საქმე №ას-164-154-2015 27 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. უ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ. უ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – განკარგულების ბათილად ცნობა, სამუშაო ადგილზე აღდგენა და იძულებით მოცდენილი დროის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. უ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 07.10.2013წ.-ის N.. განკარგულების ბათილად ცნობა; 2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა; 3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურება თვეში, 480 ლარის ოდენობით 2013 წლის 07 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებით ნ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. უ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ნ. უ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. ბათილად იქნა ცნობილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 07 ოქტომბრის განკარგულება N.. და ნ. უ-ი აღდგენილ იქნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურება თვეში 480 ლარის ოდენობით 2013 წლის 07 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
დადგენილია, რომ 2013 წლის 07 ოქტომბრის სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N.. განკარგულებით ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაში არსებული ფინანსური და ადმინისტრაციული დარღვევის, დამფუძნებლისა და თანამშრომელთა მიმართ გამოჩენილი არაკოლეგიალობისათვის ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ნ. უ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. განკარგულებაში გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტი და 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი, სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილს N21 განკარგულებით დამტკიცებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 78-ე მუხლი.
დადგენილია, რომ ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ორჯერ შემოწმდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 31 ივლისის N…. ბრძანებისა და იმავე წლის 30 აგვისტოს N…. ბრძანების საფუძველზე შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ.
დადგენილია, რომ 2013 წლის 01 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აცნობა ნ. უ-ს, რომ 2013 წლის 07 ოქტომბრის სესიაზე განიხილებოდა საკითხი ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში აღმოჩენილი ფინანსური და ადმინისტრაციული დარღვევების შესახებ, სადაც დაისმებოდა საკითხი მისი მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე და მასვე ეთხოვა აღნიშნულ სესიაზე დასწრება.
უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წერილობითი ფორმით არ დადებულა. ნ. უ-ი ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორად დაინიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის განკარგულებით, რომლითაც რაიმე კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. უ-ის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, კერძოდ, სააღმზრდელო დაწესებულებაში არსებული ფინანსური და ადმინისტრაციული დარღვევა, დამფუძნებლისა და თანამშრომელთა მიმართ გამოჩენილი არაკოლეგიალობა ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების შემოწმების აქტებით, რომელზედაც აპელირებდა მოპასუხე, არ დგინდებოდა, კერძოდ, დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 31.07.2013წ.-ის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული შემოწმება შეეხო 2013 წლის 01 იანვრიდან 2013 წლის 01 აგვისტომდე პერიოდს. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 26.06.2013წ.-ის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ნ. უ-ი აღდგენილ იქნა ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორად. ამასთან, აპელანტის აღდგენა დაკავებულ თანამდებობაზე განხორციელდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 06 აგვისტოს განკარგულება N--ით 2013 წლის 06 აგვისტოდან. დადგენილია, რომ 2013 წლის 06 აგვისტომდე პერიოდში დირექტორის თანამდებობას იკავებდნენ 2013 წლის 22 აპრილამდე - ნ. ი-ე, ხოლო 22 აპრილიდან 06 აგვისტომდე - ე. კ-ი. შესაბამისად, მხარეთა შორის ახალი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2013 წლის 06 აგვისტოდან და დაწესებულებაში ამ დრომდე წარმოშობილი ფინანსური და ადმინსტრაციული დარღვევები, საქმის განმხილველი სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენდა ნ. უ-ისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს.
რაც შეეხება, 06 აგვისტოდან 07 ოქტომბრამდე პერიოდს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 07 ოქტომბრის განკარგულება N--ის შესაბამისად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით ნ. უ-ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შემდეგი: გაერთიანების მხრიდან ბაღების მუშაობაზე სუსტი კონტროლი და სუსტი მენეჯმენტი, რაც გამოიხატა ფილიალების თანამშრომლებთან მჭიდრო ურთიერთობის არარსებობასა და მათი პრობლემების არცოდნაში. ნ. უ-ის მხრიდან ფილიალების დირექტორებისა და თანამშრომლების მიმართ მითითებების, განკარგულებებისა და ბრძანებების გაუცემლობაში. დირექტივების არქონამ კი, სადავო განკარგულება N--ის შესაბამისად, გამოიწვია ფილიალების დირექტორებისა და თანამშრომლების დათრგუნვა და ფილიალებში ქაოსის შექმნა, რაც უარყოფითად აისახა სასწავლო წლის დაწყებაზე, კერძოდ, ბაღების მუშაობის გაუმართაობის გამო, ვერ მოხერხდა სასწავლო პროცესის დროულად დაწყება და გაერთიანების ხელმძღვანელის მხრიდან სასწავლო წლისათვის ბაღების მზადყოფნის შესახებ არ მოხდა საკრებულოსათვის ცნობების მიწოდება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სადავო განკარგულება N--ის მიხედვით ნ. უ-ის წერილობითი მიმართვები საკრებულოსადმი ბაღებისათვის პრობლემური საკითხების მოგვარებაში დახმარების თაობაზე, შეფასებულია, როგორც სუსტი მენეჯმენტის დადასტურება. სადავო განკარგულება N--ის შესაბამისად, ნ. უ-ის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევისა და თანამშრომელთა მიმართ არაკოლეგიალობის დამადასტურებელ გარემოებად მითითებულია აგრეთვე, გაერთიანებაში ფინანსური შემოწმების მიმდინარეობისას გაერთიანების მთავარი ბუღალტრის გათავისუფლება და ასევე, წნორის N- ფილიალში აღსაზრდელების თანაშემწეებად გადაყვანის ფაქტები, რაც სადავო განკარგულებით შეფასებულია, როგორც ნ. უ-ის მხრიდან თანამშრომელთა უკანონო, შრომის კოდექსის დარღვევით განხორციელებული გათავისუფლების ფაქტი, რითაც დაირღვა გათავისუფლებულ პირთა შრომითი უფლებები.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N-- განკარგულებაში ნ. უ-ის მიმართ ვალდებულებების უხეშ დარღვევად მითითებული გარემოებები არ დადასტურდა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორების მხრიდან ფილიალებში არსებული პრობლემების არცოდნისა და მათზე მონიტორინგის არარსებობის გარემოებების საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია საქმის მასალებში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 15 აგვისტოს წერილი N--, რომლითაც დაწესებულების დირექტორი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განმეორებით მიმართავს საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების შენახვის პრობლემების მოგვარების მიზნით, მაცივრების შეძენის თხოვნით. 2013 წლის 23 აგვისტოს N-- წერილში სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორმა ნ. უ-მა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს მიაწოდა საკრებულოს მიერ 2013 წლის 26 თებერვლის დამტკიცებული ბიუჯეტის 63 285 ლარის ოფისის ხარჯის ნაწილში ინფორმაცია 2013 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით გახარჯული თანხისა და დარჩენილი თანხის 25 869 ლარის გახარჯვის გეგმის თაობაზე. გარდა ამისა, აღნიშნულ წერილში საკრებულოს მიეწოდა ინფორმაცია ბაღების ჩამონათვალისა და ბავშვთა რაოდენობის შესახებ. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის ნ. უ-ის 2013 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით წნორის N-- ფილიალის დირექტორს ნ. ბ-ს მიეცა გაფრთხილება ბავშვთა რეგისტრაციის პრობლემების არასწორად წარმართვის გამო და მიეცა ხუთი დღე არსებული დარღვევების გამოსასწორებლად. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 06 სექტემბრის N-- წერილის თანახმად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიეწოდა ინფორმაცია 2013 წლის აგვისტოს თვეში დაწყებული ბაღებში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ეტაპობრივად შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების ხარვეზებისა და შესაბამისი ზომების მიღების შესახებ. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 13 აგვისტოსა და 06 სექტემბრის N-- და N-- წერილებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეთხოვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 23-ე ბაღში ზაფხულში ჩატარებული რემონტის შემდეგ არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით სატრანსპორტო პრობლემებისა და მძღოლის საშტატო ერთეულის არარსებობის გამო, შექმნილი პრობლემების მოგვარებაში დახმარების აღმოჩენა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დაქვემდებარებაში არსებული ანაგის N-, ძვ.ანაგის, ხორნაბუჯის, ვაქირის, ბოდბის N--ე ფილიალებში 2013 წლის 16 სექტემბრის სასწავლო პროცესის დაწყების შეფერხება გამოწვეული იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოებული სარემონტო სამუშაოების გაგრძელებით.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო განკარგულება N--ში ასახული დარღვევები, კონკრეტული ფაქტები საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. რაც შეეხება 2013 წლის 07 ოქტომბრის N-- განკარგულებაში მითითებულ გარემოებას საკრებულოში გაერთიანების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეთა მხრიდან სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში არსებულ დარღვევებზე განვითარების ხედვის არარასებობასა და სხვა მიზეზთა გამო კადრების გადახედვის მოთხოვით მრავალი საჩივრის არსებობაზე, სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ ამა თუ იმ დარღვევის ფაქტებზე მითითებით დაწესებულების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეთა მხრიდან საჩივრების არსებობა არ წარმოადგენდა პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს დამქირავებლის მხრიდან დარღვევის კონკრეტული ფაქტების დადასტურების გარეშე. შესაბამისად, სადავო განკარგულებაში თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეთა მხრიდან საჩივრების არსებობაზე მითითება, ნ. უ-ის მიერ, მასზე დაკისრებულ ვადებულებათა უხეში დარღვევის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა.
2013 წლის 07 ოქტომბრის N-- განკარგულებაში მთავარი ბუღალტრისა და წნორის N- ფილიალში თანამშრომელთა ნ. უ-ის მიერ გათავისუფლების ფაქტებთან მიმართებაში. პალატამ განმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმება შრომის კანონმდებლობისა და გათავისუფლებულ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების დადგენა არ განეკუთვნებოდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეფასების საგანს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ნ. უ-ის მხრიდან თანამშრომელთა უკანონოდ გათავისუფლების ფაქტები არ მიიჩნია დადგენილად.
ამასთან, შემოწმების აქტში დაფიქსირებული ფინანსური და ადმინისტრაციული დარღვევების თაობაზე ნ. უ-ისათვის ორი დღის მიცემა, სააპელაციო სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, ნ. უ-ს მიეცა მხოლოდ ორი დღე წარედგინა საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები შემოწმების აქტში დაფიქსირებული ფინანსური და ადმინისტრაციული დარღვევების თაობაზე, რაც არაგონივრული იყო, უფრო მეტიც, რომც ჰქონოდა ადგილი დაწესებულებაში რაიმე სახის ფინანსური ანდა ადმინისტრაციული ხასიათის დარღვევებს საკრებულოს უნდა მიეცა ვადა დირექტორისათვის დაწესებულებაში არსებული დარღვევევბის გამოსასწორებლად, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის წესდების“ მიხედვით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება წარმოადგენდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმნილ არასამეწარმეო იურიდიულ პირს, წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა დამფუძნებელი.
მართალია დამსაქმებელს/დამფუძნებელს სრული უფლება ჰქონდა შეემოწმებინა დასაქმებულის საქმიანობა და მოეთხოვა, სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება. მას ასევე ჰქონდა უფლება თანამდებობაზე დაენიშნა და გაეთავისუფლებინა დაწესებულების დირექტორი, თუმცა, მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ნორმატიული აქტების საფუძველზე, მიუხედავად კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებისა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო არ იყო შეუზღუდავი და არ სარგებლობდა აბსოლუტური ავტონომიით, რაც საკმარისი საფუძველი იქნებოდა დირექტორის გათავისუფლების ცალმხრივი ნების გამოსავლენად. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში საკადრო პოლიტიკის წარმართვისა და დირექტორის გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მართლზომიერი და ნაკარნახევი ობიექტური აუცილებლობით. მოცემულ საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტით დადგენილი საფუძვლების არსებობა, რომლის მიხედვით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა. კერძოდ, საქმეში არ იყო წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ნ. უ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას, არც ის გარემოება დასტურდებოდა, რომ დირექტორმა ნ. უ-მა დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი და ამდენად, სადავო განკარგულება, როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნება, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა ბათილ გარიგებას.
ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელე ნ. უ-ი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან არაკანონიერად, რითაც შელახა მისი შრომითი უფლებები; მოპასუხის ქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი: მას წაერთვა შესაძლებლობა განუსაზღვრელი ვადით შეესრულებინა თავისი შრომითი მოვალეობა და მიეღო შესაბამისი შრომის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავლისთვისაც: მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით, დამსაქმებელმა მოუსპო შესაძლებლობა დასაქმებულს, განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომითი ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობით.
შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. უ-ის სარჩელი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო. დადგენილ იქნა, რომ ნ. უ-ის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 480 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას ყოველთვიურად უნდა დაკისრებოდა 480 ლარის გადახდა იძულებითი განაცდურის სახით, 2013 წლის 07 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითადი დასაბუთება იმ გარემოებას ემყარება, რომ ნ. უ-ის სამასახურიდან გათავისუფლება საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევა) საფუძველზე განხორციელდა ნორმის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც თავის მხრივ, 07.10.2013წ.-ის სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N-- განკარგულების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა, რომელიც არ იქნა სწორად შეფასებული საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ. კერძოდ, დარღვევები, აღმოჩენილია სააღმზდელო დაწესებულებაში ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბრის თვიდან, როდესაც ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა ნ. უ-ი. სააღმზრდელო დაწესებულებაში არ იყო ჩატარებელი ქონების, მოთხოვნილებებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. უ-მა სააპელაციო საჩივარში აღიარა, რომ „31.07.2013წ.-ის N-- ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეამოწმა ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის სისწორე. აღმოაჩინა „მცირედი“ შეცდომები და მოითხოვა დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადა“.
კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. უ-ს არ გააჩნდა იმის გაანგარიშება, თუ რა ჯდებოდა ერთი ბავშვის კვება ცალკე ბიუჯეტიდან და ცალკე - საკუთარი შემოსავლიდან. რეალურად კი, დაწესებულებას გაანგარიშებული ჰქონდა თუ რა ჯდებოდა ერთი ბავშვის კვება ჯამურად, ხოლო რაც შეეხებოდა საბიუჯეტო სახსრებსა და საკუთარ შემოსავლებს, აღნიშნული წარმოადგენს დაფინანსების წყაროს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში შეიძლება სხვადასხვა თანაფარდობის იყოს.
კასატორი აღნიშნავს, რომ ასევე არ იყო თანხობრივად გაანგარიშებული თუ რა ღირებულების საკვები მიიღო აღსაზრდელმა დღეში და არ იყო გადაყვანილი ღირებულებით საზომში მთელი თვის ხარჯვა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 12.11.2003წ,-ის N280/ნ ბრძანებით ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებაში კვების ორგანიზაციის სტანდარტული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სკოლამდელ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს 10-დღიანი ან 2-კვირიანი პერსპექტიული მენიუ და სპეციალურად შემუშავებული კერძების კართოტეკა. პერსპექტიულ მენიუებზე დაყრდნობით, მენიუ-განრიგი უნდა შედგეს ყოველდღიურად. მასში უნდა აღინიშნოს იმ ბავშვებისა და თანამშრომლების რიცხვი, ვინც უნდა მიიღოს აღნიშნული საკვები.
გარდა ამისა, კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია, საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორების მხრიდან ფილიალებში არსებული პრობლემების არცოდნისა და მათზე მონიტორინგის არარსებობის გარემოებების საპირისპიროდ საქმის მასალებში წარმდგენილია მტკიცებულებები: სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 15 აგვისტოს წერილი N--, რომლითაც დაწესებულების დირექტორი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განმეორებით მიმართავს საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების შენახვის პრობლემების მოგვარების მიზნით, მაცივრების შეძენის თხოვნით. კასატორი აღნიშნავს, რომ როდესაც ა(ა)იპის ხელმძღვანელი ეკონომიის წარმოშობის გამო გასცემდა პრემიებს ამ დაწესებულებაში მომუშავე თანამშრომლებზე, რატომ არ ჰქონდა საშუალება თავად შეეძინა თუნდაც ერთი მაცივარი და შემდგომ ეთხოვა დახმარება დამფუძნებლისათვის.
ნ. უ-ის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების ერთ-ერთ არგუმენტად საკასაციო საჩივარში დასახელებულია ნ. უ-ის მხრიდან თანამშრომლების მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის უსაფუძვლობა და არაკოლეგიალური დამოკიდებულება, სახელდობრ, ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის 10წთ.-ით დაგვიანებისათვის საყვედურის წერილობითი ფორმით გამოცხადება; ბუღალტერ მ.კ-თვის დაგვიანების გამო გაფრთხილების გამოცხადება; გაერთიანებაში ფინანსური შემოწმების მიმდინარეობისას გაერთიანების მთავარი ბუღალტრის გათავისუფლება; ასევე, წნორის N- ფილიალში აღსაზრდელების თანაშემწეებად გადაყვანის ფაქტები, რაც კასატორის მოსაზრებით, წარმოადგენს თანამშრომელთა უკანონო, შრომის კოდექსის დარღვევით განხორცილებულ გათავისუფლების ფაქტებს, რითაც დაირღვა გათავისუფლებულ პირთა შრომითი უფლებები.
კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია იმ სამართლებრივ საფუძველს ემყარება, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არსებითად ეწინააღმდეგება მსგავსი კატეგორიის დავებზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, რომლის ნათელი მაგალითია სუს 01.12.2012წ.-ის განჩინება (საქმე Nას-343-327-2011).
ამასთან, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის თანამდებობას ამჟამად ლეგიტიმურად იკავებს მესამე პირი, რომელი გარემოებაც სააპელაციო სასამართლოს არ შეუმოწმებია, რის გამოც კასატორს გაუმართლებლად მიაჩნია ნ. უ-ის აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ ღანამდებობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითადი საფუძვლები (კასაციის მიზეზები) იმ გარემოებას ემყარება, რომ ნ. უ-ის სამსახურიდან გათავისუფლება საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევა) საფუძველზე განხორციელდა ნორმის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც თავის მხრივ, 07.10.2013წ.-ის სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N-- განკარგულების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა, რომელიც არ იქნა სწორად შეფასებული საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხ.).
ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. შესაბამისად, კასატორია (მოპასუხე) ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს ნ. უ-ის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით ნ. უ-ის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძლად იქნება მიჩნეული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დარღვევები (სააღმზრდელო დაწესებულების ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია), რომელსაც ედავება კასატორი ნ. უ-ს, აღმოჩენილია სააღმზდელო დაწესებულებაში ჯერ კიდევ, 2012 წლის დეკემბრის თვიდან, როდესაც ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა ნ. უ-ი. მითითებულ პერიოდში, სააღმზდელო დაწესებულებაში აღმოჩენილ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირად საკასაციო პალატა ნ. უ-ს ვერ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ როგორც ეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაა დადგენილი, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 26.06.2013წ.-ის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ნ. უ-ი აღდგენილ იქნა ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორად. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 06 აგვისტოს N-- განკარგულებით ნ. უ-ის აღდგენა დაკავებულ თანამდებობაზე განხორციელდა 2013 წლის 06 აგვისტოდან. 2013 წლის 06 აგვისტომდე პერიოდში დირექტორის თანამდებობას იკავებდნენ 2013 წლის 22 აპრილამდე - ნ. ი-ე, ხოლო 22 აპრილიდან 06 აგვისტომდე - ე. კ-ი. შესაბამისად, მხარეთა შორის ახალი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2013 წლის 06 აგვისტოდან და ამდენად, ამ დრომდე დაწესებულებაში წარმოშობილი ფინანსური და ადმინსტრაციული დარღვევები, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნ. უ-ისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს არ წარმოადგენს.
ნ. უ-ის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების ერთ-ერთ არგუმენტად, საკასაციო საჩივარში დასახელებულია ნ. უ-ის მხრიდან თანამშრომლების მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის უსაფუძვლობა და არაკოლეგიალური დამოკიდებულება, სახელდობრ, „ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის 10წთ.-ით დაგვიანებისათვის საყვედურის წერილობითი ფორმით გამოცხადება; ბუღალტერ მ.კ-თვის დაგვიანების გამო გაფრთხილების გამოცხადება; გაერთიანებაში ფინანსური შემოწმების მიმდინარეობისას გაერთიანების მთავარი ბუღალტრის გათავისუფლება; ასევე, წნორის N-- ფილიალში აღსაზრდელების თანაშემწეებად გადაყვანის ფაქტები“, რაც კასატორის მოსაზრებით, წარმოადგენს თანამშრომელთა უკანონო, შრომის კოდექსის დარღვევით განხორცილებულ გათავისუფლების ფაქტებს, რითაც დაირღვა გათავისუფლებულ პირთა შრომითი უფლებები.
ნ. უ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად საკასაციო საჩივარში ზემოთდასახელებული არგუმენტები, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია და განმარტავს, რომ საკითხი იმის შესახებ რამდენად კანონიერად გამოიყენა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლებისადმი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იქნება ეს გაფრთხილება, საყვედური, სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვ. განეკუთვნება თავად დაზარალებულ პირთა საჩივრის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების ან, საერთო სასარჩელო წარმოების წესით განსახილველ საკითხს და არა კასატორის შეფასების საგანს. შესაბამისად, ამ გარემოებაზე მითითება სათანადო მტკიცებულებათა (როგორიცაა ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული გადაწყვეტილება მუშაკის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმების შესახებ ანდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მუშაკის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე) უქონლობის გამო, სწორად არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორის იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ სააღმზდელო დაწესებულებაში არ იყო თანხობრივად გაანგარიშებული თუ რა ღირებულების საკვები მიიღო აღსაზრდელმა დღეში და არ იყო გადაყვანილი ღირებულებით საზომში მთელი თვის ხარჯვა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 12.11.2003წ,-ის N280/ნ ბრძანებაზე რომლითაც ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებაში კვების ორგანიზაციის სტანდარტული წესებისა და ნორმების მიხედვით ბავშვის კვების მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი. დღეღამური რაციონის კერძების ნაკრები უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვთა ორგანიზმის მოთხოვნილებებს ძირითად საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე, სარეკომენდაციო ასაკობრივი ნორმების გათვალისწინებით...სკოლამდელ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს 10-დღიანი ან 2-კვირიანი პერსპექტიული მენიუ და სპეციალურად შემუშავებული კერძების კართოტეკა....ბავშვთა კვების ხარისხზე აუცილებელია, დაწესდეს ყოველდღიური კონტროლი: რომელიმე პროდუქტის არქონის შემთხვევაში, ის შეიძლება შეიცვალოს ძირითადი საკვები ნივთიერებების (ცილები და ცხიმები) იდენტური რაოდენობის შემცველი სხვა პროდუქტით, რისთვისაც აუცილებელია, პროდუქტების ურთიერთჩანაცვლების დადგენილი ცხრილით სარგებლობა. საკვების ულუფათა მოცულობა მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არ იყო თანხობრივად გაანგარიშებული თუ რა ღირებულების საკვები მიიღო აღსაზრდელმა დღეში და არ იყო გადაყვანილი ღირებულებით საზომში მთელი თვის ხარჯვა, არ შეიძლება შეფასდეს უხეშ დარღვევად და საფუძვლად დაედოს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, უხეშ დარღვევად, რაც მართლზომიერად განაპირობებდა მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებას, შესაძლებელი იყო მიჩნეულიყო მენიუ-ფაქტურის იმგვარი შემთხვევების არსებობა, რომელიც პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების საფრთხეს შუქმნიდა აღსაზრდელთა ჯანმრთელობასა და მათ ფიზიკურ განვითარებას, მაგალითად, იმგვარად შედგენილი მენიუ-ფაქტურა, რომლითაც გაწერილი იქნებოდა მწირი დღის მენიუ (აუცილებელი პროდუქტების არარსებობა, ასევე, არაბალანსირებული კვების არსებობა (სადაც არ იქნებოდა დაცული 1-1-4-ის პრონციპი: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) და დღის დასაშვებ ნორმაზე (1000 კკალორია) მნიშვნელოვნად ნაკლები კალორიით (928,67 კკალორია)) (იხ., სუს 17.03.2015წ.-ის განჩინება საქმე №ას-1294-1232-2014).
საკასაციო საჩივრის შემდგომი პრეტენზია იმ გარემოებას ეფუძნება, რომ ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორ ნ. უ-ს არ გააჩნდა იმის გაანგარიშება, თუ რა ჯდებოდა ერთი ბავშვის კვება ცალკე ბიუჯეტიდან და ცალკე - საკუთარი შემოსავლიდან, რაც მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ დაწესებულებას გაანგარიშებული ჰქონდა თუ რა ჯდებოდა ერთი ბავშვის კვება ჯამურად, ხოლო რაც შეეხებოდა საბიუჯეტო სახსრებსა და საკუთარ შემოსავლებს, აღნიშნული წარმოადგენდა დაფინანსების წყაროს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა თანაფარდობის შეიძლებოდა ყოფილიყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თუნდაც ჰქონოდა ადგილი დაწესებულებაში რაიმე სახის ფინანსური ანდა ადმინისტრაციული ხასიათის დარღვევებს საკრებულოს უნდა მიეცა ვადა დირექტორისათვის დაწესებულებაში არსებული დარღვევევბის გამოსასწორებლად, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატის ეს მოსაზრება განპირობებულია დამსაქმებლისათვის კანონით მინიჭებული უპირატესი უფლებების გამოყენების თანაბარზომიერების აუცილებლობით, რასაც კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა უდევს საფუძვლად. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ “Ultima Ratio“ - ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული (იხ., სუს 18.03.2015წ.-ის გადაწყვეტილება საქმე №ას-1276-1216-2014). აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, მართალია, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით (07.10.2013წ.-ისათვის ნ.უ-ის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი რედაქციით), შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევაცაა, თუმცა, ნიშანდობლივია დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობა. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის ის პოზიცია, რომ ა(ა)იპ სააღმზრდელო დაწესებულებაში არ არსებობდა ხარჯვის გაანგარიშება დაფინანსების კონკრეტულ წყაროებზე მითითებით, არ წარმოადგენდა პირდაპირ უკაცრესი ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.
კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია იმ სამართლებრივ საფუძველს ემყარება, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არსებითად ეწინააღმდეგება მსგავსი კატეგორიის დავებზე დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, რომლის ნათელი მაგალითია სუს 01.12.2012წ.-ის განჩინება (საქმე Nას-343-327-2011).
კასატორის ზემოაღნიშნულ პოზიციას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გადაწყვეტილებით განხილულია მუშაკის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების მოშლა) გამოყენების წინაპირობები, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კი, სადავოა ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევა) გამოყენების მართლზომიერება.
ამასთნ, სასამართლო პრაქტიკა, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად მართლზომიერად მიიჩნევდა მხოლოდ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების მოშლა) გამოყენებას, რაც განმარტებული იყო, როგორც მეწარმის უფლება თავისი შეხედულებით დაექირავებინა და გაეთავისუფლებინა თანამშრომლები, შეიცვალა. სასამართლოს ამჟამინდელი პრაქტიკით „საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი აღარ განიმარტება, როგორც „კონტრაჰენტის თავისუფალი არჩევანის უფლება“, თუნდაც სამეწარმეო მიზნებისათვის, დამსაქმებელმა თვითნებურად და ყოველგვარი მოტივაციის გარეშე მოშალოს შრომითი ხელშეკრულება (იხ., სუს 07.11.2014წ.-ის გადაწყვეტილება, საქმე Nას-893-851-2013).
რაც შეეხება, იმ გარემოებაზე მითითებას, რომ ამჟამად სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის თანამდებობას ლეგიტიმურად იკავებს მესამე პირი, რომელი გარემოებაც სააპელაციო სასამართლოს არ შეუმოწმებია, რის გამოც, კასატორს გაუმართლებლად მიაჩნია ნ. უ-ის აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების მოქმედების შედეგად, ფაქტების მითითების (მტკიცების საგანი), ასევე მათი დამტკიცების (მტკიცების ტვირთი) ვალდებულება ეკისრებათ დავის მონაწილე მხარეებს. სასამართლო თავისი ინიციატივით, მხარეთა მითითების გარეშე, არ იკვლევს ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ ამჟამად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის თანამდებობა ლეგიტიმური გზითაა დაკავებული, წარმოადგენს ფაქტს, რომელი ფაქტიც კასატორს (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს) უნდა მიეთითებინა სააპელაციო შესაგებელში (ტ.2. ს.ფ. 22-31). ვინაიდან საკასაციო სასამართლო შეზღუდულია ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითებისა და გამოკვლევის პროცესუალური შესაძლებლობით (საპროცესო კოდექსის 407-ე მუხ.), ამიტომ კასატორის მიერ მითიეთებულ გარემოებას, საკასაციო პალატა ვერც გამოიკვლევს და ვერც ამ გარემოებაზე მსჯელობის არარასებობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევად ვერ შეაფასებს (ამ ნაწილში, სააპელაციო შედავების არარსებობის გამო).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეაფსებას და მიაჩნია, რომ ნ. უ-ს არ ჩაუდენია მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის გაფრთხილებას, დამატებითი ვადის მიცემას ან კიდევ უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო. შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 18 მარტი, 2015 წელი, საქმე №ას-1276-1216-2014).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე