Facebook Twitter

საქმე №ა-1050-ბ-6-2015 28 მაისი, 2015 წელი,

ქ. ბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ი. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ი-ი

მოპასუხეები - მ. ბ-ი, ბმა „ვ. ფ“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ი-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-სა და ბმა „ვ.ფ-ს“ მიმართ ბმა „ვ.ფ-ს“ 2008 წლის 3 ოქტომბრის №- კრების ოქმის ბათილად ცნობისა და ქ.თბილისში, ვ. ფ-ს გამზირის მე-- კვარტალში №- კორპუსში მდებარე №1 ბინაზე წარმოებული მიშენების, ასევე მის ქვეშ მდებარე ავტოფარეხის დემონტაჟის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს, თუმცა ბმა „ვ.ფ-ს“ წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო მ.ბ-ს მიერ წარდგენილი შესაგებლის თანახმად, სარჩელის უსაფუძვლობას ადასტურებდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ დაუდასტურებია, თუ რა ნაწილში ირღვეოდა მისი საკუთრების უფლება, ამასთანავე მშენებლობა არ არის უკანონო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ი-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ.ფ-ს“ 2008 წლის 3 ოქტომბრის N- კრების ოქმი, რომლის მიხედვით მ. ბ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ვ. ფ-ს მე-- კვარტლის მე-- კორპუსის პირველი სართულის მიმდებარედ არსებული 38,32მ2 ფართი (პირველ სართულზე მიშენებული ფართი და მიშენების ქვეშ არსებული ავტოფარეხი), ამავე გადაწყვეტილებით დაევალა მოპასუხე მ. ბ-ს ქ.თბილისში, ვ. ფ-ს გამზირის მე-- კვარტალში N-- კორპუსის N1 ბინაზე წარმოებული მიშენების – 21მ2-სა და მის ქვეშ მდებარე ავტოფარეხის დემონტაჟი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით მ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ი-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ. ფ-ს“ 2008 წლის 3 ოქტომბრის №- კრების ოქმი. დ. ი-ს სარჩელი მიშენების დემონტაჟის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და 2012 წლის 9 მარტის საოქმო განჩინება მტკიცებულებათა მიღების თაობაზე საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ი-მა, მოითხოვა მათი ნაწილობრივ (გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო საოქმო განჩინების გაუქმება მტკიცებულების მიღების თაობაზე მ.ბ-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილების ნაწილში) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ი-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ბ-ს დაევალა ქ.თბილისში, ვ. ფ-ს გამზირის მე-- კვარტლის №- კორპუსში მდებარე №1 ბინაზე წარმოებული მიშენების – ფართობით 21 კვ.მ და მის ქვეშ მდებარე ავტოფარეხის დემონტაჟი; დ. ი-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის საოქმო განჩინების ნაწილობრივ გაუქმებაზე.

2015 წლის 26 მარტს ი. კ-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებლის მითითებით, სადავო გადაწყვტილება უშუალოდ შეეხება მის კანონიერ ინტერესებს, მაგრამ არც თავად და არც მისი მამკვიდრებელი ლ. ბ-ი საქმის განხილვაში ჩაბმული არ ყოფილა. ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ფართის დემონტაჟი დაანგრევს მისი კუთვნილი ბინის აივანს, ვინაიდან ეს აივანი წარმოადგენს სადავო ფართის მონოლითურ სახურავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადება და მიიჩნევს, რომ ი. კ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.

იმავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირისათვის ცნობილი არ არის სარჩელის აღძვრის და საქმის განხილვის შესახებ, რომელზე მიღებულმა გადაწყვეტილებამაც მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე შეიძლება გავლენა მოახდინოს. ამ შემთხვევაში, პირს არ აქვს საშუალება, საქმის განხილვაში ჩაბმა მოითხოვოს და პროცესში მონაწილეობის გზით დაიცვას საკუთარი უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რეალურად, ინფორმირებულია საქმის განხილვის თაობაზე და განხილვის პროცესში არ დააყენებს მისი მონაწილეობის საკითხს, შემდგომში გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლებას კარგავს.

მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ ი. კ-ე მოპასუხე მ. ბ-ს დედაა. ისინი ერთ მისამართზე ცხოვრობენ. მ. ბ-სათვის გაგზავნილ კორესპონდენციას იბარებს ი. კ-ე (ტ. 1-ლი, ს.ფ. 247; ტ. მე-2, ს.ფ. 199), გარდა ამისა, ი. კ-ე არის გარდაცვლილი ლ. ბ-ს მეუღლე და პირველი რიგის მემკვიდრე. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თავდაპირველი სარჩელით დ. ი-მა ლ. ბ-ი მოპასუხედ დაასახელა (ტ. 1-ლი, ს.ფ. 2, 85, 138), თუმცა მოგვიანებით ლ. ბ-ს ნაწილში სარჩელი გაიხმო (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 თებერვლის საოქმო განჩინება). ლ. ბ-ი ამ სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა შესაგებელი წარდგენილი ჰქონდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ლ. ბ-მა გაასაჩივრა მის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, მაგრამ სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მ. ბ-ს მიმართ აღძრული სარჩელი მის ინტერესებს შეეხებოდა და საქმის განხილვაში ჩაბმა არ მოუთხოვია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც ლ. ბ-სათვის, ისე მისი სავარაუდო უფლებამონაცვლისათვის - ი. კ-სათვის იმთავითვე ცნობილი იყო სასამართლოში დავის მიმდინარეობის შესახებ, ამასთან, როგორც ირკვევა, დემონტაჟს დაქვემდებარებული ფართის მონოლითურ სახურავს წარმოადგენს ლ. ბ-ს სამკვიდროში შემავალი ბინის აივანი, სადაც ი. კ-ე ცხოვრობს, ამდენად, აღნიშნულ პირებს შეეძლოთ ევარაუდათ, რომ გადაწყვეტილება მათ ინტერესებზე გავლენას იქონიებდა და საქმის განხილვაში ჩაბმა მოეთხოვათ, თუმცა მათ ამ შესაძლებლობით არ ისარგებლეს, რაც ამ ეტაპზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნას გამორიცხავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430.2 მუხლის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. კ-ს განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. კ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე