Facebook Twitter

№ას-1261-1201-2014 27 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ყ.თ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი “ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „ს-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ყ.თ-ის“ მიმართ თანხის დაკისრებისა და შპს „ს-ის“ საკუთრებაში არსებულ გაზმომარაგების ქსელზე (მილსადენი) არსებული გაზგამანაწილებელი პუნქტის ჩახსნის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

მოსარჩელის მითითებით, შპს „ს-ის“ საკუთრებაში არსებულ საშუალო წნევის გაზსადენს უკანონოდ, მესაკუთრის ნებართვის გარეშე რამდენიმე წლის წინ შპს „ყ.თ-მა“ მიაერთა გაზგამანაწილებელი პუნქტი, რომლის საშუალებითაც დღემდე ამარაგებს მოსახლეობას. საშუალო წნევის გაზსადენის დაპროექტება და მშენებლობა თ-ისა და ჩ-ის ქუჩების გადაკვეთამდე დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ამ ხარჯებისგან თავისი არიდების მიზნით, შპს „ყ.თ-მა“ მიისაკუთრა შპს „ს-ის“ საკუთრებაში არსებული საშუალო წნევის გაზსადენი მილი. მოსარჩელის განმარტებით,ის წარმოადგენს მოპასუხის აბონენტს და მათი მოთხოვნით გაზსადენი დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. მიუხედავად უამრავი წერილისა და მიმართვისა, დღემდე არ მომხდარა აღნიშნული პუნქტის ჩახსნა და მესაკუთრის მფლობელობაში დაბრუნება. მოპასუხის უკანონო ქმედებების შედეგად კი ობიექტს 5 წელიწადია არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. აღნიშნული კი იწვევს მატერიალურ ზიანს. მოსარჩელის განცხადებით შპს „ყ.თ-ის“ მიერ გაზსადენის უკანონოდ სარგებლობისათვის ზიანის, გატარების საფასურის ოდენობა შეადგენს 20 000 ლარს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ბუნებრივი აირის მარეგულირებელი პუნქტის მიერთება განხორციელდა 2011 წლის ბოლოს, რა დროსაც შპს „ს-ს“ არ ჰქონდა დარეგისტრირებული საკუთრებაში თავისი მილსადენი. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან იმ დროს სათანადო პრეტენზია წარმოდგენილი არ ყოფილა. მოსარჩელემ 321 მ ქსელის საკუთრებაში რეგისტრაცია განახორციელა გასული წლის 28 ნოემბერს, შპს „ყ.თ-ის“ გაზსადენის და მარეგულირებელი პუნქტის მიერთების შემდგომ. აღნიშნული ქსელი დღეის მდგომარეობით ექსპულიატაციაშია და მისი საშუალებით ხორციელდება მიმდებარე ტერიატორიაზე არსებული მომხმარებლების ბუნებრივი გაზით მომარაგება (წნევის გაძლირება).

მოპასუხის განმარტებით შპს „ყ.თ-ის“ მხრიდან მოსარჩელის გაზსადენის მიტაცებას ადგილი არ ჰქონია. ბუნებრივი აირის განაწილების ლიცენზიატების გარდა სხვა პირთა გაზსადენებზე მიერთების განხორცილება შესაძლებელია თუ მას მოქმედი კანონმდებლობა არეგულირებს.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას, მოპასუხის აზრით, აღნიშნული არ უკავშირდებოდა გაზსადენთან დაკავშირებულ სადაო საკითხს, რადგან მოსარჩელეს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა არსებული დავალიანების გამო, რაც დასტურდება აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან და სასამართლო გადაწყვტილებიდან.

მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენს ბუნებრივი აირის განაწილების ლიცენზიატს და ბუნებრივი აირით ამარაგებს ქალაქ თბილისის მოსახლეობას და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს. მომხმარებელთა ბუნებრივი აირით მომარაგება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. გასულ წლებში განხორციელდა არსებული მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაცია და გაკეთდა ახალი საჰაერო ქსელები. მოსარჩელის მითითებულ უბანზე წნევის პარამეტრების შესანარჩუნებლად საჭირო გახდა ახალი მარეგულირებელი პუნქტის მოწყობა, რომელიც განხორციელდა თ-ისა და ჩ-ის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ გაზსადენზე. აუცილებლობიდან გამომდინარე, კომპანია არ იყო უფლებამოსილი ქსელის საკუთრების გარკვევის მოტივით ქსელზე მიერთებული მომხმარებლებისთვის გაეუარესებინა ბუნებრივი აირის მიწოდების ხარისხი, ან დაუსაბუთებლად განეცხადებინა უარი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე.

რაც შეეხება, 20 000 ლარის შპს „ყ.თ-ისათვის“ დაკისრებას, აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ ამ თანხის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი და დაანგარიშების წესი სარჩელიდან და თანდართული დოკუმენტებიდან არ ირკვეოდა.

მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ ფაქტზეც, რომ სადავო გაზსადენის ჩახსნა გამოიწვევდა იმ მოსახლეობისთვის გაზმომარაგების შეწყვეტას, რომლებიც მიერთებულნი არიან აღნიშნულ გაზსადენს. აღნიშნული ისე უნდა დარეგულირდეს მარეგულირებელი კომისიის 2009 წლის 09 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად, რომ მომხმარებელთა მდგომარეობა არ გაუარესდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ს-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ყ.თ-ს“ შპს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 7 748 ლარის გადახდა; შპს „ს-ის“ მოთხოვნა 12 252 ლარის შპს „ყ.თ-ისათვის“ დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს „ს-ის“ მოთხოვნა გაზგამანაწილებელი პუნქტის ჩახსნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ყ.თ-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს „ყ.თ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 30 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს „ს-ის“ სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ჩ-ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებული 321 მეტრი სიგრძის გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი (საკადასტრო კოდი №...) (ტ. I, ს.ფ. 12, 13). შპს ,,ს-ი” არ წარმოადგენს გაზის განაწილების ლიცენზიატს.

შპს ,,ყ.თ-ის” მიერ ბუნებრივი გაზის მარეგულირებელი პუნქტის მიერთება ქ. თბილისი, ჩ-ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებულ გაზმომარაგების ქსელზე განხორციელდა 2011 წლის ბოლოს და შპს ,,ყ.თ-ი” სარგებლობს აღნიშნული გაზმომარაგების ქსელით (მილსადენი).

შპს ,,ყ.თ-ს” შპს ,,ს-ის” თანხმობა გაზმომარაგების ქსელზე (მილსადენი) მარეგულირებელი პუნქტის მიერთებასთან დაკავშირებით არ მიუღია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,ყ.თ-ს” დაეკისრა ხაზოვანი ნაგებობის საკუთრებაში აღრიცხვის მომენტიდან - 2012 წლის 30 ნოემბრიდან, სარჩელის აღძვრის მონეტამდე - 2013 წლის მაისამდე, გაზის გატარების საფასურის გადახდა საშუალოდ დადგენილი თვიური გატარების ოდენობის - 77 478 მ3 შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ს-ის“ კუთვნილი გაზმომარაგების ქსელის მეშვეობით გატარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დაადგინა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, თ-ისა და ჩ-ის ქუჩების გადაკვეთაზე განთავსებულ სადავო #... გაზმარეგულირებელ პუნქტთან არ იყო მოწყობილი აღრიცხვის კვანძი (ტ. I, ს.ფ. 110). შესაბამისად, გატარებული ბუნებრივი აირის ზუსტი ოდენობის აღრიცხვა არ ხდებოდა. შპს ,,ყ.თ-ის“ 2013 წლის 14 აგვისტოს სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ვინაიდან თ-ისა და ჩ-ის ქუჩების გადაკვეთაზე განთავსებულ სადავო N... გაზმარეგულირებელ პუნქტთან არ იყო მოწყობილი აღრიცხვის კვანძი და ამასთანავე, აღნიშნულ პუნქტთან ერთად მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდება ხორციელდებოდა პარალელურ რეჟიმში მომუშავე სხვა 4 მარეგულირებელი პუნქტიდან, N... პუნქტიდან მომხმარებლისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდებოდა (ტ. I, ს.ფ. 110).

პალატამ აღნიშნა, რომ გატარებული ბუნებრივი გაზის საშუალო ოდენობის დაანგარიშებისას პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო შპს ,,ყ.თ-ის“ მიერ წარდგენილ ინფორმაციას მარეგულირებელი პუნქტიდან ბუნებრივი გაზის რაოდენობის გატარების თაობაზე. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს ,,ყ.თ-ის” მიერ წარდგენილი ინფორმაციით, #... მარეგულირებელ პუნქტზე, სხვა 4 პუნქტთან ერთად მიერთებულია 741 აბონენტი, რომელთათვისაც მიწოდებულმა ბუნებრივი გაზის რაოდენობამ მთლიანობაში შეადგინა 929 744 მ3. აქედან, ყოველთვიურად მიწოდებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 77 478 მ3-ს (ტ. I, ს.ფ.109, 110). შპს ,,ყ.თ-ის“ მიერ წარდგენილი იქნა ასევე იმ აბობენტთა სია, რომელთათვისაც ერთი წლის განმავლობაში მიწოდებული გაზის რაოდენობიდანაც მოხდა ყოველთვიურად გატარებული გაზის საშუალო ოდენობის დაანგარიშება. შპს ,,ყ.თ-ის“ მიერ წარდგენილი აბონენტთა სიის თანახმად, მარეგულირებელ პუნქტებიდან მარაგდება მუხრანის, გარეჯელის, გუდამაყრის, თ-ის, ტიბაანის, ჩ-ის (ერთი აბონენტი), ხორნაბუჯის და გლინკას ქუჩები (ტ. I, ს.ფ. 111-125).

სასამართლომ მიუთითა შპს „ს-ის“ მიერ წარმოდგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 11 ივნისის დასკვნაზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ შპს „ს-ის“ კუთვნილ საშუალო წნევის გაზსადენში შეჭრილი დაბალი წნევის გაზსადენი, რომელიც მოწყობილია დ-89 მმ, დ-60 მმ და დ-57მმ ლითონის მილებით, უწყვეტად გაყვანილია: თ-ის, ხორნაბუჯის, დავით გარეჯელის, ტიბაანის, გუდამაყარის, სიხარულიძის, გარიყულის და გარიშვილის ქუჩებზე (ტ. II, ს.ფ. 43-52). შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ექსპერტის დასკვნაში მითითებულ, მოსარჩელის ქსელით მომარაგებული ქუჩებისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაში მითითებული ქუჩების ჩამონათვალში არის განსხვავება. ორივე მტკიცებულებაში აღნიშნულია ისეთი ქუჩები, როგორიცაა: თ-ის, ხორნაბუჯის, დავით გარეჯელის, ტიბაანის, გუდამაყარის ქუჩები. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ჩამონათვალში მითითებულია შემდეგი ქუჩები: მუხრანის, გლინკას და ჩ-ის, რომლებიც ექსპერტმა არ მიუთითა თავის დასკვნაში. სასამართლომ აღინიშნა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ჩამონათვალში ჩ-ის ქუჩაზე მითითებულია მხოლოდ ერთი აბონენტი. მოპასუხეს (აპელანტს) თავად მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაში მითითებული ფაქტები (ანუ ქუჩების ჩამონათვალი, რომლებსაც მიეწოდება ბუნებრივი აირი) არ უარუყვია სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას.

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, პალატამ აღნიშნა, რომ მასში დამატებით დაფიქსირებულია სამი ქუჩა - სიხარულიძე, გარიყული და გარიშვილი, რომლებზეც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება მითითებას არ შეიცავს და მათი მომარაგების თაობაზე მოპასუხეს არც ახსნა-განმარტებაში განუცხადებია. მოპასუხეს, რომელსაც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აქვს ინფორმაცია მითითებული ქუჩის აბონენტების თაობაზე, ექსპერტის დასკვნის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია მოსარჩელის კუთვნილი ხაზოვანი ნაგებობის მოპასუხის მიერ გამოყენება, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მომარაგებული აბონენტების და შესაბამისად, რეალურად გატარებული გაზის რაოდენობა უფრო მცირეა, ვიდრე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაანგარიშებული გატარებული გაზის საშუალო ოდენობა, სასამართლოს აზრით, ეკისრება სწორედ შპს ,,ყ.თ-ს“, რომელსაც აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 09.07.2009წ. N12 დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

აღნიშნული დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ბუნებრივი გაზის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ბუნებრივი გაზი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ბუნებრივი გაზის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 09.07.2009წ. N12 დადგენილება ადგენს ასევე იმ კრიტერიუმებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს კომპენსაციის მოცულობის დადგენისას, კერძოდ, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების გაუარესება, მათ შორის, განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებული რომელიმე მომსახურების ან/და ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირება.

პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული გარემოებების შეფასებისა და გონივრულობის სტანდარტის დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მილსადენის მეშვეობით გატარებული 1მ3 საფასურის ღირებულება 0,02 ლარით.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელენატის მსჯელობა, რომ ვინაიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2013 წლის 30 დეკემბერს მიიღო დადგენილება #15 „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“, წინამდებარე სარჩელით სადავოდ გამხდარ პერიოდშიც გატარებული გაზის საფასურის ტარიფის დადგენა უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული დადგენილების შესაბამისად.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 30.12.2013წ. N15 დადგენილებას უკუქცევითი ძალა არ მინიჭებია, სასამართლოს მითითებით, მის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობები უნდა გადაწყდეს იმ ნორმატიული აქტების საფუძველზე, რომლებიც მოქმედებდნენ შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც სადავო პერიოდის განმავლობაში არ არსებობდა კონკრეტული გატარების საფასურის დამდგენი ფორმულა, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გატარების საფასურის დადგენა იმ საშუალო გონივრული სტანდარტით უნდა მომხდარიყო, რაც მითითებული დადგენილების მე-16 მუხლის საფუძველზე არ გამოიწვევდა ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირებას და ამავე დროს არ უგულვებელყოფდა ქსელის მფლობელის უფლებას მიიღოს მისი კუთვნილი ქსელით სარგებლობისათვის გონივრული საფასური. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მილსადენის მეშვეობით გატარებული 1მ3 საფასურის ღირებულება 0,02 ლარით და საშუალოდ დადგენილი თვიური გატარების ოდენობის (77 478 მ3) გათვალისწინებით მართებულად დააკისრა შპს „ყ.თ-ს“ ხაზოვანი ნაგებობის საკუთრებაში აღრიცხვის მომენტიდან - 2012 წლის 30 ნოემბრიდან, სარჩელის აღძვრის მონეტამდე - 2013 წლის მაისამდე გაზის გატარების საფასურის გადახდა 7 748 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ყ.თ-მა“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სასამართლო ვერ ასაბუთებს თუ რა წესის მიხედვით განისაზღვრა ბუნებრივი გაზის გატარების საფასური - 2 თეთრის ოდენობით/ერთ კუბურ მეტრ გაზზე, რომლიდანაც დაანგარიშებული იქნა გატარების საფასურის ღირებულება 5 თვიან პერიოდზე. აღნიშნული წესით განსაზღვრული გატარების საფასური შეუსაბამოდ მაღალია მის კანონმდებლობით განსაზღვრულ ოდენობასთან. ბუნებრივი გაზის გატარების საფასურის ოდენობის დაანგარიშება უნდა მომხადრიყო „ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის გატარების საფასურის განსაზღვრის წესის“ შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის პირველი იანვრიდან.

საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს „ყ.თ-ისთვის“ ბუნებრივი გაზის გატარების საფასურის განსაზღვრის დროს დაშვებულია უსწორობა გატარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ, ბუნებრივი გაზის აღნიშნული საშუალო თვიური რაოდენობის 77 478 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის გატარება ხდება არა მხოლოდ შპს „ს-ის“ საკუთრებაში არსებული ქსელიდან და მასზე მიერთებული მარეგულირებელი სადგურიდან (№...) არამედ ხუთი მარეგულირებელი სადგურიდან ერთდროულად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ყ.თ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 30 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს „ს-ის“ სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ჩ-ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებული 321 მეტრი სიგრძის გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი (საკადასტრო კოდი №...) (ტ. I, ს.ფ. 12, 13). შპს ,,ს-ი” არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატს.

შპს ,,ყ.თ-ის” მიერ ბუნებრივი გაზის მარეგულირებელი პუნქტის მიერთება ქ. თბილისი, ჩ-ის ქ. №...-ის მიმდებარედ არსებულ გაზმომარაგების ქსელზე განხორციელდა 2011 წლის ბოლოს და შპს ,,ყ.თ-ი” სარგებლობს აღნიშნული გაზმომარაგების ქსელით (მილსადენი).

შპს ,,ყ.თ-ს” შპს ,,ს-ის” თანხმობა გაზმომარაგების ქსელზე (მილსადენი) მარეგულირებელი პუნქტის მიერთებასთან დაკავშირებით არ მიუღია.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და კასატორიც არ ხდის სადავოდ, რომ თბილისში, თ-ისა და ჩ-ის ქუჩების გადაკვეთაზე განთავსებულ სადავო #... გაზმარეგულირებელ პუნქტთან არ იყო მოწყობილი აღრიცხვის კვანძი. შესაბამისად, გატარებული ბუნებრივი აირის ზუსტი ოდენობის აღრიცხვა არ ხდებოდა. შესაბამისად, მომხმარებლისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდებოდა

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გატარებული ბუნებრივი გაზის საშუალო რაოდენობასთან დაკავშირებით, რომ ამ ოდენობის გაზის გატარება ხდება მოსარჩელის კუთვნილი და კიდევ ოთხი პუნქტის მეშვეობით და არა მხოლოდ მოსარჩელის კუთვნილი ხაზოვანი ნაგებობით.

კასატორის პოზიციის საპირისპიროდ, შპს „ს-ი“ სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა, რომ იმ ქუჩების და აბონენტთა რაოდენობა, რომლებიც მარაგდება მოსარჩელის კუთვნილი #... მარეგულირებელი პუნქტის მეშვეობით, მეტია, ვიდრე მოპასუხე უთითებს. შპს „ს-ის“ მიერ წარმოდგენილი იქნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს “ 2014 წლის 11 ივნისის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შპს „ს-ის“ კუთვნილ საშუალო წნევის გაზსადენში შეჭრილი დაბალი წნევის გაზსადენი, რომელიც მოწყობილია დ-89 მმ, დ-60 მმ და დ-57მმ ლითონის მილებით, უწყვეტად გაყვანილია თ-ის, ხორნაბუჯის, დავით გარეჯელის, ტიბაანის, გუდამაყრის, სიხარულიძის, გარიყულის და გარიშვილის ქუჩებზე. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნაში მოსარჩელის ქსელით მომარაგებულ ქუჩებად და თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაში მოცემულ ქუჩების ჩამონათვალში არის განსხვავება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია მოსარჩელის კუთვნილი ხაზოვანი ნაგებობის მოპასუხის მიერ გამოყენება, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მომარაგებული აბონენტების და შესაბამისად, რეალურად გატარებული გაზის რაოდენობა უფრო მცირეა, ვიდრე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაანგარიშებული გატარებული გაზის საშუალო ოდენობა, ეკისრებოდა სწორედ შპს „ყ.თ-ს“, რომელსაც აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან გასაჩივრებული განჩინების შესაბამისობის თვალსაზრისით საკასაციო პალატა კასატორს უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის #ას-803-762-2013 განჩინებაზე.

აღნიშნულ განჩინებაში, 2014 წლის 1 იანვრამდე (სანამ ამოქმედდებოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილება „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარეშების წესების დამტკიცების შესახებ“) ლიცენზიატისა და არალიცენზიატი მფლობელის ელქსელით სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული განსხვავებების შესახებ უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი:

ლიცენზიატისა და არალიცენზიატი მფლობელის ელქსელით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობა განსხვავდება იმით, რომ ლიცენზიატი მფლობელისათვის ტარიფს ადგენს სემეკი, ხოლო არალიცენზიატის საკუთრებაში არსებული ელქსელით სხვა პირის სარგებლობის შემთხვევაში წარმოიშობა საკომპენსაციო თანხის გადახდის მოთხოვნა, რომელიც რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით.

სასამართლომ მიუთითა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ანდა წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა.

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თმენის კომპენსაციის განსაზღვრის მიზნით სასამართლომ კანონის ანალოგიით გამოიყენა კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზეც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

სასამართლომ განმარტა, რომ „თმენის ვალდებულება“ წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, რაც განსხვავდება ზიანის ინტიტუტისაგან. ზიანის ანაზღაურება ემსახურება იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც იარსებებდა, ამ ქმედებას რომ არ გამოეწვია პირის ინტერესების დაუშვებელი ხელყოფა. ამასთან ერთად, როგორც წესი, ამ ხელყოფის გამომწვევია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ხოლო აუცილებელი გზით სარგებლობის თმენის ვალდებულება უკავშირდება მართლზომიერ ქმედებას, რაც კანონით არის დადგენილი და მესაკუთრეს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სხვა პირის მიერ აუცილებელი გზით სარგებლობისათვის აკისრებს „თმენის ვალდებულებას“. სასამართლომ დაასკვნა, რომ კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის სასამართლომ მნიშვნელოვანად ჩათვალა ამ შეზღუდვის ფარგლებისა და იმ ინტერესის გარკვევა, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი.

განხილული საქმის თავისებურების გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, გაირკვეს ელქსელების საშუალო მესაკუთრის ინტერესი (იგივე სიგრძისა და სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის სარგებლობისას გატარებული ელექტროენერგიის მოცულობის გათვალისწინებით).

უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებული პრინციპით უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით გაზსადენით სარგებლობისას თმენის კომპენსაციის ოდენობის გამოთვლაც 2014 წლის 1 იანვრამდე სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობებისთვის.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილ პრინციპს.

რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ ნორმატიულ აქტს (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება #15), რომელიც ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რომ 2014 წლის 1 იანვრამდე ურთიერთობებისათვის ტარიფის განსაზღვრის თვალსაზრისით მას აქვს სავალდებულო ხასიათი.

ამრიგად, კასატორმა ვერ დაადასტურა მისი საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ყ.თ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 387.40 ლარის 70% – 271.18 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ყ.თ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ შპს „ყ.თ-ს“ დაუბრუნდეს მის მიერ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) 2014 წლის 25 დეკემებრს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 387.40 ლარის 70% – 271.18 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი REPLGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე