Facebook Twitter

№ას-710-679-2014 30 აპრილი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. ტ-ო“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სადაზღვევო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ი. მ-ემ მოპასუხე შპს „ს. ტ-ოს“ მიმართ და მოითხოვა შპს „ს. ტ-ოსათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 1300 ლარის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტ-ნციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით:

1. ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და შპს „ს. ტ-ოს“ შორის 2012 წლის 31 იანვარს დაიდო N--- ხელშეკრულება, რომლითაც განხორციელდა დეპარტამენტის თანამშრომლების (მათ შორის, ი. მ-ის) ჯანმრთელობის დაზღვევა. ამ ხელშეკრულების 29.2.5 პუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე დამზღვევის (დაზღვეულის) მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. ხელშეკრულების 31.4 პუნქტის თანახმად, თუ დაზღვეულ პირს თავად მოუხდა სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა, მან უნდა წარმოადგინოს ჩატარებული მკურნალობის, ასევე, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სამედიცინო მომსახურების დასრულებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, რის საფუძველზეც დაზღვეული პირი მიიღებს სადაზღვევო ანაზღაურებას.

2012 წლის 31 აგვისტოს ი. მ-ეს შპს „ა. ც-ში“ ჩაუტარდა ოპერაცია – აპენდექტომია, მუცლის ღრუს სანაცია, დრენირება JESA10. პაციენტი სტაციონარიდან გაეწერა 2012 წლის 3 სექტემბერს. ოპერაციის ღირებულებამ შადგინა 1300 ლარი, რომელიც გადაიხადა ი. მ-ის ოჯახმა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა სარჩელიც და სააპელაციო საჩივარიც დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომ მან დროულად წარუდგინა მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას როგორც ჩატარებული მკურნალობის, ასევე, მისი ღირებულების გადახდის დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია. აღნიშნული გარემოების დასამტკიცებლად აპელანტმა, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, მიუთითა მოწმე მ. მ-ის ჩვენებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარის ახსნა-განმარტება, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ხდიდა, ვერ მიიჩნეოდა სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად, შესაბამისად, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით ვერ დამტკიცდებოდა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის დროულად წარდგენის გარემოება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ მოწმე მ. მ-ე მოსარჩელის დედაა, ამდენად, დავის შედეგისადმი იგი დაინტერესებულ პირს წარმოადგენს. გარდა ამისა, მოწმე სადავო გარემოებას პირდაპირ ვერც ადასტურებს. მისი ჩვენებით, დოკუმენტაცია წაიღო და სადაზღვევო კომპანიას ჩააბარა მისმა მეუღლემ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერც ეს მტკიცებულება მიიჩნეოდა უტყუარად და საკმარისად სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებულად ცნობისათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით, დაზღვეულს ეკისრებოდა ვალდებულება ჩატარებული მკურნალობის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარედგინა მზღვეველისათვის სრული დოკუმენტაცია ჩატარებული მკურნალობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან დაზღვეულმა ხელშეკრულებით ნაკისრი ზემოხსენებული ვალდებულება არ შეასრულა, შესაბამისად, – მზღეველის უარი სადაზღვევო თანხის გაცემაზე კანონიერი და დასაბუთებული იყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-ემ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

შპს „ს. ტ-ოს“ ქმედება არაკანონიერია, რადგან სადაზღვევო პოლისის თანახმად, მას უნდა აენაზღაურებინა სამედიცინო მომსახურების (ოპერაციის) ხარჯები. კასატორმა ოპერაციის ხარჯების ასანაზღაურებლად სადაზღვევო კომპანიას მიმართა და გაუგზავნა საჭირო დოკუმენტაცია. კომპანიამ ანაზღაურებაზე უარი განაცხადა და მხარეს განუმარტა, რომ არ ჰქონდა გაგზავნილი საავადმყოფოს მიერ გაცემული კალკულაციის თანხა. ხსენებული დოკუმენტი კასატორმა 27 სექტემბერს გააგზავნა, მაგრამ სადაზღვევო კომპანიისგან უარი მიიღო;

მოცემულ საქმეში სადავო იყო ის გარემოება, წარადგინა თუ არა დაზღვეულმა სადაზღვევო კომპანიაში დროულად დოკუმენტაცია. მოსარჩელე ორივე ინსტანციაში ამტკიცებდა, რომ მან დროულად წარადგინა საჭირო დოკუმენტაცია, მაგრამ სასამართლომ მისი მტკიცება არ გაიზიარა და დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის პოზიციას;

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დათარიღებული იყო შეცდომით, 3 სექტემბრის ნაცვლად, მითითებული იყო 31 სექტემბერი, რომელიც რეალურად არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნული უსწორობა არ გაიზიარა. სააპელაციო სასამართლომ მოწმის ჩვენება არ გაიზიარა, თუმცა ამ ჩვენებას სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მნიშვნელობა ჰქონდა სამართლიანი გადაწყვეტილების გამოსატანად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ შეაფასა მტკიცებულებები და უკანონო განჩინება გამოიტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე