საქმე№ას-232-219-2015 2 აპრილი, 2015 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ი, ი. გ-ა-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყევტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა-ის, მ. მ-ისა და ი. გ-ა-ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოპასუხეებმა ნ. ა-მა და ი. გ-ა-მა სარჩელი არ ცნეს, ხოლო მ. მ-ემ სარჩელი ცნო.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა სესხის თანხის სწორად განსაზღვრისა და მ. მ-ისათვის დაკისრების ნაწილში, რის გამოც მ. მ-ე ამოირიცხა თანამოპასუხეთა სიიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ა-ისა და ი. გ-ა-ის წარმომადგენლის რ. ხ-ს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ნ. ბ-ის წარმომადგენელმა ი. გ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ნ. ბ-ის წარმომადგენლის ი. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ა-ისა და ი. გ-ა-ის წარმომადგენლის რ. ხ-ს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ნ. ბ-ის წარმომადგენლმა ი. გ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 893.2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდეგნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 893.2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდეგნა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ ი. გ-ეს (იხ. რწმუნებულება ტ.II ს.ფ27) ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 19 მარტს (იხ.შეტყობინების აქტი ტ. II, ს.ფ.295).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივრის თაობაზე დადგენილი ხარვეზის განჩინება სახელმწიფო ბაჟს შეეხებოდა, შეტყობინების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) ჩაბარება კანონის დანაწესებთან შესაბამის ქმედებას წარმოადგენს და ეს შეტყობინება, კანონის ძალით, მისი განხორციელების დღეს - 2015 წლის 19 მარტს ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2015 წლის 20 მარტს და ამოიწურა 2015 წლის 24 მარტს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუმდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური