Facebook Twitter

№ას-113-106-2015 30 აპრილი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ა. ც-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. ჯ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრისა და 2015 წლის 16 იანვრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. შპს „ა. ც-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხე შპს „ს. ჯ-ს“ მოსარჩელე შპს „ა. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის – 60039.70 ლარის გადახდა;

3. მოპასუხე შპს „ს. ჯ-ს“ მოსარჩელე შპს „ა. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის 0.1%-ის გადახდა 2014 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

4. მოპასუხე შპს „ს. ჯ-ს“ მოსარჩელე შპს „ა. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ მედიაციის სამსახურში გადახდილი ბაჟის – 500 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 2473.65 ლარის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ჯ-მა“.

2014 წლის 29 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს „ა. ც-ის“ დირექტორმა ი-ემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს „ს. ჯ-ის“ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ფულადი ვალდებულებების, მთლიანობაში 81913. 93 ლარის ფარგლებში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „ს. ჯ-ს“ შპს „ა. ც-ის“ მიმართ გააჩნია შესასრულებლად აუცილებელი სხვა ვალდებულებები, რომლებიც დადასტურებულია საქალაქო ან/და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით, აგრეთვე, სამედიცინო მედიაციის მიერ. აღნიშნული ვალდებულებების საერთო რაოდენობა, 2014 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით, 515362.35 ლარს შეადგენს. მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულებები მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს „ს. ჯ-ს“ შპს „ა. ც-ის“ გარდა, შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება გააჩნია შპს „თ. კ-ის“ მიმართაც.

განმცხადებლის მოსაზრებით, შპს „ს. ჯ-ის“ თითოეული ქმედება და დაპირება იმას ცხადყოფდა, რომ იგი ვალდებულებას შესრულებას არ აპირებდა, რითაც აზარალებდა, როგორც კ-ის ინტერესებს, ასევე მის მიერ დაზღვეული პაციენტების ჯანმრთელობას და მათ სიცოცხლეს ეჭვქვეშ აყენებდა.

განმცხადებლის ინფორმაციით, შპს „ს. ჯ-ი“ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ, დიდი ალბათობა არსებობდა, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის, მზღვეველის გადახდისუუნარობის გამო გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდებოდა. აქვე განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ს. ჯ-ის“ საკუთრებაში უძრავი ქონება არ ირიცხებოდა, ხოლო მის საკუთრებაში არსებული წილები სხვადასხვა ვალდებულებების აღსრულების მიზნით დაყადაღებული იყო და მოვალეთა რეესტრში ირიცხებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით:

შპს „ა. ც-ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ხსენებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შპს „ა. ც-მა“.

თ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით შპს „ა. ც-ის“ საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისათვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და აგრეთვე, მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის (გადაწყვეტილების) უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისას სასამართლო ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ასეთი ვარაუდი კი, სასამართლოს უნდა შეუქმნას განმცხადებლის მიერ მითითებულმა გარემოებებმა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის (საჩივრის ავტორის) მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საკმარის საფუძველს ასეთი დასაბუთებული ვარაუდისათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, უზრუნველყოფის ღონისძიება, როგორც წესი, მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული, როცა ვალდებული პირის ქცევა და მისი ქონებრივი მდგომარეობა იძლევა ისეთი დასკვნის შესაძლებლობას, რომ იგი განზრახ თავს აარიდებს ვალდებულების შესრულებას. კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობდა ვითარება, როდესაც მოვალე სადავოდ ხდიდა ვალდებულებას და მას არ ასრულებდა სასამართლოში მითითებული ვალდებულების საფუძვლიანობის დადგენამდე.

რაც შეეხებოდა საჩივრის ავტორის მითითებას აპელანტის (მოვალის) „გართულებული ფინანსური მდგომარეობის“ შესახებ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული არ გაიზიარა და განმარტა, რომ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ს. საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (შემდეგში – სამსახური). ამავე კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი კაპიტალის, ს. რეზერვებისა და გადაზღვევის სისტემის არსებობა. „დაზღვევის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მზღვეველი თავისი გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, რომელთა თანაფარდობის მეთოდიკასა და ნორმატიულ მოცულობას ადგენს სამსახური.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჩივრის ავტორმა თავისი დასკვნა მოვალის მძიმე ფინანსური მდგომარეობის თაობაზე იმ არგუმენტზე დაყრდნობით გამოიტანა, რომ კომპანიას ბევრი ვადამოსული ვალდებულება ჰქონდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითითება ფინანსურ დავალიანებებთან დაკავშირებით არ იძლეოდა იმგვარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდებოდა ან მის აღსრულებას დაბრკოლება შეექმნებოდა.

სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ისეთი ფინანსური ინსტიტუტის საბანკო ანგარიშების დაყადაღება, როგორიც ს. კომპანიაა, მის საქმიანობას სერიოზულად დააბრკოლებდა, რაც არათუ უზრუნველყოფდა გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ კომპანიის საქმიანობას შეაფერხებდა და უამრავ მომხმარებელს დააზარალებდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, როგორც განცხადებაში, ისე საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ არსებობდა ს. კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისგან თავის არიდების რისკი და გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებისათვის ხელის შემშლელი გარემოებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა.-ის“ საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონც-ირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლში, კერძოდ კი იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის მომთხოვნი პირი ვალდებულია დაასაბუთოს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მან უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი (მოსარჩელე) უთითებდა, რომ მისი მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. ჯ-ი“ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც, განმცხადებლის მოსაზრებით, არსებობდა იმის დიდი ალბათობა, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის შპს „ს. ჯ-ის“ გადახდისუუნარობის გამო აღსრულება ვერ მოხერხდებოდა. შპს „ს. კომპანია აი სი ჯ-ის“ რთული ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად განმცხადებელმა სასამართლოში წარადგინა: საქალაქო/სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებები, ასევე, სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის რეკომენდაციები, რომლებითაც შპს „ს. ჯ-ს“ დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ოდენობის გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა დაეკისრა. გარდა ამისა, განმცხადებელმა წარმოადგინა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც ირკვევა, რომ 2014 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ს. ჯ-ის“ საკუთრებაში არსებული წილები სხვადასხვა ვალდებულებების აღსრულების მიზნით დაყადაღებული იყო და საჯარო რეესტრის მონაცემებით აპელანტის საკუთრებაში არანაირი სახის უძრავი ქონება არ ირიცხებოდა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რატომ არ იყო საკმარისი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად განმცხადებლის მიერ მითითებული ზემოხსენებული გარემოებები, ანუ რატომ არ ქმნიდნენ ისინი იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე.

გადაწყვეტილების უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ისეთი ფინანსური ინსტიტუტის საბანკო ანგარიშების დაყადაღება, როგორიც ს. კომპანიაა, მის საქმიანობას სერიოზულად დააბრკოლებს და უამრავ მომხმარებელს დააზარალებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყადაღის დაწესებით კანონმდებელმა აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია მოსარჩელის მატერიალურ უფლებების რეალური განხორციელების უზრუნველყოფა სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების საჯარო ინტერესის დაცვის მიზანს ემსახურება. ეს კი უდავოდ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობას უწყობს ხელს, შესაბამისად, საკუთრების უფლების შეზღუდვისას ამგვარი მიზნის მითითება ლეგიტიმურია. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელ და ერთადერთ საშუალებას.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ მითითებული იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს გააჩნია დიდი ოდენობით ვადამოსული ვალდებულებები და ამასთან, მის სახელზე არ ირიცხება არანაირი უძრავი ქონება, ხოლო - წილები დაყადაღებულია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არ წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებელ საშუალებას მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აბსოლუტური საფუძველი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლი, ამავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა. ც-ის“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის და 2015 წლის 16 იანვრის განჩინებები და შპს „ა. ც-ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე