Facebook Twitter

2 აპრილი, 2015 წელი საქმე№ას-75-69-2015 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ქ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. კ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

რ. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ქ-ის მიმართ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით რ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა 2012 წლის 8 ივნისს რ. კ-ას და გ. ქ-ს შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება; რ. კ-ას დაუბრუნდა 2012 წლის 8 ივნისს დადებული სამისდღეშიო ხელშეკრულებით გაცემული უძრავი ქონება მდებარე ქ. რუსთავი, 21-ე მ/რ 9-22.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ქ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით გ. ქ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში: ა) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს დავის საგნის – ქ. რუსთავში, 21-ე მკრ. კორპ.9 ბ.22-ში მდებარე 84.17 კვ.მ ფართის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (აუდიტის დასკვნა) და მისი ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 და არაუმეტეს 6000 ლარის სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხვის ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი – „განაღდებულია“). ბ) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრი.

2015 წლის 4 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ქ-ის წარმომადგენელმა ე. მ-ემ და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 14 დღით გაგძელების თაობაზე იმ საფუძვლით რომ, კასატორს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რის გამოც ვერ ახერხებს სახელმწიფი ბაჟის გადახდას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით გ. ქ-ის წარმომადგენლის ე. მ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში: ა) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს დავის საგნის – ქ. რუსთავში, ...-ე მკრ. კორპ.... ბ....-ში მდებარე 84.17 კვ.მ ფართის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (აუდიტის დასკვნა) და მისი ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 და არაუმეტეს 6000 ლარის სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხვის ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი – „განაღდებულია“). ბ) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით გ. ქ-ის წარმომადგენლის ე. მ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში: ა) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს დავის საგნის – ქ. რუსთავში, ...-ე მკრ. კორპ.... ბ....-ში მდებარე 84.17 კვ.მ ფართის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (აუდიტის დასკვნა) და მისი ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 და არაუმეტეს 6000 ლარის სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხვის ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი – „განაღდებულია“). ბ) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრი.

ხარვეზის დადგენის შესახებ უზენაესი სასამართლოს განჩინება კასატორის წარმომადგენელ ე. მ-ეს (იხ. რწმუნებულება ტ.II, ს.ფ.45) გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2015 წლის 14 მარტს პირადად ჩაბარდა (იხ. შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ ტ. II, ს.ფ.85).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 15 მარტს და დასრულდა ამავე წლის 23 მარტს. საკასაციო საჩივრის ავტორს ამ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური