Facebook Twitter

№ა-1542-ა-8-2015 6 მაისი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - დ. მ-ი

წარმომადგენელი - გ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჭ-ა

წარმომადგენელი - კ. ყ-ი, ვ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თელ-ავივის იაფოს რეგიონული სასამართლოს არბიტრ დოქტორ ი. ლ-ის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ს დ. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 5053 418 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც მოიცავს სესხის ძირითად თანხას - 1400 000 აშშ დოლარსა და საპროცენტო სარგებელს, ყოველთვიურად ძირითადი თანხის 1%-ს. მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაღებული საარბიტრაჟო მოსაკრებლის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით დ. მ-ს წარმომადგენელ გ. კ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცა აღსასრულებლად.

2015 წლის 25 თებერვალს დ. მ-ის წარმომადგენელმა გ. კ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების განმარტების თხოვნით მომართა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა.

2015 წლის 29 აპრილს დ. მ-ს წარმომადგენელმა გ. კ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მომართა. მისი მითითებით, თელ-ავივის იაფოს რეგიონული სასამართლოს არბიტრ დოქტორ ი. ლ-ს 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების თარგმანში დაშვებული იყო შეცდომა და არ იყო გათვალისწინებული რთული კაპიტალიზირებული პროცენტი. ამ მტკიცებულების გათვალისწინებით, მისი მარწმუნებლის სასარგებლოდ უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. მ-ს წარმომადგენელ გ. კ-ს განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.

იმავე კოდექსის 401.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება არ შეიცავს საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელ წინაპირობებზე მითითებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:

ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;

ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;

გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;

დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;

ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;

ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;

ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

აღნიშნული ნორმა ამომწურავად ადგენს, თუ რომელი გარემოება მიიჩნევა ახლად აღმოჩენილად და შესაძლებელია, რომ საქმის წარმოების განახლებას დაედოს საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადება ამგვარ საფუძვლებს არ ემყარება. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების განახლების საფუძვლად შეგნებულად არასწორ თარგმანს მიიჩნევს, რაც იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კანონის ძალაში შესული განაჩენით უნდა დადასტურდეს. რაც შეეხება „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, ამ ნორმით საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა იმ მხარეს შეუძლია, ვის საწინააღმდეგოდაცაა გადაწყვეტილება მიღებული. მხარის მითითება, რომ მის მიერვე წარმოდგენილ დოკუმენტის თარგმანში შეცდომა იყო დაშვებული, განსაკუთრებით, როცა საქმეში დედანიცაა წარმოდგენილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას ვერ გამოიწვევს, მით უმეტეს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის და 2015 წლის 23 მარტის განჩინებების მიღებისას არ უხელმძღვანელია მხარის მიერ წარმოდგენილი თარგმანით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. 374.3 მუხლის თანახმად კი, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი სრულად უნდ დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 396-ე, 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. მ-ს წარმომადგენელ გ. კ-ს განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. დ. მ-ს დაუბრუნდეს გ. კ-ს მიერ 29.04.2015 წლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი