვლია სრულყოფილად და საქმეში მე-3 პირებად არ ჩართო იმ სამართალურთიერთობის მონაწილენი, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 21.03.05წ. განჩინებით საქმეში მე-3 პირად ჩაება ბათუმის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექცია. სასამართლო კოლეგიის 28.03.05წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს «ლ-ი», შპს «ბ-ი», შპს «მ-ი», შპს «ი-ი», შპს «ს-ა», შპს «ა-ა», შპს «ნ-ი», შპს «ფ-ი», შპს «აი-ი», შპს «გ-ი», ინდმეწარმეები: «ს. დ-ე», «შ. დ-ე», «რ. ბ-ე», «ა. ძ-ე», «დ. ა-ე», «რ. ჩ-ე», «რ. ზ-ე», «თ. ბ-ე», «ჯ. ბ-ე», «მ. მ-ე», «ჯ. ა-ე», «თ. ბ-ე», «ა. მ-ე», «ზ. ვ-ე», «ხ. ჟ-ე», «გ. ნ-ი», «ჯ. ტ-ე».
სასამართლო კოლეგიის 25.04.05წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია იმ საგადასახადო ორგანოების მიერ გაცემული ცნობები, სადაც მოსარჩელეთა პარტნიორი მეწარმეები არიან რეგისტრირებულნი. ამ ცნობების თანახმად გადასახადის გადამხდელებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორება მოხდენილი აქვთ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად. კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დეპარტამენტის წერილით ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციისადმი ირკვევა, რომ გადამხდელების მიერ გადახდილი თანხები არ მოხვედრილა საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშებზე. აღნიშნული დასტურდება აგრეთვე მოსარჩელეთა რწმუნებულისადმი დეპარტამენტის 09.07.03 წერილით. «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოპასუხეთა მიერ სადავო დღგ-ს ჩათვლები კანონიერად იქნა შეჩერებული, ვინაიდან დღგ-ს გადახდილი თანხები უნდა ასახულიყო ერვონულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშში. რადგანაც არ შესრულებულა კანონის იმპერატიული მოთხოვნა (ცენტრალურ ბიუჯეტში თანხების მოხვედრა), კოლეგიის აზრით მოსარჩელეთა მიერ შესრულებული დღგ-ის ჩათვლები კანონიერად იქნა შეჩერებული მოპასუხეთა მიერ.
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ პროდუქციის მომწოდებლები, რომლებიც მესამე პირის სტატუსით მონაწილეობდნენ განსახილველ საქმეში, სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულან, შესაბამისად სასამართლო კოლეგია მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა იმაზე, ნამდვილად ჰქონდათ თუ არა დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების მეოთხე ეგზემპლარები წარდგენილი საგადასახადო ორგანოში გადამხდელებს და მათ მიერ ნამდვილად არის თუ არა ბიუჯეტთან ანგარიშსწორება ნაწარმოები. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქმეში არ არის დაცული სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რის გამოც კოლეგიამ არ მიიჩნია დადასტურებულად ბიუჯეტთან ანგარიშსწორება.
სასამართლო კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება დღგ-ს გადახდევინების ფაქტი. საგადასახადო კოდექსის115-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით პირს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოუწერლობისათვის ან არასწორად გამოწერისათვის ეკისრება ფინანსური სანქციები, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაყალბებისათვის _ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამასთანავე, საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის განხილული ის შემთხვევები, რომელთა არსებობისას არ წარმოებს დღგ-ს ჩათვლა და რომელიც უფრო კონკრეტულად და განვრცობითი სახით წარმოდგენილია საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ¹472-01 ბრძანებაში «საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით დღგ-ს ჩათვლების ფაქტების აღმოფხვრის შესახებ». საგადასახადო კოდექსის 118-ე მუხლი კი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც მყიდველისათვის დღგ-ს ჩათვლა უქმდება განსახილველ შემთხვევაში არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი კანონდარღვევა კასატორებს არ ჩაუდენიათ. გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტის წინაშე ანგარიშსწორების მდგომარეობის შესახებ ცნობას გასცემს ის საგადასახადო ორგანო, სადაც მეწარმე სუბიექტია რეგისტრირებული. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ცნობებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ დღგ-ს გადამხდელების მიერ შესაბამის საგადასახადო ორგანოებში წარდგენილი აქვთ ანგარიშ-ფაქტურების მე-4 პირები და მათ შესაბამისად სადავო დღგ-ს თანხა გადახდილია ბიუჯეტში.
«საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილების» შესახებ კანონი არ არეგულირებს მეწარმეებს და სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობას. ამდენად, აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე სასამართლო კოლეგიას არ უნდა ეთქვა უარი სადავოდღგ-ს თანხის ჩთვლაზე.
კასატორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია. სასამართლომ ჯერ მიუთითა საქმეში დაცულ ცნობებზე, რომელთა მიხედვით გადასახადის გადამხდელებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორება ნაწრმოებია, ხოლო შემდეგ მიუთითა, რომ გადასახადის გადამახდელების მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და ანგარიშ-ფაქტურების დაწყვილების ფაქტი არ დასტურდებოდა. საგადასახადო კოდექსის მიხედვით ქვითარი დღგ-ს ბიუჯეტში შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარმოადგენს და სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შესაბამისი ქვითრების არარსებობის გამო ბიუჯეტთან ანგარიშსწორება დადგენილი ფაქტობრივ გარემოებად არ ჩაეთვალა.
კასატორები მიუთითებენ, რომ «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის მე-2 და მე-6 მუხლების თანახმად, საქართველოს ბიუჯეტი არის ერთიანი. შესაბამისად, აჭარის ა/რ ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხის ცენტრალურ ბიუჯეტში არ გადარიცხვა არ წარმოადგენს დღგ-ს თანხების ჩათვლის გაუქმების საფუძველს, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის თანახმად, დღგ-ს ჩათვლას დაექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, დღგ-ს ჩათვლის აღდგენის, საურავის გაუქმების და ქონების გირავნობისა და ყადაღის დადების შესახებ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის შეტყობინებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით ხელახალი განხილვისთვის უნდა გადაეცეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და საქმისათვის ძირითადი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენის გარეშეა მიღებული. სადავო დღგ-ს ჩათვლების გაუქმების კანონიერების შემოწმებისათვის სავალდებულოა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების: დღგ-ს თანხის ბიუჯეტში შეტანის ფაქტის დადგენა, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება საგადასახადო ვალდებულების ზუსტი განსაზღვრა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო დღგ-ს თანხის ჩათვლა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშზე მისიჩარიცხვის შემდეგ.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების დროისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, ჩასათვლელი დღგ-ს თანხა არის გადასახადის თანხა, რომელიც დასაბეგრი ოპერაციის დროის მიხედვით გადახდილია წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად ან გადახდილია საბაჟო დეკლარაციის მიხედვით. დღგ-ს ჩათვლას დაექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება დღგ-ს გადახდევინების ფაქტი, ხოლო 116-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ს დეკლარაცია წარდგენილი და გადახდილი უნდა იქნეს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში. «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის მე-2 მე-6, მე-7 მუხლების თანახმად, აჭარის ა/რ ბიუჯეტი არის საქართველოს ერთიანი ცენტრალიზებული საბიუჯეტო სისტემის განუყოფელი ნაწილი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 09.02.04წ. ¹02-15/19/845 წერილით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს სახელმძღვანელოდ და შესასრულებლად გაეგზავნა საქართველოს სახელმწიფო და აჭარის ა/რ ბიუჯეტებს შორის ურთიერთობათა სრულყოფის საკითხთა შემსწავლელი კომისიის 05.02.04წ. ¹3 სხდომის ოქმი, რომლის მე-4 და მე-7 პუნქტების მიხედვით აღკვეთილი უნდა იქნას ყოველგვარი შეფერხებები აჭარის ა/რ გაცემული დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლაში და განმარტებული იქნა, რომ საგადასახადო დეპარტამენტის აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანო ფუნქციონირებს, როგორც საქართველოს საგადასახადო ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადახდა მოსარჩელეების მიერ დღგ-ს ჩათვლის მიღების საკმარის საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებს დასაბეგრი ოპერაციები ძირითადად ნაწარმოები აქვთ აჭარის ა\რ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეწარმე სუბიქტებთან, დაუსაბუთებელია საგადასახადო დეპარტამენტის 06.05.03წ. ¹1-11\2549 და 09.07.03წ. ¹1-11\4373 წერილებში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ აჭარის ა\რ საგადასახადო ორგანოების მიერ დღგ-ის თანხების ცენტრალურ ბიუჯეტში გადაუხდელობის გამო დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 114.1 მუხლის მოთხოვნა.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა დარიცხული საურავების გაუქმება, სააპელაციო პალატას საერთოდ არ უმსჯელია კასატორებისავთის დღგ-ის ჩათვლების გაუქმების გამო საურავების დაკისრების მართლზომიერების საკითხებზე. საქმეზე არ არის დადგენილი რა პერიოდის განმავლობაში და რა ოდენობის საურავი ერიცხებათ სადავო დღგ-ის ჩათვლის გაუქმებასთან დაკავშირებით თვითოეულ მოსარჩელეს. იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის 25-ე ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში შეტანის ვალდებულება ეკისრება საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიმწოდებელს, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის უარი საურავის გადასახადისაგან განთავისუფლებაზე. ჩათვლების აღდგენაზე უარის თქმის შემთხვევაშიც კი საფუძველსმოკლებულია საურავის დაკისრება მყიდველზე, ვინაიდან მას არ გააჩნია დღგ-ის თანხის ბიუჯეტში შეტანის ვალდებულება (დიდი პალატის 05.12.05წ. განჩინება, საქმე ¹ბს-817-403 (კ-კს-05)).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.02.05. განჩინების მითითების მიუხედავად საქმეში არ იქნა ჩაბმული სადავო სამართალურთიერთობის ყველა მონაწილე-საქონლის მიმწოდებელი (გამყიდველი), რომელთა მიერ გაიცა ანგარიშ-ფაქტურები. საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის, საგადასახადო კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გადახდის ფაქტის დადგენის მიზნით, საკასაციო პალატამ 16.02.05წ. განჩინებაში მიუთითა მესამე პირებად საქონლის მიმწოდებლის რეგისტრაციის მიხედვით საგადასახადო ორგანოების საქმეში ჩაბმის აუცილებლობაზე. საკასაციო პალატის მითითების მიუხედავად საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ სასკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე არ იქნა საქმეში მესამე პირებად ჩაბმული საქონლის ყველა მიმწოდებელი, რომელთა მიერ გაცემულ ანგარიშ-ფაქტურებზე საგადასახადო ინსპექციის მიერ გაუქმდა დღგ-ის თანხების ჩათვლა, კერძოდ, ი\მ «ფ. ბ-ე», ი\მ «ფ. თ-ე», ი\მ «რ. მ-ე», ი\მ «ვ. მ-ე», სს «ქ-ი». საკასაციო პალატის მითითების მიუხედავად საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ მესამე პირებად საქმეში არ იქნა ჩაბმული აგრეთვე თბილისის საგადასახადო ინსპექცია (სს «ქ-ის», ი\მ «ფ. თ-ის», ვ. მ-ის მიერ გაცემულ ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით), აგრეთვე გორის (ი\მ «ნ-ის» მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით) და ფოთის (შპს «გ-ის» მიერ გაცემულ ანგარიშ-ფატურებთან დაკავშირებით), საოლქო საგადასახადო ინსპექციები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი წარმოადგენს ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას და შედგება ცენტრალური აპარატისა და საგადასახადო ინსპექციებისაგან. საგადასახადო ინსპექცია წარმოადგენს დეპარტამენტის საგადასახადო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს. ინსპექცია ახორციელებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საგადასახადო აღრიცხვას, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, გადასახადების ადმინისტრირებას, გადამხდელთა საქმეების წარმოებას და ამდენად გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადის გადახდის ფაქტის დადგენა საჭიროებს ინსპექციებიდან მიწოდებული ინფორმაციების შესწავლას, ზოგიერთი ანგარიშ-ფაქტურების მიმართ დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვას. საქმეში დაცული საგადასახადო ინსპექციების ცნობებით არ დასტურდება დანართებში მითითებულ ყველა ანგარიშ-ფაქტურებზე საგადასახადო ინსპექციებისათვის ანგარიშ-ფაქტურების მე-4 ეგზემპლარის წარდეგნის და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ფაქტი. ასე მაგალითად, ი\მ «ზ. გ-ის» მიმართ დღგ-ის ჩათვლების აღდგენასთან დაკავშირებით არ დასტურდება შპს «ი-ის» მიერ (აა70 052004, აა70 052001, აა70 047591), აგრეთვე ი\მ «შ. დ-ის (აა70 035898, აა70 042999) მიერ გამოწერილი ზოგიერთ ანგარიშ-ფაქტურებზე საქონლის მიმწოდებლის მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების განხორციელება. დღგ-ის ჩათვლების აღდგენის შესახებ ი\მ «რ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავიშრებით საქმეში არსებული ცნობებით არ დასტურდება ი\მ «ა. ძ-ის» და ი\მ «ზ. ვ-ის» მიერ გაცემულ ანგარიშ-ფაქტურებზე ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესრულება. ამასთანავე, საქმეში დაცული ხულოს რ-ნის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის 20.01.03წ. ¹9, 07.05.03წ. ¹73, 02.05.03წ. ¹71, 20.01.03წ. ¹7 ცნობებით დასტურდება გადასახდის გადამხდელის მიერ ანგარიშ-ფაქტურის მე-4 პირების საგადასახადო ორგანოში წარდგენის და არა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ფაქტი, რაც არასაკმარისია ხსენებულ ცნობებში მითითებულ ანგარიშ-ფაქტურებზე დღგ-ის ჩათვლების აღდგენის შესახებ მოსარჩელეების ი\მ «ზ. გ-ის», ი\მ «ვ. თ-ის», ი\მ «ლ. ლ-ის» მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლო კოლეგიამ სსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე არ მისცა სათანდო შეფასება საქმეში დაცულ მტკიცებულებებს, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დადგენილი გარემოებები არ ემყარება საქმეში დაცულ მტკიცებულებებს, სასამართლო კოლეგიამ სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლებით განსაზღვრული წესით არ გამოიკვლია საქმის ყველა გარემოება, მესამე პირების სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა არ ათავისუფლებდა სასამართლო კოლეგიას მოვალეობისაგან ზუსტად დაედგინა მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ფაქტი, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ არასწორად განმარტა კანონი (სსკ-ის 399. 2 მუხლის «გ» ქვეპუნქტი), გადაწყვეტილება არ პასუხობს სსკ-ის 249-ე მუხლის მოთხოვნებს, გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რაც‚ სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად‚ საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ვინაიდან საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ საქმის გარემოებები არ არის სრულყოფილად გამოკვლეული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ხოლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 411-ე მუხლი არ ითვალისწინებენ საკასაციო პალატის მიერ ახალი ფაქტობრივი გარემოების (გადასახადის გადამხდელების მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების განხორციელების) დადგენის და მის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანას. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და დაუბრუნდეს არსებითი განხილვისათვის განსჯადი სასამართლოსათვის, საქმის არსებითი განხილვისას საქმეზე ზუსტად უნდა დადგინდეს თუ რა ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით არის გაუქმებული დღგ-ის თანხების ჩათვლები, საგადასახადო ინსპექციების მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე უნდა დადგინდეს თვითოეული სადავო ანგარიშ-ფაქტურების მიმართ გადასახადის გადამხდელის მიერ ანგარიშ-ფაქტურების მე-4 პირის საგადასახადო ინსპექციაში წარდგენის და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მოხდენის ფაქტი, უკანასკნელის დადგენაზე არის დამოკიდებული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის რომ შპს «ვ-ის», ინდმეწარმეების «ვ. თ-ის», «დ. ჭ-ის», «რ. ა-ის», «ზ. გ-ის», «რ. ს-ის», «ბ. ძ-ის», «ლ. ლ-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა გადაეცეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი. სსკ-ის 435-ე მუხლის თანახმად საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება საქმის განხილვის დროს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით. ამჟამად მოქმედი ასკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეების გარდა, ადმინისტრაციულ საქმეებს პირველი ინსტანციით განიხილავენ მხოლოდ საქალაქო(რაიონული) სასამართლოები. განსახილველი დავა არ განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-5 მუხლით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 25.04.05წ. გადაწყვეტილება, საქმე განხილვისათვის გადაეცეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.