საქმე №ას-341-322-2014 27 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ყ. თ-ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჩ-ი “ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ყ. თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: 1. მოპასუხისათვის ძირითადი დავალიანების – 337784,28 ლარისა და 2. პირგასამტეხლოს – 26 074 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ შპს „ყ. თ-სა” და შპს „ჩ-ს” შორის 2009 წლის 01 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ, რომლის თანახმად, შპს „ჩ-მ” იკისრა ვალდებულება, საანგარიშო წლის დაწყებამდე გადაეხადა ბუნებრივი გაზის საფასური. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის საფასური არ გადაიხადა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 01 იანვრამდე, მიუხედავად ამისა, გაზის მიწოდება მეორე მხარისათვის დღემდე ხორციელდება.
მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2009 წლის 09 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, „ბუნებრივი გაზის ნასყიდობის, ასევე, ამ წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით“. მოსარჩელის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული იყო 2010 წლის 01 იანვრამდე, არ ათავისუფლებდა მოპასუხეს ბუნებრივი გაზის ღირებულების გადახდის ვალდებულებისაგან, ვინაიდან მოპასუხეს არ შეუწყვეტია ბუნებრივი გაზის მიღება და ამდენად, დღემდე გრძელდება მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა.
მოპასუხის მიერ გადასახდელი დავალიანების (გაზის საფასური) - 337 784,28 ლარის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა შპს „ჩ-ს” ბრუნვის ისტორიაზე.
მოპასუხემ პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად წარმოადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა, შპს ,,ყ. თ-ისათვის’’ შპს „ჩ-ის’’ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი 119 658 ლარისა და სოფ. დ-ის მოსახლეობის გაზიფიცირების ფარგლებში პროექტირებისა და შეჭრა-მონტაჟის საფასურის - 98 640 ლარის გადახდის დაკისრება.
შეგებებული სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია ის გარემოება, რომ შპს „ყ. თ-სა” და შპს „ჩ-ს” შორის 2009 წლის 01 დეკემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შეგებებული სარჩელის ავტორი ქ. თბილისში, სოფელ დ-ში, კ-ის N27-ში მდებარე რვგ-250 ტიპის მრიცხველით აწარმოებდა ბუნებრივი გაზის მიღებას. აღნიშნული ხელშეკრულების 9.1 მუხლით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილი იყო მყიდევლისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო დავალიანების 0.07%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შპს ,,ჩ-ი’’ პირნათლად იხდიდა მიღებული გაზის საფასურს, თუმცა რამდენჯერმე მოხდა მის მიერ მიღებული გაზის საფასურის გადახდის დაგვიანება. ხელშეკრულების დადებიდან 2010 წლის მაისამდე პირგასამტეხლოს დარიცხვა არ მომხდარა, თუმცა 2011 წლის ბოლოს გაირკვა, რომ შპს „ყ. თ-ი’’ 2010 წლის მაისიდან მყიდველს, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, არიცხავდა პირგასამტეხლოს და პირველ რიგში, გადახდილი ნასყიდობის საფასურიდან ქვითავდა თანხას პირგასამტეხლოს ანგარიშში. შპს „ჩ-ნი” ინვოისებს უგზავნიდა მოპასუხეს მხოლოდ დავალიანების ძირითად თანხაზე და არა პირგასამტეხლოზე და ამგვარად, ახდენდა ანგარიშსწორებას. შესაბამისად, შპს „ჩ-ნი” იხდიდა მხოლოდ ნასყიდობის საფასურს და არა დარიცხულ პირგასამტეხლოს. თუმცა შპს „ყ. თ-ი’’, პირველ რიგში, ფარავდა პირგასამტეხლოს, ხოლო გაზის საფასურის დარჩენილ თანხას არიცხავდა დამატებით პირგასამტეხლოს. ამრიგად, პირგასამტელო იზრდებოდა თვიდან-თვემდე და 2012 წლის 31 მაისის მდგომარეობით შეადგინა 125 425.94 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით, გადახდილი 119 658 ლარის ანაზღაურება.
ამასთან, შეგებებული სარჩელის ავტორმა აღნიშნა, რომ 2010 წლის 02 დეკემბერს სოფელ დ-ში დამონტაჟდა დამატებითი მრიცხველი, საიდანაც გაზი მიეწოდებოდა მოსარჩელეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა დარიცხვოდა მხოლოდ ძველ მრიცხველს, მოპასუხე ახალ მრიცხველზეც არიცხავდა პირგასამტეხლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ავტორმა უკანონოდ მიიჩნია ორივე მრიცხველით მიღებულ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული პირგასამტეხლოს დარიცხვა და განმარტა, რომ ახალი მრიცხველის ანგარიშში დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 31 389.72 ლარს.
ამასთან, შეგებებულ სარჩელში მითითებულია, რომ 2011 წლის ივლისიდან შპს „ყ. თ-ი’’, როგორც ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტი, ქ. თბილისის მერიასთან და სოფელ დ-ის გამგეობასთან არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ახორციელებდა სოფელ დ-ის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გაზიფიცირებას, რაც მოიცავდა არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მოსახლეობის ახალ მომხმარებლებად მიერთებას, შეჭრა-მონტაჟსა და პროექტირებას. ვინაიდან, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ სემეკის №12 დადგენილებით ახალ მომხმარებლებად მიერთებისას, გაზიფიცირება ან/და არსებულ ქსელთან მიერთება უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით (ფასთან დაკავშირებით), ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დადგენილების მე-11 მუხლის შესაბამისად, არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს გადაუხადოს მის მიერ შეჭრა-მონტაჟის სამუშაოებისა და ბუნებრივი გაზის მრიცხველის საფასური, რომლის ფინანსური რესურსი სოფელ დ-ის მოსახლეობას არ გააჩნდა, ქ.თბილისის მერიასა და მოპასუხეს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმად, ამ თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა ქ.თბილისის მერიამ, რაც შპს ,,ჩ-ს’’ პროექტირებისა და შეჭრა-მონტაჟის დასრულების შემდეგ უნდა გადაეცა შპს „ყ. თ-თვის“.
სოფელ დ-ში 600 სოციალურად დაუცველი მოსახლეობიდან დასრულდა 485 მოსახლის გაზიფიცირება (დარჩენების გაზიფიცირება მიმდინარეობს), შედგა მშენებლობით დამთავრებული ობიექტის ექსპლოატაციაში მიღების აქტები“, რასაც მოპასუხესთან ერთად ხელს აწერდა მოსარჩელის წარმომადგენელი. ეს ხელმოწერები ადასტურებდა, რომ მოპასუხეს ქ.თბილისის მერიასთან არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მიღებული ჰქონდა პროექტირებისა და შეჭრა-მონტაჟის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ აქტებს ხელი არ მოეწერებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ავტორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია 87,300 ლარის დარიცხვა, რაც წარმოადგენდა სოფელ დ-ში სოციალურად დაუცველი 485 მოსახლის გაზიფიცირების ფარგლებში შეჭრა-მონტაჟსა და პროექტირების საფასურს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ყ. თ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ჩ-ს“ შპს „ყ. თ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 235 355.24 ლარის გადახდა; შპს „ყ. თ-ის“ სარჩელი შპს „ჩ-ის“ მიმართ პირგასამტეხლოს სახით 26 074 ლარის მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; შპს „ჩ-ის“ შეგებებული სარჩელი შპს „ყ. თ-ის” მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „ყ. თ-ს“ შპს „ჩ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 119 658 ლარის გადახდა; შპს „ყ. თ-ს“ შპს „ჩ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 21 920 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ყ. თ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება: ა) შპს „ყ. თ-თვის“, შპს „ჩ-ის“ სასარგებლოდ, 21 920 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; ბ) შპს „ყ. თ-ის“ სასარგებლოდ შპს „ჩ-თვის“ პირგასამტეხლოს - 26 074 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; გ) შპს „ჩ-თვის“ შპს „ყ. თ-ის“ სასარგებლოდ ძირითადი დავალიანების დაკისრება 355 014.76 ლარის ოდენობით.
შპს „ჩ-იმ“ სააპელაციო საჩივართან ერთად განსახილველად წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ყ. თ-თვის“ შპს „ჩ-ის“ სასარგებლოდ 98 640 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ყ. თ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „ჩ-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.2. პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ჩ-ის“ შეგებებული სარჩელი შპს ,,ყ. თ-ის“ მიმართ, სოფელ დ-ის მოსახლეობის გაზიფიცირების ფარგლებში პროექტირებისა და შეჭრა–მონტაჟის სამუშაოების ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა, შპს ,,ყ. თ-ს“, შპს „ჩ-ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 98 640 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა, რომ რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე შპს „ჩ-ის“ დირექტორებმა - შ. ო-მ და ბ. თ-მ ცნეს სარჩელი ძირითადი დავალიანების ნაწილში, შპს „ყ. თ-ის“ სარჩელი 235 355.24 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
შპს „ყ. თ-ი“ საააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდიდა ძირითადი დავალიანების ოდენობას და განმარტავდა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული თანხა - 235 355.24 ლარი წარმოადგენდა არა შპს „ყ. თ-ის“ სასარჩელო მოთხოვნას, არამედ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ თანხას. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის ძირითადი თანხის - 355 014.76 ლარის და პირგასამტეხლოს თანხის - 119 658.94 ლარის სხვაობას. ამავდროულად, 2012 წლის 18 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით შპს „ჩ-ის“ შეგებებული სარჩელის საფუძველზე, შპს „ყ. თ-ს“ დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს თანხის - 119 658.94 ლარის გადახდა. აპელანტის მტკიცებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 და 2.1 პუნქტების ერთდროული მოქმედების შედეგად, შპს „ყ. თ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს თანხით შემცირდა ორჯერ, პირველად, სასარჩელო მოთხოვნის შემცირებით და მეორედ, პირგასამტეხლოს თანხის დამატებით დაკისრებით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ზემოაღნიშნული მოსაზრება და მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ნოემბრის სხდომის აუდიო ჩანაწერზე, რომლითაც დასტურდებოდა გარემოება იმის შესახებ, რომ შპს ,,ჩ-ის“ ძირითადი დავალიანება შპს „ყ. თ-ის“ მიმართ ბუნებრივი აირის მიწოდების დღიდან - 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 96 611.58 ლარს, ხოლო 2010 წლის 01 იანვრიდან - 2012 წლის 25 სექტემბრამდე (სასარჩელო მოთხოვნის ბოლო დაზუსტებამდე) მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასური (ძირითადი დავალიანება) შეადგენდა 138 744, ე.ი. სულ ჯამში ძირითადი დავალიანების ოდენობა განისაზღვრებოდა 235 355. 58 ლარით (19.11.2012წ.-ის სხდომის ოქმი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, შპს „ყ. თ-ის“ სარჩელი ძირითადი დავალიანების ანაზღაურების ნაწილში, მართებულად დააკმაყოფილა სრულად, მოპასუხე შპს „ჩ-ის“ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ამ ნაწილში, სარჩელის ცნობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს „ყ. თ-ის“ მოთხოვნა შპს „ყ. თ-სა“ და შპს „ჩ-ნს“ შორის 2012 წლის 25 მაისიდან გაგრძელებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, შპს „ჩ-ისათვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესზე მითითებით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის კანონი იმპერატიულად განსაზღვრავდა შეთანხმების წერილობით ფორმას. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ ამ პერიოდის გათვალისწინებით მხარეთა შორის არ არსებობდა ორმხრივი წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოზე; 2012 წლის 25 მაისიდან გაგრძელებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ორივე მხარის ხელმოწერით დადასტურებული გარიგება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს განსაზღვრის თაობაზე, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ იყო. შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა პალატის შეფასებით, შპს „ყ. თ-ის“ მოთხოვნა შპს „ჩ-ის“ მიმართ, 2012 წლის 25 მაისიდან 26 074 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო და იგი მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე, 629.1-ე, 361.2-ე მუხლებზე მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ყ. თ-ის“ დაკვეთით, შპს „ჩ-მ“ განახორციელა სოფელ დ-ში მცხოვრები 548 სოციალურად დაუცველი მოსახლის გაზიფიცირება, რაც მოიცავდა პროექტირებას და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟის სამუშაოებს. დადგენილია ასევე, რომ გაზგამანაწილებელი ქსელის მონტაჟისათვის საჭირო პროექტირების ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 80 ლარს, სულ - 43840 ლარს (548X80), გამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟის სამუშაობის ღირებულება კი, ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 100 ლარს, სულ - 54800 ლარს (548X100), მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ შპს „ყ. თ-ის“ მხრიდან შპს „ჩ-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები ანაზღაურებული არ იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა შეგებებული სარჩელის სულად დაკმაყოფილებისა შპს „ყ. თ-ისთვის“ შპს „ჩ-ის“ სასარგებლოდ 98 640 (43840+54800) ლარის გადახდის დაკისრების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ყ. თ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პრეტენზია (კასაციის საფუძვლები) (ა.) დებიტორული დავალიანების ოდენობის - შპს „ჩ-ისათვის“ მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის არასწორად განსაზღვრაში; (ბ.) შპს „ჩ-ის“ მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის პირგადამტეხლოს - 26 074,84 ლარის დაკისრების მატერიალურსამართლებრივი საფუძვლების არასწორად მითითებასა და (გ.) შპს „ყ. თ-ისათვის“ სოფელ დ-ის სოციალურად დაუცველი 548 მოსახლის გაზიფიცირების, რაც მოიცავდა პროექტირების და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟს, საფასურის - 98 640 ლარის უსაფუძვლოდ დაკისრებაში მდგომარეობს.
დებიტორული დავალიანების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობებთან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია დებიტორული დავალიანებად მყიდევლის მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზის გადაუხდელი საფასური, თუმცა არასწორად განსაზღვრა მისი ოდენობა, რაც ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიულ დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს და წარმოადგენს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.
დებიტორული დავალიანების ოდენობის სწორად განსაზღვრის მიზნით, კასატორი მიუთითებს თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, იგი გამყიდველთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოითხოვდა მყიდველისათვის გადაუხდელი ბუნებრივი გაზის საფასურის (დავალიანება) – 337 784,28 ლარის გადახდის დაკისრებას, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა - გაზის მიწოდება-მიღება კვლავ გრძელდებოდა, ხოლო დავის სასამართლოში განხილვის დროსაც მყიდველი არ იხდიდა მიწოდებული საქონლის საფასურს, რაც დავალიანებას ზრდიდა, პერიოდულად გამყიდველის/თავდაპირველი მოსარჩელის მიერ ეტაპობრივად ხდებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება, ასე მაგალითად, 10.09.2012წ.-ის განცხადებით სასამართლოს მიეწოდა ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ „ჩ-ის“ დავალიანება შპს „ყ. თ-ის“ მიმართ 10.09.2012წ.-ის პერიოდისათვის შეადგენდა 381 089,60 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა იყო 355,014,76 ლარი და პირგასამტეხლო 26 074,84 ლარი, რაც დასტურდებოდა აბონენტის ბრუნვის ისტორიის ამონაწერით. ასევე, 12.11.2012წ.-ს სასამართლოს წარედგინა განცხადება, რომელშიც მიეთითა, რომ 01.09.2012წ.-იდან მყიდველზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 119 658,94 ლარს, რომელიც არც თავდაპირველ და არც შემდგომში დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნაში არ შედიოდა.
ამავდროულად, 2012 წლის 18 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით შპს „ჩ-ის“ შეგებებული სარჩელის საფუძველზე, შპს „ყ. თ-ს“ დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს თანხის - 119 658.94 ლარის გადახდა. კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 და 2.1 პუნქტების ერთდროული მოქმედების შედეგად, შპს „ყ. თ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს თანხით შემცირდა ორჯერ, პირველად, სასარჩელო მოთხოვნის შემცირებით და მეორედ, პირგასამტეხლოს თანხის დამატებით დაკისრებით.
კასატორის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ 01.09.2009წ.-ის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ - 01.01.2010წ.-დან, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ახალი წერილობითი ფორმით არ დადებულა, არ ათავისუფლებდა მყიდველს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან. ის გარემოება, რომ მოპასუხემ თანხმობა განაცხადა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებაზე - ბუნებრივი გაზის მოწოდებაზე, მოწმობს, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა იმავე პირობებით და მაშასადამე, არსებობდა პირგასამტეხლოზე შეთანხმებაც.
კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია სოფელ დ-ის სოციალურად დაუცველი 548 მოსახლის გაზიფიცირების, რაც მოიცავდა პროექტირების და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟს, საფასურის - 98 640 ლარის დაკისრება და განმარტავს, რომ „შპს „ჩ-ს“ არ შეეძლო ამ სამუშაოების შესრულება შპს „ყ. თ-ის“ ნებართვის გარეშე და რომ ბათილია ნებართვის გარეშე დადებული გარიგება“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით შპს „ყ. თ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით კი ცნობილი იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პრეტენზია (კასაციის საფუძვლები) (ა.) დებიტორული დავალიანების ოდენობის - შპს „ჩ-ისათვის“ მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის არასწორად განსაზღვრაში; (ბ.) შპს „ჩ-ის“ მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის პირგადამტეხლოს - 26 074,84 ლარის დაკისრების მატერიალურსამართლებრივი საფუძვლების არასწორად მითითებასა და (გ.) შპს „ყ. თ-ისათვის“ სოფელ დ-ის სოციალურად დაუცველი 548 მოსახლის გაზიფიცირების, რაც მოიცავდა პროექტირების და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟს, საფასურის - 98 640 ლარის უსაფუძვლოდ დაკისრებაში მდგომარეობს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2009 წლის 01 სექტემბერს ერთი მხრივ, შპს „ყ. თ-ს“, როგორც „გამყიდველსა“ და მეორე მხრივ, შპს „ჩ-ს“, როგორც „მყიდველს“ შორის გაფორმდა ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა მყიდველისათვის ბუნებრივი გაზი, ხოლო მყიდველს უნდა გადაეხადა მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასური.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 01 იანვრამდე. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ განსაზღვრა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობაც.
ამ ხელშეკრულებითვე განისაზღვრა ბუნებრივი გაზის ტარიფები, ანგარიშსწორების წესები და პირობები, სახელდობრ, ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი ვალდებული იყო გამყიდველის მიერ წარდგენილი ანგარიშ-განცხადების (ინვოისის) საფუძველზე, სრულად ჩაერიცხა გამყიდველის საბანკო ანგარიშზე მისაწოდებელი გაზის ღირებულება ყოველი მომდევნო საანგარიშო თვის დაწყებამდე სამი სამუშაო დღით ადრე. საანგარიშო თვე, ამავე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტების შესაბამისად, შემდეგი მნიშვნელობით გამოიყენებოდა: კალენდარული პერიოდი ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე, შემდგომ თვეებში საანგარიშო თვედ ჩაითვლებოდა კალენდარული თვე თვის პირველი რიცხვიდან საანგარიშო თვის მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე.
ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა სანქციები, სახელდობრ 9.1 პუნქტის მიხედვით მყიდველის მიერ ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილი იყო დაერიცხა მყიდველისათვის პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების 0.07%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 9.3. პუნქტის შესაბამისად კი, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, პირველად დაიფარებოდა პირგასამტეხლო, ხოლო შემდგომ - ძირითადი თანხა.
უდავო გარემოებაა, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მხარეთა შორის ფაქტობრივად გაგრძელდა ბუნებრივი გაზის მიწოდება-მიღება და ამდენად, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ორივე მხარეს აკისრებდა განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს, რაც მყიდველს წარმოუშობდა მიღებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ვინაიდან კასატორს ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, მათ საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ.
კასატორის პირველი პრეტენზია შპს „ჩ-ისათვის“ მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის არასწორად განსაზღვრაში მდგომარეობს. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია დებიტორულ დავალიანებად მყიდევლისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის გადაუხდელი საფასური, თუმცა არასწორად განსაზღვრა მისი ოდენობა, რაც ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიულ დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს და წარმოადგენს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.
დებიტორული დავალიანების ოდენობის სწორად განსაზღვრის მიზნით, კასატორი მიუთითებს თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, იგი გამყიდველთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოითხოვდა მყიდველისათვის გადაუხდელი ბუნებრივი გაზის საფასურის (დავალიანება) – 337,784.28 ლარის გადახდის დაკისრებას, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა - გაზის მიწოდება-მიღება კვლავ გრძელდებოდა, ხოლო დავის სასამართლოში განხილვის დროსაც მყიდველი არ იხდიდა მიწოდებული საქონლის საფასურს, რაც დავალიანებას ზრდიდა, პერიოდულად გამყიდველის/თავდაპირველი მოსარჩელის მიერ ეტაპობრივად ხდებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება, ასე მაგალითად, 10.09.2012წ.-ის განცხადებით სასამართლოს მიეწოდა ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ „ჩ-ის“ დავალიანება შპს „ყ. თ-ის“ მიმართ 10.09.2012წ.-ის პერიოდისათვის შეადგენდა 381,089.60 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა იყო 355,014.76 ლარი და პირგასამტეხლო - 26,074.84 ლარი, რაც დასტურდებოდა აბონენტის ბრუნვის ისტორიის ამონაწერით. აგრეთვე, 12.11.2012წ.-ს სასამართლოს წარედგინა განცხადება, რომელშიც მიეთითა, რომ 01.09.2012წ.-იდან მყიდველზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 119,658,94 ლარს, რომელიც არც თავდაპირველ და არც შემდგომში, დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნაში არ შედიოდა.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის დასაბუთება დებიტორული დავალიანების გაანგარიშების ნაწილში ურთიერთგამომრიცხავია, სახელდობრ, ერთ შემთხვევაში, კასატორის პოზიცია იმ გარემოებას ემყარება, რომ 10.09.2012წ.-ის განცხადებით „ჩ-ის“ დავალიანება შპს „ყ. თ-ის“ მიმართ 10.09.2012წ.-ის პერიოდისათვის განისაზღვრა 381,089.60 ლარით, საიდანაც ძირითადი თანხა იყო 355,014.76 ლარი და პირგასამტეხლო 26,074.84 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში, კასატორი აღნიშნავს, რომ 12.11.2012წ.-ს წარდგენილ განცხადებაში 01.09.2012წ.-იდან მყიდველზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 119,658.94 ლარით, რომელიც არც თავდაპირველ და არც დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნაში არ შედიოდა.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული ძირითადი დავალიანების ანგარიშში დაკისრებული თანხა - 235,355.24 ლარი, მოიცავდა მიწოდებული საქონლის გადაუხდელი ღირებულების - 355,014.76 ლარისა და ნასყიდობის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 119,658.94 ლარის სხვაობას და ამდენად, იგი ვერანაირად ვერ წარმოგვიდგებოდა, როგორც მთლიანი სასარჩელო მოთხოვნა. კასატორის ამგვარი განმარტება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, შეუსაბამოა საქმის მასალებში წარმოდგენილ მოსარჩელის/გამყიდველის ახსნა-განმარტებებთან და წერილობით დოკუმენტებთან, სახელდობრ, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.11.2012წ.-ის ნოემბრის სხდომის აუდიო ჩანაწერზე, რომლითაც დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შპს ,,ჩ-ის“ ძირითადი დავალიანება შპს „ყ. თ-ის“ მიმართ ბუნებრივი გაზის მიწოდების დღიდან - 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში) შეადგენდა 96 611.58 ლარს, ხოლო 2010 წლის 01 იანვრიდან - 2012 წლის 25 სექტემბრამდე (სახელშეკრულებო ურთიერთობის კონკლუდენტურად გაგრძელებულ პერიოდში, სასარჩელო მოთხოვნის ბოლო დაზუსტებამდე) მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასური (ძირითადი დავალიანება) შეადგენდა 138,744 ლარს. მთლიანობაში, ძირითადი დავალიანების ოდენობა განისაზღვრებოდა 235,355.58 ლარით (96 611,58+138744) (19.11.2012წ.-ის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამყიდველმა/თავდაპირველმა მოსარჩელემ 19.11.2012წ.-ის მოსამზადებელ სხდომაზე წარადგინა კორექტირებული მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, მყიდველს 31.12.2009წ.-მდე ერიცხებოდა 96,611.58 ლარი, ხოლო 2010წ.-ის იანვრიდან 25.09.2012წ.-ის სექტემბრამდე - 138,744.00 ლარი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენდა 235,355.58 ლარს, მყიდველმა/მოპასუხემ ამ ნაწილში, სარჩელი ცნო. აღნიშნული კი, მართებულად დაედო საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა (დისპოზიციურობის პრინციპი) და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა) გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით, ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებას და შპს „ჩ-ისათვის“ შპს „ყ. თ-ის“ სასარგებლოდ 235,355.24 ლარის გადახდის დაკისრებას.
ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, რამაც საბოლოოდ განაპირობა შპს „ჩ-ისათვის“ მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის არასწორად განსაზღვრა, სახეზე არ არის. ხოლო კასატორის მოთხოვნა მყიდველისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის დავალიანების - 355,014.76 ლარის დაკისრების შესახებ, უსაფუძვლოა, ასევე, იმ თვალსაზრისითაც, რომ მოთხოვნის ამ მოცულობით ტრანფორმაცია პრაქტიკულად განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ეტაპზე, რაც საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით დაუშვებელია (სსკ-ის 83-ე მუხლის მე-2 ნაწ.) და ამდენად, აპელანტის/თავდაპირველი მოსარჩელის ამ მოთხოვნას მართებულად ეთქვა უარი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ყოველგვარი მატერიალური საფუძვლების კვლევის გარეშე.
კასატორის შემდგომი პრეტენზია შპს „ჩ-ის“ მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულების დარღვევისათვის, პირგასამტეხლოს - 26,074.84 ლარის დაკისრების მართლზომიერებაში მდგომარეობს.
კასატორის მოსაზრებით, მართალია 01.09.2009წ.-ის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ - 01.01.2010წ.-დან, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ახალი წერილობითი ფორმით არ დადებულა, თუმცა ეს არ ათავისუფლებდა მყიდველს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან. ის გარემოება, რომ მოპასუხემ თანხმობა განაცხადა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებაზე - ბუნებრივი გაზის მოწოდებაზე, მოწმობს, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა იმავე პირობებით და მაშასადამე, არსებობდა პირგასამტეხლოზე შეთანხმებაც.
დადგენილია, რომ 01.09.2009წ.-ის ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით მყიდველის მიერ ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილი იყო დაერიცხა მყიდველისათვის პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების 0.07%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
უდავო გარემოებაა, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მხარეთა შორის ფაქტობრივად გაგრძელდა ბუნებრივი გაზის მიწოდება-მიღება და ამდენად, სახეზე იყო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მყიდველს წარმოუშობდა მიღებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულებას.
დადგენილია, რომ შპს „ჩ-ს“ პირგასამტეხლო ეკისრება არა 01.09.2009წ.-ის ხელშეკრულების პირობების (დადგენილ ვადაში ნასყიდობის საფასურის გადახდა) დარღვევისათვის, არამედ ამ ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის შემდგომ, მხარეთა შორის ფაქტობრივად გაგრძელებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში დარღვეული ვალდებულებისათვის. ამ ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზია შპს „ჩ-ისათვის“ 2012 წლის 25 მაისიდან 26,074.00 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო, რაც გამორიცხავდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გარიგება, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენს ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენას მისი ნამდვილობისათვის მოითხოვს კანონით დადგენილი ფორმის დაცვას (სკ-ის 68-ე მუხ.). სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებით განსაზღვრული ეს წესი საერთოა, როგორც ვალდებულებითი ისე, სახელშეკრულებო სამართლისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის მომწერიგებელი სპეციალური ნორმაც პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებაზე, შეთანხმების ნამდვილობისათვის წერილობითი ფორმის დაცვას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშკრულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, მხოლოდ ამ სავალდებული ფორმის დაცულობის პირობებშია მართლზომიერი და დასაშვები (სკ-ის 417-418-ე მუხ.).
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ბუნებრივი გაზის ნასყიდობიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელდა 2010 წლის 01 იანვრიდან, ვინაიდან ურთიერთობის მარეგულირებელი სემეკის 09.07.2009წ.-ის N12 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი, რაიმე სავალდებულო ფორმას, ბუნებრივი გაზის ნასყიდობიდან გამომდინარე არ ითვალისწინებდა, რასაც ვერ ვიტყვით, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად პირგასამტეხლოს გათვალისწინებაზე. ეს უკანასკნელი განეკუთვნება რა ფორმასავალდებულო გარიგებას, მისი ნამდვილობა ყოველთვის არაა დამოკიდებული ძირითადი ხელშეკრულების ნამდვილობაზე (ფორმის თვალსაზრისით). შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულების დარღვევა ვერ წარმოუშობდა გამყიდველს პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებას, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მასზე შეთანხმების არარსებობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზია ამ ნაწილშიც, დაუსაბუთებელია.
კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია შპს „ყ. თ-ისათვის“ სოფელ დ-ის სოციალურად დაუცველი 548 მოსახლის გაზიფიცირების, რაც მოიცავდა პროექტირების და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟს, საფასურის - 98 640 ლარის უსაფუძვლოდ დაკისრებაში მდგომარეობს.
კასაციის ამ საფუძვლის (კასაციის მიზეზი) შემოწმების კანონიერებისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი მოცემულ საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, 2011 წლის 03 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიასა და შპს „ყ. თ-ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს „ყ. თ-მა“ იკისრა, ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ქ. თბილისში ბუნებრივი გაზის მიწოდების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის გაზიფიცირების და მათთვის საჭიროების შემთხვევაში, გაზგამანაწილებელი ქსელის მონტაჟისათვის აუცილებელი სამუშაოების შესრულების ვალდებულება.
ხელშეკრულების 2.4.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 8 850 000 ლარი (ხელშეკრულების 2.3.1 პუნქტის მიხედვით, „კერძო დასახლებაში ერთი საცხოვრებელი სახლის, მათ შორის, ე.წ. ,,იტალიურ ეზოში“ ერთი საცხოვრებელი ბინის გაზიფიცირების სამუშაოების ერთეულის ღირებულება შეადგენს 600 (ექვსასი) ლარს ყველა გადასახადის ჩათვლით“, ხოლო 2.3.2. პუნქტის შესაბამისად, ,,კორპუსის ტიპის საცხოვრებელ სახლებში ერთი საცხოვრებელი ბინის გაზიფიცირების სამუშაოების ღირებულება შეადგენს 495 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით“).
ამავე ხელშეკრულების 2.4.2 და 7.1 პუნქტების თანახმად, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით მხარეთა შორის მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს „ჩ-ის“ (შეგებებული სარჩელის ავტორი) მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა პროექტების ნაწილი, რომლითაც დგინდება, რომ მ. ტ-ის, დ. რ-ის და ბ. ქ-ის საცხოვრებელი სახლების გაზიფიკაციის პროექტები მომზადებულია შპს „ჩ-ის“ საპროექტო განყოფილების მიერ (ტ, I. ს.ფ. 374-382). უდავო გარემოებაა, რომ განხორციელდა სოფელ დ-ში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გაზიფიცირება. საქმეში ასევე წარმოდგენილია მშენებლობით დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტები (ტ. I. ს.ფ. 91, 96), რომლებიც ხელმოწერილით დადასტურებულია, როგორც შპს „ჩ-ის“, ისე - შპს „ყ. თ-ის“ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ.
ამდენად, ამ პირობებში, როდესაც დადგენილია სოფელ დ-ში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გაზიფიცირების შესახებ გარემოება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ამ მოსახლეობის გაზიფიცირების მიზნით, ზემო დასახელებული საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა არა - შპს „ჩ-მ“, არამედ - სხვა განაწილების ლიცენზიატმა, ეკისრებოდა კასატორს (მოპასუხე მხარეს შეგებებული სარჩელით), რომელმაც სადავო გარემოების დადასტურება სათანადო მტკიცებულების წარდგენით ვერ უზრუნველყო, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება კი, რომელსაც შპს „ჩ-ი“ (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) არ დაეთანხმა, სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნეული ვერ იქნებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს „ჩ-მ“ განახორციელა სოფელ დ-ში მცხოვრები 548 სოციალურად დაუცველი მოსახლის გაზიფიცირება, რომელიც მოიცავდა პროექტირებასა და შეჭრა-მონტაჟის სამუშაოებს.
რაც შეეხება ხელშეკრულების ფასს, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა, რომ ერთ სულ მოსახლეზე პროექტირების ღირებულება 80 ლარი, შპს „ყ. თ-ის“ მიერ არ იყო შედავებული, ამიტომაც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას ამ ნაწილში იმსჯელოს ფასის ოდენობაზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ გაზგამანაწილებელი ქსელის მონტაჟისათვის საჭირო პროექტების ღირებულება შეადგენს 43840 (548x80) ლარს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ შპს „ყ. თ-სა“ და შპს „ჩ-ს“ შორის არსებობდა ზეპირი ფორმით დადებული ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს „ჩ-ი“ (მენარდე) ვალდებული იყო ქალაქ თბილისის მოსახლეობის გაზიფიკაციის პროგრამის ფარგლებში განეხორციელებინა სოფელ დ-ის მოსახლეობის გაზიფიცირების მიზნით, შეჭრა-მონტაჟი და პროექტირება.
კასატორი მიუთითებს, რომ „შპს „ჩ-ს“ არ შეეძლო ამ სამუშაოების შესრულება შპს „ყ. თ-ის“ ნებართვის გარეშე და რომ ბათილია ნებართვის გარეშე დადებული გარიგება“.
კასატორის მითითებულ არგუმენტს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ უცილოდ ბათილ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირი, მაშინ იგი კარგავს შეცილების უფლებას. როგორც მოცემულ საქმეზეა დადგენილი შპს „ყ. თ-ის“ უფლებამოსილმა თანამშრომლებმა ჩაიბარეს შპს „ჩ-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4-ე და 102-ე მუხლების შესაბამისად ეკისრებოდა შპს „ყ. თ-ს“, რომელმაც ვერ შეძლო საწინააღმდეგოს დამტკიცება.
რაც შეეხება შეჭრა-მონტაჟის ღირებულებას, იგი განსაზღვრულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მიხედვით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეები საკუთარი უფლებების მნიშვნელოვან ნაწილის რეალიზებას ახდენენ, როგორც მომხმარებლები. ამიტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა სამართლის განსაკუთრებული რეგულირების სფეროს მიეკუთვნება. ენერგოკომპანიებსა და მათ აბონენტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობები სამომხმარებლო ურთიერთობების ერთ-ერთ გავრცელებულ სახეს წარმოადგენს და იმ მასობრივ გარიგებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ეკონომიკური უთანაბრობის საფუძველზეა დამყარებული. ბაზარზე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტების დომინირებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კანონმდებელი ადგენს ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესს, რომელიც მოცემულია სემეკ-ის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით (შეჭრა-მონტაჟის სამუშაოების შესრულების პერიოდისათვის მოქმედი რედაქციით) დამტკიცებული „ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-19 მუხლის 17-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, კერძოდ, გამანაწილებელ ქსელზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის, ასევე არსებულ გამანაწილებელ ქსელზე ერთდროულად ორი მომხმარებლის მიერთების (შეჭრის) შემთხვევაში, შეჭრა-მონტაჟის საფასურს სამუშაოს შესრულების პერიოდის გათვალისწინებით, მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 3 დღის ვადაში აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 100 ლარს, 15 დღის ვადაში - 70 ლარს, ხოლო 30 დღის ვადაში - 40 ლარს.
საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2012 წლის 17 თებერვალს შპს „ყ. თ-ის“ მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეთავაზებულ პირობებზე შპს „ჩ-ს“ კანონით დადგენილი წესით თანხმობა არ განუცხადებია, მით უფრო, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი მშენებლობით დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტებით ირკვევა, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, კერძოდ, სოფელ დ-ის მოსახლეობისათვის, გაზიფიცირების მიზნით განხორციელებული შეჭრა-მონტაჟის სამუშაოები უმეტესწილად დასრულებულ იქნა ჯერ კიდევ, 2011 წლის ნოემბრის თვეში. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ჩ-ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების მიმართ უნდა გავრცელდეს შეჭრა-მონტაჟის სამუშაოების შესრულების მომენტისათვის არსებული სემეკ-ის დადგენილებით განსაზღვრული ზემოაღნიშნული ფასები, თუმცა, განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად იმის მტკიცების ტვირთი, რომ 548-ვე სოციალურად დაუცველი ოჯახის ქსელზე მიერთება მოხდა განცხადების შეტანიდან 03 დღის ანუ, დაჩქარებულ ვადაში, ეკისრებოდა შპს „ჩ-ს“, რომლის დადასტურება მან ვერ შეძლო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში, დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ არასწორი შეფასება მისცა საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც იურიდიულად ნაწილობრივ დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება შპს „ყ. თ-ისათვის“ შპს „ჩ-ის“ სასარგებლოდ გაზგამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟის სამუშაოების ღირებულების ერთ სულ მოსახლეზე 100 ლარის, ჯამში - 54800 ლარის (548x100) ოდენობით ანაზღაურების დაკისრების შესახებ (სსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შპს „ყ. თ-ს“ შპს „ჩ-ნი ს“ სასარგებლოდ გაზგამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟის სამუშაოების ღირებულების ერთ სულ მოსახლეზე 100 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს სამი მომხმარებლისათვის (3x100), ხოლო 545 მომხმარებლისათვის კი (545x40), ჯამში- 22,100 ლარის ოდენობით.
საბოლოოდ, შპს „ყ. თ-ს“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს „ყ. თ-ს“ შპს „ჩ-ის“ სასარგებლოდ, გაზგამანაწილებელი ქსელის მონტაჟისათვის საჭირო პროექტებისა და გაზგამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟის სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით, უნდა დაეკისროს 65 940 ლარი (43840 + 22100).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „ყ. თ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ. შესაბამისად, კასატორს უნდა აუნაზღაურდეს საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1635 ლარი.
ასევე, უნდა შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი და სოფელ დ-ის მოსახლეობის გაზიფიცირების ფარგლებში პროექტირებისა და შეჭრა-მონტაჟის სამუშაოების ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან შპს „ჩ-ს“ ნაცვლად 4826,04 ლარისა უნდა აუნაზღაურდეს 3518,04 ლარი.
საბოლოოდ, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხების ანაზღაურება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა განისაზღვროს შემდეგნაიარად: „ჩ-ს“ სასარგებლოდ შპს „ყ. თ-ს“ უნდა დაეკისროს 1883,04 ლარის გადახდა.
.ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ყ. თ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მე-6 და მე-7 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ყ. თ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „ჩ-ს“ დაეკისროს შპს „ყ. თ-ის“ სასარგებლოდ 235355.24 ლარის გადახდა;
5. შპს „ყ. თ-ის“ სარჩელი შპს „ჩ-ის“ მიმართ პირგასამტეხლოს სახით 26074 ლარის მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს;
6. შპს „ჩ-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
7. შპს „ყ. თ-ს“ დაეკისროს შპს „ჩ-ის“ სასარგებლოდ 119658 ლარის გადახდა;
8. შპს „ყ. თ-ს“ შპს „ჩ-ის“ სასარგებლოდ სოფელ დ-ის მოსახლეობის გაზიფიცირების ფარგლებში, პროექტირებისა და შეჭრა-მონტაჟის სამუშაოების ანაზღაურების მიზნით დაეკისროს 65640 ლარის გადახდა;
9. დანარჩენ ნაწილში, შპს „ყ. თ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
10. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები;
11. შპს „ყ. თ-ს“ შპს „ჩ-ის“ სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს 1883,04 ლარის გადახდა;
12. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე