Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-976-937-2014 8 აპრილი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. ა-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ა-ს მიმართ და მოითხოვა, მოსარჩელეს მიეცეს უფლება, ისარგებლოს ამჟამად მოპასუხე ქ. ა-ს საკუთრებაში არსებული სადარბაზოთი, დამონტაჟებული კარით და კიბით.

მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 4 ნოემბერს რ. მ-მ და ს. ჩ-მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა. ო-გან იყიდეს ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში, მეორე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინა თანაბარ წილებად.

2010 წლის 22 ივლისს ს. ჩ-გან მოსარჩელემ შეიძინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ½ წილი. ამჟამად, აღნიშნული ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, თუმცა მას ხელი ეშლება ბინით სარგებლობაში. მის კუთვნილ ბინასა და კ-ს ქ.№35-ში მდებარე ბინას ჰქონდათ საერთო სადარბაზო. რ. მ-ე სარგებლობდა სადარბაზოში განთავსებული კიბით. 2010-2011 წლის შემდეგ ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№35-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე ქ. ა-მ კიბის უჯრედი დაიკანონა, საერთო სარგებლობის სადარბაზოზე დაამონტაჟა კარი, რომელიც მუდმივად დაკეტილია.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ა-მ მას არ დაუტოვა ბინასთან დამაკავშირებელი აუცილებელი გზა, რის გამოც იგი ვერ სარგებლობს ბინით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართი განთავსებულია ქ.ახალციხეში, მ.კ-ს ქ.№37-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე. ამავე შენობის პირველი სართული და სარდაფი თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის რ. მ-ს. შენობის სარდაფში პირველი სართულიდან ჩადის კიბე. აღნიშნული უძრავი ქონების მისამართი საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებულია ქ.ახალციხე, კ-ს ქ.№35. მხარეთა კუთვნილი უძრავი ქონება ორი დამოუკიდებელი შენობაა და ერთ ჭერქვეშ განლაგებული არ არის. მოსარჩელის საკუთრებას მეორე მხრიდანაც ჰყავს სხვა მეზობელი და შეუძლია მას მოსთხოვოს აუცილებელი გზა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში, მეორე სართულზე მდებარე 86.30 კვ.მ ფართი (საკადასტრო კოდი ........) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირცხულია რ. მ-ს სახელზე საკუთრების უფლებით.

უძრავ ქონებაზე რ. მ-ს საკუთრების უფლება წარმოშობილია 2004 წლის 4 ნოემბერს ა. ო-თან რ. მ-სა და ს. ჩ-ს მიერ გაფორმებული ნასყიდობისა და 2010 წლის 22 ივლისს ს. ჩ-სა და რ. მ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე.

ქ. ახალციხეში, მ.კ-ს ქ.№39-ში მდებარე 276.70 კვ.მ უძრავი ქონება (კიბის უჯრედი, სარდაფი და II სართული) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხულია ქ. ა-ს საკუთრებად (საკადასტრო კოდი ........).

ქ. ა-ს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე წარმოშობილია 2006 წლის 5 სექტემბერს ა. ა-თან დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

ქ. ახალციხეში, მ.კ-ს ქ.№35-ში, პირველ სართულზე მდებარე 96.60 კვ.მ ფართი და 72.40 კვ.მ სარდაფი საჯარო რეესტრში ირიცხება რ. მ-ის, ე. გ-სა და ნ. ხ-ს თანასაკუთრებად (საკადასტრო კოდი ........). უძრავ ქონებაზე საკუთრება რეგისტრირებულია იდეალურ წილებში, კერძოდ, 1/3 იდეალური წილი რეგისტრირებულია რ. მ-ს, 1/3 – ე. გ-ის, 1/3 კი – ნ. ხ-ს სახელზე.

სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ კ-ს ქ. №35-ში №........ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება მდებარეობს იმ შენობის პირველ სართულზე, რომელი შენობის მეორე სართულზეც განლაგებულია რ. მ-ს (საკადასტრო კოდი ........) საკუთრებაში რიცხული ფართი. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ქ.ახალციხეში, მ.კ-ს ქ.№37-ში მდებარე უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრე ა. ო-ე, ასევე ამჟამინდელი მესაკუთრე, რ. მ-ე ბინასთან მისასვლელად სარგებლობდა ამჟამად ქ. ა-ს საკუთრებაში არსებული კიბის უჯრედით.

ასევე უდავოა, რომ ქ. ახალციხეში, მ.კ-ს ქ.№37-ში მდებარე რ. მ-ს კუთვნილ უძრავ ქონებას არ გააჩნია ამჟამად ალტერნატიული დამაკავშირებელი გზა საჯარო გზასთან, ქ. ა-ს საკუთრებაში არსებული კიბის უჯრედის გარდა.

წინამდებარე ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით აპელანტის პოზიცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ, მართალია, ამჟამად უძრავ ქონებას ქ. ა-ს საკუთრებაში არსებული კიბის უჯრედის გარდა სხვა ალტერნატიული დამაკავშირებელი გზა საჯარო გზასთან არ გააჩნია, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან 1) ადრეულ წლებში არსებობდა რ. მ-ს კუთვნილ ფართში ასასვლელი კიბე, რომელიც შემდგომში მესაკუთრემ გააუქმა და 2) რ. მ-ს შეუძლია მოაწყოს ალტერნატიული გზა შენობის პირველ სართულზე მისსავე საკუთრებაში არსებულ ფართში მეორე სართულზე ამავალი კიბის მოწყობის გზით.

რ. მ-ს კუთვნილ ფართში ასასვლელი კიბის ადრეულ წლებში არსებობის დასტურად აპელანტმა მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სადავო შენობის პირველი და მეორე სართულის გეგმაზე, რომლის შესაბამისადაც შენობის პირველ და მეორე სართულზე არსებული ფართების საყრდენი კედლის შიგნით დატანილია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. აპელანტის მიერ მითითებული გეგმა შენობის კონსტრუქციას ასახავს 1959 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით. ამასთან საგულისხმოა, რომ როგორც შენობის გეგმით ირკვევა, მოწყობილია მხოლოდ ერთი კიბე, რომელიც როგორც პირველ, ისე მეორე სართულს აკავშირებს საჯარო გზასთან და გეგმაზე დატანილია იზოლირებული ფართების საყრდენი კედლების შიგნით.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი 1969 წლის 18 ივლისს შედგენილი შენობის ტექნიკური პასპორტით, რომელშიც ცვლილებები განხორციელებულია 1980 წელს დგინდება, რომ აპელანტის მიერ მითითებული 1959 წლის 12 დეკემბრის გეგმის შედგენის შემდგომ გარკვეული ცვლილება შევიდა შენობის კონსტრუქციაში და შენობის გეგმაზე პირველი სართულიდან მეორე სართულზე ასასვლელი კიბე დატანილია იზოლირებული ფართების საყრდენი კედლების გარეთ.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1969 წლიდან (ტექნიკური პასპორტის შედგენა) ან, უკიდურეს შემთხვევაში, 1980 წლიდან (ტექნიკურ პასპორტში ცვლილების განხორციელება) შენობამ განიცადა კონსტრუქციული ცვლილება და როგორც პირველი სართულის, ისე მეორე სართულის იზოლირებული ფართების საყრდენი კედლების შიგნით მოწყობილი კიბე გეგმაზე დატანილია ფართების საყრდენი კედლების გარეთ და წარმოადგენს მეორე სართულის საჯარო გზასთან დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას. ამასთან, სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სახლის ტექნიკური პასპორტისა და გეგმის თანახმად დროის არც ერთ მონაკვეთში არ დგინდება პირველი და მეორე სართულების საჯარო გზასთან დასაკავშირებელი სხვადასხვა კიბის არსებობის ფაქტი. საქმის მასალებით ირკვევა მხოლოდ ის გარემოება, რომ 1959 წლის 12 დეკემბრის შედგენილ გეგმაზე დატანილი მონაცემებით როგორც პირველ, ისე მეორე სართულის საჯარო გზასთან დასაკავშირებლად მოწყობილი იყო მხოლოდ ერთი კიბე, რომელიც მოგვიანებით შედგენილ ტექნიკურ პასპორტში გეგმაზე დატანილია იზოლირებული ფართების საყრდენი კედლების გარეთ და წარმოადგენს მეორე სართულის საჯარო გზასთან დამაკავშირებელ ერთადერ საშუალებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად ჩათვალა აპელანტის მსჯელობა, რომ ამჟამად რ. მ-ს საკუთრებაში რიცხულ ფართს პირველი სართულიდან მეორე სართულზე ასასვლელად გააჩნდა დამოუკიდებელი ასასვლელი, რომელიც ფართის მესაკუთრემ გააუქმა.

აპელანტი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს ასევე იმ გარემოებას, რომ რ. მ-ს შეუძლია, მოაწყოს ალტერნატიული გზა შენობის პირველ სართულზე მისივე საკუთრებაში არსებულ ფართში მეორე სართულზე ამავალი კიბის მოწყობის გზით.

აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად აპელანტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 6 მაისის დასკვნა, რომლის თანახმად ქ. ახალციხეში კ-ს ქ. N37-ში არსებულ №........ საკადასტრო კოდის მქონე რ. მ-ს კუთვნილი ფართის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის მოწყობა ქ. ახალციხეში კ-ს №39-ში არსებული №...... საკადასტრო კოდის მქონე ქ. ა-ს კუთვნილი ფართის/კიბის უჯრედის გამოყენების გარდა ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№35-ში პირველ სართულზე მდებარე №........ საკადასტრო კოდის მქონე რ. მ-ს, ე. ე-ის და ნ. ხ-ს საკუთრებაში არსებული ფართიდან კიბის უჯრედის მოწყობით. ქ. ახალციხეში კ-ს ქ. №37-ში არსებულ №........ საკადასტრო კოდის მქონე რ. მ-ს კუთვნილი ფართთან მისასვლელი გზის მითითება დღეის მდგომარეობით შეუძლებელია იმის გამო, რომ ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№35-ში პირველ სართულზე მდებარე №........ საკადასტრო კოდის მქონე რ. მ-ს, ე. ე-ს და ნ. ხ-ს თანასაკუთრებაში არსებული ფართი არ არის გამიჯნული.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება. უპირველეს ყოვლისა, თავად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 6 მაისის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქ. ახალციხეში, კ-ს ქ.№35-ში პირველ სართულზე მდებარე №........ საკადასტრო კოდის მქონე რ. მ-ს, ე. ე-ს და ნ. ხ-ს საკუთრებაში არსებული ფართი თანამესაკუთრეებს შორის გამიჯნული არ არის და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მესაკუთრეები აღრიცხულნი არიან იდეალურ წილებში.

ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ გაზიარებული იქნება მსჯელობა საჯარო გზასთან დამაკავშირებელი კიბის აღნიშნულ ფართში მოწყობასთან დაკავშირებით, ფართის დანარჩენ ორ მესაკუთრეს – ე. ე-ს და ნ. ხ-ს შეეზღუდებათ საკუთრებით სარგებლობის უფლება. ამასთან, მეორე სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედის მოწყობის შესაძლებლობა ექსპერტის მიერ შეთავაზებულია უშუალოდ ფართში. თანამესაკუთრეთა შორის ფართი გამიჯნული არ არის, კიბის მოწყობის შედეგად საგრძნობლად შემცირდება ფუნქციური დანიშნულებით გამოყენებადი ფართის ოდენობა (მოცულობა), რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს აღნიშნული ფართის თანამესაკუთრეთა საკუთრების უფლებას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ როგორც უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრე ა. ო-ე, ასევე ამჟამინდელი მესაკუთრე რ. მ-ე ბინასთან მისასვლელად წლების მანძილზე სარგებლობდნენ ამჟამად ქ. ა-ს საკუთრებაში არსებული კიბის უჯრედით, მხოლოდ ის გარემოება, რომ რ. მ-ე წარმოადგენს მეორე სართულის ქვეშ მდებარე ფართის თანამესაკუთრეს იდეალურ წილში, არ წარმოშობს ალტერნატივას ქ.ახალციხეში, მ.კ-ს ქ.№37-ში მდებარე რ. მ-ს კუთვნილი უძრავ ქონების საჯარო გზასთან დასაკავშირებლად.

აქვე სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის იმთავითვე იყო შეთანხმებული კიბის უჯრედით საერთო სარგებლობის წესი და ამჟამად რ. მ-ს წინამორბედ მესაკუთრეს – ა. ო-ს უარი არ განუცხადებია აღნიშნული კიბის უჯრედით სარგებლობაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2004 წლის 18 ოქტომბერს კ-ს ქ.№39-ში მდებარე უძრავი ქონების თავდაპირველმა მესაკუთრემ ა. ა-მ განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონის ტექაღრიცხვის უფროსს, წარადგინა რეკონსტრუქციის გეგმა და განმარტა, რომ შენობის უკანა მხარეს კიბის მოწყობის შემდგომ იგი ა. ო-თან ერთად ისარგებლებდა შენობის უკანა მხარეს დამონტაჟებული კიბით, ხოლო ფასადის მხარეს არსებული კიბის უჯრედი გაუქმდებოდა. განცხადებას ერთვის ა. ო-ს თანხმობა, რომლითაც ა. ო-ემ თანხმობა გამოთქვა ა. ა-ს მიერ სადავო შენობის უკანა მხრიდან კიბის მიშენებაზე. თანხმობაში აღნიშნულია, რომ მოწყობილი კიბე გამოყენებული იქნებოდა საზიაროდ. ტექსტში არ არის მითითებული ა. ო-ს თანხმობა საერთო სარგებლობის სადარბაზოთი სარგებლობაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, გაზიარებულიც რომ იყოს აპელანტის მსჯელობა, რომ აღნიშნული თანხმობით ა. ო-მ უარი განაცხადა სადარბაზოთი სარგებლობაზე, აღნიშნული გარემოებას დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ასეთი უარი შესაძლოა დაკავშირებოდა მხოლოდ შენობის უკანა ფასადზე კიბის მიშენებას, რაც დადგენილია, რომ ა. ა-ს მიერ მოწყობილი არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის ულებები შეზღუდულია ან კანონით, ან ხელშეკრულებით (სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. ამასთან, აუცილებელი გზით მიწის ნაკვეთის დატვირთვისას, მესაკუთრეების უფლების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გამოირიცხოს აუცილებელი გზით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ზედმეტად დავალდებულება და, ამავდროულად, სხვა მესაკუთრისათვის ნაკლებად ზიანის მომტანი გზის არსებობა.

სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს სერვიტუტის ცნებას - მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ.

ამ მუხლით განსაზღვრული ის ცალკეული შემთხვევები, რომლებიც განაპირობებენ სერვიტუტის არსებობას, განმარტებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 248-ე მუხლში. სერვიტუტის ცნების შინაარსის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა შეღავათი, რომელსაც უფლებამოსილი პირი იღებს დატვირთული ქონების გამოყენებისაგან თავისი მიწის ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით სარგებლობის დროს. თუ არ არსებობს ასეთი შეღავათი, მაშინ არც სერვიტუტი არსებობს. თავის მხრივ, სერვიტუტის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი უნდა გაუფრთხილდეს გამოყენებული (დატვირთული) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს, რაც იმას გულისხმობს, რომ უფლებამოსილი პირი უნდა იცავდეს და მოქმედებდეს სერვიტუტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.

აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება კლასიკური იმის პირობაა, რომ დაიტვირთოს მიწის ნაკვეთი/უძრავი ქონება ისეთი სანივთო-სამართლებრივი უფლებით, როგორიცაა სერვიტუტი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში მდებარე, მოსარჩელე რ. მ-ს საკუთრებაში არსებულ ბინამდე მისასვლელ ერთადერთ გზას წარმოადგენს მეზობლად, ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№39-ში მდებარე მოპასუხე ქ. ა-ს კუთვნილი კიბის უჯრედი. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მოსარჩელის სახლთან მისვლა. მოსარჩელე რ. მ-ს სახლთან სხვა მხრიდან მისასვლელი გზის მოწყობა შეუძლებელია. ბინა მთლიანად იზოლირებულია საჯარო გზისაგან და მასთან მისასვლელი ერთადერთი საშუალება მოპასუხე ქ. ა-ს კუთვნილ კიბის უჯრედზე გადის. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელე და მისი წინამორბედი წლების განმავლობაში სარგებლობდნენ ამჟამად მოპასუხის საკუთრებაში არსებული კიბის უჯრედით, რომელიც ამჟამად გადაკეტილია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი და რ. მ-ს მიეცა უფლება, ისარგებლოს ქ. ა-ს საკუთრებაში არსებული კიბის უჯრედით – სადარბაზოში დამონტაჟებული კარით და კიბით. სასამართლომ აღინიშნა ის გარემოებაც, რომ სერვიტუტის/აუცილებელი გზის გამო თმენის ვალდებულებას კანონმდებლობა უკავშირებს შესაბამისი კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას (სკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილი), მაგრამ ვინაიდან ასეთი სახის მოთხოვნა ქ. ა-ს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნულის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. ა-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მითითებით, განსახილველი დავა ხასიათდება იმ სპეციფიკით, რომ საქმე ეხება პირის ფუნდამენტალური საკუთრების უფლების შეზღუდვას, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას კი მოქმედი კანონმდებლობა და სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სავალდებულოდ მიიჩნევს უტყუარად იმის დადასტურებას, რომ გზა, რომლის გამოყენებასაც მოსარჩელე ითხოვს არის უალტერნატივო. ამასთან, აუცილებელი გზის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.

მხარემ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში რ. მ-ს კუთვნილ ფართს გააჩნია საჯარო გზასთან დაკავშირების არა ერთი ალტერნატივა. ამასთან, ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში მეორე სართულის საჯარო გზასთან უკვე არსებული დაკავშირება გაუქმებულია ნივთის თავდაპირველი მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით, ამდენად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ორი წინაპირობა ა)ალტერნატიული გზის არსებობა; ბ) უკვე არსებული დაკავშირების გაუქმება მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.

საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 6 მაისის დასკვნის საფუძველზე კასატორმა დადგენილად ჩათვალა, რომ რ. მ-ს კუთვნილი ფართის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის მოწყობა, ქ. ა-ს კუთვნილი კიბის უჯრედის გამოყენების გარდა, ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ქ.ახალციხეში კ-ს ქ.№35-ში პირველ სართულზე მდებარე ფართში კიბის უჯრედის მოწყობით, ანუ ქონებიდან, რომლის თანამესაკუთრესაც წარმოადგენს თავად მოსარჩელე მხარე. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ქ.ახალციხეში კ-ს ქ.№37-ში მდებარე რ. მ-ს საკუთრებაში არსებულ ბინამდე მისასვლელ გზას ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№39-ში მდებარე ქ. ა-ს საკუთრებაში არსებული კიბის უჯრედის გარდა გააჩნია სხვა ალტერნატივა, მეტიც ფართი, საიდანაც შესაძლოა განხორციელდეს კიბის უჯრედის მოწმობა და, შესაბამისად, ქ.ახალციხე კ-ს ქ.№37-ში მდებარე მეორე სართული დაუკავშირდეს საჯარო გზას, თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის თავად რ. მ-ს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ალტერნატიული გზის არსებობასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო და გამომრიცხავია, ვინაიდან ერთ შემთხვევაში სასამართლო განმარტავს, რომ ქ.ახალციხეში კ-ს ქ.№37-ში არსებულ ფართში კიბის უჯრედის მოწყობის შემთხვევაში შეილახება ფართის დანარჩენი ორი მესაკუთრის – ე. ე-სა და ნ. ხ-ს საკუთრების უფლება, ხოლო მეორე შემთხვევაში სასამართლო განმარტავს, რომ ქ. ა-ს კუთვნილი ფართი ერთადერთი და უალტერნატივოა რ. მ-ის კუთვნილი ფართის საჯარო გზასთან დაკავშირების უზრუნველსაყოფად.

აუცილებელი გზით მიწის ნაკვეთის დატვირთვისას, მესაკუთრეების უფლების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გამოირიცხოს, სხვა მესაკუთრისათვის ნაკლებად ზიანის მომტანი გზის არსებობა, თუმცა სასამართლო არ მსჯელობს და არ განმარტავს, თუ რატომ არის საკუთრების უფლების შეზღუდვა უფრო ნაკლებად ზიანის მომტანი ქ. ა-სთვის, ვიდრე ე. ე-სა და ნ. ხ-სათვის, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქ. ა-ე წარმოადგენს ნივთის ერთპიროვნულ მესაკუთრეს, ხოლო ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში არსებული ფართი ირიცხება როგორც ე. ე-სა და ნ. ხ-ს, ასევე მოსარჩელე რ. მ-ის კუთვნილებად.

სასამართლო ასევე ტენდენციურია ე. ე-ს, ნ. ხ-ს, რ. მ-სა და ქ. ა-ს კუთვნილი ფართის ფუნქციური დანიშნულებით გამოყენების შემცირების საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლო მხარის მითითებისა და ყოველგვარი მტკიცებულების არსებობის გარეშე, საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ პირველ შემთხვევაში უთითებს ასეთი პირობის დადგომის შესაძლებლობაზე, ხოლო ქ. ა-ს შემთხვევაში საერთოდ არ მსჯელობს მისი კუთვნილი ფართის ფუნქციური დანიშნულებით გამოყენების შემცირების რისკების შესახებ მაშინ, როდესაც ქ. ა-ს კუთვნილი ფართი კომერციული დანიშნულებისაა და რ. მ-ს მიერ ამ ფართით სარგებლობა დააბრკოლებს ნივთის იჯარით გადაცემის შესაძლებლობას, შეამცირებს, როგორც ნივთის, ასევე საიჯარო ქირის ღირებულებას.

საქმის მასალების მიხედვით, კასატორმა ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 18 ოქტომბერს ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№39-ში არსებული ფართის თავდაპირველმა მესაკუთრე ა. ა-მ განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონის ტექაღრიცხვის ბიუროს, წარადგინა რეკონსტრუქციის გეგმა და განმარტა, რომ შენობის უკანა მხარეს კიბის უჯრედის მოწყობის შედეგად ა. ო-თან ერთად ისარგებლებდა შენობის უკანა მხარეს დამონტაჟებული კიბით. ა. ა-მ ასევე აღნიშნა, რომ ა. ო-ს მიერ კუთვნილი ფართის გასხვისების შემთხვევაში ტექაღრიცხვის ბიუროს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში, მეორე სართულზე არსებულ ფართს ფასადის მხრიდან არ ექნებოდა შესასვლელი.

ა. ა-ს 2004 წლის 18 ოქტომბრის განცხადებას თან ერთვოდა ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებული ფართის თავდაპირველი მესაკუთრე ა. ო-ს თანხმობა, რომლითაც იგი დაეთანხმა შენობის უკანა მხარეს კიბის უჯრედის მოწყობის ფაქტს და იმასაც, რომ ერთმევა ფასადის მხრიდან არსებული კიბის უჯრედით სარგებლობის შესაძლებლობა.

კასატორმა მიიჩნია, რომ რ. მ-მ იმთავითვე შეიძინა ნაკლიანი ფართი, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ უძრავი ნივთის თავდაპირველმა მესაკუთრემ უარი განაცხადა ფასადის მხრიდან არსებული კიბის უჯრედით სარგებლობაზე და ქ. ა-ს კუთვნილი ფართით სარგებლობა იყო დროებითი. ამჟამად მოსარჩელე მხარე ითხოვს სწორედ იმ კიბის უჯრედით სარგებლობის უფლებას, რომლის სარგებლობაზე ნივთის წინამორბედმა მესაკუთრემ უარი განაცხადა და აღნიშნული უარი შეუქცევადია.

მხარემ მიუთითა, რომ სადავო შენობის რეკონსტრუქციის გეგმა და არქიტექტურული პროექტი დამტკიცებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ და საინჟინრო-ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებლად არის მიჩნეული შენობის უკანა მხრიდან კიბის უჯრედის მოწყობა, რაც უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქ. ა-ს კუთვნილი კიბის უჯრედის გამოყენების გარდა ქ.ახალციხეში კ-ს ქ.№37-ში მდებარე მეორე სართულს გააჩნია საჯარო გზასთან დაკავშირების კიდევ ერთი ალტერნატიული შესაძლებლობა.

საქმეში არსებული შენობის ტექნიკური პასპორტებს ურთიერთშეჯერების შედეგად ასევე დგინდება, რომ ქ.ახალციხეში კ-ს ქ.№37-ში არსებულ №...... საკადასტრო კოდის მქონე რ. მ-ს კუთვნილ უძრავ ნივთს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი კიბის უჯრედი მოწყობილი ჰქონდა ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№35-ში პირველ სართულზე არსებულ №...... საკადასტრო კოდის მქონე ფართში.

ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში არსებული ფართის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი კიბის უჯრედი გააუქმა რ. მ-ს წინამორბედმა მესაკუთრემ, ანუ სავაჭრო გზასთან დამაკავშირებელი გზის მოსპობა განხორციელდა თავად ამ უძრავი ნივთის მესაკუთრის თვითნებური ქმედებით, რაც სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

კასატორის მოსაზრებით, ყოვლად დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში, როგორც პირველი, ისე მეორე სართულის საჯარო გზასთან დასაკავშირებლად მოწყობილი კიბე არა თუ გაუქმდა, არამედ მოქცეულ იქნა საყრდენი კედლების გარეთ, აღნიშნულ მოსაზრებას გამორიცხავს თუნდაც ის ფაქტი, რომ ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში არსებულ ფართს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი კიბის უჯრედი მოწყობილი ჰქონდა შენობის მარცხენა მხარეს. შენობას მარცხენა მხრიდან ესაზღვრება ქ. ა-ს კუთვნილი ფართი. რ. მ-სა და ქ. ა-ს კუთვნილი შენობა-ნაგებობები წარმოადგენენ დამოუკიდებელ ობიექტს და ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში განთავსებული კიბის უჯრედი მოქცეულიყო ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№39-ში არსებულ ფართში.

ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ ქ.ახალციხეში კ-ს ქ.№37-ში კიბის უჯრედის არსებობისა და შემდგომში მისი გაუქმების ფაქტი ადასტურებს, რომ რ. მ-ს კუთვნილ ფართს, ქ. ა-ს სახელზე რიცხული ფართის გამოყენების გარდა, გააჩნია საჯარო გზასთან დაკავშირების კიდევ ერთი ალტერნატიული შესაძლებლობა.

კასატორმა განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის უფლებრივად დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. აუცილებელი გზით მიწის ნაკვეთის დატვირთვისას, მესაკუთრეების უფლების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გამოირიცხოს, სხვა მესაკუთრისათვის ნაკლებად ზიანის მომტანი გზის არსებობა.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ. ა-ს კუთვნილი ფართის გამოყენების გარდა, ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებულ ფართს გააჩნია საჯარო გზასთან დაკავშირების სამი ალტერნატიული შესაძლებლობა, კერძოდ: ა) ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში და №39-ში არსებული შენობის უკანა მხარეს კიბის უჯრედის მოწყობით; ბ) ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში ისტორიულად არსებული და შემდგომში დემონტირებული კიბის უჯრედის აღდგენით; გ) ქ.ახალციხეი, კ-ს ქ.№37-ში არსებული კიბის უჯრედის მოწყობით.

სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კასატორმა განმარტა, რომ ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში არსებულ №........ საკადასტრო კოდის მქონე რ. მ-ის კუთვნილ უძრავ ნივთს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი კიბის უჯრედი მოწყობილი ჰქონდა კ-ს ქ.№35-ში პირველ სართულზე არსებულ №........ საკადასტრო კოდის მქონე ფართში, რომელიც გაუქმდა რ. მ-ს წინამორბედი მესაკუთრის მიერ, ანუ საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზის მოსპობა განხორციელდა თავად ამ უძრავი ნივთის მესაკუთრის თვითნებური ქმედებით. არსებული მოცემულობის პირობებში სარჩელის დაკმაყოფილება, ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია მითითებული მატერიალური ნორმის და სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის უგულებელყოფის შედეგად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ქ. ა-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.ახალციხეში, კ-ს ქ.№37-ში, მეორე სართულზე მდებარე 86.30 კვ.მ ფართი (საკადასტრო კოდი ........) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირცხულია რ. მ-ს სახელზე საკუთრების უფლებით.

უძრავ ქონებაზე რ. მ-ს საკუთრების უფლება წარმოშობილია 2004 წლის 4 ნოემბერს ა. ო-თან რ. მ-სა და ს. ჩ-ს მიერ გაფორმებული ნასყიდობისა და 2010 წლის 22 ივლისს ს. ჩ-სა და რ. მ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე.

ქ. ახალციხეში, მ.კ-ს ქ.№39-ში მდებარე 276.70 კვ.მ უძრავი ქონება (კიბის უჯრედი, სარდაფი და II სართული) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხულია ქ. ა-ს საკუთრებად (საკადასტრო კოდი ........).

ქ. ა-ს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე წარმოშობილია 2006 წლის 5 სექტემბერს ა. ა-თან დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

ქ. ახალციხეში, მ.კ-ს ქ.№35-ში, პირველ სართულზე მდებარე 96.60 კვ.მ ფართი და 72.40 კვ.მ სარდაფი საჯარო რეესტრში ირიცხება რ. მ-ს, ე. გ-სა და ნ. ხ-ს თანასაკუთრებად (საკადასტრო კოდი ........). უძრავ ქონებაზე საკუთრება რეგისტრირებულია იდეალურ წილებში, კერძოდ, 1/3 იდეალური წილი რეგისტრირებულია რ. მ-ს, 1/3 – ე. გ-ს, 1/3 კი – ნ. ხ-ს სახელზე.

სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ კ-ს ქ.№35-ში №........ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება მდებარეობს იმ შენობის პირველ სართულზე, რომლის მეორე სართულზეც განლაგებულია რ. მ-ს (საკადასტრო კოდი ........) საკუთრებაში რიცხული ფართი. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ქ.ახალციხეში, მ.კ-ს ქ.№37-ში მდებარე უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრე ა. ო-ე, ასევე ამჟამინდელი მესაკუთრე, რ. მ-ე ბინასთან მისასვლელად სარგებლობდა ამჟამად ქ. ა-ს საკუთრებაში არსებული კიბის უჯრედით.

ასევე უდავოა, რომ ქ. ახალციხეში, მ.კ-ს ქ.№37-ში მდებარე რ. მ-ს კუთვნილ უძრავ ქონებას არ გააჩნია ამჟამად ალტერნატიული დამაკავშირებელი გზა საჯარო გზასთან, ქ. ა-ს საკუთრებაში არსებული კიბის უჯრედის გარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2014 წლის 9 იანვრის №ას- 782-742-2013 განჩინება, სუს 2007 წლის 26 ივლისის ას-144-486-07 განჩინება, სუს 2005 წლის 21 აპრილის №ას-1416-1548-04 გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია კანონით ან ხელშეკრულებით (სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. მეზობელი ნაკვეთის დატვირთვა ობიექტური გარემოებებით უნდა იყოს გამოწვეული, კერძოდ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანად ან ნაწილობრივ იზოლირებულია საჯარო გზებისაგან, ან საამისოდ ადრე არსებობდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია მისი ამ მიზნით გამოყენება. აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც.

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კაშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.

ამასთან, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზის შესაბამისად, თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ქ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ქ. ა-სა და დ. მ-ის მიერ 2014 წლის 14 აგვისტოს №21 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ა-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ქ. ა-ს (პირადი №........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ქ. ა-სა და დ. მ-ს მიერ 2014 წლის 14 აგვისტოს №21 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური