Facebook Twitter

№ას-907-869-2014 30 აპრილი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს. ჯ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ღ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სადაზღვევო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. ღ-ემ მოპასუხე შპს „ს. ჯ-ის“ მიმართ და მოითხოვა:

შპს „ს. ჯ-ისათვის“ მის სასარგებლოდ სადაზღვევო თანხის – 7000 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით:

1. ნ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. შპს „ს. ჯ-ს“ ნ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სადაზღვევო თანხის ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ჯ-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 ივლისის განჩინებით:

1. შპს „ს. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელის მეუღლე რ. ნ-ე გარდაიცვალა 2010 წლის 2 მარტს თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ავტოპარკის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს;

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეხუთე ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მომარაგებისა და ტრანსპორტირების ასეულის მძიმე აღჭურვილობის ტრანსპორტირების ჯ-ის მძღოლის კაპრალ რ. ნ-ის დაავადება განეკუთვნებოდა გულის იშემიურ დაავადებას, კერძოდ, მიოკარდიუმის ინფარქტს, რომელიც წარმოადგენს ორგანულ კარდიოლოგიურ დაავადებას და მისი განვითარება არ იყო დაკავშირებული სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ღ-ის ადმინისტრაციული სარჩელი მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს მიმართ კომპენსაციის სახით 15000 ლარის გადახდის თაობაზე. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ რ. ნ-ის გარდაცვალებასა და მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას შორის არ არსებობდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. სასამართლომ განმარტა, რომ შემთხვევის სწორად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტი იყო სამხედრო მოსამსახურის მიერ მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და მის გარდაცვალებას შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება გამოწვეული უნდა ყოფილიყო სწორედ იმის შედეგად, რომ მან თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა ან ასეთ მოვალეობას ასრულებდა. გარდაიცვალა თუ არა სამხედრო მოსამსახურე სამუშაო ადგილას ან სამუშაო საათების დროს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ზემომითითებული განმარტება და აღნიშნა, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო იმ სახელშეკრულებო პირობების სწორად დადგენა და შეფასება, რომლებიც თავდაცვის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიას შორის შეთანხმდა მესამი პირების დაზღვევის მიზნით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ვალდებულებას წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა (თავდაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლი). შესაბამისად, გარდა იმ მატერიალური პასუხისმგებლობისა, რასაც სახელმწიფო პირის სოციალური დაცვისთვის კანონმდებლობით კისრულობდა, იგი ასევე, შედიოდა კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში თავისი ვალდებულების განხორციელების მიზნით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა იმ შემთხვევების დაზღვევა, რომელთა გამოც სამხედრო პირების წინაშე სახელმწიფო ვალდებულებას არ იღებდა.

მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა 2007 წლის 24 დეკემბრის სატენდერო წინადადება დანართებით, ხელშეკრულების სპეციფიკური და საერთო პირობები. N9 დანართში (მომსახურების ხარისხი და ანაზღაურების პირობები) განმარტებული იყო სიცოცხლის დაზღვევის პირობები, რომლის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევად განისაზღვრა დაზღვეულის გარდაცვალება (გარდა გამონაკლისებში მითითებული შემთხვევებისა), მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისებს შორის მითითებული იყო პირის გარდაცვალება ომის, ასევე, უცხოელი აგრესორის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედების შედეგად. აღნიშნული გარემოება დამატებით ამყარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადაზღვევო შემთხვევის დასადგენად მნიშვნელოვანი იყო არა გარდაცვალების ადგილი, არამედ გარდაცვალებასა და სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, კერძოდ, თუკი ხელშეკრულების პირობა განიმარტებოდა სადაზღვევო კომპანიის მიერ შემოთავაზებული სახით, მაშინ ომის დროს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება საერთოდ არ განეკუთვნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევას და გაუგებარი იყო რა საჭიროება იარსებებდა იმისა, რომ იგი დამატებით, გამონაკლისებში ყოფილიყო გათვალისწინებული.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველი იყო შპს „ს. ჯ-ს“ და თავდაცვის სამინისტროს შორის მესამე პირის – რ. ნ-ის სასარგებლოდ გაფორმებული ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება. შესაბამისად, სადავო ურთიერთობის მიმართ უნდა გამოყენებულიყო დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმები და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ნ-ის გარდაცვალება წარმოადგენდა სადაზღვევო შემთხვევას, სადაზღვევო თანხა განსაზღვრული იყო 7000 ლარით, რომლის 100%-ით ანაზღაურებაც ეკისრებოდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, რომელიც წარმოადგენდა რ. ნ-ის მეუღლეს, მის უფლებამონაცვლეს, სადაზღვევო თანხის მიმღებზე უფლებამოსილ პირს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ჯ-მა“.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

შპს „ს. ჯ-სა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების №--- დანართის მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევა არ ვრცელდება დაზღვეულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამდგარ სადაზღვევო შემთხვევაზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არაა საკმარისად დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩნევა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე და სამუშო საათებში სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალებად;

სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონზე, რომლის თანახმადაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად მიიჩნევა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ყოფნა დღის განაწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში, ან თუ ეს გამოწვეულია სამსახურებრივი საჭიროებით. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ იმსჯელა აპელანტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ დაზღვევის ხელშეკრულებასა და შესაბამის საინფორმაციო ბუკლეტზე, სადაც ნათლადაა განმარტებული, თუ რას მოიცავს სადაზღვევო პროგრამა. ის არ ვრცელდება დაზღვეულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამდგარ სადაზღვევო შემთხვევაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ, 10.09.2012წ., საქმე #ას-755-811-2011).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (360.50 ლარი, საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი – 2014 წლის 8 აგვისტო) 70% – 252.35 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ს. ჯ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (360.50 ლარი, საგადახდო დავალება N 1, გადახდის თარიღი – 2014 წლის 8 აგვისტო) 70% – 252.35 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე