Facebook Twitter

№ას-925-887-2014 30 აპრილი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ლ-იძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ო-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ო-ამ მოპასუხე ნ. ლ-იძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ნ. ლ-იძისთვის მის სასარგებლოდ 1200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 1920 ლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ო-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ო-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. მ. ო-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაყვეტილება;

3. მ. ო-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4. ნ. ლ-იძეს მ. ო-ას სასარგებლოდ დაეკისრა 320 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე წარდგენილი იყო ხელწერილი, რომელზე დაყრდნობითაც მოსარჩელემ მოითხოვა ნ. ლ-იძისათვის თანხის დაკისრება, 1200 აშშ დოლარისა და 1920 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ ხელწერილთან დაკავშირებით მოპასუხე ნ. ლ-იძემ აღნიშნა, რომ მისი ხელით შესრულებული იყო ხსენებულ მტკიცებულებაზე ბოლო მარჯვენა კუთხეში გაკეთებული მინაწერი – „მომცა 320 ლარი“, თუმცა ეს თანხა მიიღო ბინის ნასყიდობის საფასურად და არა სესხის სახით.

ხელწერილზე გაკეთებული სხვა მინაწერის სისწორე მოპასუხემ სადავოდ გახადა და განმარტა, რომ მას არანაირი მინაწერი არ გაუკეთებია, თანხა არ უსესხებია.

მოპასუხის აღიარების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ნ. ლ-იძის მიერ სესხის სახით 320 ლარის მიღების ფაქტი. რაც შეეხებოდა ამ უკანასკნელის პოზიციას აღნიშნული 320 ლარის უძრავი ქონების ნასყიდობის ფასში ჩათვლის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ იგი არ გაიზიარა და განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება მოპასუხემ ვერ დაადასტურა.

სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე და 131-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად მოპასუხე ადასტურებდა მისი მხრიდან მოსარჩელისგან 320 ლარის მიღებას, რაც არც შემდგომში უარუყვია, დასახელებული გარემოება მან სააპელაციო სასამართლოშიც დაადასტურა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ფაქტის აღიარება მხარეთა ახსნა-განმარტების ერთ-ერთი სახესხვაობაა, მტკიცებულებაა. აღიარების, როგორც მტკიცებულების თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ამ მტკიცებულებით ხდება ისეთი ფაქტის დადასტურება, რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. ამდენად, ფაქტს, რომელიც უნდა დაედასტურებინა ერთ-ერთ მხარეს (მისი მტკიცების ტვირთი იყო), ადასტურებს მეორე მხარე, რითაც ამ ფაქტის მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოწინააღმდეგეს, ამიტომ, აღიარება, როგორც მტკიცებულება, სამოქალაქო სამართალწარმოებაში უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნევა, რადგან იგი გაკეთებულია მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ და ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოპასუხემ აღიარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან მოსარჩელისგან ნამდვილად მიიღო 320 ლარის ოდენობით თანხა, რის შესახებაც ხელწერილზეც გააკეთა მინაწერი და ხელი მოაწერა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და მე-4 მუხლების საფუძველზე, იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ. ლ-იძეს სადავოდ არ გადაუხდია მ. ო-ასთვის სესხად აღებული თანხა 320 ლარის ოდენობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ნ. ლ-იძეს მ. ო-ას სასარგებლოდ 320 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-იძემ

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მ. ო-ამ დაარღვია 2010 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულება და დღემდე არა აქვს გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული 150000 აშშ დოლარი. ნ. ლ-იძეს მ. ო-ასგან სესხად არანაირი თანხა არ მიუღია. მ. ო-ას მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მას სრულად არ აქვს გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხა. 2010 წლის 20 სექტემბრის უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მყიდველი მხარის – მ. ო-ას მიერ ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის გამო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ საქმეს ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლო იხილავს. შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, 2010 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულება მოსარჩელემ შეასრულა თუ არა, სხვა სამოქალაქო საქმის დავის საგანია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები, მ. ო-ას მიერ 2010 წლის 20 სექტემბრის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მტკიცებულებებია. მითითებული მტკიცებულებებით გათვალისწინებული თანხები რეალურად უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს და ასევე, მ. ო-ას მიერ ნ. ლ-იძის სახლის დამსვენებლებზე გაქირავებით (მ. ო-ა აქირავებდა ნ. ლ-იძის სახლს და თავად იღებდა სარგებელს) დახარჯული კომუნალური გადასახადებისათვის გათვალისწინებულ თანხებს წარმოადგენდნენ. მათი მეშვეობით არ დგინდება მ. ო-ამ თუ ვის და რა თანხები გადასცა, აგრეთვე, გადასცა თუ არა სარჩელში დასახელებული თანხები ნ. ლ-იძეს, იყო თუ არა ეს სესხი, როდის და რა პირობებით უნდა დაბრუნდეს იგი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-იძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ლ-იძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ლ-იძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე