Facebook Twitter

საქმე №ას-128-120-2015 23 აპრილი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ნ. ჭ-ე, თ. ლ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჭ-ემ და თ. ლ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის _ შპს „ჯ-ის ცენტრის“ მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციის სამსახურის მიერ 2013 წლის 6 მარტს მიღებული რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებისა და №...ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

მესამე პირი ასევე არ დაეთანხმა სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ისა და თ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის და თ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად ცნო, რომ შპს „ჯ-ის ცენტრის“ დამფუძნებელი პარტნიორები არიან: გ. თ-ე, ნ. ჭ-ე, თ. ლ-ე, ი. ბ-ე, მ. ა-ი, ლ. ლ-ე, გ. ხ-ი, მ. დ-ე, ლ-გ.-ე, თ. ა-ე, ვ. ნ-ი;

შპს „ჯ-ის ცენტრის“ 24.06.2010წ. პარტნიორთა საერთო კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ:

1. პარტნიორთა ახალი შენატანების გზით ცენტრის კაპიტალის გაზრდა;

2. ცენტრის წესდებაში ცვლილებების შეტანა;

3. სხვადასხვა.

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით საერთო კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საზოგადობის საწესდებო კაპიტალის 250 000 ლარამდე გაზრდის შესახებ და შენატანების განხორციელების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 31 დეკემბრამდე;

შპს „ჯ-ის ცენტრის“ პარტნიორთა 04.02.2011წ. საერთო კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ:

1. პარტნიორთა დამატებითი შენატანების ასახვა საზოგადოების კაპიტალში;

2. რიგი პარტნიორების 2010 წლის 30 დეკემბრის წერილის განხილვა;

3. ცენტრის წესდებაში ცვლილებების შეტანა.

4. სხვადასხვა.

04.02.2011წ. კრების ოქმის თანახმად, პარტნიორთა ნაწილმა უარი თქვა მათ მიმართ არსებული დავალიანება ასახულიყო საზოგადოების კაპიტალში როგორც დამატებითი შენატანი და აღნიშნულ პირებს დაუბრუნდათ კუთვნილი თანხები;

სამმა პარტნიორმა განაცხადა თანხმობა მათ მიმართ არსებული დავალიანება ასახულიყო ცენტრის კაპიტალში და მათ განახორციელეს დამატებითი შენატანებიც. შპს „ჯ-ის ცენტრის“ კაპიტალი განისაზღვრა 250 000 ლარით, ხოლო თითოეული პარტნიორის წილი _ მათ მიერ განხორციელებული შენატანების შესაბამისად. კერძოდ: 1. ლ-გ.-ე _ 206042,16 ლარი _ 82,42%; 2. გ. ხ-ი _ 19297,50 ლარი _ 7,72%; 3. ი. ბ-ე _ 13870,34 ლარი _ 5.55%; 4. თ. ა-ე _ 3510 ლარი _ 1,41%; 5. გ. თ-ე _ 1260 _ 0,50%; 6. თ. ლ-ე _ 1260 ლარი _ 0,50%; 7. მ. დ-ე _ 1260 ლარი _ 0,50%; 8. ნ. ჭ-ე _ 1250 ლარი _ 0,50%; 9. ვ. ნ-ი _ 1000 ლარი _0,40%, 10. ლ. ლ-ე _ 750 ლარი _ 0,30%, 11. მ. ა-ი _ 500 ლარი 0,20%;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.10.2011წ. გადაწყვეტილებით მ. ა-ის, მ. დ-ის, ლ. ლ-ის, თ. ლ-ის, ნ. ჭ-ის, გ. თ-ის და თ. ა-ის სარჩელი შპს „ჯ-ის ცენტრის“ პარტნიორთა 04.02.2011წ. საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

05.03.2013წ. შპს „ჯ-ის ცენტრმა“ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეესტრში პარტნიორთა წილობრივი მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია 04.02.2011წ. პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე. შპს „ჯ-ის ცენტრმა“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ასევე წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 26.10.2011წ. გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი პარტნიორთა 04.02.2011წ. კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 06.03.2013წ. დაკმაყოფილდა მოთხოვნა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე. პარტნიორთა წილობრივი მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდა 04.02.2011წ. პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 22.05.2013წ. გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ეს და თ. ლ-ეს უარი ეთქვათ 06.03.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე;

პალატამ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მეორე პუნქტით, 91 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხევაში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 06.03.2013წ. გადაწყვეტილებით რეესტრში ცვლილების რეგისტრაცია შპს „ჯ-ის ცენტრის“ პარტნიორთა 04.02.2011წ. საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელა, რომლის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.10.2011წ. გადაწყვეტილებით და სააგენტოს ასევე წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 26.10.2011წ. გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი პარტნიორთა 04.02.2011წ. კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 06.03.2013წ. დაკმაყოფილდა მოთხოვნა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე. პარტნიორთა წილობრივი მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდა 04.02.2011წ. პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 22.05.2013წ. გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ესა და თ. ლ-ეს უარი ეთქვათ 06.03.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტზე და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები იძლეოდა რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილების განხორციელების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჭ-ემ და თ. ლ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორებმა მიუთითეს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნეს, რომ მიუხედავად გადაწყვეტილების არსებობსა, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ კრების ოქმის ბათილობაზე, აღნიშნული საკმარისი საფუძველი არ იყო საჯარო რეესტრსათვის, დაერეგისტრირებინა წილების ცვლილება.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, 51 მუხლის პირველი პუნქტი, მე-9 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით ნათლადაა განსაზღვრული პროცედურა, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, დარღვეულია. კრების ოქმი, რომელიც წარადგინა შპს „ჯ-ის ცენტრმა“, არ იყო მიღებული ყველა პარტნიორის მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გადაწყვეტილება, რომელითაც კრების ოქმის ბათილობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არსებობს კანონი, რომელიც აშკარად უგულებელყოფილი იყო.

კასატორებმა მიუთითეს „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განმარტებით ბარათზე და აღნიშნეს, რომ სამეწარმეო სამართლის ფუნდამენტური უფლების თანახმად, კაპიტალურ საზოგადოებაში, ყოველი პარტნიორის უფლება, როგორც წესი, განისაზღვრება და პირდაპირპროპორციულია საწარმოში მისი შენატანის ოდენობისა. ამ ფუნდამენტური პრინციპის საწინააღმდეგოა ნორმა, რომლის თანახმადაც საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში, იმ პარტნიორის კუთვნილი წილის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც არ განახორციელებს დამატებით შენატანს და არ დაეთანხმება საწესდებო კაპიტალის გაზრდას, შემცირდება თვით ამ პარტნიორის თანხმობის გარეშე. მოცემული დავის არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უკანონოა საჯარო რეესტრის მოქმედება. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტი, სადაც სადავო ცვლილებების თაობაზე ნ. ჭ-ისა და თ. ლ-ის თანხმობა იქნება, შესაბამისად, საჯარო რეესტრი არ იყო უფლებამოსილი, დაერეგისტრირებინა ცვლილებები რეგისტრირებულ მონაცემებში. არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ შეუფასებია საკითხი ამ კუთხით და არც განმარტება გაუკეთებია ზემოხსენებული ნორმების, რომლებიც აშკარად დაირღვა. სასამართლო ვალდებული იყო, ამ კუთხით გაეკეთებინა შეფასება და განემარტა, დაირღვა თუ არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე რამდენად შესაძლებელია პარტნიორის თანხმობის გარეშე წესდებაში ცვლილებების რეგისტრაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ნ. ჭ-ისა და თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ჭ-ისა და თ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პრეტენზიების შესწავლით დასტურდება შემდეგი: კასატორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვენ, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 51 პუნქტით, ასევე 51 მუხლითა და მე-9 მუხლით მოწესრიგებული რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელება არათანაბარ მდგომაროებაში აყენებს საზოგადოების უმცირესობაში მყოფ პარტნიორს და, მიუხედავად კანონირ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა, რეგისტრაციის გაუმართლებლობას ადასტურებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის პროექტის განმარტებითი ბარათი.

საკასაციო პალატა მითითებულ პრეტენზიას დასაბუთებულ შედავებად ვერ მიიჩნევს და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოს წარმოადგენს არა თავად პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, არამედ ამ გადაწყვეტილების რეგისტრაციის მართლზომიერება. უდავოა, რომ პარტნიორთა კრების 2011 წლის 4 თებერვლის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ანუ პარტნიორთა მრავალმხრივი ნების კანონიერება შეფასებას არ ექვემდებარება;

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცვლილების განხორციელების უკანონობა არც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებშია დადასტურებული.

პალატა მოიხმობს საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

აღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არის საბოლოო, რომ იგი საბოლოოდ და შეუქცევადად ადგენს მხარეთა შორის ურთიერთობებს. ის, რაც იწვევდა კონფლიქტს მხარეებს შორის, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ითვლება დადგენილად და უდავოდ. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილებით დაცული უფლების მუდმივად ეჭქვეშ დაყენება, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აღსრულდეს.

სამოქალაქო კანონმდებლობა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების განსაკუთრებულ წესს ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების სახით, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის.

რაც შეეხება კანონში ცვლილების შესახებ პროექტის განმარტებით ბარათზე მითითებას, პალატა ვერც ამ მტკიცებას გაიზიარებს და მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. კანონის შემდგომი ნორმებით რეგულირებულია როგორც ნორმატიული აქტების იერარქია, ისე მათი იურდიული ძალა, თუმცა ამავე კანონის არც ერთი დანაწესი კანონში შესატანი ცვლილების პროექტის განმარტებითი ბარათისათვის იურიდიული ძალის მინიჭებას არ იცნობს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ჭ-ისა და თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე დართულ გასაჩივრებული განჩინების ასლს, პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაუბრუნდეს წარმომდგენთ, რადგანაც ამ განჩინების დედნის საქმეში არსებობის გამო, იმავე დოკუმენტის საქმეში განთავსება არ ემსახურება სამართალწარმოების განხორციელების მიზნებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწიის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ა. მ-ის მიერ 2015 წლის 27 იანვრის N... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ჭ-ისა და თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: ნ. ჭ-ესა (პ/N...) და თ. ლ-ეს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ა. მ-ის მიერ 2015 წლის 27 იანვრის N... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. კასატორებს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დართული თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი 10 (ათი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური