საქმე №ას-557-528-2014 6 აპრილი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.ა. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.ე.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2014 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – საიჯარო ქირის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.ა.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ტ.ე.ს“ მიმართ 2013 წლის ივლისამდე არსებული საიჯარო ქირის დავალიანების - 92 400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
2010 წლის 1 იანვარს, ერთი წლის ვადით, მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ.ა.მ მოპასუხეს გადასცა ქ.ბათუმში, მდებარე 100 კვ.მ ფართი ოფისის მოსაწყობად. ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. მხარეთა შეთანხმებით, თუკი ისინი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე არ გამოთქვამდნენ მისი შეწყვეტის სურვილს, ვადა ავტომატურად გაგრძელდებოდა მომდევნო ერთი წლით.
2010 წლის 1 ნოემბერს მხარეთა შორის დამატებით გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2010 წლის 1 იანვრის იჯარის ხელშეკრულებაში და ცვლილების შეტანიდან საიჯარო ქირა განისაზღვრა 3 300 ლარით.
მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ქირის გადახდის ვალდებულება დაარღვია და მისი დაგროვილი დავალიანება შეადგენს 92 400 ლარს. მიუხედავად არა ერთი შეხსენებისა, მოპასუხე დავალიანებას არ იხდის.
2012 წლის დეკემბერში მოსარჩელემ წერილობით გააფრთხილა მოპასუხე, გადაეხადა იმ დროისათვის არსებული დავალიანება - 69 300 ლარი, თუმცა მოპასუხე შეტყობინებას არც კი გამოეხმაურა.
შპს „ტ.ე.მ“ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელიც წერილობით არ გაფორმებულა, თუმცა მოპასუხეს დაგროვილი დავალიანებიდან გადახდილი აქვს 10 000 ლარი. მოპასუხის განმარტებით, მის მიერ გადახდილი 10 000 ლარი უნდა გამოაკლდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ტ.ე.ს“ ნ.ა.ის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის ივლისამდე არსებული საიჯარო ქირის დავალიანების - 92 400 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პასუხის წარუდგენლობის გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 14 მარტს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ტ.ე.ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება შპს „ტ.ე.სთვის“ ნ.ა.ის სასარგებლოდ 92 400 ლარიდან 10 000 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ნ.ა.ის სარჩელი შპს „ტ.ე.თვის“ 10 000 (ათი ათასი) ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ნ.ა.ს შპს „ტ.ე.ს“ სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივრისთვის შპს „ტ.ე.ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 400 ლარის გადახდა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ნ.ა.მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო საჩივრის ჩაბარების შემდეგ საჩივრის ავტორისათვის უცნობი იყო შესაგებლის სასამართლოსათვის წარდგენის სავალდებულობისა და იმ შედეგების შესახებ, რომელიც იწვევდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. საჩივრის ავტორი იმ პერიოდში იმყოფებოდა ავად და ფიზიკურად არ შეეძლო შესაგებლის წარდგენა.
შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგანაც სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები აპელანტის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა, რადგანაც საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება 10 000 ლარის გადახდის შესახებ. სააპელაციო პალატამ სრულიად უსაფუძვლოდ გაიზიარა და დამტკიცებულად ჩათვალა აპელანტის ზეპირი განმარტება თანხის გადახდის შესახებ, ამდენად არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განჩინებით ნ.ა.ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად ცნო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ა.ის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ტ.ე.ს“ ნ.ა.ის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის ივლისამდე არსებული საიჯარო დავალიანების - 92 400 ლარის გადახდა. შპს „ტ.ე.ს“ ნ.ა.ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელის განსახილველად წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 772 ლარის ანაზღაურება;
92 400 ლარიდან 10 000 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „ტ.ე.მ“ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხიდან 10 000 ლარი მას გადახდილი ჰქონდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი საქმის მოსამზადებელ ეტაპზევე ცნო;
სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით შპს „ტ.ე.ს“ სააპელაციო საჩივარი მიიღო განსახილველად და მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებლის წარმოსადგენად განუსაზღვრა 5 დღის ვადა;
სააპელაციო საჩივრის ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ნ.ა.ს. გზავნილით სასამართლომ ადრესატს განუმარტა, რომ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიღებულ იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
სასამართლოს გზავნილი ნ.ა.ის ოჯახის სრულწლოვან წევრს, ძმისშვილ ს.ა.ს ჩაჰბარდა 2014 წლის 13 თებერვალს, შესაბამისად, შესაგებლის წარდგენის ვადა მოწინააღმდეგე მხარეს ამოეწურა 2014 წლის 18 თებერვალს 24:00 საათზე;
ნ.ა.მ შესაგებელი სასამართლოს წარუდგინა 2014 წლის 7 მარტს.
არ იქნა გაზიარებული საჩივრის ავტორის პოზიცია, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობის სამართლებრივი შედეგები მისთვის უცნობი იყო, რადგანაც სასამართლოს გზავნილში ხაზგასმით იყო მითითებული, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით, რომელიც ჩაბარდა საჩივრის ავტორის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ ოჯახის წევრები არიან ის პირები, ვინც მუდმივად ცხოვრობენ ერთად და ეწევიან საერთო მეურნეობას, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3561 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის ოჯახის წევრებად ითვლებიან მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა პირი, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე. სასამართლოს დასკვნით, მისი ეს განმარტება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას.
პალატის განმარტებით, ძმის შვილი, თუ იგი მხარესთან მუდმივად ცხოვრობს, მისი ოჯახის წევრია, ხოლო ის, რომ ს.ა. მასთან ერთად არ ცხოვრობს ან არასრულწლოვანია, საჩივრის ავტორს არც მიუთითებია და არც დაუმტკიცებია, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს გზავნილი საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით და შესაგებლის წარმოუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ იგი გაფრთხილებული იყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, არ იქნა გაზიარებული საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო ვალდებული იყო, შეეფასებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მხარის მსჯელობის საპირისპიროდ, დამტკიცებულად მიიჩნეოდა, რომ შპს „ტ.ე.მ“ ნ.ა.ს საიჯარო ქირის ნაწილი - 10 000 ლარი გადაუხადა და სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ამ ნაწილში, მისი ვალდებულება შეწყდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ვინაიდან 82 400 ლარის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხე სარჩელს მომზადების ეტაპზევე დაეთანხმა, მიიჩნია, რომ ამ ნაწილში, მისთვის საპროცესო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები არ არსებობდა.
რაც შეეხებოდა ავადმყოფობის ფაქტს, საჩივრის ავტორს ამ გარემოების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ა.მ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 2321, 74-ე მუხლები და არასწორად არ გაიზიარა სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორის განმარტება, რომ მისი ძმისშვილი ს.ა. არ ცხოვრობს მასთან და არ არის მისი ოჯახის წევრი.
იმის გამო, რომ ოჯახის წევრს სასამართლო შეტყობინება არ ჩაბარებია, ნ.ა.თვის მოგვიანებით გახდა ცნობილი ამ შეტყობინების თაობაზე და ამან განაპირობა შესაგებლის წარდგენის ვადის დარღვევა, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ შესაგებელი სასამართლოში მანამ წარადგინა, ვიდრე სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას გამოიტანდა. ამასთანავე ნ.ა. იყო ავად, მკურნალობდა ექიმის მეთვალყურეობის გარეშე და ვერ შეძლო სამედიცინო ცნობის წარდგენა სასამართლოში. ამდენად, მხარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, არ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 28 თვის დავალიანება მოპასუხეს არ გადაუხდია, სააპელაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდიდა 92 000 ლარიდან 10 000 ლარის გადახდას, რაც სასამართლომ ისე გაიზიარა, რომ მოპასუხეს საქმეში არ ჰქონია წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც 10 000 ლარის გადახდას დაადასტურებდა, ამდენად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მით უფრო, როდესაც თანხის გადახდის ფაქტის დადასტურება მხარემ სასამართლო სხდომაზეც ზეპირი ფორმით სცადა. სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება ფულადი ვალდებულების შესრულების მატერიალური სამართლის ნორმებით დადგენილ რეგულაციას, ასეთ ვითარებაში კი, სასამართლო ვალდებული იყო, გამოეკვლია ამ ვალდებულების შესრულების ნამდვილობა და დაენიშნა მთავარი სხდომა.
კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები, გარდა აღნიშნულისა, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მატერიალური სამართლით დადგენილ ფულადი ვალდებულების შესრულების წესს, ასევე საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობა, ნ.ა.ის საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებები გამო:
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს ამ საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი წარმოადგენს სააპელაციო სამართალწარმოების მარეგულირებელ სპეციალურ ნორმას, რომელიც არეგულირებს მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს სააპელაციო სასამართლოში, ნორმის პირველი ნაწილი ადგენს აპელანტის, ხოლო მე-2 ნაწილი - მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, თუმცა იგი არ არის ამომწურავი და მე-3 ნაწილით კანონმდებელი გვთავაზობს ამ რეგულიციისაგან განსხვავებული ყველა იმ წესის გამოყენებას, რომლებიც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. ამგვარ წესს განეკუთვნება სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) შეტანის ვადის დარღვევისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პირობები, კერძოდ, მოპასუხის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის) მიერ შესაგებლის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ არსებობს კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ნორმის დისპოზიციის ანალიზით დასტურდება შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობა:
1. მოპასუხე (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი (სააპელაციო საჩივარი) და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე.
2. მოპასუხემ (მოწინააღმდეგემ მხარემ) ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა.
ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სააპელაციო საჩივარი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე.
ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან (მოწინააღმდეგე მხარისაგან) მტკიცებულებების მიღება არ ხდება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს უფლება მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენაზე გააჩნია, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება.
თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი: ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი).
კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს შემდეგს: სასამართლო შეტყობინების მიმღები პირი არის კასატორის ძმისშვილი და იგი ვერ იქნება მიჩნეული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის სუბიექტად; შესაგებლის წარდგენის დროისათვის კასატორი იყო ავად, მკურნალობდა ექიმის მეთვალყურეობის გარეშე და მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია; სასამართლომ არასწორად გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული 10 000 ლარის გადახდის ფაქტი, რადგანაც საქმეში მოპასუხეს არ წარმოუდგენია ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, მატერიალური ნორმით დადგენილი რეგულაციიდან გამომდინარე კი, სასამართლო ვალდებული იყო თანხის გადახდის ფაქტი გამოეკვლია და ამგვარად დაედგინა სადავო გარემოება, შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა იურიდიულად არ არის დადასტურებული; ამ დარღვევების გამო, სასამართლოს უარი უნდა ეთქვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე და დაენიშნა სხდომა.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ შპს „ტ.ე.ს“ სააპელაციო საჩვარი 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით მიიღო განსახილველად, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებლის წარდგენის საპროცესო ვადა განესაზღვრა 5 დღით, ხოლო მე-4 პუნქტი შეიცავს ამომწურავ განმარტებას შესაგებლის წარდგენის ვადის დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე.
განჩინების შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილ გზავნილში, რომლითაც ნ.ა.ს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარი, ზედმიწევნითაა ასახული სასამართლოს დავალება (შესაგებლის წარდგენის ვადა, მისი წარუდგენლობის შედეგები და სხვა).
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, სარჩელში მოსარჩელის მიერვე მითითებულ მისამართზე კორესპოდენცია 2014 წლის 13 თებერვალს ჩაბარდა ადრესატის ძმისშვილ ს.ა.ს, მითითებულია მიმღები პირის პირადი ნომერი, ხელმოწერა და აღნიშვნა - „ოჯახის წევრი“.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ ს.ა. არ არის მისი ოჯახის წევრი. ამ კუთხით პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მართალია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავი - სასამართლო შეტყობინება და დაბარება არ იძლევა განსაზღვრებას ამ თავის მიზნებისათვის თუ ვინ შეიძლება იქნას მიჩნეული ოჯახის წევრად, თუმცა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 70-78-ე მუხლების ერთობლივი ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ოჯახის წევრად განიხილება ყველა ის პირი, ვინც ცხოვრებს მხარის მიერ მითითებულ საკუთარ მისამართზე. მისამართის მითითებისას რისკი იმისა, რომ შეიძლება შეტყობინება არაუფლებამოსილ პირს ჩაბარდეს, ეკისრება მისამართის მიმთითებელს, შესაბამისად, მასვე ევალება იმ გარემოების სარწმუნო მტკიცებულებებით დადასტურება, რომ შეტყობინების მიმღები არ არის მასთან მცხოვრები ის პირი, ვინც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავის მიზნებისათვის არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ოჯახის წევრად.
მოცემულ შემთხვევაში ამ კუთხით მხარეს არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია და არც სარწმუნო ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებია, რის გამოც კასატორის ეს პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, შეტყობინება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა როგორც უშუალოდ მისთვის, ისე 74-ე მუხლის სუბიექტისათვის გადაცემისას.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნას ნ.ა.თვის შეტყობინების 2014 წლის 13 თებერვალს გადაცემის თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შესაგებლის წარდგენის 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 14 თებერვალს და ამოიწურა 18 თებერვალს, საქმის მასალების თანახმად კი, შესაგებელი მხარემ ფოსტას 2014 წლის 7 მარტს ჩააბარა.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ იგი ავად იყო და ამან განაპირობა საპროცესო ვადის დარღვევა. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი თავადვე აღიარებს რა, რომ არ გააჩნია ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მის მტკიცებას ავადმყოფობის შესახებ, რადგანაც კანონი, როგორც აღინიშნა, ამ ფაქტის დადასტურებას მხოლოდ სპეციალური მტკიცებულების - სამედიცინო ცნობის წარდგენით ითვალისწინებს.
არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის გამო, როგორც აღინიშნა, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები დამტკიცებულებად მიიჩნევა, იმგვარად, რომ სასამართლო არ იკვლევს მტკიცებულებებს, რაც სრულიად გამორიცხავს კასატორის პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტები.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთების შემოწმების მიზნით კი, პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რა ნ.ა.ის სარჩელი, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2010 წლის 1 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება და ყოველთვიური ქირის ღირებულება განისაზღვრა 625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, 2010 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული დამატებითი შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და საიჯარო ქირა განისაზღვრა თვეში 3300 ლარით;
მოპასუხემ დაარღვია იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და არ გადაიხადა საიჯარო ქირა, ბოლო გადახდა დადასტურდა 2011 წლის მაისში და სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის 28 თვის დაგროვილი დავალიანება შეადგენდა 92 400 ლარს.
სააპელაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა რა გადაწყვეტილებას, მისი გაუქმება ითხოვა ნაწილობრივ. საჩივრის თანახმად, საქალაქო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის მიერ 10 000 ლარის გადახდის ფაქტი, ხოლო 82 000 ლარის დაკისრების ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო, სარჩელის ცნობის პროპორციულად კი, მას სახელმწიფო ბაჟი აღარ უნდა დაკისრებოდა.
საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ მატერიალური სამართლის ნორმის - 427-ე მუხლის თანახმად, 10 000 ლარის მოთხოვნის ნაწილში დგინდება თანხის გადახდის გზით ფულადი ვალდებულების შეწყვეტა.
რაც შეეხება სარჩელის ცნობის ფაქტს, ამ ნაწილში ასევე კანონშესაბამისია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ა.ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2014 წლის 25 აპრილის განჩინება.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე