Facebook Twitter

საქმე №ას-1063-1018-2014 08 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს-ე“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ხ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დივიდენდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ხ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ს-ს“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხისათვის შპს „ს-ში“ მისი კუთვნილი 25%-იანი წილის შესაბამისად, 2012 წლის დივიდენდების დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ დ. ხ-მ 1992წ.-ს დააფუძნა შპს „ს-ე“ და წარმოადგენდა მისი 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს. ამჟამად კი, ფლობს 25%-იან წილს, ხოლო საზოგადოების 75%-ს დაეუფლა ც. მ-ე, რომელმაც მრავალჯერ სცადა საწარმოდან დ. ხ-ის გარიცხვა. მოსარჩელე განმარტავს, რომ მას ეკუთვნის 2012 წლის დივიდენდები, თუმცა იმის გამო, რომ შპს „ს-ს“ 75%-იანი წილის მფლობელი ც. მ-ე არ აძლევს ინფორმაციას მოსარჩელეს საწარმოს შემოსავალსა და დივიდენდებზე, მოსარჩელემ 24.04.2013წ.-ს მიმართა სასამართლოს პარტნიორთა კრების ჩატარების, წლიური სამეურნეო ანგარიშისა და წარმოდგენილი შედეგების მიხედვით დივიდენდების განაწილების თაობაზე.

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლოს სხდომაზე კი, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2012 წლის დივიდენდის განაწილების თაობაზე საწარმოს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც სავალდებულო იყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, დივიდენდების გასანაწილებლად, რის გამოც ვერ მოხერხდა დივიდენდების განაწილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დ. ხ-ს სარჩელი შპს „ს-თვის” 13133.77 ლარის დაკისრების შესახებ (პარნტიორისათვის განკუთვნილი 2012 წლის დივიდენდი) არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ხ-ს მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ხ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. ხ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს „ს-ს” დაეკისრა 13133.77 ლარის გადახდა დ. ხ-ს სასარგებლოდ, კუთვნილი დივიდენდის სახით.

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ დ. ხ-მ 2013 წლის 17 ივლისს სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე შპს „ს-თვის” მოსარჩელის კუთვნილი 25% წილის შესაბამისი დივიდენდის გაცემა 2012 წლისათვის. სარჩელში მითითებულია, რომ შპს ,,ს-ს” დირექტორი და იმავდროულად, 75% წილის მესაკუთრე ც. მ-ე მიზანმიმართულად არღვევდა მის უფლებებს, ყოველწლიურად რიცხავდა მას საწარმოდან და აიძულებდა ედავა სასამართლოში. არ აძლევდა მოსარჩელეს ინფორმაციას 2012 წლის შემოსავლების შესახებ და არც დივიდენდებს, რის გამოც 2013 წლის 24 აპრილს მოსარჩელემ მიმართა მას პარტნიორთა კრების ჩატარების მოთხოვნით, თუმცა, კრება არ ჩატარებულა.

სარჩელი თანდართული დოკუმენტებით გაეგზავნა მოპასუხეს და დაენიშნა 10-დღიანი საპროცესო ვადა სარჩელზე წერილობითი პასუხის (შესაგებლის) წარსადგენად. გზავნილი ჩაბარდა შპს „ს-ს” დირექტორ ც. მ-ეს 2013 წლის 31 ივლისს.

მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოსთვის არ წარუდგენია. 2013 წლის 10 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე გამოტანილი განჩინებით დაკმაყოფილდა დ. ხ-ს შუამდგომლობა და შპს „ს-დან“ გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია საწარმოში 2012 წლის დივიდენდების განაწილების შესახებ, პარტნიორთა კრების ოქმი და 2012 წლის მოgების წლიური დეკლარაცია.

დადგენილია, რომ შპს „ს-მ” სასამართლოს წარუდგინა: ა) 2012 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია, რომლის თანახმად, საწარმოს მოგებამ შეადგინა 61806 ლარი, ხოლო მოგების გადასახადმა - 9270.9 ლარი; ბ) შპს „ს-ს” პარტნიორთა კრების 2013 წლის 25 მარტის №1 ოქმი, რომლის თანახმად, შპს „ს-ს” მიმართ ფინანსურ პოლიციაში დაწყებული გამოძიების დასრულებამდე შეჩერდა 2012 წლის დივიდენდების გაცემა; გ) შპს „ს-ს” ბუღალტრის 2013 წლის 22 მარტის ცნობა, რომლის თანახმად, საწარმოს გასანაწილებელი წმინდა მოგება 2012 წლისთვის არის 52535 ლარი, დივიდენდის გადასახადი - 2628 ლარი, ხელზე გასანაწილებელი დივიდენდი - 49907 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ამდენად, შპს ,,ს-ს” მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შედეგად დამტკიცებულად ჩაითვალა დ. ხ-ს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. თუმცა, მოსარჩელეს არ მიუთითებია 2012 წელს საწარმოს მიერ მიღებული მოგების ოდენობაზე, აგრეთვე, იმ გარემოებაზე, რომ საწარმოში განაწილდა 2012 წლის მოგება დივიდენდების სახით. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ, თვითონ მოსარჩელისავე შუამდგომლობით, გამოითხოვა ამ გარემოებათა დასადგენად აუცილებელი მტკიცებულებები, რის გამოც აპელანტის პრეტენზია სასამართლოს მიერ განხორციელებულ ამ საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრით არ გასაჩივრებულა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე 2013 წლის 10 სექტემბრის განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ხოლო მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტად ითვლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. იმავე კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება; წილების მესაკუთრეები, კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნევიან საწარმოს პარტნიორებად.

ამდენად, სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანია მოგების მიღება; პარტნიორის ინტერესიც, როდესაც იგი ხდება საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, არის სწორედ საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღება დივიდენდის სახით. სხვა სიტყვებით, საწარმოს მიერ მიღებული მოგების შესაბამის წილზე პარტნიორს წარმოეშობა საკუთრების უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და მისი შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლს, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება, რის საფუძველზეც სასამართლომ განმარტა, რომ საწარმოს მოგების დივიდენდების სახით გასანაწილებლად აუცილებელია პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება. მითითებული მოსაზრება არ გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და ყურადღება მიაქცია „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შინაარსს და მიიჩნია, რომ ნორმით გათვალისწინებული იყო პარტნიორთა კრების უფლება და შესაძლებლობა გაენაწილებინა დივიდენდი. კანონი არ შეიცავდა მოთხოვნას, რომ დივიდენდი აუცილებლად უნდა განაწილებულიყო მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. კანონის ასეთი განმარტება უსამართლო და არაპროპორციულად შემზღუდველი იქნებოდა ამ სიტუაციაში, როდესაც ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდა, რომ საწარმოს დომინანტი (75% წილის მესაკუთრე) პარტნიორი - ც. მ-ე, კანონით გაუთვალისწინებელ საფუძველზე (გამოძიების დამთავრებამდე დივიდენდის განაწილების შეჩერება) მითითებით და დ. ხ-სთან დაძაბული პირადი ურთიერთობის გამო, არ იღებდა გადაწყვეტილებას 2012 წელს საწარმოს მიერ მიღებული მოგების დივიდენდების სახით განაწილების თაობაზე, რითაც უკანონოდ იზღუდებოდა დ. ხ-ს საკუთრების უფლება საწარმოს მიერ მიღებული მოგების 25%-ზე (რაც შეადგენდა სწორედ 13133.77 ლარს, ანუ, 52535.1 ლარის 25%-ს).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ს-მ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი სადავოდ ხდის საქმის განმხილველი სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარმოუდგენლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობას ქმნიდა, იმ თვალსაზრისით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის არ არსებობდა კიდევ ერთი წინაპირობა, რომელიც სარჩელის იურიდიულ დასაბუთებულობაში მდგომარეობდა. კერძოდ, დადგენილად ჩაითვლებოდა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ შპს „ს-ს“ საგადასახადო მოგებამ 2012 წელს შეადგინა 52 535 ლარი; შპს „ს-ს“ პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ განაწილებულიყო 2012 წლის დივიდენდი მანამ, სანამ არ დასრულდებოდა ფინანსური პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიება. ამ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის პირობებში, კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, საზოგადოებაში მოგების არსებობა, უპირობოდ არ წარმოშობს პარტნიორებს შორის დივიდენდის მიღების უფლებას. კასატორის მოსაზრებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით წლიურ შედეგებს ამტკიცებს საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრება. ასევე, პარტნიორთა კრების გადასაწყვეტია წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილების საკითხი. კასატორის განმარტებით, დივიდენდების სახით პარტნიორთა შორის ნაწილდება საფინანსო მოგება და არა საგადასახადო მოგება. რაც შეეხება, დ. ხ-ს მიერ დასახელებულ თანხას - 52 535 ლარს, კასატორი განმარტავს, რომ ეს იყო შპს-ს 2012 წლის საგადასახადო მოგება. კასატორის განმარტებით, საზოგადოებას საქმიანობის პროცესში უწევს ისეთი ხარჯების გაწევა, რომელიც საგადასახადო კოდექსის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, ან ხდება შეზღუდული რაოდენობით მათი გამოქვითვა. ასეთ ხარჯებს განეკუთვნება: ძირითად საშუალებათა რემონტის, წარმომადგენლობითი ხარჯების, საურავების, ჯარიმების, სასესხო ვალდებულებების გასტუმრება და სხვა ხარჯები. ამასთანავე საზოგადოებას ნაკისრი ჰქონდა ფულადი ვალდებულება პარტნიორი ფირმიდან შპს „ე. მ-დან“ 52 000 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, კასატორი განმარტავს, რომ შპს „ს-მ“ შეასრულა მასზე დაკისრებული 52 000 ლარიანი ვალდებულება და შესაბამისად, საწარმოს საფინანსო მოგებამ შეადგინა 535 ლარი. აღნიშნული თანხა შეიძლება განაწილებულიყო დივიდენდის სახით, ან გამოყენებულიყო სხვა მიზნით, მათივე გადაწყვეტილებით.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ს-ს“ პარტნიორთა კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2012 წლის დივიდენდი არ განაწილებულიყო, სანამ არ დამთავრდებოდა ფინანსური პოლიციის მიერ გამოძიება, რადგან ბუღალტრული დოკუმენტები შესამოწმებლად იყო ამოღებული ფინანსური პოლიციის მიერ, ასე რომ შეუძლებელი იყო საფინანსო მოგების სიზუსტით დადგენა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და სასამართლო გაუმართლებლად ჩაერია შპს-ს კომპეტენციაში, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიღების უფლებამოსილება მხოლოდ პარტნიორთა კრებას ჰქონდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს და ძალაში დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის შპს „ს-დან“ საზოგადოების 25%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის მიერ 2012 წლის დივიდენდის მიღების უფლების კანონიერებას და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითად პრეტენზიას იმ გარემოებაზე აფუძნებს, რომ საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილების გარეშე დივიდენდის განაწილება არამართლზომიერი იყო.

კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს, სადავო საკითხის კანონიერება შემოწმდეს მოცემულ საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილება საქმის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით დადგენილი წესით განხილვის შედეგად გამოიტანა.

საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას საქმის განხილვის საპროცესო წესის თაობაზე და მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქმის განხილვის საპროცესო წესზე. დასახელებული ნორმის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობისას სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა ასეთ შემთხვევაში, საჭიროა შემდეგი წინაპირობების არსებობა:

1. მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე.

2. მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა.

ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე.

ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან (მოწინააღმდეგე მხარისაგან) მტკიცებულებების მიღება არ ხდება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს უფლება მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენაზე გააჩნია, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ სარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით მოპასუხის სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა რა, რომ მოპასუხემ არასაპატიოდ დაარღვია შესაგებლის წარდგენის ვადა, კანონის ძალით დადგენილად მიიჩნევა შემდეგი გარემოებები:

დ. ხ-მ 2013 წლის 17 ივლისს სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხისათვის შპს „ს-ში“ მისი კუთვნილი 25%-იანი წილის შესაბამისად, 2012 წლის დივიდენდების დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ დ. ხ-მ 1992წ.-ს დააფუძნა შპს „ს-ე“ და წარმოადგენდა მისი 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს. ამჟამად კი, ფლობს 25%-იან წილს, ხოლო საზოგადოების 75%-ს დაეუფლა ც. მ-ე, რომელმაც მრავალჯერ სცადა საწარმოდან დ. ხ-ს გარიცხვა. მოსარჩელე განმარტავს, რომ მას ეკუთვნის 2012 წლის დივიდენდები, თუმცა იმის გამო, რომ შპს „ს-ს“ 75%-იანი წილის მფლობელი ც. მ-ე დ. ხ-ს არ აძლევს ინფორმაციას საწარმოს შემოსავალსა და დივიდენდებზე, 24.04.2013წ.-ს მან მიმართა სასამართლოს პარტნიორთა კრების ჩატარების, წლიური სამეურნეო ანგარიშისა და წარმოდგენილი შედეგების მიხედვით დივიდენდების განაწილების თაობაზე.

ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შესაბამისი ინფორმაციის (დოკუმენტაციის) უქონლობის გამო, დ. ხ-ს სარჩელში არ იყო მითითებული მოთხოვნილი დივიდენდის ოდენობა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შპს „ს-დან“ გამოთხოვილ დოკუმენტაციაზე, სახელდობრ: ა) 2012 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს მოგებამ შეადგინა 61806 ლარი, ხოლო მოგების გადასახადმა - 9270.9 ლარი; ბ) შპს „ს-ს” პარტნიორთა კრების 25.03.2013წ.-ის №1 ოქმზე, რომლის თანახმად, შპს „ს-ს” მიმართ ფინანსურ პოლიციაში დაწყებული გამოძიების დასრულებამდე შეჩერდა 2012 წლის დივიდენდების გაცემა; გ) შპს „ს-ს” ბუღალტრის 22.03.2013წ.-ის ცნობაზე, რომლის თანახმად, საწარმოს გასანაწილებელი წმინდა მოგება 2012 წლისათვის არის 52535 ლარი, დივიდენდის გადასახადი - 2628 ლარი, ხელზე გასანაწილებელი დივიდენდი - 49907 ლარი. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტიებით დ. ხ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ს-ს” დაეკისრა 13133.77 ლარის გადახდა დ. ხ-ს სასარგებლოდ, კუთვნილი დივიდენდის სახით.

მოცემულ შემთხვევაში, შპს „ს-ს“ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიოობაზე არ მიუთითებია და არც სარჩელისა და თანადართული დოკუმენტების დადგენილი წესით ჩაბარების შესახებ ფაქტობრივი გარემოება გაუხდია სადავოდ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია კი, სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულ დაუსაბუთებლობას შეეხება, რასაც მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ „დივიდენდი“, რომლის მიღების უფლებასაც სადავოდ ხდის კასატორი, წარმოადგენს იურიდიული პირის ფინანსური მოგების ნაწილს, რომელზე უფლებაც მოპოვებულია ამ იურიდიულ პირში წილის ფლობით (საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 პუნქტი) და ამდენად, მასზე „უფლება“ დაკავშირებულია პარტნიორის სტატუსთან. მოგების განაწილების შესაძლებლობა გათვალისწინებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, კერძოდ, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საზოგადოების მხრიდან პარტნიორის ამ მოთხოვნაზე უარი დაუშვებელია.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხლები, რომლებიც კაპიტალურ საზოგადოებებს ეხება, არ შეიცავს პირდაპირ მითითებას იმ დოკუმენტებსა და მეთოდებზე, რომლებსაც დივიდენდად გასანაწილებელი თანხის ან მოგების გაანგარიშება უნდა დაეყრდნოს. რაც შეეხება დივიდენდის დადგენის, გამოცხადებისა და განაწილების პროცედურულ წესს, აღნიშნული დადგენილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პრეტენზიაც ამ წესის დარღვევით დივიდენდის მიკუთვნებას შეეხება, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს „ს-ს“ პარტნიორებს წარმოადგენენ ც. მ-ე 75%-იანი წილის უფლებით და დ. ხ-ე - 25%-იანი წილის უფლებით, ხოლო მათგან საზოგადოების დირექტორია მოპასუხე ც. მ-ე, რომელიც არღვევდა დ. ხ-ს უფლებებს, ყოველწლიურად რიცხავდა მას საწარმოდან და აიძულებდა ედავა სასამართლოში. არ აძლევდა მოსარჩელეს ინფორმაციას 2012 წლის შემოსავლების შესახებ და არც დივიდენდებს, რის გამოც 24.04.2013წ.-ს მოსარჩელემ მიმართა მას პარტნიორთა კრების ჩატარების მოთხოვნით.

ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აგრეთვე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დივიდენდის გამოცხადებისა და გადახდის კომპეტენციას „მეწარმეთა შესახებ“ კანონი დირექტორს აკუთვნებს, დაუშვებელია დირექტორის ეს უფლება არამართლზომიერად იქნეს გამოყენებული და უსაფუძვლოდ შეზღუდოს პარტნიორის უფლება დივიდენდის მიღებაზე. ნებისმიერი სამოქალაქო უფლება შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხ.) და ამდენად, სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტის ნების გამოვლენით არ უნდა ირღვეოდეს პირის ძირითადი უფლებები და სამართლის ზოგადი პრინციპები. სასამართლოს უპირველესი ამოცანა კი, უფლების გამოყენების მართლზომიერების შემოწმებაა. მოცემულ საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის სამართლებრივ საფუძვლად დივიდენდის განაწილების პროცედურული წესის დარღვევაზე კასატორის მითითება, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ხ-ს მიეკუთვნა საზოგადოების 2012 წლის დივიდენდი სამართლებრივად სწორია.

კასატორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ „დივიდენდების სახით პარტნიორთა შორის ნაწილდება საფინანსო მოგება და არა საგადასახადო მოგება, ხოლო დ. ხ-ს მიერ დასახელებული თანხა - 52 535 ლარი იყო შპს-ს 2012 წლის საგადასახადო მოგება. საზოგადოებას კი, სამეწარმეო საქმიანობის პროცესში უწევს ისეთი ხარჯების გაწევა, რომელიც საგადასახადო კოდექსის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, ან ხდება შეზღუდული რაოდენობით მათი გამოქვითვა“, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია „მოგება“, ფინანსური გაგებით, არის მთლიანი შემოსავლისა და ხარჯების სხვაობა (არარეალიზებული შემოსავლის და ხარჯების გაუთვალისწინებლად), თუმცა კასატორის მითითებული პოზიცია შესაგებლით შესადავებელი ფაქტია, რომელზე შედავების პროცესუალური უფლებამოსილება მოპასუხემ (კასატორმა) დაკარგა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (657 ლარის) 70% – 459,90 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს - შპს „ს-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ......) დაუბრუნდეს შ. ბ-ის მიერ 2014 წლის 15 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (657 ლარის) 70% – 459,90 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე